მოშიმშილე პატიმრების წერილი „ქრონიკა+“-ს!

cixe

„ქრონიკა+“-ის რედაქციას გლდანის N8 დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე პატიმრების, ვლადიმერ ბერიანიძის, ედემ ბახტაძის, იმედო მაღლაკელიძის, გიორგი ჩამაკაძის, ელვარ ხამედოვის და ზურაბ თათარაშვილის წერილი გადასცეს, რომლის შინაარსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ვიმყოფებით აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც უკვე 10 დღეა პროტესტის ნიშნით ვართ სრულ შიმშილზე, ასევე რამოდენიმე ათეული ადამიანი ამ დაწესებულებაში შიმშილზე. ვაპროტესტებთ უკანონოდ დაკავებას და გასამართლებას, ვინაიდან ყოვლად უდანაშაულოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების და არგუმენტების გარეშე გვისჯის სასამართლო, პროკურატურასთან შეთანხმებით სასჯელს.  ვიმყოფებით უკიდურეს ზღვარზე, რადგან სისხლით ვიკვებებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მივმართეთ ყველა შესაბამის უწყებას, კერძოდ, ეკა ბესელიას, თეა წულუკიანს, ვახტანგ ხმალაძეს, „საიას“ და სახალხო დამცველებს. მიუხედავად ჩვენს მიერ მრავალი მიწერილი წერილისა, არც ერთი უწყება არ შემოსულა და არ დაინტერესებულა ჩვენი მდგომარეობით და საქმეებით.

სწორედ აღნიშნული უწყებები გამოდიან საზოგადოებაში და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების საქმეებს იხილავენ და ადამიანთა უფლებებს იცავენ, რაც სრულიად სიცრუეს შეესაბამება, ვინაიდან ვართ უკიდურეს მდგომარეობაში და არავინ შეწუხებულა აღნიშნული ფაქტით. გვინდა ჩვენ, მოშიმშილე პატიმრებმა, თხოვნით მოგმართოთ ჟურნალისტებს, რომ თქვენი დახმარებით მივაწოდოთ საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს ხმა, რადგან ვიხოცებით და არავინ გვაქცევს ყურადღებას.

თხოვნით მივმართავთ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, სრულიად საქართველოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს – დაგვეხმარეთ!

ასევე გვინდა მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ პროტესტს, სანამ არ მოხდება ჩვენი საქმეების სამართლიანად გამოძიება და მათი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასრულდება ყოველი მოშიმშილე პატიმრების გარდაცვალებით და ამ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ არასამართლიან სასამართლოს, პროკურატურას და ხელისუფლებას.“