მთავარი პოლიტიკა რატომ ქრება საქართველოს ყველა მუზეუმიდან ნივთები?!

რატომ ქრება საქართველოს ყველა მუზეუმიდან ნივთები?!

961
0
გაზიარება

irmaaa
14 იანვარს, ძველით ახალ წელს, მთავარ პროკურატურასთან, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ინიციატივით, აქცია ჩატარდა. გამოტანილი პლაკატები თავიდანვე ცხადყოფდა, რომ საქმე ეხებოდა ეროვნული საგანძურის დაცვა-გადარჩენის საკითხს: „ექვთიმეს გადარჩენილი საგანძური საფრთხეშია“, „მუზეუმის საცავებში სრული ქაოსია, შეისწავლეთ“, „მოვითხოვთ დავით ლორთქიფანიძის საქმიანობის შესწავლას“, „მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას!“
ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, აქციას ასეთი სიტყვები წაუმძღვარა: „10 წელი გავიდა და ისევ აქციაზე ვართ!“ შემდგომ კი იმ სათუო პრობლემას შეეხო, რის გამოც ატარებდნენ ახალ წელს საპროტესტო აქციას:
„დასაკარგი წუთიც არ გვაქვს. სასწრაფოდ უნდა ვუშველოთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას! შეიძლება, საზოგადოებას სკეპტიკური აზრიც კი უჩნდება, მართლა დგას თუ არა ჩვენი მუზეუმები ასეთი საფრთხის წინაშე, როგორც ლაპარაკობენ?! ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი აწარმოებდა გამოძიებას, თუ რა ხდება ჩვენს მუზეუმებსა და მის საცავებში და არ დაგიმალავთ, რომ ყველგან კატასტროფული მდგომარეობაა. არაერთი აქცია ჩავატარეთ, როცა სვანეთის მუზეუმიდან საგანძური გარეთ გამოყარეს და კონტეინერებში განათავსეს. ის ზიანდებოდა ყინვაში, თოვლსა და ნესტში, მაგრამ, ამის გამო, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებიათ. თავიდან ვიწყებთ ბრძოლას ჩვენი ეროვნული საგანძურის გადასარჩენად. კითხვებიც ბევრი გვაქვს და ინფორმაციაც, რომ საქართველოს ყველა მუზეუმიდან ქრება ნივთები! საუბარია მხარეთმცოდნეობის მუზეუმებზეც, რომელთა დიდი ნაწილიც, როგორც შეგვატყობინეს, ასევე გაძარცულია. ეროვნული საგანძური საცავებიდან ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ, რაც იურიდიულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ესეც დარღვეულია. ამ უნიკალური ნივთების წოწიალი არ შეიძლება. ზაფხულში გაიძარცვა ამილახვრიანთ კარის მუზეუმი და რა ნივთები დაბრუნდა იქ, ჩვენი ინფორმაციით, ამის აღრიცხვა არავის ჩაუტარებია“.
მოვლენებს წინ გავუსწრებ და იმ ბლიცინტერვიუსაც შემოგთავაზებთ, რომელიც „ქრონიკა+“-მა აქციაზე ირმა ინაშვილთან ჩაწერა:
_ მუზეუმების, საცავების ძარცვის კონკრეტული ფაქტები კიდევ თუ გაქვთ, იქნებ, ისიც გაგვაცნოთ?
_ რურუას კულტურის მინისტრობის დროს გაიტანეს ფიროსმანის, კაკაბაძის უნიკალური ტილოები და ახლაც იგივე ხდება. პროკურატურის წინ სწორედ იმიტომ ვდგავართ, რომ დაიწყონ გამოძიება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ახლა მათ უნდა მივაწოდოთ. როცა დაიწყება ძიება, მერე ყველა ფაქტი გასაჯაროვდება. ეს არის გამაფრთხილებელი, საინფორმაციო აქცია. ჩვენი შეკრებები სხვადასხვა მუზეუმთან და უწყებასთან გაგრძელდება მანამ, სანამ ის დამნაშავეები არ დაისჯებიან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ეროვნულ საგანძურზე. პროკურატურას ვთხოვთ, დაიწყოს გამოძიება, თუ რა ხდება ეროვნულ თუ სხვა მუზეუმებსა და საცავებში. ასევე დავაყენებთ საკითხს, თუ ეს შესაძლებელი იქნება, რომ მთავარ პროკურორს, ან მის მოადგილეს შევხვდეთ და ხელში გადავცეთ მასალები. აუდიტის დასკვნას რომ გაეცნოთ, ნახავთ, რომ საუბარია არაერთ სერიოზულ დარღვევაზე. ამ დასკვნიდან და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს, პირველ რიგში, დავით ლორთქიფანიძის პასუხისმგებლობის საკითხს ვაყენებ. ის არის პასუხისმგებელი ოფიციალურად მუზეუმებზე, საცავებსა და ეროვნულ საგანძურზე. ერთი წლის წინათაც შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება, ამ საკითხზე  დაწყებულიყო გამოძიება, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია და არც რეაგირება მომხდარა მათგან. ახლა, ალბათ, გვისმენენ პროკურატურიდან. მინდა მათ ვუთხრა: ვიცი, რომ ისინი მუშაობენ მნიშვნელოვან საქმეებზე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებებს ეხება. ისე, ძალიან გაუხანგრძლივდათ ეს მუშაობა და უფრო მეტად თუ ამოქმედდებიან და დაიქოქებიან, კარგი იქნება, რადგან ამასობაში მთელი ცხოვრება გავიდა. პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა შეისწავლოს ეროვნულ მუზეუმში შექმნილი ვითარება და დაიწყოს გამოძიება. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა.

ცოტა ხანში ირმა ინაშვილმა და ნინო მიქიაშვილმა მათ ხელთ არსებული დოკუმენტები პროკურატურის კანცელარიაში მიიტანეს და ჩააბარეს. აქციაზე კი სიტყვით გამოდიოდნენ ეროვნული საგანძურის სხვა მცველები.

ვაჟა ოთარაშვილი, პოეტი:
_ მიმდინარეობს ბრძოლა ქართული ცნობიერების წინააღმდეგ, ქართული კულტურის კერების დასანგრევად. ეროვნული საგანძური, რომელიც მუზეუმებშია დაცული, ჩვენმა წინაპრებმა აქამდე მოგვიტანეს, მეცნიერ-თანამშრომლებმა კი, რომლებიც ათეული წელია, ამ მუზეუმებში მუშაობენ, შეინახეს და თვალის ჩინივით გაუფრთხილდნენ მას. სამოქალაქო ომებმა და ათასმა უბედურებამ გადაიარა, მაგრამ ამ ექსპონატებმა ჩვენამდე მაინც მოაღწია, თუმცა 2004 წლიდან, როცა ეს ვიგინდარა დავით ლორთქიფანიძე მოიყვანა სააკაშვილის ხროვამ და დანიშნა სამუზეუმე გაერთიანების გენერალურ დირექტორად, მისი თაოსნობით, საქართველოდან უამრავი საგანძური გაქრა, მათ შორის, დაახლოებით 80 ცალი ფიროსმანის ნახატი, შუა საუკუნეების ძვირფასი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, თვალმარგალიტით და ძვირფასი ლითონებით მოჭედილი ჯვრები, მახვილები, სატევრები, ფიალები, გიორგი სააკაძის ხმალი, ვახტანგ გორგასლის მონეტები და ა. შ. არც ერთი ერი ასეთ ფაქტს არ დაუშვებდა, ამიტომ ფეხზე უნდა დავაყენოთ სრულიად საქართველო. იცით, რატომ მიდის ამ ყველაფრის განიავება და განადგურება? _ ქართველმა რომ აღარ თქვას, ჩვენ უდიდესი კულტურის ერი ვართო. გამოძიება უკვე დაწყებულია ეროვნულ ბიბლიოთეკაში 16 მილიონამდე დაკარგულ წიგნად ფონდზე. ეს არის უძვირფასესი გამოცემები, რომელიც ვერცხლისა და ოქროს ყდებშია ჩასმული; ასევე უძვირფასესი ხელნაწერების ქართული გამოცემები, მსოფლიოში ბადალი რომ არ მოეძებნება და რომელთა ღირებულებაც 5 ათასზე მეტ დოლარს შეადგენს, კაცმა არ იცის, სად წაიღო კეკელიძემ და მისმა ბანდამ. ამ ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, გაგუა, ახლა ლორთქიფანიძის მოადგილეა.  ჩვენი მოთხოვნა არის კანონიერი. პროკურატურის შესახებ კანონში ცალსახად წერია: აუდიტის დასკვნაში თუ აღნიშნულია, რომ ადგილი აქვს სისხლის სამართლებრივ დარღვევებს, მთავარი პროკურატურა ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. 2013 წლის მარტში გაგზავნილ წერილზე გვაცნობეს, რომ გამოძიება დაწყებული იყო, მაგრამ ამ დრომდე არავინ დაუკითხავთ და არც აღწერა-მოკვლევა ჩატარებულა. მიფუჩეჩებულია ეს საქმე ისევე, როგორ ეროვნული ბიბლიოთეკის საკითხი. მთავარ პროკურატურას ოხრად დარჩება ეგ ჩინმედლები, თუ კეთილსინდისიერად არ მოემსახურებიან საქართველოს და ქართველ ხალხს. სხვანაირად უფლება არ აქვთ, ხელფასი აიღონ, თანამდებობის პირებად ითვლებოდნენ და, ამ დროს, ეროვნული საგანძური ვიგინდარა ადამიანებს ქვეყნიდან გაჰქონდეთ, ან აოხრებდნენ. საქართველოში არის ღია ტერორიზმი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი არ დაუშვებს, რომ სახელმწიფოს ქართული სულიერების გაცამტვერება არაფრად მიაჩნდეს!

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ადა მარშანიაც:
_ ჩვენი საზოგადოება არ არის ისეთი აქტიური, როგორიც უნდა იყოს. უფრო ემოციურად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, ხშირ-ხშირად უნდა შევაწუხოთ ამგვარი დაწესებულებები, რათა ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ შეიგნოს, რომ ის ემსახურება ქართველ ერს და ქართულ ეროვნულ ინტერესებს. ჭიქით ხელში „გაუმარჯოს საქართველოს“ ძახილი საკმარისი არ არის. კვლავ გვაქვს საბრძოლველი და ეს არის ჩვენი ყანწიც და ჭიქაც. მხოლოდ ამის მერე, სუფთა სინდისით შეიძლება, რომ სახლშიც ავწიოთ სასმისები.
ვფიქრობდით, ახალი ხელისუფლება დაალაგებდა ყველაფერს, მაგრამ არ მოხდა ასე. თურმე, ყველა ხელისუფლებას დროზე და კარგად უნდა გააგებინო, რომ მას ყურადღებით უსმენ, უყურებ და მისი მხრიდან უმსგავსობასაც არ დაუშვებ. სანამ ასეთი არ გახდება საზოგადოება, ჩვენი ცხოვრება უკეთესი ვერ იქნება და სახელმწიფოსა და ერის მომავალზეც არავინ იფიქრებს.

ამ დროს ირმა ინაშვილი მივიდა კვლავ მიკროფონთან და აქციის წევრებს ახალი ამბავი აცნობა:
_ ნებისმიერ შეკრებას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, სულ ერთია, აქციაზე 10 ადამიანი იდგება, 5 თუ 2000. ჩვენ უკვე გამოგვეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურა და  მთავარი პროკურორი გამოთქვამს მზაობას, მე და ერეკლე არღვლიანს შეგვხვდეს.
ამის შემდეგ აქცია ირმა ინაშვილისა და არღვლიანის გარეშე წარიმართა.
„ქრონიკა+“-მა ამასობაში დრო იხელთა და ნინო მიქიაშვილსა და ელენე კავლელაშვილს ქართული საგანძურის ძარცვასთან დაკავშირებით საინტერესო ინტერვიუები ჩამოართვა.
ნინო მიქიაშვილი:
_ ხელოვნების მუზეუმის საგანძურიდან გაიტანეს მე-4 საუკუნის ვერცხლის სამაჯური და უკან გადატეხილი დააბრუნეს. ამ მუზეუმის ძარცვა პერმანენტულად, ყოველდღიურად მიმდინარეობს. 2004 წლიდან მოყოლებული,  როცა შეიქმნა სამუზეუმე გაერთიანება და ხელოვნების მუზეუმიც ამ გაერთიანებაში შეიყვანეს, იქ მდგომარეობა მიზანმიმართულად მძიმდება. კაბელი რომ წყდება, იმასაც არ ცვლიან, ჭერიდან წყალი რომ ჩამოდის, არ აკეთებენ და განგებ ანადგურებენ ყველაფერს. საექსპოზიციო სივრცე ფონდსაცავებად გადააქციეს. სხვადასხვა ფონდი ერთად შეყარეს, რაც დაუშვებელია. ყოველდღე მიაყენებენ მანქანას, უბრალო პარკებში გადახვეული, აგურებივით  გამოაქვთ ნამუშევრები და ყრიან სამარშრუტო მიკროავტობუსებში. შემდეგ ორი ადამიანი ხელს მიადებს, რომ არ იჯაყჯაყოს და ასე მიაქვთ ჩვენთვის გაურკვეველ ადგილას. არ ვიცით, ხელოვნების მუზეუმიდან სად წაიღეს გუდიაშვილის, ფიროსმანის, თანამედროვე მხატვრების სხვადასხვა ტილოები. სექტემბერ-ოქტომბერში მოხდა ეს და ვიდეოკადრებიც გვაქვს გადაღებული. განუსაზღვრელი უფლებები აქვს მიცემული წინა ხელისუფლებისგან რაღაც დებულებით ამ გაერთიანების ხელმძღვანელს.
2011 წლის ივნისიდან 2 დეკემბრამდე სვანეთის საგანძური იმყოფებოდა სამშენებლო ნაგავში. უწმინდესი გამოვიდა და ქადაგების დროს თქვა, რომ მესტიაში, მეუფის რეზიდენციის ეზოს ეკლესიას დაუთმობდნენ საცავად, სანამ ახალი მუზეუმი აშენდებოდა, _ წირვა-ლოცვა შეწყდება და შეიტანეთ ეს სიწმინდეები, რომ გადარჩესო. პატრიარქის სპეციალური კომისიის წევრი ვიყავი, მაგრამ ეროვნულმა მუზეუმმა თავი მოიკლა, _ კოლექციების განუყოფლობის პრინციპიდან გამომდინარე, ეს დაუშვებელიაო, ყველაფერი ეკლესიაში ვერ დაეტევა და საგანძურს ვერ გავყოფთო. ახლა რატომ ყოფენ ორად და ასად?! ამისთვის პასუხს რატომ არავინ აგებს, ძალიან საინტერესოა! ლორთქიფანიძეს იმაზეც აქვს გასაცემი პასუხი, ზარზმისა და აწყურის ხატები მერაბიშვილისა და სააკაშვილის ბრძანებით რაბათში გამოსაფენად რომ მიჰქონდა 2012 წლის 7 აგვისტოს. არადა, რესტავრატორებისა და ხელოვნებათმცოდნეების წერილი ედოთ, ამ ხატების დაძრა დაუშვებელია, რადგან ამის მერე მათი ბედი სავალალო იქნებაო. ავტომატიანი დაცვის პოლიციელები მოიყვანეს, მაგრამ მაინც ვერ წაიღეს, რადგან ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიეთ. კართან გავწექი და ვერ გადამიარეს. ხელოვნებათმცოდნეებისა და რესტავრატორების დასკვნა რომ მომეპოვებინა, ადმინისტრაციული საჩივრების წერა დამჭირდა.
_ ეს ყველაფერი მხოლოდ ლორთქიფანიძის დანაშაული რომ ვერ იქნება, ფაქტია. აქამდე თუ სააკაშვილისა და მერაბიშვილის „დაკრულზე ცეკვავდა“, თქვენი აზრით, ახლა ვის საქმეს აკეთებს?!
_ სვანეთის საგანძურის ასეთ მოპყრობაზე არავინ დასაჯეს, ხელოვნების მუზეუმში რაც ხდება, ამაზეც არავინ დასჯილა, ამიტომაც ააფეთქეს საყდრისი. ფაქტობრივად, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ფაქტზე არც ერთი კაცი დასჯილი არ არის. სამწუხაროა, რომ კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებით ხელისუფლების დამოკიდებულება არ შეცვლილა. როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო, ახლა იმაზე უარესია.

ელენე კავლელაშვილი, ეროვნული მუზეუმის საგანძურის მთავარი მცველი:
_ 2011 წელს საგანძურიდან ჯანაშიას მუზეუმში გადაიტანეს საირხის განათხარი მასალა, რომელსაც არ ვაძლევდით, მაგრამ გვითხრეს, ერთი წლით იქნება გამოფენაზე და დაგიბრუნებთო. დღემდე არ დაუბრუნებიათ და ამას არც აპირებენ, არადა, ის ექსპოზიციიდან აიღეს და იქ ახლა თავისუფალი ადგილია. ესეც მუზეუმის ძარცვის ერთ-ერთი ფორმაა. გაიძარცვა ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზა, სადაც იყო 50 წლის განმავლობაში განათხარი მასალა ათასწლეულებიდან მოყოლებული, ჩვენი წელთაღრიცხვის მე-18 საუკუნის ჩათვლით. ათასობით ექსპონატია დაკარგული და ეს ცოტა საქმეა?! დაიკარგა  ბრინჯაოს ნივთები ცისფერი გალერეიდან. ამ საქმეს სხვანაირი შემოწმება უნდა, რაშიც მე არ ჩამახედებენ.
ვცდილობ, როგორმე დავიცვა საგანძური, მაგრამ… 2010 წელს არც კი შემატყობინა დავით ლორთქიფანიძემ, ისე შემოუშვა ფრანგების კინოგადამღები ჯგუფი, რომელსაც ერთწამიანი კლიპი უნდა გაეკეთებინა საქართველოს შესახებ. ყოველ შემთხვევაში, მერე მე ასე მითხრეს. შაბათი დღე იყო და ქალაქიდან გასული ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ იქ კინოგადაღების მოდანი მოაწყვეს. თბილისში ჩამოსასვლელად ორი საათი დამეხარჯა და აქ ისევ საშინელება დამხვდა. მაშინ, როცა კარსაც კი არ ვტოვებთ არასდროს ღიას, ამჯერად სამასი კაცი შედიოდა და გადიოდა დარბაზში: ზოგი იჯდა, ზოგი სვამდა, ზოგი იწვა და იქ ჩვენს საგანძურს ყველანაირი საფრთხე ემუქრებოდა. თავისუფლად შეიძლებოდა გაეტეხათ, მოეპარათ, დაეზიანებინათ და ა. შ. ასევე ჩართული ჰქონდათ მაღალი განათება, გაწყობილი იყო რელსები კინოკამერების გადასაადგილებლად, რამაც გამოიწვია ის, რომ სიგნალიზაციის სისტემა ჩაიშალა და დღემდე ვერ მოგვიყვანია სრულ წესრიგში. სიგნალიზაციის სისტემაზე აისახა ეს ყველაფერი და ექსპონატებზე არ აისახება?! ცხადია, ისინი დაზიანდა და ასეთი დამოკიდებულება ექსპონატებისადმი არის კარასტროფული. ისინი გავყარე იქიდან. მოსული იყო მაშინდელი პრეზიდენტის დაცვაც, რომელმაც ორჯერ გამაკავა, თითქოს უმძიმესი დამნაშავე ვიყავი და ექსპოზიციიდან გამომათრია, მაგრამ რამდენჯერაც გამომათრიეს, იმდენჯერ გავიქეცი, რადგან ისეთი ამბავი იყო იქ, საკუთარი თავი აღარ მახსოვდა. ამ ამბიდან ძალიან მალე ფრანგმა კინორეჟისორმა დატოვა იქაურობა, რადგან მან კარგად გააცნობიერა, რა სახის დანაშაულს სჩადიოდა. ხახულის ხატს აზიანებდნენ, მთელ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და რა პრეზიდენტზე იყო საუბარი, მე იქ ვინმესი შემშინებოდა?! ენაცვალოს მრავალი პრეზიდენტი ამ საგანძურს! მას მეფეები იცავდნენ და თავს სწირავდნენ მისთვის და არ შეიძლება, პრეზიდენტს საგანძური შევწიროთ.
_ ახლა რა მდგომარეობაა თქვენთან?
_ ახლაც მყარად ვარ და ვცდილობ, არავინ შევუშვა შიგნით. 2012 წელს გრანტით ტაო-კლარჯეტში წავედი სამუშაოდ. ლორთქიფანიძემ დრო იხელთა და მაშინვე შეადგინა კომისია, რათა საგანძურის გასაღებების დუბლები გაეკეთებინა და ისიც დაედგინათ, თითქოს საგანძურის ექსპონატების გადაადგილება შეიძლებოდა. ტაო-კლარჯეთიდან ავტეხეთ ერთი ამბავი, ჩავრიეთ პატრიარქი და სიტუაცია ასე განეიტრალდა. როგორც კი მიეცემა ხოლმე შესაძლებლობა, საშინელებებს აკეთებს, მაგრამ მაინც თანამშრომლების ზურგს უკან იმალება. როცა მან ფრანგები საგანძურში შეუშვა და ვიღაცამ ჟურნლისტები გამოიძახა, ლორთქიფანიძემ მათ უთხრა, რომ მე და გიორგი მარსაგიშვილს უნდა გვეგო ამისთვის პასუხი, არადა, მის შესახებ არც გიორგიმ იცოდა არაფერი და არც _ მე. იქამდე იმალებოდა ასე, სანამ ნინო მიქიაშვილმა ჟურნალისტური გამოძიებით არ აღმოაჩინა მისი ბრძანება საპოლიციო დაცვის აპარატისადმი, რომ უნდა შეეშვათ ფრანგები და დაეკმაყოფილებინათ მათი ყველა მოთხოვნა. ლორთქიფანიძემ კარგად იცოდა, რა უნდა გადაეღოთ ამ დარბაზში და ამ განცხადებითაც გამომჟღავნდა მისი ნამდვილი სახე. ბოლო წლებში სულ ასეთ დღეში ვართ და მძიმე შრომით გვიხდება რამის დაცვა და მოვლა-პატრონობა.
არ ვიცი, კიდევ ვინ არის ამ ყველაფრით დაინტერესებული, მაგრამ საქმე მაქვს გენერალურ დირექტორთან, რომელმაც შექმნა საშინელი სამუზეუმო გაერთიანება. მისი მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს. ჩვენი მუზეუმი ექვთიმე ღვთისკაცის, გიორგი ბოჭორიძისა და დიმიტრი შევარდნაძის დაარსებულია, რომლებიც შეწირულები იყვნენ. აღარაფერს ვამბობ შალვა ამირანაშვილზე, გიორგი ჩუბინაშვილზე, ივანე ჯავახიშვილზე, კათოლიკოს-პატრიარქებზე და სხვებზე. მუზეუმს, რომელსაც ასეთი ისტორია აქვს, არ შეიძლება მას სახელი დავუკარგოთ, ფონდები აქეთ-იქით გადავანაწილოთ და აღარაფერი დავტოვოთ. გამოდის, რომ ხელოვნების მუზეუმი იხურება და მხოლოდ ხელოვნების ეროვნული მუზეუმი არსებობს. უკვე აღარც კი ახსენებს ისტორიის მუზეუმს, ხელოვნების მუზეუმს, ქარვასლას. ეროვნული მუზეუმი მხოლოდ ფონდების გადანაწილებას ითვალისწინებს. ყველა მუზეუმის ქვის ფონდი ერთად იქნება, ჭედურობა _ ერთად, ფერწერა _ ერთად და ა. შ. ამ გადაადგილებით კი სად რა მიაქვთ, არავინ იცის. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ნგრევა უკურეაქციას იძლევა და გამორიცხულია, ამ დროს რამე არ დაზიანდეს და დაიკარგოს. ეს განა ამად გვიღირს?!
2005 წელს წაიღეს ჯანაშიას მუზეუმის ოქროს ფონდიდან ვანის განათხარი მასალა და 2010 წლის ბოლომდე იყო ხან ამერიკაში, ხანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ასეთი უნიკალური ნივთები შეიძლება მხოლოდ ორი კვირა გაიტანო და მერე 25 წელი არსად უნდა წაიღო.

ნინო მიქიაშვილი:
_ სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი სვანეთის საგანძურთან მიმართებით. ახლა ის მუზეუმის ახალ შენობაშია განთავსებული, რომელიც გარედან ბრწყინავს, მაგრამ რემონტი დაასრულეს თუ არა, მაშინვე გადაიტანეს იქ ექსპონატები. სამშენებლო ნაგავში ეწყო უნიკალური საგანძური. 2011 წელს ხელი მოკიდეს და თოვლში, ყინვაში, ყველა სამუზეუმო წესის დარღვევით გადაიტანეს მესტიის აეროპორტის გზაზე, სამუსიკო სკოლის დამეწყრილ შენობაში. იქ ჰქონდათ მაისამდე და მერე ახალ შენობაში შეიტანეს, სადაც ჰაერის შემადგენლობა შემოწმებული არ იყო და ქიმიური ანაორთქლებით არის გაჯერებული იქაურობა, რაც დამღუპველად მოქმედებს ადამიანებზეც და ნივთებზეც.

ამასობაში, მთავარ პროკურატურაში შესული ირმა ინაშვილი და არღვლიანიც გამოვიდნენ და ასეთი კომენტარი გააკეთეს:
_ მთავარი პროკურორი დაინტერესდა ამ თემით. ყველა მასალას ეცნობა. თურმე, ისიც ფიქრობდა, რომ კარგი იქნებოდა, ჩვენგან რომ მიეღო ინფორმაცია და ამიტომაც მოხდა ეს შეხვედრა. ვუთხარით, რომ ჩვენზე კომპეტენტური ადამიანები არსებობენ ამ სფეროში _ ხელოვნებათმცოდნეები, ექსპერტები, რომელთაც დეტალური ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. თქვა, რომ აუცილებლად შეხვდება ამ ადამიანებს. ქურდობაზე არავის ხელს არ ვადებთ, ამისი კომპეტეცია პროკურატურას აქვს და როგორც გვითხრეს, ძალიან სწრაფად დაიწყება საქმის შესწავლა. ხვალ ან ზეგ უკვე დაიბარებენ ამ ადამიანებსო.

ნელი ვარდიაშვილი

დატოვეთ კომენტარი