ვის სთხოვდა მილიონს მიხეილ მაჭავარიანის სიმამრი თავისუფლებისთვის?!

mach
ჩვენი გაზეთის საშუალებით მკითხველმა შეიტყო, რომ 2004 წლის 6 მაისის, ე. წ. აჭარის რევოლუციის დროს, უმოწყალოდ გაიძარცვა და მიწასთან გასწორდა ავიაკომპანია „აჭარა“. მკითხველმა ისიც შეიტყო, რომ ავიაკომპანია „აჭარის“ მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ალფაიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხარბმა „რევოლუციონერებმა“ 6 თვით საპყრობილეში გამოკეტეს, ვითომცდა მას 50 ათასი ლარი სახელმწიფოსგან დაფარული თანხა ედებოდა ბრალად. აღნიშნული თანხა, როგორც კი ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს, მიიტანა პროკურორ გიორგი პაპუაშვილთან, თუმცა მას ეს თანხა არ შეატანინეს ანგარიშზე და დააპატიმრეს!
„ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას „TGG _ ვისი სახელი და გვარი იმალება ამ ინიციალების უკან?“ უმალ გამოეხმაურა ჩვენი გაზეთის ათასობით მკითხველი, მათ შორის, ავიაკომპანია „აჭარის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ალფაიძე, რომელმაც, გარდა იმისა, რომ მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტები გადმოგვცა, აგრეთვე მცირე კომენტარიც გააკეთა იმ შემზარავ ფაქტზე, რასაც სახელმწიფოს მხრიდან კერძო ავიაკომპანიის მიზანმიმართული განადგურება მოჰყვა!
_ ქალბატონო ნინო, ხელისუფლება შეიცვალა, პროკურატურაში საჩივარი შეიტანეთ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან თქვენი ავიაკომპანიისადმი განხორციელებული ძალადობის გამო?
_ ირინა, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და მე პირდაპირ გეუბნები: თამაზ გაიაშვილმა, ფაქტობრივად, მომკლა, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ თამაზ გაიაშვილი ამ უმსგავსობაში მარტო არ იყო და მას მაშინდელი მთელი სახელმწიფო აპარატი ეხმარებოდა!!! ვიდრე ცოცხალი ვარ, თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში განვლევ დარჩენილ ცხოვრებას, მაგრამ მას ამ და სხვა დანაშაულებების გამო ციხეში აუცილებლად ჩავასმევინებ!!! აი, შეხედეთ, მე თქვენ ახლა გაძლევთ საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილს და დააკვირდით თარიღს, ეს არის 2004 წლის 30 სექტემბერი. წერილში ვკითხულობთ: „ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი, ტურისტული მიმოსვლა საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანია „აირზენა“ ერთ-ერთი მოწინავეა რეგულარული რეისების შესრულების სიხშირის მხრივ. ამასთანავე, მზარდი საავიაციო ბაზრისა და არსებული კონკურენციის პირობებში კიდევ დაგეგმილია რეგულარული რეისები (მილანი, დუბაი, ერევანი, ბაქო, ოდესა, სიმფეროპოლი) და ჩარტერული (ანტალია, ბოდრუმი, კუშადასი, კაირო, ვარნა, პეკინი, დელი) რეისების სიხშირის ზრდა.
ავიაკომპანია „აირზენა“ ექსპლუატაციას უწევს სამ ბოინგს _ „737-500“ ტიპის და ერთ „ЯК-42“ ტიპის თვითმფრინავებს, რომელთა ექსპლუატაცია დაკავშირებულია დიდ დანახარჯებთან, განსაუთრებით დიდ დანახარჯებს მოითხოვს რუსული წარმოების „ЯК-42“-ის ტიპის თვითმფრინავი, რადგან მისი ექსპლუატაციაში გაშვებისთვის და ფრენების უსაფრთხო შესრულებისთვის აუცილებელია: ძრავების აღდგენა, ბორტის რესურსის გაგრძელება, თვითმფრინავის უახლესი ტექნიკით აღჭურვა და ეკიპაჟის საერთაშორისო დონეზე მომზადება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საჰაერო ხომალდებიდან ტექნიკური გაუმართაობის გამო ერთ-ერთი მაინც გამოვა მწყობრიდან, შეუძლებელი გახდება ჩვენ მიერ ზემოთქმული მიზნების განხორციელება.
აქედან გამომდინარე, ეროვნული ავიაკომპანიის, როგორც ერთ-ერთი მსხვილი და სტაბილური გადამხდელის მხარდაჭერით და ინტერესების გათვალისწინებით გთხოვთ, რომ პირდაპირი შესყიდვის გზით, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადმოგვცეთ ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე აღნიშნული თვითმფრინავები „ЯК–42-4L TGG“ და „ЯК-42 4L AAR“. პატივისცემით, გენდირექტორი ბ. ჭედია“.
აი, ქალბატონო ირინა, მთავარი აფერა, რომელიც თამაზ გაიაშვილმა განახორციელა, რადგან ხომ საკუთარი თვალით ხედავთ ამ წერილს, რომელიც ზურაბ ჟვანიას გაეგზავნა, რა თარიღი ადევს? ვიმეორებ, 30 სექტემბერი, 2004 წ. და ეს იმ დროს, როცა ავიაკომპანია „აირზენა“ საერთოდ აღარ არსებობდა. თანაც წერილში მითითებულია ა.კ „აირზენა საქართველოს ავიახაზები“, თუმცა წერილის ტექსტში მოხსენიებულია ა.კ. „აირზენა“, რომლებიც ერთი და იგივე ავიაკომპანია სრულებითაც არ გახლავთ. იქვე, ოპერატიულად, ზურაბ ჟვანია თავისივე ხელმოწერით, რეზოლუციის სახით, ამ „საშური“ ოპერაციის განხორციელებას, ანუ ჩვენთვის თვითმფრინავების წართმევას და დოკუმენტაციის მოწესრიგებას ავალებს კახა ბენდუქიძეს, ხოლო ბენდუქიძის მოადგილე ნათია თურნავა სასწრაფოდ მეოთხე დღეს ბათუმში აგზავნის დოკუმენტებს იმისთვის, რომ აჭარის ფინანსთა მინისტრმა ბეჟანიძემ ზედმიწევნით შეასრულოს თბილისელი უფროსების ბრძანება და შპს „აირზენას“ გადასცეს ჩვენი ორი თვითმფრინავი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით #239-პ. ახლა შეხედეთ, როგორი შეუსაბამობაა ზურაბ ჟვანიასადმი გაგზავნილი წერილის ტიტულოვან ბლანკზე, სადაც წერია „აირზენა საქართველოს ავიახაზები“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობა #239-პ-ს შორის: პრემიერ-მინისტრ ჟვანიას მიმართავს ავიაკომპანია „აირზენა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი კი თვითმფრინავებს აძლევს შპს „აირზენას“, რეგისტრირებულს ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება #79-ში.
იქნებ, ვინმემ ამიხსნას, ვის გადაეცა ჩვენი თვითმფრინავები მაშინ, როცა  ავიაკომპანია „აირზენა საქართველოს ავიახაზები“ არსებობდა შეცვლილი სახელით `ჯორჯიან ეარვეისი” და აღარც შპს „აირზენა“?!! იქნებ, ისიც ღირდეს გასახსენებლად, რომ თამაზ გაიაშვილმა ამ ბინძური მეთოდებით მარტო ჩემი კომპანია კი არ გაანადგურა, არამედ ბევრი სხვა კომპანიაც და მონოპოლისტად იქცა ბაზარზე?!. ამ ხელისუფლების ძალიან გამკვირვებია, რადგან 2013 წლის მარტში შევიტანე საჩივარი მთავარ პროკურატურაში უამრავი ახალი აღმოჩენილი გარემოებების გამო და გამოძიება ვერა და ვერ დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვის ოქმი შედგა! გაგიგონიათ სადმე, ამხელა ავიაკომპანია დამინგრიეს და დაზარალებულადაც კი არ ვარ ცნობილი?!. ახლა კიდევ ერთ დოკუმენტს მოგცემთ, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის #440, 2004 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებულებაა. ამ ბრძანებულებაშიც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი თვითმფრინავები შპს `აირზენა” საქართველოს ავიახაზებისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, პრივატიზებას ეხება, მაგრამ შპს „აირზენა საქართველოს ავიახაზები“ _ ასეთი რამ ბუნებაში არასოდეს არსებობდა და ვის აძლევდა მიხეილ სააკაშვილი ჩვენს თვითმფრინავებს?!. სხვათა შორის, ვისაც კი სააკაშვილის #440-ე 6 ოქტომბრის ბრძანებულება ვაჩვენე, ყველამ ერთხმად მითხრა, მისმა თანაგუნდელებმაც კი, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელს ასე არ აწერდა და ნეტა, ვისი ხელმოწერა შეიძლება იყოს აღნიშნულ დოკუმენტზეო?!. უკვე გითხარით, რომ სამი სხვადასხვა სახელმწიფო უწყება სამ სხვადასხვა ავიაკომპანიას აძლევდა ოფიციალურ დოკუმენტს ჩვენს თვითმფრინავზე, ჰოდა არც ერთი ავიაკომპანია რომ არ არსებობდა მაშინ ბუნებაში, კიდევ ერთხელ ვეკითხები დღევანდელ მთავარ პროკურორ ბადაშვილს, _ ვის ბალანსზე დაჯდა ჩემი თვითმფრინავები და შემდეგ ვინ გაყიდა უჩუმრად?.. აქ ხომ არ არის ლაპარაკი რამდენიმე ათას დოლარზე, თვითმფრინავების ფასი 5 მილიონ 800 ათასი დოლარი იყო. ეს, მიახლოებით, შეიძლება უფრო მეტადაც შეფასებულიყო, მაგრამ ვსვამ ისევ კითხვას, _ კრიმინალურ უწყებრივი ქმედება რომ ჩაიდინეს ჩემი ავიაკომპანიის წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ მაღალმა ჩინოსნებმა, ამის გულისთვის ისინი არ უნდა დაისაჯონ?!. მათი ბანდის წევრი რომ იყო თამაზ გაიაშვილი, რომელსაც ათას სიბინძურეში ედება ბრალი და დღეს ციხეში არ უნდა იჯდეს?!. მე ზარალი არ უნდა ამინაზღაურდეს?.. თქვენც გეწერათ გაზეთში, რომ აჭარის მთავრობას ჩემი ავიაკომპანიისადმი მილიონ 300 ათასი ლარის დავალიანება ჰქონდა. ვინ უნდა გამისტუმროს ეს დავალიანება და, საერთოდ, ზარალი უნდა ამინაზღაურდეს თუ არა?! _ გამცენ ამაზე პასუხი!..
აი, ახლა, გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და თქვა: წართმეული ქონებების შემსწავლელი კომისია თუ დეპარტამენტი იქმნებაო და ამის იმედი მაქვს. პროკურატურაში ჩემი საჩივრები შეტანილია და ვნახოთ, რა იქნება. მე ბრძოლას აუცილებლად ჩემი გამარჯვებით დავამთავრებ და ჩემი დამაქცევარი თამაზ გაიაშვილი კი ძალიან დიდი ხნით ციხეში ჩაჯდება. ეს უნდა იცოდეს მანაც და მისმა დამქაშებმაც, რომლებიც დღემდე მფარველობენ მას!..
_ ნინო, თუ იცი, თვითმფრინავები ვინ და სად გაყიდა?
_ რა დიდი მკითხაობა უნდა ამას, _ ჩვენი თვითმფრინავები თამაზ გაიაშვილმა გაყიდა! ერთი თვითმფრინავი ზუსტად ვიცი, რომ პატრიარქი როცა მოსკოვში ჩაიყვანა და უკან სხვა თვითმფრინავით გადმოაფრინა, მაშინ გაყიდა, მეორე თვითმფრინავს კი ავსტრიაში გაყიდდა, სადაც აქვს კომპანია „Raph Trade Corp“, ამ ფირმაზე გადაამისამართა და გაყიდა, დღემდე ჩვენი ხომალდები დაფრინავენ! რა და ვინ შეუშლიდა ხელს?!. მოგვიანებით, როცა გაიაშვილს თვითმფრინავები უკვე გაყიდული ჰქონდა თვითონ მითხრა კაბინეტში – შენ გგონია, მართლა 99000 ლარად მომყიდეს თვითმფრინავები? მილიონი დოლარი ზურაბ ჟვანიას მივეცი და 500 000 დოლარი ეროსი კიწმარიშვილს!!!
ირინა, შენ იცი, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გამოთხოვილ დოკუმენტაციას არავინ მაძლევდა. მადლობა ღმერთს, ეს პრობლემა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მომიხსნა და მათ მაშინვე მოიპოვეს დოკუმენტი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან იმის შესახებ, რომ ჩვენი თვითმფრინავი „4L AAR „-ის მესაკუთრეებად ჯერ დარეგისტრირებულები ვართ ჩვენ, ანუ ავიაკომპანია „აჭარა“, შემდეგ კვლავაც მოდის იმ დროისთვის არარსებული კომპანია შპს „აირზენა“, ხოლო ბოლოს წერია, რომ მესაკუთრედ გვევლინება ავსტრიაში თამაზ გაიაშვილის ავიაკომპანია „Raph Trade Corp, ამავე დოკუმენტში წერია, რომ 2008 წლის 21 აპრილს საჰაერო ხომალდი „4L AAM“ ამოღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან. შესაბამისად, წინამდებარე თარიღის შემდეგ აღნიშნული საჰაერო ხომალდის მესაკუთრის შესახებ არ ვფლობთ ინფორმაციასო. რაც შეეხება ქვემოთ მიწერილი მეორე თვითმფრინავის, „4L AAR“-ის შესახებ ინფორმაციას, ხომ საკუთარი თვალით ხედავთ, რომ აქ მესაკუთრეებად 2005 წლის 18 იანვრამდე ისევ ვფიქსირდებით ჩვენ, ხოლო 28 იანვრიდან, შემდგომ 2006 წლის 6 ივლისამდე, იმ დროისათვის არარსებული ავიაკომპანია შპს „აირზენა“.
აი, შემდეგ აქ წერია, რომ 2006 წლის 6 ივლისს საჰაერო ხომალდი „4L AAR „ ამოღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან, შესაბამისად, წინამდებარე თარიღის შემდეგ აღნიშნული საჰაერო ხოლმალდის მესაკუთრის შესახებ არ ვფლობთ ინფორმაციასო და ამ დოკუმენტს ხელს აწერს ვინ? _ გურამ ჯალაღონია! ეს ის ბატონი გურამ ჯალაღონიაა, რომელსაც ამ რამდენიმე კვირის წინათ გაიაშვილის ხალხი კაბინეტში შეუვარდა და ემუქრებოდა, _ ბოთლს ჩაგარტყამთ თავშიო! თუ ვინმეს ჩემი სიტყვების არ სჯერა, მოიძიონ ინტერნეტში და საკუთარი თვალით დარწმუნდებიან, რომ ეს ბანდიტები, რომლებიც სხვის ქონებას ისაკუთრებენ, კვლავაც ასე ემუქრებიან როგორც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ჩემნაირად დაუცველ ადამიანებს! მონოპოლისტი იყო გარეწარი გაიაშვილი და დღესაც მონოპოლისტია. ყველაზე მაღალი ფასები მაგის ავიაკომპანიის ბილეთებს აქვს და კიდევ მაგათ აბოგინებენ, კაცო?!.. ჩვენი თვითმფრინავები რამდენიმე დღეში, ძალიან მოკლე დროში, უკვე ცნობილი იყო, ვისაც უნდოდა, რომ მიეტაცებინა. ის 50 ათასი ლარი, რომელიც ვითომ მე ბიუჯეტს დავუმალე, ეს მხოლოდ საბაბი იყო ჩემ დასაპატიმრებლად. როცა პატიმრობაში ამიყვანეს, იმ დღესვე ვთავაზობდი გამოძიებას, აი, ბატონო, ის ფული, აიღეთ და გამათავისუფლეთ-მეთქი, მაგრამ მთელი ღამე ვიჯექი პაპუაშვილის კაბინეტში და ამ ხნის განმავლობაში მეუბნებოდნენ, რომ ისინი არ წყვეტდნენ ჩემს ბედს, პაპუაშვილმა პირდაპირ მითხრა, _ თბილისიდან ზარს ველოდები და მაცალე ცოტა ხანსო. იქამდე, ვიდრე რევიზიების დემარში დაიწყებოდა ჩემს ავიაკომპანიაში თბილისიდან აჭარის რეგიონში ზედამხედველ პროკურორად დაინიშნა რამაზ ჟღენტი, მიშა მაჭავარიანის სიმამრი, რომელმაც მითხრა – „მილიონი მომიტანე და გააგრძელე მუშაობაო!” ხმამაღალ ტონში ვუთხარი – თუ რაიმე დარღვევას იპოვით ჩვენს ავიაკომპანიაში დამიჭირეთ, მაგრამ მილიონ დოლარს კი არა, ერთ თეთრსაც არ მოგცემ-მეთქი! როგორც იქნა, დაირეკა თბილისიდან, მაგრამ მათ სახელმწიფოსთვის თანხის დაბრუნება კი არა, ჩემი დაპატიმრება და შემდეგ ჩვენი თვითმფრინავების მითვისება უნდოდათ. აკი, დამაპატიმრეს კიდეც, თბილისიდან განხორციელებულ ზარს ჩემი ყურით ვუსმენდი, სადაც ითქვა, რომ დააპატიმრეთო!.. იქ კიდევ სხვა მომენტებიც იყო, მაგრამ ყველაფერს ახლა ხომ არ მოვყვები, შემდეგ მოგითხრობთ, რა და როგორ მოხდა, რა უკანონობას ჰქონდა ადგილი ჩემ მიმართ. მხოლოდ ერთს კი დავძენ, _ ქალი, რომელიც დილის 6 საათზე უკვე სამსახურში ვიყავი და ღმერთმა უწყის, სახლში როდის ვბრუნდებოდი, ასე, ვიღაც გარეწრების ჯგუფმა გამწირა და ციხისთვის გამიმეტა!.. მე ისე მიყვარდა ჩემი საქმე, ისე მიყვარდა ჩემი შექმნილი ავიაკომპანია, რომ ერთადერთი შვილი მყავს და თბილისში ბებიას ვაზრდევინებდი, სამსახურში, ბათუმში რომ არ დამეკარგა დრო… ასე წვალებით და ჯახირით მოვდივარ, ირინა, იცი შენ ყველაფერი და თამაზ გაიაშვილი უნდა ყოყლოჩინობდეს და გაფიცვებს აწყობდეს თბილისის აეროპორტში, მართალი ვარ და ყურადღება მომაქციეთო?!. სად იყურება ეს მთავრობა, როცა ასეთი კრიმინალი, საბუთების გამყალბებელი, ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თამაზ გაიაშვილი თავისუფლად ნავარდობს და ლაღობს?!. ერთი კაპიკი ღირდა ეს თვითმფრინავები? და რომც ღირებულიყო, ჩემი ავიაკომპანიისთვის უნდა წაერთმიათ?.. ამ თვითმფრინავებთან დაკავშირებით ისეთ ამბებს მოგიყვებით, თმები ყალყზე დაგიდგებათ. ისეთ დოკუმენტებს დავდებ, რომელიც ქვას გახეთქავს, მაგრამ ერთი რამ გამკვირვებია, ამ გამომძიებლებს ყველაფერს ვუხსნი, თითოეული დოკუმენტი მიმაქვს და ვუშიფრავ, მაგრამ საქმე მაინც ბოლომდე ვერ მივიდა, არადა, ვატყობ, რომ ბათუმში ფინანსური პოლიციის გამომძიებლებს ამ საქმის გამოძიება ძალიანაც კი უნდათ, მაგრამ თბილისიდან ისევ ვიღაც აფერხებს სრულყოფილ გამოძიებას და დაზარალებულად ჩემს ცნობას. ქვეყანაა, სახელმწიფოა თუ რა ხდება?! ასე ვაპირებთ შესვლას ევროკავშირსა და ნატოში?.. ადამიანის უფლებები, კერძო საკუთრების უფლება და სიცოცხლის უფლება ხომ სამი უზენაესი ხელშეუხებლობის გარანტიაა.
_ დავუბრუნდეთ კვლავ შპს „აირზენას“ საკითხს, რიგ დოკუმენტებზე საერთოდ გაურკვეველი პირები აწერენ ხელს, მაგალითად, ნუგზარ ბეჟუაშვილი და ბესარიონ ჭედია. სხვათა შორის, ამ ადამიანებს დავურეკე და ვკითხე, რა ბედია ეწია ავიაკომპანია „აჭარის“ მფლობელობაში ორ თვითმფრინავს-მეთქი? საერთოდ ვერ გაიხსენა, რა თვითმფრინავებზე იყო საუბარი და შემდეგი გაურკვეველი ფრაზებით შემოიფარგლა: „მე რა შუაში ვარ, მე მითხრეს, რიგ დოკუმენტებზე ხელი მოაწერეო და მოვაწერე“(?!) რაც შეეხება ნუგზარ ბეჟუაშვილს, რომელიც შპს „აირზენას“ მხრიდან წარმომადგენელი გახლდათ, ფრენების უსაფრთხოების ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი, მან ჩემს შეკითხვაზე, _ მუშაობდა თუ არა ოდესმე შპს „აირზენაში“? განმიცხადა, _ არა, მე ვმუშაობდი „აირზენა საქართველოს ავიახაზებშიო“… და რა მიკვირს, იცით? თუკი ეს ადამიანები არარსებული ავიაკომპანიის წარმომადგენლები იყვნენ, თვითონ სახელმწიფოს არ უნდა გადაემოწმებინა მათი დოკუმენტის ნამდვილობა?.. მე შპს „აირზენა საქართველოს ავიახაზების“ მთავარ ბუღალტერს, ინგა კაზარიანსაც დავუკავშირდი და ვკითხე, _ თუ იყო ოდესმე მათი კომპანიის ბალანსზე თქვენი თვითმფრინავები „4L AAM „ და „4L AAR“ -მეთქი? ინგა კაზარიანმა მიპასუხა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს საჰაერო ხომალდები არასოდეს ყოფილა „აირზენა საქართველოს ავიახაზების“ ბალანსზეო. ე .ი ქალბატონი ინგა აბსოლუტურად მართალი ყოფილა, რადგან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ბატონი გურამ ჯალაღონიაც იმავეს ადასტურებს და შავით თეთრზე გაწვდით დოკუმენტს, რომ თქვენი საჰაერო ხომალდების მესაკუთრეებად ჯერ თქვენ იყავით რეგისტრირებული, ხოლო შემდეგ შპს „აირზენა“ და უფრო მოგვიანებით „Raph Trade Corp“.
_ აკი გეუბნებით, რომ თამაზ გაიაშვილმა დიდი აფერა გაითამაშა-მეთქი?.. ჰოდა, ამიტომ ვამბობ, იქნებ, ვინმემ _ პროკურატურამ, პარლამენტმა, აჭარის მინისტრთა საბჭომ, ბათუმის მერიამ, ბოლოს და ბოლოს, ხმა ამოიღონ და გაარკვიონ, როდის და ვის ბალანსზე იყო 5 მილიონ 800 ათასი დოლარის ღირებულების თვითმფრინავები 2004 წლის 6 ოქტომბრის შემდეგ და დაინტერესდნენ, ეს თვითმფრინავები ვინ გაყიდა, სად გაყიდა, რამდენად გაყიდა, სად წაიღო ის ფული?!. ამიტომ ჩემს საქმეში აღმოჩენილი მრავალი ახალი გარემოების გამო სასწრაფოდ მოვითხოვ ამ საქმის კვალიფიციურ გამოძიებას და სასწრაფოდ ვითხოვ მე, ავიაკომპანია „აჭარის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ალფაიძე, გამოძიებას ვთხოვ ავიაკომპანია „აჭარა“ სცნონ დაზარალებულად, რადგან ჩემი ავიაკომპანიისადმი სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ძალადობა სახეზეა და ამას დღეს წარმოდგენილი დოკუმენტებიც ადასტურებს!!!

ირინე გოგოსაშვილი