რის შესახებ აფრთხილებს ფერეიდნელი ქართველი საქართველოს ხელისუფლებას?

dedaen

სანამ ჩვენი წერილის მთავარ თემას შევეხებოდეთ, მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ და შეგახსენებთ, რომ ფერეიდანი ირანის ერთ-ერთი პროვინციაა, რომელშიც ირანის შაჰმა, აბას I-მა, მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოდან აყრილი ათასობით ქართველი ჩაასახლა. სხვა პროვინციებში ჩასახლებულთაგან განსხვავებით, რომლებიც ადგილობრივ ტომებში აითქვიფნენ და თვითმყოფადობა დაკარგეს, ფერეიდნელი ქართველები დასახლდნენ პროვინციის მთიანეთში, რამაც ხელი შეუწყო მათი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. შედეგი სახეზეა _ ისინი უცხო ენობრივ სივრცეში დღემდე სულხან-საბას დროინდელი ქართულით მეტყველებენ.

უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა, დაახლოებით, 20 000 ათასს შეადგენს. ისტორიული წყაროების ცნობით, ისინი დიდი ხნის განმავლობაში მტკიცედ იცავდნენ ეთნიკური ენდოგამიის წესს (არც მამაკაცები ირთავდნენ არაქართველ ქალებს და არც ქალებს ათხოვებდნენ არაქართველებზე). მართალია, ფერეიდნელები ოთხი საუკუნეა, ირანის მიწაზე ცხოვრობენ და ირანელებად ითვლებიან, მაგრამ ისინი წამითაც არ ივიწყებენ, რომ მათი ისტორიული სამშობლო საქართველოა და დიდი და პატარა საქართველოში ჩამოსვლაზე ოცნებობს. ფერეიდნელ ქართველთა განსაკუთრებულ თვისებად ერთმანეთის სიყვარულსა და მოფრთხილებას ასახელებენ და  აღნიშნავენ, რომ არავის ახსოვს ოთხი საუკუნის მანძილზე, ფერეიდნელ ქართველს მეორე ქართველი მოეკლას.

ინტერნეტისა და სატელიტური მაუწყებლობის წყალობით, ფერეიდნელი ქართველებისთვის საქართველო დღეს ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ქართული ტელეარხების საშუალებით ფერეიდნელები ცდილობენ, მონატრებულ სამშობლოში მიმდინარე ყველა მოვლენას თვალი ადევნონ და საქართველოს თავიანთი ხმა მიაწვდინონ.

თეირანის უნივერსიტეტის ქართული ენის მასწავლებელი, 25 წლის ამინ (ანდრო) ნაგელიანი გვიყვება, თუ როდის გაიგო საკუთარი წარმოშობისა და ისტორიული სამშობლოს შესახებ, როგორ დაიწყო ქართული ანბანის შესწავლა იმ დროს, როცა ეს გარკვეულ საფრთხეებსა და რისკებს უკავშირდებოდა და რას ფიქრობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან სახელმწიფო ენის მიმართ გამოვლენილ უცოდინარობაზე?.. ანდრო ნაგელიანის განმარტებით, ირანსა და ბევრ სხვა ქვეყანაში სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე მოქალაქეობის მიღება და საჯარო სამსახურებში მუშაობა შეუძლებელია. შესაბამისად, საქართველომ გარკვეული რეგულაციები უნდა დააწესოს და თუ საჭიროა, იძულებული გახადოს თავისი მოქალაეები, რომ სახელმწიფო ენა ისწავლონ. „თუ გინდა, რომ მოქალაქეობა მიიღო, ისწავლო, იმუშაო, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ბიზნესი გქონდეს, სახელმწიფო ენა უნდა ისწავლო. თუნდაც იძულების წესით, მაგრამ მთავრობას შეუძლია, ამ ადამიანებს სახელმწიფო ენის სწავლის სურვილი გაუჩინოს“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან ანდრო ნაგელიანი.

 

_ მე ფერეიდნელი ქართველი გახლავართ და თეირანის უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში ქართულ ენას ვასწავლი. ჩემი წინაპრები ფანიაშვილები იყვნენ, მერე გვარი შევიცვალეთ და ჯერ ასფანანი, შემდეგ კი ნაგელიანები გავხდით. ქართული ენა ჩემმა მშობლებმა მასწავლეს. ჩვენთან 4 საუკუნის წინანდელი ქართულით საუბრობენ, რომელიც განსხვავდება თქვენი სასაუბრო ენისგან. ბავშვობიდანვე დავინტერესდი ჩემი წარმოშობით, _ რატომ ვიყავი განსხვავებული ჩემი ირანელი თანატოლებისგან, რომლებიც ჩემთვის გაუგებარ სპარსულ ენაზე მესაუბრებოდნენ? მშობლებმა ამიხსნეს, რომ ჩვენ გვაქვს სამშობლო, რომელსაც ჰქვია გურჯისტანი, ანუ საქართველო, საიდანაც შაჰ-აბასმა ირანში გადმოგვასახლა. მშობლებმა ასევე მითხრეს, რომ იმის მერე აქ ვცხოვრობთ და ვინარჩუნებთ ჩვენს ქართველობას. ბავშვობიდანვე შემიყვარდა თვალით უნახავი სამშობლო და ტკბილი მშობლიური ენა. პირველ რიგში ვისწავლე ქართული ანბანი. იმ პერიოდში ეს ძალიან რთული იყო, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ირანის ხელისუფლება ქართველებსა და საქართველოში საფრთხეს ხედავდა. აკრძალული იყო ფერეიდნელი ქართველების საბჭოთა საქართველოსთან ურთიერთობა, ოჯახში ქართული წიგნების ქონა და ა. შ. რა თქმა უნდა, დღეს ასეთი პრობლემები აღარ არსებობს, მაგრამ მე იმ რთულ და დაძაბულ პერიოდში მომიხდა ენის სწავლა. ორი ძმა და ერთი და მყავს _ ყველა ქართულად ლაპარაკობს. ჩემი დისშვილები და ძმისშვილიც ქართულად ლაპარაკობენ. დედაჩემის დეიდაშვილები საქართველოში ცხოვრობენ და საქართველოს მოქალაქეები არიან. ჩვენი პოზიციაა, რომ ბავშვმა ქართულად ისაუბროს და ჩვენი ენა თაობიდან თაობას გადაეცეს, აქედან გამომდინარე, ჩემთვის წარმოუდგენელი და სამწუხაროა, რომ საქართველოში მცხოვრებმა და მოქალაქეობის მქონე ადამიანებმა ქართული ენა არ იციან. დაბადებიდან მასწავლიდნენ ჩვენებურ ქართულ ენას, მაგრამ სკოლაში შესვლამდე სპარსული ენაც მასწავლეს. აქ მოქალაქეობის მქონე პირისთვის სპარსულის გარეშე ყველა გზა მოჭრილია. სკოლებშიც, უნივერსიტეტებშიც და საბავშვო ბაღებშიც მარტო სპარსულად ასწავლიან. შეუძლებელია, ირანში ცხოვრობდე და ამ ქვეყნის სახელმწიფო ენა არ იცოდე. დღეს ირანში, დაახლოებით, 80 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ირანის მოსახლეობის 98% სპარსულ ენას მშვენივრად ფლობს. 80-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ირანი ამ საკითხის მოგვარებაში გაცილებით წარმატებული ყოფილა, ვიდრე ჩვენი 5-მილიონიანი საქართველო. ამას წინათ „რუსთავი 2“-ზე ერთ გადაცემას ვუყურე. საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ ენაზე საერთოდ ვერ საუბრობდა და არც ქართულ ტელეარხებს უყურებდა, თან ამბობდა, სად უნდა გვესწავლაო? ძალიან შემაწუხა ამ ინფორმაციამ. რატომ არ უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო ენა?! მე იმას ვდარდობდი, ფერეიდანში ქართულ ენას ივიწყებენ-მეთქი და საქართველოში რომ ქართული ენა სათანადოდ არ ფასდება, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ქართულის სწავლასა და ქართული ტელეარხების ყურებას ვერ ახერხებენ, როცა ამას შორეულ ირანში ვახერხებთ. სატელიტის საშუალებით ვუყურებთ „პირველ არხს“, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და თქვენს სერიალებს. სხვათა შორის, ძალიან მომწონს „შუა ქალაქი“. ის სიუჟეტიც, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ქართული ენის უცოდინარობას ეხებოდა, ტელევიზიით ვნახე. ვფიქრობ, რომ თუ საჭიროა, სახელმწიფომ თავისი მოქალაქეები უნდა აიძულოს, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის სურვილი გაუჩნდეთ. ადამიანი რელიგიის არჩევაში თავისუფალია, მაგრამ სახელმწიფო ენა სხვა საკითხია და გარკვეულ წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს. თუ გინდა, რომ პასპორტი აიღო, ისწავლო, იმუშაო, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და შენი საკუთარი ბიზნესი გქონდეს, აუცილებელია, რომ სახელმწიფო ენა ისწავლო. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოც და თითოეული ადამიანიც მეტი გულისყურით უნდა მიუდგეს ამ პრობლემას. კარგად დავინახოთ, რომ ჩვენი სახელმწიფო ენა საფრთხეშია და ვეცადოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის მოგვარებაში. ვთხოვ ყველა ქართველს, ვისაც ადარდებს ქართული ენის გაფრთხილება და დაცვა, გავაძლიეროთ ამ მიმართულებით აქტიურობა. კარგი იქნება, თუ საქართველოს უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრებიც თავის სიტყვას იტყვიან, იქნება ეს კონფერენციები, ასეთ ადგილებში ენის შემსწავლელი დამატებითი კურსების გახსნა თუ სხვა.

2012 წელს თეირანის უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში ქართული ენის კურსები გაიხსნა. ირანის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 100 000-მდე ქართველი ცხოვრობს. ფერეიდნელი ქართველებისგან განსხვავებით, მათმა უმეტესობამ ქართული არ იცის. ქართული ენის კურსების გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ წარმოშობით ქართველების გარდა, ქართული ენის შესწავლის სურვილი ირანელებსაც ჰქონდათ. იმდროინდელი უვიზო მიმოსვლის წყალობით, საქართველოში ჩამოსვლისა და ბიზნესის კეთების სურვილი უამრავ ადამიანს გაუჩნდა და ქართული ენის შესასწავლად თეირანის უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრს მიაკითხა. ბოლო დროს ვიზის აღება იმდენად გართულდა, რომ არათუ ირანელებისთვის, ფერეიდნელი ქართველისთვისაც კი ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლა დღითი დღე შეუძლებელი ხდება.

საჭირო დოკუმენტების შეგროვების შემდეგ ანდრო ნაგელიანმა საქართველოს ხელისუფლებას თანამემამულის სტატუსის მიღების თხოვნით მიმართა, მაგრამ 80-დღიანი ლოდინის შემდეგ თხოვნაზე უარი მიიღო.

„ჩემი ცხოვრების 12 წელიწადი ქართულ გზაზე დავდიოდი. ირანში ვქართველობდი და ჩემი წარმოშობა მეამაყებოდა. თავი უცხოდ საქართველოსთვის არასდროს ჩამითვალია, უცებ კი თანამემამულეობაზე უარი მივიღე, უარი მითხრეს ქართველად აღიარებაზე. იქნებ, ამის თქმა ადვილია, მაგრამ განცდაა ძნელი. არ ვიცი, როგორ გამიგებთ, ან ჩემი გულის ტკივილს როგორ მიხვდებით. მერე სხვანაირად შევეცადე, ყველაფრისთვის შემეხედა და სხვაგვარი ახსნა მიმეცა. იქნებ, ის, რასაც ჩემს ქართველობას ვუწოდებ, არ არის ნაღდი ქართველობა და არც საკმარისია იმისთვის, რომ ჩემმა სამშობლომ ქართველად მცნოს? თუ ასე ვიფიქრებ და ამგვარად ავხსნი, უარზე გული ნაკლებად დამწყდება და ვიტყვი, რომ ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი. მეცოდინება, რომ ბრძოლა გრძელდება და ამის შემდეგ უფრო მეტად უნდა ვიქართველო, მეტად შევეცადო, ჩემს სამშობლოს მოვემსახურო. იქნებ, ასე მისი ღირსეული შვილობა უფრო შევძლო და თანამემამულედ, ქართველად აღიარებაც მივიღო“, _ წერდა ამ დღეებში სოციალურ ქსელებში ანდრო ნაგელიანი.

 

_ 2012 წელს თეირანის უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრის დირექტორმა ქართული ენის კურსების გახსნა გადაწყვიტა. ცენტრი, რომელშიც, დაახლოებით, 35 ენა ისწავლება, არა მარტო ირანში, არამედ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია და მე ამ ცენტრში ქართული ენის პედაგოგად დამნიშნეს. ქართული ენის კურსების გახსნის დღეს საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა დეპუტატმა, საქართველოს ელჩმა და თეირანის უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორმა. ეს ფაქტი თეირანის ტელევიზიამაც გააშუქა. ვფიქრობდი, რომ თეირანში მცხოვრები 1000 ქართველიდან ბევრი დაინტერესდებოდა მშობლიური ენის შესწავლით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა მარტო ქართველები, არამედ ირანელებიც დაინტერესებულნი იყვნენ. იმ დროს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა იყო და ბევრი აქაური საქართველოში ბიზნესს აწარმოებდა, მაგრამ ბოლო დროს ვიზის ამბები ისე გართულდა, რომ ბევრს წამოსვლის ხალისი დაეკარგა. მე საქართველოში წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ ჩამოვდიოდი და უკვე ჩემთვისაც ყველაფერი გართულდა. საწყენია, რომ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებმაც ქართული ენა ოთხი საუკუნის მანძილზე შემოინახეს და  საქართველოსთან ურთიერთობის სურვილი აქვთ, საკუთარი სამშობლოს ნახვის საშუალება არ ეძლევათ და ამ დროს საქართველოს ჰყავს მოქალაქეები, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან. გასაგებია, რომ ფერეიდნელი ქართველები ირანის მოქალაქეები ვართ, მაგრამ სასურველია, რომ, მათთან შედარებით, ოდნავ განსხვავებულ პირობებში მაინც ვიმყოფებოდეთ. სამწუხაროდ, საქართველომ უარი მითხრა თანამემამულის სტატუსზე, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლებას აძლევს. იცით, საქართველო ჩემთვის რა ქვეყანაა? თქვენ თქვენს ქვეყანაში ხართ და არ იცით, საქართველოსგან შორს ყოფნა რამხელა სიყვარულს იწვევს, არ იცით, ოთხსაუკუნოვანი მონატრება რა არის. ჩვენ ფერეიდანში გვეუბნებიან, რომ ქართველები ვართ, საქართველოში კი გვეუბნებიან, რომ ირანელები ვართ. მე კი ბედნიერი ვარ, რომ ქართველად დავიბადე და ასჯერ რომ მოვკვდე და დავიბადო, ისევ ქართველად დაბადებას ვისურვებ. გული მწყდება, რომ საქართველოს ჩემი სიყვარულის დანახვა არ უნდა და ახლოს არ მიშვებს.

საუბრის ბოლოს ანდრო ნაგელიანი საქართველოს ხელისუფლებასა და სამთავრობო უწყებებს თეირანის უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრის ქართული ენის კურსებისთვის სახელმძღვანელოების გამოგზავნასა და თანადგომას სთხოვს:

_ სამწუხაროდ, ჩვენთვის მიუწვდომელია ქართველი ავტორების მიერ აკადემიურად შედგენილი ქართული ენის სახელმძღვანელოები და დღემდე ფერეიდნელი ქართველების მიერ დაბეჭდილი სახელმძღვანელოებიდან ვასწავლით. თეირანის უნივერსიტეტში ქართული ენის კურსების გახსნის შემდეგ ჩვენ დავაგზავნეთ წერილები სხვადასხვა უწყებაში, მათ შორის, განათლების სამინისტროში და ქართული ენის სახელმძღვანელოების გამოგზავნა ვთხოვეთ. დაახლოებით ერთი წელი გავიდა და არავითარი პასუხი არ მიგვიღია, მხოლოდ მოგვწერეს ვებგვერდის მისამართი, სადაც განთავსებულია ქართული სახელმძღვანელოები. ეს იყო და ეს. ორი წლის განმავლობაში ჩვენს კურსებზე ქართული ენის სასწავლებლად 80-ზე მეტი ადამიანი მოვიდა. ამათგან ზოგმა იზარმაცა და ვეღარ დაამთავრა, ზოგმა კარგად ისწავლა. ამჟამად 12 სტუდენტი გვყავს. მათი უმეტესობა ქართველია. მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით ვთხოვო ქართულ სახელმწიფო უწყებებს და უმაღლეს სასწავლებლებს, რომ დაგეგმონ ჩვენი სტუდენტებისთვის ენის შესასწავლი თუნდაც მცირე კურსები, ან ექსკურსიები საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ჩვენს სტუდენტებს ხალისსა და ენერგიას მისცემს. ჩვენ გვჭირდება საქართველოს დახმარება იმიტომ, რომ ყველა პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების ძალა და საშუალება არ გაგვაჩნია. ჩვენ გვჭირდება თანადგომა არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც. მე საკუთარ თავზე კი არა, საერთო საქმეზე ვფიქრობ. არავის ეგონოს, რომ როცა მე ქართულ გზაზე დავდიოდი, ირანელები და ირანის სახელმწიფო კარგი თვალით მიყურებდა. ზოგს ეგონა, რომ ქრისტიანულად მონათვლას ვაპირებდით, ზოგს ეგონა, რომ აგენტი ვიყავი და მეუბნებოდა, რომ ჩვენ მომავალი არ გვაქვს. მე ყველა ქართველს საკუთარ დად და ძმად მივიჩნევ და ჩემი პრინციპი ასეთია _ თუ საქართველოში კარიდან არ შემიშვებენ, ფანჯრიდან შევალ… მინდა იცოდეთ, რომ სამშობლო ჩემთვის სიტყვა არ არის და ქართველობა _ სტატუსი. ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი არსი და ჩემი გულია. ასე რომ, ეს უარი მე არ მაფერხებს და პირიქით, უფრო აძლიერებს ჩემს ქართველობასა და ჩემს ისედაც უკიდეგანო სიყვარულს  სამშობლოსადმი. ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ ქართულად კარგად ვერ ვსაუბრობ და შეიძლება იფიქროთ, თვითონ ვერ ლაპარაკობს გამართულად და სხვას როგორ ასწავლისო, მაგრამ რასაც მე ვაკეთებ, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, ჩემი ვალი ქართველობასთან. ჩემი წარსულისა და ჩემი მომავლის წინაშე არ მრცხვენია, იმიტომ, რომ მე ჩემი წვლილი შევიტანე და თუ შევძელი, მეტსაც შევიტან. სულ ახლახან ცოლად მოვიყვანე ქართველი გოგონა. ზაფხულში ჩვენი ქორწილი იქნება და მთელი გულით გეპატიჟებით. ჩემი ცოლი ძალიან პატრიოტი ოჯახიდანაა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ბედნიერია იმით, რომ ქართულ პასპორტს ატარებს. იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე ამ ბედნიერებას მეც ვეზიარები.

 

 

ნელი თორდია