„გაზრდილი კრიმინალი აჭარაში – ვეკიდებით გაგებით!“

1233333333

30 აპრილი, 2014 წ., ბათუმში პროკურორის მანქანა დაწვეს;
26 დეკემბერი, 2014 წ., ბათუმში პოლიციელი მოკლეს და 2 ადამიანი დაჭრეს;
19 იანვარი, 2015 წ., ბათუმში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ბიზნესმენის მანქანა დაწვეს;
22 იანვარი, 2015 წ., ბათუმში მოქალაქის მანქანა დაწვეს;
22 იანვარი, 2015 წ., ბათუმში ქალბატონი დაჭრეს.
ეს ბათუმში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების მცირე ჩამონათვალია. კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით აჭარა, ბოლო დროს, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ქუჩური გარჩევები, ჩხუბი ქალაქის ყოველდღიურობა გახდა. რა ვითარებაა აჭარაში და რას აკეთებს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება კრიმინალთან საბრძოლველად?
„ქრონიკა+“ ესაუბრება ბათუმელ ლეიბორისტს _ დათო რობაქიძეს, რომელიც, როგორც წესი, ქალაქის მიმდინარე თუ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ერთ-ერთი პირველი აანონსებს:

_ დათო, აჭარაში ბოლო დროს, ლამის, ყოველდღიურობად იქცა ავტომანქანების დაწვა თუ სხვა კრიმინალური შემთხვევები. რას უკავშირებ კრიმინალის ასე გააქტიურებას?
_ პირველ რიგში, გაგებით უნდა მოვეკიდოთ. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც გამოვიარეთ 2004-დან 2012 წლამდე, მიუხედავად იმისა, რაც ხდებოდა ციხეებში, ქვეყანაში და, ზოგადად, ადამიანების მიმართ, რა თქმა უნდა, მძიმე იყო, მაგრამ ჰქონდა მეორე მხარეც _ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ადამიანს უთხრა, რომ ხარ თავისუფალი, ასე მარტივად არ გამოვა. ის თუ რაღაც წნეხში არ გყავს, ყველაფრის უფლებას აძლევს თავს და ეს უბედურება გვჭირს ჩვენც. თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. იმ ადამიანების დიდმა ნაწილმა, რომლებიც ციხიდან გამოუშვეს, ისევ არჩია იმავე გზით წასვლა. ყველაფრის სათავე არის ის, რომ ხელისუფლება არ დახვდა მომზადებული. მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთს, _ პოლიცია დარჩა დაუცველი. მაშინ, როდესაც შენს თანამშრომელს, პოლიციელს გიკლავენ და შენ _ შს მინისტრი ამბობ, რომ ის იმ დღეს არ იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, ამით,  ფაქტობრივად, ახალისებ კრიმინალს. ის პოლიციელი რომ ყოფილიყო სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მკვლელს ელოდებოდა 15-დან 20 წლამდე ციხე, ახლა კი, მაქსიმუმ, 5 ან 7 წელს მიუსჯიან. ეს არის მაგალითი იმისა, რომ პოლიციელი დარჩა დაუცველი. გარდა ამისა, რადგან ის ადამიანი არ იმყოფებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ყველა შეღავათი და დახმარება, რაც უნდა მიეღო მის ოჯახს, არ ერგება. არ ვიცი, რამდენად გაქვთ შეხება პოლიციის თანამშრომლებთან, მაგრამ მე მაქვს და ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებით ყველა უკმაყოფილოა. რაღაც ეტაპზე, წინა ხელისუფლების დროს, პოლიციელიები უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს. პოლიციელის ასე აბუჩად აგდება არ შეიძლება _ მასზეა დამოკიდებული ქვეყნის მთავარი ღერძი, რომლითაც უნდა შეინარჩუნო სტაბილურობა და ის, რასაც მივაღწიეთ ამ 8 თუ 9 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ეს ვერ შევინარჩუნეთ და ამან გამოიწვია კრიმინალის ზრდა.
_ ე. ი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პოლიციელების ერთგვარი დაუცველობა გახდა მიზეზი, რომ კრიმინალის ფაქტებმა იმატა?
_ როგორც ადამიანის პულსის ჩავარდნა გამოიწვევს ჯანმრთელობის მოშლას და სიკვდილს, ასევეა შსს. თუ პულსს არ გააკონტროლებ, შეიძლება ქვეყანა დაიღუპოს. მაშინ, როდესაც საბურავებს იპარავენ, ავტომანქანებს წვავენ, დანაშაულმა იმატა, ადამიანებს კლავენ _ სად არის რეალურად ხელისუფლება?! იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება დაკავებული იყოს კრიმინოგენური სიტუაციის გამოსწორებით, უფრო მკაცრი ზომების მიღებით, დღეის მდგომარეობით გვაქვს ის, რომ ადამიანს აფეთქებენ საფლავზე და იმის ნაცვლად, რომ ვიღაცას მოსთხოვონ პასუხი კონტრდაზვერვაზე, სუსზე, შსს-ზე, მინისტრები ლაყბობენ, რომ ეს `ნაციონალების~ დაგეგმილიაო. არ მაინტერესებს, ვისი დაგეგმილია, მე ხელფასს გიხდი, ბიუჯეტში შემაქვს შენატანი იმიტომ, რომ უნდა ვიყო დაცული. ამიტომ მყავს ქვეყანაში ამდენი უშიშროების სამსახური, რათა მათ აღკვეთონ ტერორისტული აქტები. ეს იყო ტერორისტული აქტი.
_

მანქანების დაწვის ფაქტების შესახებ მინდა გკითხო: ორი მანქანა დაწვეს ბათუმში ორი კვირის მანძილზე, ერთი ცოტა ადრე. ასევე იყო ქალბატონის დაჭრის ფაქტი. პოლიციის დაუცველობა ერთი ფაქტორია, მაგრამ პროკურორს დაუწვეს მანქანა…
_ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მანქანა დაუწვეს პროკურორს;
ბოლო ფაქტი იყო, როცა მოქალაქეს დაუწვეს მანქანა. იმდენად ამაზრზენი იყო შსს-ს აჭარის სამმართველოს მიერ გაკეთებული კომენტარი, რომ, თურმე, ბინის ვალი ჰქონია და ამის გამო დაუწვა! მეტ ტყუილს რომ ვერ მოიფიქრებს უწყება, მთლიანად უნდა შეიცვალოს მისი შემადგენლობა!
სამწუხაროდ, დღეს მიდის მოსახლეობის პირდაპირი დაშინება. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ელემენტარულად დარჩა სიტყვის თქმის საშუალება და აზრის გამოთქმის არ ეშინია, ამ ხალხზე ხორციელდება ზეწოლა. ბათუმის მოსახლეობის 60%-ს ეშინია ხმის ამოღების. გასულ კვირას მქონდა ასეთი შემთხვევა: 7-სულიან ოჯახს დაურიცხეს 600 ლარი დახმარების სახით, შემდეგ გამგებელმა მიაკითხა და უთხრა, რომ 400 ლარი შეცდომით ჩაგირიცხეთ და დაგვიბრუნეო. უბედურება ის არის, რომ ეს ჯიბეში ჩაიდეს. სამი დღე დამჭირდა, რომ დამერწმუნებინა ეს ადამიანი, დაეწერა ამის შესახებ. ეშინოდა, ამაფეთქებენ ან დამიჭერენო. ასე მუშაობს ეს ბოლოდროინდელი ფაქტები რიგითი მოქალაქის ფსიქოლოგიაზე.
_ რა უნდა დაეწერა ამ ქალბატონს?
_ ის, რაც მოხდა. მერე თქვენ, ჟურნალისტებს გიყვართ თქმა, _ დოკუმენტი თუ გაქვთ და ფაქტებიო? მჭირდებოდა იმისთვის, მერე რომ მქონოდა დამადასტურებელი ფაქტი. ეს არის მოსახლეობის ზომბირების გზა, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ეწევა.
_ პროკურორის მანქანასთან დაკავშირებით მინდა გკითხო: ვინ და რატომ დაუწვა მანქანა პროკურორს? რა ინფორმაცია გაქვს?
_ არის დაუცველობის კიდევ ერთი მაგალითი, როგორც შსს-ს თანამშრომლების მსგავსად. ეს არის გზავნილი, რომ თუკი იმას არ გააკეთებთ, რასაც ჩვენ გეუბნებით, მიიღებთ ამას. მანქანა დაიწვა და ახალს იყიდი, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს შემთხვევითი ამბავი არ არის, არამედ იმის დემონსტრირებაა, რომ ამ ქვეყანაში დაცული არავინაა, მათ შორის, არც პოლიციელი და არც პროკურორი. თქვენ, რიგით მოქალაქეს, გეკითხებით, როდესაც პოლიციელი დაცული არ არის, თქვენ დაცული ხართ?
_ აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი არის თამაზაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არ არის ღარიბაშვილის მოყვარე თამაზაშვილების ნათესავი. რამდენად ართმევს თავს ეს ადამიანი დაკისრებულ მოვალეობას? ერთგვარად მისი პირდაპირი მოვალეობაა აჭარაში კრიმინოგენური მდგომარეობის კონტროლი.
_ ეს არ არის იმ თამაზაშვილების ნათესავი. ქობულეთელია ნამდვილად და მამა მომღერალია, რომელიც ივანიშვილთან ახლოსაა. თითქმის ყველა ღონისძიებაზე, რომელიც იმართებოდა ივანიშვილის შუშის რეზიდენციაში, მამა-თამაზაშვილი მღეროდა და ის იყო ერთ-ერთი უსაყვარლესი მომღერალი ივანიშვილისთვის. რაც შეეხება შვილს, მინდა გაგახსენოთ 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც სასტიკად დაარბიეს მომიტინგეები, როდესაც ბურჯანაძე აცხადებდა, რომ სახელმწიფო შედგა და არავის ანაღვლებდა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც მოიწამლნენ, დაშავდნენ და 3 ადამიანი მოკვდა. მაშინ თამაზაშვილი იყო ძალოვანი უწყების თანამშრომელი. ეს ის ხალხია, რომელიც კონკრეტულად რუსთაველის პროსპექტზე გასცემდა ადამიანების დარბევის ბრძანებებს. სააკაშვილმა ბოლომდე შეინარჩუნა ეს ადამიანი თბილისში, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, განარიდეს თბილისს და გამოუშვეს აჭარაში. ჩემი ინფორმაციით, თამაზაშვილიც მოიაზრებოდა ხაბაძის თანამდებობაზე, მაგრამ ეს საკითხი გადაიდო, რადგან მან ვერ აჩვენა კარგი მენეჯერული თვისებები. ეს ის თამაზაშვილია, რომელმაც პოლიციის უფროსის მოადგილეებად დედაქალაქიდან ჩამოიყვანა თავისი ხალხი, რომელთან ერთადაც არბევდა მიტინგს რუსთაველზე. პოლიციის უფროსებად ვერ დანიშნა, რადგან ცოტა „ყვირის“ ასეთი ქმედება და აჭარაში უფრო აქცევენ ამას ყურადღებას, ამიტომ თითქმის ყველა რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე თბილისელია და თამაზაშვილის ყოფილი თანამშრომელია. ქობულეთში, ქედაში, ბათუმის სამმართველოში, განყოფილებებში და ა. შ. ყველა თბილისის განყოფილების თანამშრომელია. შემიძლია გითხრათ, რომ აჭარის სიტუაციის ერთ-ერთი წამახალისებელი ბატონი თამაზაშვილია. ეს არის უუნარო, უფუნქციო ადამიანი, რომელსაც საკუთარ თანამშრომლებთანაც ვერ გამოუნახავს საერთო ენა.
_ ბოლო დროს ბათუმში ერთგვარი პარალელების გავლება დაიწყეს ასლან აბაშიძის პერიოდთან. რამდენიმე დღის წინათ გიორგი აბაშიძემ ყოფილ ცოლზე იქორწინა 11-წლიანი განშორების შემდეგ. იგი თავისუფლად გადაადგილდება ქუჩაში. კრიმინალის დონე აჭარაში თითქმის ისეთივეა, როგორც აბაშიძის დროს. დაბრუნდა თუ არა აჭარა წარსულში?
_ გიორგი აბაშიძის მიმართ სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ის, რომ გიორგი აბაშიძე ქუჩებში გადაადგილდება და ხალხს ახსოვს, როგორც გადაადგილდებოდა, რა მდგომარეობაც იყო, რა „ბესპრიდელი“ იმ პერიოდში, ეს არ ნიშნავს, რომ იმ სიტუაციაში ვბრუნდებით. მაშინ გვყავდა კორუმპირებული პოლიცია და „გაი“, მაგრამ დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. მაშინ ვინ იყვნენ კრიმინალები? _ ერთ მხარეს იდგნენ ქურდები, მეორე მხარეს _ პოლიციელები, რომლებიც ოფიციალური ყაჩაღები იყვნენ. ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იჯდა ციხეში, თუმცა მაშინ უფრო მეტად გრძნობდნენ ადამიანები თავს დაცულად, ვიდრე დღეს. თუ რაღაც რადიკალურად არ შეიცვალა და ამას მოყვა გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით წარსულში.
_ იმატა თუ არა კრიმინალმა ქუჩაში?
_ მე ვცხოვრობ იქ, სადაც ყოველ მეორე ბავშვს უნდოდა ქურდობა. მაქვს ურთიერთობა იმ უბანთან, სადაც ყოველი მეორე იყო ნარკომანი. შეიძლება ითქვას, ასეთ უბანში გავიზარდე, თუმცა ის, რაც წინა ხელისუფლების დრო იყო, რომ საღამოს 8-9 საათზე მშვიდად დაიძინებდი და ხმაური არ შეგაწუხებდა, მაქსიმუმ, თუ ქორწილი იყო, მექორწილეები იჩხუბებდნენ, ახლა საღამო არ გადის, რომ ქუჩური გარჩევები არ მოხდეს, ჩხუბი არ იყოს. ავიღოთ ბათუმის ბულვარი, ადგილი, სადაც სეირნობ ოჯახთან ერთად, შეყვარებულთან ერთად, მეგობრებთან ერთად: სადაც მიყრუებული ადგილია, ძლიერი განათება არ არის, ჩაცუცქული მიდის საქმეების გარჩევა და ამას პოლიცია გაგებით ეკიდება. რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთ უბანში იჩხუბეს, დახოცეს ერთმანეთი და პოლიცია მაშინ მოვიდა, როცა ყველა დაიშალა და დაწყნარდა.
როდესაც პოლიციელი დაუსჯელია, უფლებადამცველს სასაფლაოზე აფეთქებენ, ეს ყველაფერი პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, რომ ისიც დაუცველია. ეს არის პრობლემა. 5 წლის წინათ ნებისმიერი ხმამაღალი საუბრის ან შეგინების დროს პოლიციაში რეკავდნენ მოქალაქეები. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ ვქეიფობდით და ხმამაღლა მოგვიხდა საუბარი, მეზობლებმა პოლიციას გამოუძახეს. მართალია, პოლიცია მოვიდა, ნახა, რომ კონფლიქტი არ იყო და წავიდა, მაგრამ მოქალაქეების თვითშეგნება მაშინ უფრო მაღალი იყო და რაც მთავარია, არ ეშინოდათ.
_ ბათუმის მერი ყოფილი ძალოვანია. მისი როლი როგორია კრიმინოგენური სიტუაციის დაძლევაში?
_ რაც შეეხება მერს, არჩევნების წინ ვთქვი, რომ მე მირჩევნია, ჩემი ქალაქის მერი იყოს ჰუმანიტარული პროფესიის, ვიდრე ძალოვანი. მაშინ პოლიტიკური სუბიექტების ნაწილმა მხარი დაუჭირა ერმაკოვს. თქვეს, რომ „ნაციონალებს“ მხარს არ დავუჭერთო. მე „ნაციონალებისთვის“ მხარი არ დამიჭერია და დავით რობაქიძე არც არასოდეს შემოხაზავს „ნაციონალების“ კანდიდატს. ეს არის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც უნდა გაქრეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე თანამდებობაზე. გადავხედოთ ისტორიას: სადაც კი პოლიციელი „კაგებეშნიკი“ ან „ფეესბეშნიკი“ იყო თანამდებობაზე, ყველგან ძალის დემონსტრირება ხდებოდა. მე არ მინდოდა ჩემს ქალაქში ეს ყოფილიყო. ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცნობ ერმაკოვს _ ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი კარიერის გულისთვის ყველაფერს გააკეთებს; ეს არის ადამიანი, რომელიც წაქცეულსაც კი ფეხს დაადგამს, რომ თანამდებობრივად წინ წავიდეს.
_ ამ ფონზე, როცა მერი ძალაუფლებისთვის იბრძვის, ხაბაძე-დუმბაძე კი დაპირისპირებულები არიან, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეიცვალოს?
_ პრემიერ-მინისტრმა, რომელიც, თავის დროზე, დაკავებული იყო ბორჯომის მიტან-მოტანით ივანიშვილის კარზე, როგორც კი იგრძნო ძალაუფლების ხიბლი შს მინისტრობისას, სხვაგვარი ქმედებები დაიწყო. ხელისუფლება სანამ იგრძნობს ძალაუფლების ხიბლს, კარგი ხელისუფლებაა, მაგრამ როცა იგრძნობს ძალაუფლების ხიბლს და იმას, რომ მას ზემოთ აღარავინაა, დიქტატორი ხდება. ამის ნათელი მაგალითი იყო სააკაშვილი, იგივე აბაშიძე. ერთი ბუნჩულა ბიჭი იყო შს მინისტრობისას ღარიბაშვილი და ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამგეობებში, საკრებულოებსა და მერიებში თანამდებობებზე დანიშნა ძალოვან სტრუქტურებში ნამუშევარი ადამიანები. იგივეს ველოდები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, იმიტომ, რომ ფიქრობენ, ისინი გააკონტროლებენ ქვეყანაში სიტუაციას, მაგრამ ავიწყდებათ ფიზიკის მარტივი კანონი, რომ რაც უფრო ძლიერია დაწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა. არანაკლები პოლიციური რეჟიმი ჰქონდა აბაშიძეს, მაგრამ ხომ დაინახეთ, რა ბედიც ეწია?
_ ე. ი. ფიქრობ, რომ დავით თამაზაშვილი იქნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე?
_ ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ. ზუსტად ვიცი, რომ თამაზაშვილი იქნება.
_ ეს ბოლოდროინდელი კრიმინალური ფაქტები ხომ არ იმოქმედებს ამაზე, რომ სუსტი მენეჯმენტის გამო აღარ დანიშნონ?
_ იმდენად არაადეკვატურია აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარის ქმედებები, შემიძლია გითხრათ, რომ შუადღემდე სამსახურშიც კი აღარ მიდის. საუბარი აღარ არის მოსახლეობასთან შეხვედრებსა და სხვა ტიპის სამუშაოებზე. ჭიკაიძის წასვლით ბევრი რამ შეიცვლება. ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აღარ არის მთავრობის თავმჯდომარე და ნებივრობს იმით, რაც დღეს აქვს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ყველა ბიზნესმენიდან უკვე წილები მიდის მასთან. შემიძლია გითხრათ კიდევ ერთი ძველი ფაქტი:  როდესაც ხაბაძე იყო „ქართუ ბანკის“ ბათუმის ოფისის მმართველი, დავით ბალაძე (აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი) იყო „საქართველოს ბანკში“ ბიზნეს-სესხების მმართველი, ხოლო პატარკაციშვილის ბანკის მმართველი იყო მათი მეგობარი. ეს გახლდათ ერთი ჯგუფი, რომელიც შემდეგი სისტემით მოქმედებდა: როდესაც დიდი ოდენობის თანხის სესხის მოთხოვნით შედიოდნენ „საქართველოს ბანკში“, 5-დან 8 პროცენტის სანაცვლოდ კეთდებოდა არა „საქართველოს ბანკიდან“, არამედ სხვა ბანკიდან; თუ შედიოდა მოთხოვნა „ქართუ ბანკში“, მაშინ „საქართველოს ბანკიდან“. კლიენტისთვის სულ ერთი იყო, რომელი ბანკიდან გააკეთებდა. სიტუაცია რომ გაირკვა, მაშინ დაიჭირეს პატარკაციშვილის ბანკის მმართველი, რომელიც ყველაფერს მოყვა და ბალაძე გაუშვეს „საქართველოს ბანკიდან“, ხაბაძე კი მაშინ ივანიშვილმა გადაარჩინა. ასე რომ, ეს არის კრიმინალური ჯგუფი, რომლისგანაც კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ მხოლოდ დავით რობაქიძე არ საუბრობს. „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ამბობენ, რომ მთავრობის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი ჯერ კიდევ მაშინ დადგა, როცა ხაბაძე და მურმან დუმბაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. აჭარის უმაღლესმა საბჭომ ხაბაძის იმპიჩმენტის დაყენებაზეც კი დაიწყო ზრუნვა, თუმცა მაშინ „თავისუფალი დემოკრატების“ ძალისხმევით პროცესი შეჩერდა. იმ ფონზე, როცა ალასანიას თანაგუნდელები ოპოზიციაში არიან, მურმან დუმბაძის თანამოაზრეებს ხაბაძის გადაყენება არ გაუჭირდებათ.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ეს თემა განიხილებოდა სხვადასხვა საკითხთა შორის პრემიერ ღარიბაშვილისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის არაოფიციალურ შეხვედრაზე დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში. ამ შეხვედრას ხაბაძეც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ხაბაძისა და დუმბაძის დაპირისპირების შემდეგ არჩილ ხაბაძემ აჭარის მასშტაბით სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული მურმან დუმბაძის თანაგუნდელები სამუშაოდან გაათავისუფლა. მაშინ პრემიერმა და ვიცე-პრემიერმა განმუხტეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი, ხაბაძის შემცვლელად კი დავით თამაზაშვილი აქტიურად განიხილება.

იმედა მურვანიძე