„ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აუქციონზე გატანა იდიოტობაა“

awer

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აუქციონზე გაიტანენ. მისივე თქმით, სამინისტროსა და ორ ინვესტორს შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი. კითხვაზე, _ რა დაჯდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, ქუმსიშვილმა უპასუხა, რომ ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია, რადგან მშენებლობა ქაოსურად მიმდინარეობდა და ამ პერიოდის მანძილზე ვერ მოხერხდა პირველადი საბუთების მოძიება: „ექსპერტიზიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დადგინდება აღნიშნული შენობის თვითღირებულება. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, რომელიც არ არის ხელმოწერილი, ეს თანხა შეიძლება იყოს 45-46 მილიონი ლარი დღგ-ს გარეშე, თუმცა კომპანიამ გაცილებით მეტი თანხა მიიღო“.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საუნივერსიტეტო მიმართულებასთან დაკავშირებით მედიას დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით მიეწოდება: „ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზება, გვყავს კონკრეტული ინვესტორები და მივიჩნევთ, რომ ბათუმში ერთი კარგი სასტუმროს არსებობა არის საუკეთესო მიმართულება“, _ განაცხადა ქუმსიშვილმა.
„შენობა თითქმის ბოლომდე იყო დამთავრებული და უნივერსიტეტს პირველი სტუდენტები 2013 წელს უნდა მიეღო. ივანიშვილმა, მარგველაშვილის ხელით, ეს პროექტი შეაჩერა და ახლა უნივერსიტეტის გაყიდვა გამოაცხადა. კავკასიის ყველაზე მაღალი და ლამაზი შენობა უნდა ქცეულიყო განვითარებული და განათლებული საქართველოს სიმბოლოდ. ახლა ივანიშვილმა იგი ჩვენი ქვეყნის გაბანძებისა და მისი პირადი სიხარბის მაგალითად აქცია.
მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ძალიან მალე შენობა დაუბრუნდება ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. ამას იმიტომაც ვამბობ, რომ ყველა შესაძლო კეთილსინდისიერი კომპანია არ შეცდეს და არ მიიღოს მონაწილეობა უწიგნური ოლიგარქის ანტისაგანმანათლებლო ინიციატივაში“, _ წერს სააკაშვილი.
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თავზე დატრიალებულ ბედის ბორბალზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი _ ნოდარ ნათაძე:
_ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აუქციონზე გატანა და მისი სასტუმროდ გადაკეთება ყველა შემთხვევაში არის დივერსია, ბარბაროსობა და იდიოტობა. საქართველოს განათლება უფრო აკლია, ვიდრე რომელიმე სხვა საგანი, კვერცხისა და ქათმის ჩათვლით, რომლის წარმოება ამ ხელისუფლებამ მოსპო საქართველოში, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი საუბრობდა, არც ერთ შეფასებაში არ ვეთანხმები.
_ ყოფილი პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მთავრობის გადაწყვეტილებას დანაშაულად აფასებენ…
_ სწორია, ამაზე არაფერს ვამბობ, დანაშაულია ეს ყველაფერი. მმართველი ხელისუფლების მხრიდან ეს იდიოტიზმის და, მეორე მხრივ, ბოროტგანზრახულობის შედეგია… მაგრამ სააკაშვილმა ჩვენ ასეთი ინფორმაცია მოგვცა, რომ დასავლეთი ცდილობს, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა მიიზიდოს, სასწავლებლად წაიყვანოს და რამდენიმე წელიწადი იქ ამუშაოსო. რეალურად, დასავლეთი ამას სულაც არ ცდილობს, პირიქით, ჩვენთვის არასასურველი ძალები იმაზე მუშაობენ, რომ ახალგაზრდამ წესიერად ვერ ისწავლოს, კაცად ვერ დადგეს, უპატრონო და ზედმეტი ადამიანი იყოს დედამიწაზე. ეს არის მიმართულება, რომელსაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და არა ის, რომ ვიღაცამ ჩვენს მშრომელს მუდმივი ექსპლუატაცია გაუწიოს.
_ სანამ აქამდე მივალთ, რამდენად შეძლებდა გახსნის შემთხვევაში ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პირდაპირი დანიშნულების გამართლებას?
_ საკითხავია, როგორ განისაზღვრებოდა მისი დანიშნულება…
_ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ აქ უნდა აღზრდილიყვნენ ძლიერი ინჟინრები, ტექნიკური მიმართულების სპეციალისტები…
_ ეს რომელი რესურსით უნდა გაკეთებულიყო? რას ნიშნავს ძლიერი ინჟინერი, რომელიც შემოქმედია ტექნოლოგიების დარგში, თუ კარგი ხელოსანია? აქ კარგ ინჟინერში რა იგულისხმება? ასევე, გააჩნია, რა ხარისხის იქნებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტების წინასწარი მომზადება და მოტივაცია; ყველაფერი ამაზე არის დამოკიდებული. კონდიციური ინჟინრები თუ მომზადდებოდნენ, ძალიან კარგი იქნებოდა, სხვა შემთხვევაში _ არა, დროისა და რესურსების ხარჯვას გამოიწვევდა. გვექნებოდა ჩვენ იმის საშუალება, რომ ბათუმში მსოფლიო კონდიციის ინჟინრები აღგვეზარდა?
_ ფაქტია, რომ 2013 წელს სასწავლებელში მიღება უნდა დაწყებულიყო და დღეს უკვე აუქციონზე გადის; ამ შემთხვევაში მთავრობის მოტივი რა შეიძლება იყოს?
_ აქ სამად სამი მიზეზია: პირველი _ მინდოდა კარგი საქმის გაკეთება და ვერ გავწვდი, ფული, დრო, ტვინი არ მეყო და ა.შ., ან დახმარების იმედი მქონდა და არავინ მომცა; მეორე _ ვარ ბოროტი ნების კაცი და არ მინდა, ეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდეს, ან ვიღაცამ მიბრძანა, რომ არ გაკეთდეს; და მესამე _ უბრალოდ, პირადი ხარისხით არ გამოვდექი ამ საქმის სახელმძღვანელოდ, ან კიდევ სიზმარი ვნახე ცუდი და ჩავითქვი, რომ თუ მე ამას გავაკეთებ, დედაჩემს რაღაც ავადმყოფობა დაემართება…
_ ხომ არ ეწირება ბათუმის უნივერსიტეტი ყოფილ და ახალ სახელისუფლებო ელიტებს შორის დაპირისპირებას?
_ ესენი რომ ერთმანეთის ჯიბრით საქართველოს გამწირავები არიან, აქ ორი აზრი არ არსებობს. შუბლის ძარღვი, ამ თვალსაზრისით, საერთოდ არ აქვთ, მაგრამ მიზანი არ ჩანს, ამას რა აზრი აქვს ან ერთისთვის, ან მეორისთვის.
_ რა შედეგს მოიტანს ეს გადაწყვეტილება?
_ ნებისმიერ შემთხვევაში, ცუდის მომტანია. იმედი მქონდა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის _ არ გამიმართლდა, გადაწყვეტილება მქონდა _ გადავიფიქრე, ვერ გავიტანე, შემაშინეს _ უკან დავიხიე, მომისყიდეს _ უკან დავიხიე, ყველა ეს შესაძლო ვარიანტი ცუდია; როგორც ფაქტი, ჩემთვის უარყოფითია და ამას ვერაფერი შეცვლის, როგორც ქვეყნისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
_ თვითონ წინა ხელისუფლება საგანმანათლებლო პოლიტიკის მიმართულებით რამდენად იდგა სიმაღლეზე?
_ საჭირო დონეზე საქართველოში, სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლება არ მდგარა _ ზოგი, უბრალოდ, სუსტი იყო და ზოგი ბოროტგანმზრახველი და დივერსანტი. თავის დროზე, მეორე პრეზიდენტმა ყველაფერი მიზანმიმართულად კორუფციაში ჩაძირა. პოლიტიკური ავანსცენიდან მის წასვლას მთელი საზოგადოება ელოდებოდა და მთელი ნაძირალიტეტი ერთადერთ საქმეზე ზრუნავდა, რომ რაც შეიძლება ბევრის მოპარვა მოესწრო, ამიტომ ქვეყანაში კორუფცია ყვაოდა. მოვიდა სააკაშვილი, პატიოსნებას და, მით უმეტეს, პატრიოტიზმს არ გაკარებია, თავიდან ბოლომდე რუსეთის აგენტურა ბრძანდებოდა, მაგრამ ახალგაზრდა იყო და ვინც მის მზარდ დიქტატურაში მოყვა, ფიქრობდა, რომ ახალ სიტუაციას როგორმე უნდა შევეწყოო. ახალი კორუფცია უკვე ცენტრალიზებული სახით ჩამოყალიბდა, ანუ წარმოება უფრო ინტენსიურად იწველებოდა, ვიდრე შევარდნაძის დროს; არა ინდივიდუალურად, რომელიღაც `ცეხების~ მიხედვით, არამედ გუნდურად, ერთიანად იწველებოდა. კორუფციით შემოსული ფული უკვე ნაწილდებოდა არა როგორც ჯიბიდან ამოღებული, არამედ ბანდა ნადავლს ხელფასების სახით ინაწილებდა. ახლა, რეალურად, ივანიშვილის ხელში, ერთი მხრივ, ამ ყველაფრის გადანაწილება ხდება თანამდებობების, ხელფასების, პრემიებისა და ა. შ.; მეორე მხრივ, მასში რაღაც სტრუქტურული სიახლეები შევა. მე, რატომღაც, მგონია, რომ ამათ ხელში ინდივიდუალური ქურდობის მომენტი გაძლიერდება; ორგანიზებული ქურდობის პარალელურად (რაც სააკაშვილმა შექმნა), ინდივიდუალური მოპარვის პროცენტიც გადიდდება.
_ ამ ფონზე ქვეყნის განათლების სისტემა რა კონდიციაშია?
_ კატასტროფული სიტუაცია გვაქვს! აი, ახლა ჩვენთან ოჯახში იყო ქალბატონი, მასწავლებელი, რაღაც სპეციფიკური სასწავლო დაწესებულების დირექტორია. მან მითხრა, რომ წელს მეთორმეტე კლასში გამოსაშვებ გამოცდაზე მხოლოდ 40 ათასი მოსწავლე გავიდა; საქართველოში ეს რაოდენობა წარმოგიდგენიათ?! აქედან მხოლოდ 15 ათასი გავიდა, დანარჩენი ჩაიჭრა, გულგახეთქილი ვარ ამ ფაქტით.
_ სადამდე მივა ეს პროცესი და საშველი რა არის?
_ მთავრობის შეცვლის გარეშე ამას არაფერი ეშველება. ამ ე. წ. ელიტიდან საკმაოდ წონადი პროცენტი ციხეში უნდა ჩავსვათ, დანარჩენს მუშაობის ასატანი სქემა უნდა შუქმნა, რომ კაცმა იმუშაოს კიდეც და შიმშილითაც არ მოკვდეს. ციფრებითაც ვერ აღწერ იმ ზარალს, რაც საქართველოსთვის გაუნათლებლობას მოაქვს. გარდა იმისა, რომ მე ვერ გავხდები ვერც ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ბირთვული იარაღის გამკეთებელი, მე ასევე ვერ გავხდები თანამედროვე მუშა, რადგან ახალი დროების მუშამ ტექნოლოგიები უნდა აითვისოს ტვინით და არა მარტო თითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კი შეიცვლება მოცემული ტექნოლოგია და, ვთქვათ, ხელის თითის გასაკეთებელ საქმეს გააკეთებს მეორე ხელის თითი ან ფეხის თითი, მას იმ წუთში კვალიფიკაცია დაკარგული აქვს, როდესაც მისი კვალიფიკაცია ჯდება მისი თითების ნერვულ სისტემაში და არა მის ტვინში. ამ ვითარებაში, ჩვენი, ქართველი ახალგაზრდა დაზგის მუშადაც არ გამოდგება, არათუ ტვინით მომუშავედ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ჩვენი სამწუხარო პერსპექტივა ეს არის.
ამავე დროს, მსოფლიო მიდის იმ მიმართულებით, რომ წარმოებაში ჩაბმულ და ჩაბმად ადამიანთა პროცენტი მცირდება. დღეს 7 მილიარდნახევარი ვართ და დედამიწის რესურსი 12 მილიარდს იტევს. ტექნოლოგიამ საზღვარი არ იცის და ვითარდება განუხრელად. დასაქმებულები დედამიწის რესურსს საკვებად გარდაქმნიან, რათა ამ 7 მილარდნახევრის პირამდე მიიტანონ; ამ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა მცირდება და უკვე პარაზიტი ხდება. იმ დანარჩენს რაღაც სხვა, ბრჭყალებში „თანამედროვე  პროფესია“ უნდა ასწავლო, რომ ვერ გამრავლდეს, ან ნარკოტიკებით უნდა გადააშენო, ან რაღაც უნდა უქნა. კაცობრიობის მომავალი ეს არის, დღის წესრიგში გენოციდი დგას და ამისთვის აურაცხელი საშუალება არის მოგონილი; რამდენიმე რჩეული მილიონის გარდა, რომელიც მუშაობს და დედამიწის რესურსებს გარდაქმნის და ადამიანების პირებამდე მიაქვს, ყველა დანარჩენი პარაზიტად რჩება. წარმოიდგინეთ, ქვიშის საათი არის ის ყელი, სადაც ეს მუშაობა მიმდინარეობს და ამ ყელის გარშემო ცოფიანი კონკურენცია, უარესი მეტოქეობა გაჩნდება, ვინ იყოს კაცი და ვინ _ პარაზიტი. იმ ქვიშის საათის ყელთან ქართველების დატოვება არავის აწყობს, ყველას უნდა, რომ იქ მის გარდა სხვა არ იყოს, ეს უკლებლივ ყველას ეხება.
_ ამ ვითარებაში ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის გამოსავალი რა არის?
_ შინაგანი რესურსების მობილიზაცია, პირველ ყოვლისა ინტელექტუალურის, შემდეგ ორგანიზაციულისა და მორალურის. ეს ყველაფერი საჭირო და აუცილებელია. ბრძოლა, გინდა ჭადრაკი იყოს და გინდა საომარი ველი, არ მოიგება იმ ენერგიის 90-ე პროცენტით, რაც პოტენციაში გაქვს, არც მეასე პროცენტით; მოიგება მხოლოდ ასმეერთე, ასმეორე და ასმეხუთე პროცენტით. ბრძოლა მხოლოდ გადაძაბვით მოიგება, მათ შორის გეოპოლიტიკური ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ ჩაბმულები. აქ მუქთა არაფერია და როცა ქვეყანას სათავეში უღირსები ჰყავს (თან უკვე მესამე თაობა), რასაკვირველია, ერის გადარჩენის მოტივი არ იარსებებს. მათ წრეში ეს მოტივი, რომ, მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ ერის გადასარჩენადო, არ იარსებებს. ეს თვალსაჩინოა და პირდაპირ ხელის გულზე დევს.
_ ზემოთ ბრძანეთ, რომ დასავლეთი არ არის დაინტერესებული აქ ინტელექტუალების აღზრდა-ჩამოყალიბებით, ასე რატომ მიგაჩნიათ?
_ იმიტომ, რომ ამას ვხედავ. ჯერ ერთი, ეს ოფიციალური იდეოლოგია რომ ვრცელდება, რომელზეც ე. წ. ენჯეოების ნაწილი დგას, დამყარებულია ისეთ ტყუილზე, რაც დაბალი ინტელექტის ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ვთქვათ, იზრდება ბიჭი ან გოგო, ეუბნებიან, _ შენი მთავარი მიზანი და ბედნიერება არის თავისუფლება… მაგრამ რაში მდგომარეობს ეს თავისუფლება? იმაში, რომ აჰყვე შენს ინსტინქტებს, ვთქვათ, ფიზიკურ, ნერვული სისტემის, ჰედონისტურ ინსტინქტებს, რომ სიამოვნება მიიღო… მაგრამ ბავშვს უმალავენ, თუ რაში მდგომარეობს მთავარი თავისუფლება, ანუ რა არის მისი ძირითადი ელემენტი. მთავარი თავისუფლება კი არის ჩემი შესაძლებლობა და უნარი, რომ გარესამყარო ვმართო, მას ის სახე მივცე, რომელიც საჭიროდ, სიკეთედ მიმაჩნია; მაპატიეთ და ე. წ. დილიხორი მაქვს, რომ ასე იყოს; ძირითადი თავისუფლება მართვის ფუნქციაა და ადამიანს სწორედ ამას ართმევენ. ასეა და მათ უნდა აყვე, ამით საშინელი კონფორმიზმის სტიმულირება ხდება. ამ დროს ადამიანი საკუთარ ვინობასა და რაობას ემშვიდობება. ჩემი პიროვნების სპეციფიკა ის კი არ არის, რომ რაღაც ჰობი მაქვს, არამედ ის, რომ ჩემი გეგმა მაქვს ამ გარესამყაროს მოწყობისა და მისივე მართვის საკუთარი მიმართულება გამაჩნია; საკუთარი სურვილები, იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს. ადამიანის ღერძი, რომელზეც პიროვნება იქმნება და შენდება, ეს მისი მიზანია. პიროვნებას ტელეოლოგიური სტრუქტურა აქვს, მიზანზეა აგებული, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომელსაც კაცობრიობას უმალავენ. მარტო მე და თქვენ კი არა, საერთოდ მასას უმალავენ და ვინც უმალავს, ის თვითონ ჭკუით კი არ გამოირჩევა, უბრალოდ, ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ დღეს ეს მისთვის ხელსაყრელია, რომელიღაც ძლიერი ბანდის შუაგულში ზის და არა ჭკვიან დაჯგუფებაში.
_ მაგრამ ჩვეულებრივმა მოქალაქემ როგორ უნდა იპოვოს ის მთავარი თავისუფლება, რასაც მას ართმევენ, თუ უმალავენ?
_ უნდა შეძლოს თავის მსგავსებთან, პატარა ჯგუფთან ერთად მყარად დაისახოს მიზანი, ყოველდღე იაზროვნოს, რომ რაც შეიძლება კარგად გაიაზროს და შეძლებისდაგვარად ამას რაღაც ორგანიზაციული ფორმები მისცეს. სხვათა შორის, ამერიკელ ავტორს, ბიუკენენს (თუ არ ვცდები, მამა ბუშის დროს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო) თავის წიგნში აქვს ანალიზი, თუ რა ხელოვნური და ბუნებრივი ფაქტორები იწვევს დასავლური საზოგადოების დიდი ხიფათების ქვეშ აღმოჩენას. „დასავლეთის სიკვდილი“, _ ასე ჰქვია წიგნს. მას პირდაპირ დათარიღებული აქვს, თუ რომელ წლებში გამოტვინების რა ხარისხი იყო და ბუნებრივია, მკითხველი მას ეკითხება, _ რა ვქნათო? ბიუკენენი პასუხობს, _ რუდუნებით, თანმიმდევრულად, დაუზარებლად, ისე რომ ყოველდღიური მცირე საქმეც არ დაგვეზაროს, კულტურული ფაქტორის განვითარებაზე უნდა ვიმუშაოთო; ანუ ადამიანებში იმ საწყისებზე, რომელიც მათ უბიძგებს საკუთარი ქცევისა და ცხოვრების სრულყოფისკენ, მათ შორის, მორალური თვალსაზრისით. ეს არის მუდმივმოქმედი რეცეპტი, მაგრამ არა თვალსაჩინო და ეფექტური, არა აფეთქებისებრი, ეს ნელი შრომაა. ამის იქით ძნელია წასვლა. სხვათა შორის, დაახლოებით ასეთივე რეკომენდაცია აქვს გერმანელ ავტორ ურვის ბექსს, რომლის წიგნსაც „გლობალიზაცია“ ჰქვია. ცოტა სევდიანი, ნაღვლიანი ანალიზია, მაგრამ ისეთივე რეკომენდაცია აქვს, რაზეც უკვე ბიუკენენთან დაკავშირებით გითხარით.

გელა მამულაშვილი