რა მოლაპარაკება შედგა ხელისუფლებასა და „კანონიერ ქურდებს“ შორის?!

at

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ზვიად კუპრავა, შს მინისტრსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მის უსაფუძვლო დევნაში ადანაშაულებს. სამსახურში დაბრუნების მიზნით ყოფილმა პატრულ-ინსპექტორმა სასამართლოშიც იჩივლა და საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა, მაგრამ დეპარტამენტის დირექტორმა მეორედ იმ დღეს გაათავისუფლა, რა დღესაც მისი სამსახურში აღდგენის ბრძანება დაწერა! როგორც კუპრავა აცხადებს, ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია და პოლიციიდან, ძირითადად, იმ ადამიანების გაცხრილვა მიმდინარეობს, რომლებიც ყოფილი მთავრობის მხარდამჭერებად მოიაზრებიან. ამ ადამიანებს კი ანაცვლებენ თავიანთი აქტივისტებით, რომელთაც დასაქმებას დაჰპირდნენ.

ყოფილი პატრული „ქრონიკა+“-თან სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს და სახელმწიფოსა და კრიმინალური ავტორიტეტების ფარულ გარიგებებზე საუბრობს.

ზვიად კუპრავა:

_ 2007 წლიდან ვმუშაობდი პოლიციაში, აქედან დროის დიდი ნაწილი საპატრულო პოლიციაში გავატარე. 2013 წლის 1-ლ იანვარს მივიღეთ გამოძახება, რომ გლდანულაში, ერთ-ერთ ოჯახში მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა და ხალხი მოიწამლა. გამოძახებაზე გავედით მე და ჩემი მეწყვილე, ჯანო ლობჟანიძე. შემთხვევის ადგილზე ფაქტი დაგვიდასტურდა, სამი ადამიანი ძირს ეგდო, გავაღეთ ფანჯრები, სასწრაფოც მოვიდა და ექიმების დახმარების შემდეგ მოწამლულებს სასიცოცხლო ნიშნები გაუჩნდათ. შევავსეთ სავალდებულო დოკუმენტაცია და წამოვედით, კრიმინალური პოლიციაც ჩაერთო და მათ გააგრძელეს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები. ეს მოხდა დილის საათებში. საღამოს ისევ ამ ოჯახიდან დაფიქსირდა შეტყობინება, რომელიც იუწყებოდა, რომ სახლიდან დაკარგული იყო დიდი რაოდენობით ოქროულობა. თავისთავად, ჩემთვის ეს იყო აღმაშფოთებელი ფაქტი, რადგან ოჯახში ჩვენ შევედით პირველები _ საპატრულო პოლიცია, შემდეგ სასწრაფო დახმარება, კრიმინალური პოლიცია, მეზობლებიც იყვნენ ამავდროულად. გამორიცხული არაფერი იყო. მოკლედ, აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ჩაერთო გენერალური ინსპექცია. ადრე კრიმინალურ პოლიციაში გამომძიებლად ვმუშაობდი და გამოცდილება მქონდა. შევეცადე, მე თვითონ მივსულიყავი ლოგიკურ შედეგამდე და, ასე ვთქვათ, გამოძიებისთვის ხელი შემეწყო. მოხდა ისე, რომ დაკარგული ოქროულობა ვიპოვე „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე. აგიხსნით, როგორ მივაკვლიე: ჩემმა მეწყვილემ დაჟინებით მთხოვა, მანქანა „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე, საპირფარეშოსთან გამიჩერე, ცუდად ვარო. აღელვება ეტყობოდა, დაახლოებით, 15-20 წუთი არ ჩანდა, როცა გამოვიდა ისე იყო, თითქოს რაღაც ტვირთი მოიხსნა. ამ გარემოებამ დამაეჭვა, რაიონს დავარტყი ორი წრე და ისევ მოვტრიალდი „სოკარისკენ“. შევედი, დეტალურად გავჩხრიკე საპირფარეშო და ნამდვილად სასაპნეში დამალული აღმოვაჩინე დიდძალი ოქროულობა, როგორც შემდეგ შეაფასეს, დაახლოებით, 5000 ლარის ღირებულების. დილემის წინაშე აღმოვჩნდი _ ან უნდა დამეფარა დანაშაული, ან  დამნაშავე დამეკავებინა, სხვა ალტერნატივა არ გამაჩნდა. მოვიქეცი ისე, როგორც მოვიქეცი და დღესაც იგივეს გავაკეთებ, აღნიშნულის წინაშე რომ დავდგე! იმ წუთშივე დავაკავე დამნაშავე, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემი თანამშრომელი აღმოჩნდა. ავიყვანე საგამოძიებო ორგანოში, აღიარა დანაშაული. პროკურატურამ დანაშაული გახსნილად ჩათვალა და დაიხურა. საქმე წავიდა სასამართლოში, რომელმაც ჩემი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო და, თუ არ ვცდები, 2 წელი მიუსაჯა.

_ ეს ფაქტი გახდა სამსახურიდან თქვენი განთავისუფლების მიზეზი?

_ აგიხსნით! ამ დანაშაულის მოხდენიდან, დაახლოებით, 15 დღეში, მიბარებენ საპატრულო პოლიციაში დავით ცინარიძესთან, რომელიც დეპარტამენტის დირექტორი გახლავთ. მითხრა, _ პატაკი დაწერე და წადი სამსახურიდანო, _ რატომ-მეთქი?! _ ასეა საჭირო, გადაწყვეტილია და უნდა წახვიდეო! ვუთხარი, _ კარგის მეტი რა გამიკეთებია, ბოლო-ბოლო, დანაშაული გავხსენი, რა ვქნა, თუ დამნაშავე ჩემი თანამშრომელი აღმოჩნდა, დამნაშავეს არ გააჩნია პროფესია, რელიგია და ეროვნება, დამნაშავე არის დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს და უნდა დაისაჯოს-მეთქი. ცინარიძე მაინც დაჟინებულად მთხოვდა განცხადების დაწერას. მის ასეთ დაჟინებას დაჟინებითვე ვუთხარი უარი. კატეგორიულად განვაცხადე, რომ პატაკს არ დავწერდი და სამსახურიდან არ წავიდოდი! ცინარიძემ, რადგან პატაკი ვერ დამაწერინა, დაიწყო ჩემი დისციპლინური დევნა: ჯერ მომცეს საყვედური, შემდეგ სასტიკი საყვედური, უსაფუძვლოდ! არც ვიცოდი, რომ ამ საყვედურებს მაძლევდნენ, შემდეგ დავუქვეითებივარ, არც ეს ვიცოდი და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც სამსახურში მივედი, ხელმძღვანელმა იარაღის ჩაბარება მომთხოვა და მითხრა, _ დათხოვილი ხარ სამსახურიდანო! არ იყო სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ რას გავაკეთებდი?! _ ჩავაბარე იარაღი და წამოვედი სახლში.

28 მარტის თარიღით გამათავისუფლეს, ქურდობის ფაქტის მოხდენიდან ორ თვეში. დაუყოვნებლივ გავასაჩივრე სასამართლოში. მოგეხსენებათ, ადმინისტრაციული საქმეები დროში იწელება. 2014 წლის 31 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლა და საპატრულო პოლიციასა და შსს-ს მოსთხოვა, ბათილად ეცნოთ მათ მიერ გამოცემული აქტები. სასამართლო გადაწყვეტილებიდან, დაახლოებით, ორ თვეში ჩემს სახელზე წერილი მოვიდა. გავხსენი და ცინარიძის ბრძანება იყო, სადაც წერდა, _ თქვენი განთავისუფლების ბრძანება ბათილიაო. გამეხარდა და მეგობრებთან წავედი, რომ მეჩვენებინა. გზაში ვიყავი, მეუღლემ დამირეკა და მითხრა, _ სხვა წერილიც მოვიდაო. ნახა და წერია, _ განთავისუფლებული ხართ სამსახურიდანო! რა დღესაც აღმადგინეს, იმავე დღეს გამიშვეს. საფუძვლები მიუთითეს ძველი, რომლებშიც სასამართლომ მცნო გამართლებულად.

_ ახლა რას აპირებთ?

_ მეორედ განთავისუფლების ბრძანება ისევ სასამართლოში უნდა შევიტანო. ველოდები სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, თუმცა წრეზე ვტრიალებთ. მე ვიგებ სასამართლოს, ესენი მიშვებენ… ვიგებ, მიშვებენ… რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს?! ალბათ, უსასრულოდ… შეხედეთ, სააპელაციო საამართლოს გადაწყვეტილებაში ერთ-ერთ ეპიზოდზე წერია: სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თავი ვერ გაართვა მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ვალდებულებას, ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო ზვიად კუპრავასთვის დისციპლინური სახდელის სასტიკი საყვედურით შეფარდებას. შემდეგ დადგენილებაში სააპელაციო სასამართლო წერს: ზვიად კუპრავას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივო… განაცდური არ ამინაზღაურა, ხელფასის ანაზღაურებას ვითხოვდი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2013 წლის 23 თებერვლის, საქართველოს შს მინისტრის 2013 წლის 18 მარტის, რომელიც ჩემი დაქვეითების ბრძანება იყო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 28 მარტის ბრძანებებიო. სწორედ ეს უკანასნელი ბრძანება იყო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და სასამართლომ პირდაპირ ცნო ბათილად. ასევე წერს, _ დაევალოს დეპარტამენტს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ზვიად კუპრავასთან მიმართებით გამოსცენ ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებიო. ეს ახალი აქტები იყო აღდგენის აქტი, წოდების დაბრუნებისა და ა. შ. სასამართლომ გააბათილა განთავისუფლება და ახლების გამოცემა მოითხოვა.

_ შეგიძლიათ ახსნათ, რა დგას ამის უკან, რატომ გიპირისპირდებიან?

_ მას შემდეგ, რაც მე დამითხოვეს სამსახურიდან, ჩემს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი“ და ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც უკანონოდ უშვებენ სამსახურიდან, ასევე გადაცდომებზე და უკანონო ქმედებებზე საჯაროდ ვაკეთებთ ძალიან კრიტიკულ განცხადებებს, რაც, რასაკვირველია, არ მოსწონს დავით ცინარიძეს და არც მინისტრს. აი, ეს არის ის მიზეზი, რომ სასამართლოში საქმის მოგების შემდეგ ისევ გამათავისუფლეს სამსახურიდან. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარეა, როგორც არა მოქმედი პოლიციელის, არამედ, მოქალაქის პოზიციიდან გამომდინარე! ისინი არ მაძლევენ პოლიციაში მუშაობის საშუალებას. თუ ცინარიძე აღასრულებდა გადაწყვეტილებას და დამაბრუნებდა სამსახურში, იმწამსვე დავწერდი განცხადებას და წამოვიდოდი არასამთავრობო ორგანიზაციიდან. თუმცა ცინარიძეს და ჭიკაიძეს სამოქალაქო პერიოდში ჩემი აქტივობა იმდენად არ მოსწონდათ, რომ მათთვის მიუღებელი ვიყავი, როგორც თანამშრომელი და პოლიციელი! ვფიქრობ, პირდაპირ კავშირშია სასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულება ჩემს წარსულ საქმიანობასთან!

_ თუმცა თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობამდე გაგათავისუფლეს… მსგავსი ფაქტები ხშირია?

_ მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირია. დღეს პოლიციიდან უსაფუძვლოდ ისე უშვებენ ადამიანებს, როგორც არასდროს! ძალიან გამარტივებული აქვთ გაშვების ფორმები, რაც გამოიხატება ზეწოლით. ეუბნებიან, _ დაწერე პატაკი და წადი! ვინც არ დაწერს, უქმნიან არაადამიანურ პირობებს, რომ წავიდეს! მაგალითად, დილის 8:00-დან 23:00 საათამდე ფეხზე რომ დააყენებ ადამიანს საცობში, არაადამიანური პირობების შექმნაა! პოლიციის შესახებ კანონში წერია, რომ 4 საათი ფეხზე დგომის შემდეგ პოლიციელმა უნდა დაისვენოს ნახევარი საათი. თბილისში საცობები მოხშირებულია და არავის უკვირს, ვინც არ მოსწონთ, იმ პოლიციელებს აყენებენ საცობებში. 15 საათი ყოველდღიურ რეჟიმში, ამ პირობებში, ვერც ერთი ადამიანი ვერ იმუშავებს. შესაბამისად, მათ ურჩევნიათ, დაწერონ პატაკი, წავიდნენ და სამსახურს თავი დაანებონ. ეს არის დღეს აპრობირებული მეთოდი შს სამინისტროში და, განსაკუთრებით, საპატრულო პოლიციაში!

_ არასასურველ პოლიციელებს რა ნიშნით არჩევენ?

_ არასასურველ პოლიციელებს არჩევენ პოლიტიკური ნიშნით! თუ ოდესმე პოლიციელს მხარდაჭერა გამოუხატავს, ან ღიად ყოფილა წინა მთავრობის მომხრე, დღევანდელი შს სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცდილობენ, ასეთი ადამიანები პოლიციიდან გაცხრილონ! ამავდროულად, მათ ჰყავთ უამრავი დასასაქმებელი ადამიანი, თავიანთი აქტივისტები, ვისაც სამუშაოს დაჰპირდნენ და მათ უთავისუფლებენ ადგილებს! სტაჟიან პოლიციელებს, რომლებსაც უშვებენ, არ მიიჩნევენ მათთვის საყრდენ ძალად და ცდილობენ, ამათი გაცხრილვის ხარჯზე მოიყვანონ თავიანთი ხალხი, რომლებიც მათთან აქტიურად მუშაობდნენ წინასაარჩევნო პერიოდში და ეს ხალხი ხდება მათი დასაყრდენი ძალა! ასევე აღსანიშნავია, რომ დღევანდელმა შს სამინისტრომ სამსახურში დააბრუნა ყველა ის ადამიანი, ვინც წარსულში, სხვადასხვა დროს, განთავისუფლებული იყო სამსახურიდან. არ გამოვრიცხავ, შეიძლება მათ შორის იყვნენ უკანონოდ განთავისუფლებულებიც, მაგრამ ასევე არიან კრიმინალურ კავშირში მყოფი პოლიციელებიც. სახელისა და გვარების დასახელებას მოვერიდები, მაგრამ კონკრეტულ ფაქტებს გეტყვით: არიან ქურდობისთვის განთავისუფლებული პოლიციელები; პატრულის წყვილები, რომლებიც გენერალურმა ინსპექციამ ღამე, მორიგეობისას შეამჩნია ფლირტში და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს სამსახურიდან… აი, ეს ხალხი დააბრუნეს! ესენი არიან ამათი საყრდენები! ისინი კიდევ მიიჩნევენ, რადგან ამათ დააბრუნეს, ვალში არიან დღევანდელ ხელმძღვანელობასთან! ხოლო ის პოლიციელები, რომლებიც ადრე მუშაობდნენ, მე და ჩემნაირები, არ მიიჩნევიან საყრდენ ძალად, არ აქვთ ნდობა ჩვენ მიმართ და, შესაბამისად, ცდილობენ, ისეთი პირობები შეუქმნან, რომ დატოვონ სამსახურები! ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც უშვებენ დღეს პანტა-პუნტით პოლიციიდან!

_ ცინარიძეც ხომ წინა ხელისუფლების პერიოდიდან მოდის?

_ ცინარიძე წინა ხელისუფლების პირობებში გაუშვეს სამსახურიდან, მაშინ მოადგილე იყო და  ნარკოტიკების სკანდალში გაეხვია. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დააბრუნა, რომელსაც დღესაც იკავებს.

_ როგორც თქვენ ამბობთ, ამ პროცესებში მინისტრიც არის ჩართული…

_ ჩვენს შს მინისტრს, სამწუხაროდ, სამინისტროში ბევრი არაფერი მოეკითხება! იქ არის ჩრდილოვანი მართვა, კულისებიდან, გვერდიდან და ჩრდილებიდან იმართება ეს სამინისტრო! დღევანდელი მინისტრი, მაინცდამაინც, ვერც კომპეტენციით დაიკვეხნის!

_ ვინ მართავს?

_ ზედელაშვილი, ჯანყარაშვილი…

_ ღარიბაშვილის დროსაც ასე ხდებოდა?

_ შეიძლება ითქვას, შს სამინისტროს ღარიბაშვილი ნამდვილად თვითონ მართავდა, თუმცა რაც პრემიერი გახდა, დატოვა შს მინისტრი, რომელიც კომპეტენციით არ გამოირჩევა და ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ! რაც ყველაზე ცუდია, ეს აისახება დანაშაულის სტატისტიკაზე, მატებაზე, იმ ოჯახებზე, რომელთაც ყოველდღიურად აწიოკებენ, დაყაჩაღებულ ხალხზე, მოპარულ მანქანებსა და იმ უამრავ დანაშაულზე, რომელთაც რიგითი ადამიანები ძალიან მწარედ აღიქვამენ.

_ ხელისუფლებაში აცხადებენ, ასეთი ფაქტები ყოველთვის იყო, მაგრამ არ ხმაურდებოდაო…

_ მაშინ კონტრშეკითხვას დაგისვამთ, _ თუ გაიგებდით დანაშაულის შესახებ, გამოიტანდით თუ არა საჯაროდ?

_ რა თქმა უნდა!

_ გაზეთი, ტელევიზია თუ რადიო, რომელიც შეიტყობდა დანაშაულის შესახებ, ავრცელებდა ინფორმაციას და თუ მაშინ ნაკლებად საუბრობდნენ დანაშაულზე, ლოგიკურად ნიშნავს, რომ ხდებოდა ნაკლები! არ არსებობს ქვეყანა, სადაც დანაშული არ ხდება, შესაბამისადაა საქართველოშიც. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ განსხვავება მაშინდელი დანაშაულის სტატისტიკასა და დღევანდელს შორის, მაშინდელი პოლიციის მუშაობასა და დღევანდელს შორის, რაც ნამდვილად პირდაპირ კავშირშია სტატისტიკასთან! მაშინაც ჰქონდა პოლიციას გადაცდომა, თუმცა მაშინდელი გადაცდომები იყო ისეთი, რომლის გამოსწორებაც შეიძლებოდა, რომელიც არ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი! დღეს შს სამინისტრო უშვებს შეცდომებს, რომლებიც გადაცდომად არ შეიძლება მივიჩნიოთ და რომელიც უფრო დანაშაულით კვალიფიცირდება! შემიძლია კონკრეტული მაგალითებითაც გელაპარაკოთ! ძალიან ცნობილი ფაქტებია, როდესაც „კანონიერი ქურდები“ ექსტრადიციით ჩამოდიან თბილისის აეროპორტში და შს სამინისტროსა და ვიცე-პრემიერის ხელშეწყობით უკეთებენ დერეფანს და გაჰყავთ სხვა ქვეყნის საზღვარზე, საიდანაც უშვებენ! სწორედ ეს არის სიგნალი დამნაშავეთა სამყაროს მიმართ! შეიძლება წვრილ დანაშაულზე ვინმეს იჭერენ, მაგრამ მათი ბოსები, „კანონიერი ქურდები“ ხელშეუხებელნი არიან! შესაბამისად, ხელისუფლებისა და „კანონიერი ქურდების“ ერთგვარი თანამშრომლობა ხდება! „კანონიერი ქურდი“ თუ მოხვდება საქართველოს ტერიტორიაზე დეპორტით, ჩვენი ქვეყანა კი მას გაუკეთებს დერეფანს და გაუშვებს ქვეყნის გარეთ, სამაგიეროდ, კრიმინალური ავტორიტეტები ჰპირდებიან ჩვენს ხელისუფლებას, რომ ციხეებში შეუნარჩუნებენ სტაბილურობას და ბუნტი არ იქნება! ასეთი მოლაპარაკებაა დღევანდელ ხელისუფლებასა და „კანონიერ ქურდებს“ შორის, რაც ძალიან ცუდი პრეცედენტია და ქვეყნისთვის დამღუპველია! ერთი ნაბიჯია აქედან იქამდე, რომ „კანონიერ ქურდს“ შს მინისტრი, ან მისი მოადგილე დახვდეს ტრაპთან, მიაცილოს რესტორანში და შემდეგ უკან გააცილოს თვითმფრინავით, რისი ფაქტებიც ჩვენ გვქონდა შევარდნაძის პერიოდში! ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ აქეთკენ! თუნდაც, `კანონიერი ქურდები~ რომ ჩამოვიდნენ, „რემენა“ და „ლავასოღლი“. „ლავასოღლის“ კლანმა როგორ ჩაცხრილა პოლიციელები რამდენიმე დღის წინ ბათუმში, გაიგებდით! აი, ეს არის ის უპატიებელი დანაშაული, რასაც დღევანდელი ხელისუფლება და შს სამინისტრო უშვებს! მსგავსი დანაშაულებები ნამდვილად არ გაუკეთებია მერაბიშვილის ადმინისტრაციას და იმდროინდელ შს სამინისტროს! რასაკვირველია, იყო შეცდომები, გადაცდომები, მაგრამ კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, და პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, არ ყოფილა!

რამდენიმე წლის წინათ ისეთი პოლიცია და შს სამინისტრო გვყავდა, რომელიც ადმინისტრაციულ დარღვევაზე გაჩერებულ მანქანას უშვებდა 2 ლარად; გვყავდა ისეთი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც მკვლელობასა და ყაჩაღობაში ეჭვმიტანილს უშვებდა 1000 დოლარად. ისიც გვახსოვს, შევარდნაძის ტერაქტში ეჭვმიტანილები მცხეთის პოლიციამ რომ გააჩერა და 500 დოლარის სანაცვლოდ გაუშვა. სადამდე შეიძლება მივიდეთ?! _ გვინეამდე, კონგომდე?.. გავცდეთ ყოველგვარ საზღვრებს და ჩამოგვემხოს თავზე სახელმწიფო?! როდესაც „კანონიერი ქურდი“ ექსტრადიციით შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, ხელისუფლება ვალდებულია, საზღვრის გადმოკვეთისას დაადოს ხელბორკილი და მოათავსოს, სადაც მისი ადგილია, მერე სასამართლო გადაწყვეტს, რა მიუსაჯოს! როდესაც ამას არ აკეთებს სახელმწიფო, არ ასრულებს თავის მოვალეობას, სამთავრობო მანქანებით აცილებენ კრიმინალებს საზღვარზე, ეს უკვე სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის ნიშნებია, რაც ნამდვილად მიგვიყვანს თარგამაძის პოლიციამდე და დაგვაბრუბნებს იმ ეპოქაში! თუმცა ღმერთმა დაგვიფაროს, აქამდე მივიდეთ! კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლის გამოცხადებაა საჭირო, არა მარტო ქურდბაცაცასთან, რომელიც, მაგალითად, „ფეიბოქსს“ გატეხს, არამედ თუ ციხეებში არ მოწესრიგდა კრიმინალური მდგომარეობა, თუ იქ შევუქმენით ფუფუნება და კრიმინალური ავტორიტეტები ციხის თანამშრომლებს, უკაცრავად ჟარგონისთვის, „მიაჩმორებენ“. ინფორმაცია მაქვს, ერთ-ერთ ციხეში, კრიმინალური ავტორიტეტი ციხის უფროსის „პრადოთი“ ეზოში დასეირნობს, რაც ყოვლად მიუღებელია!

_ შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ?

_ ვიცი სახელი და გვარი, მომაწოდეს ინფორმაცია, მაგრამ სანამ არ გადავამოწმებ, თავს შევიკავებ მათი ვინაობის დასახელებისგან. სანამ ეს მიდგომა არ შეიცვლება და სანამ ჩვენს სათავეში არ მოვსპობთ დანაშაულს, კუდს რომ ვებრძოლოთ აქ მანამ, სანამ თავი  ხელშეუხებელია, არც სწორი და არც შედეგის მომცემია. საქართველო გახდა „კანონიერი ქურდებისთვის“ ერთგვარი დერეფანი. ევროპაში დევნიან, სხვათა შორის, უკვე რუსეთშიც, ამერიკაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, მათ დეპორტს უკეთებენ საქართველოში, როგორც აქაურ მოქალაქეებს, შემდეგ იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ზემოთ აღვნიშნე, გადიან თურქეთის საზღვარზე და ისევ გზას იკვალავენ ევროპაში. სამაგიეროდ, ხელისუფლება ცდილობს, რომ ციხეებში სტაბილური სიტუაცია ასე შეინარჩუნოს! ამიტომაა, რომ დღეს არ ბუნტდება ციხეები, მაგრამ ასეთი მოლაპარაკება დიდხანს ვერ გასტანს. რაც უფრო მეტ კომპრომისს უკეთებ დანაშაულის სამყაროს, უფრო მეტი მოთხოვნილება უჩნდება! დღეს ითხოვენ დერეფანს, ხვალ მოითხოვენ რესტორანს! გვახსოვს, რამდენიმე წლის წინათ აბანოებში როგორ დასეირნობდნენ „კანონიერი ქურდები“, ესეც ერთგვარი შეთანხმება იყო! ჩვენ აუცილებლად მივალთ აქამდე, თუ არ დამთავრდება ეს უმსგავსობა! სანამ ეს არ მოხდება, საქართველოში ვერც კრიმინალი შემცირდება და მასთან ბრძოლასაც, ფაქტობრივად, აზრი არ აქვს. ტყუილად ვწირავთ ახალგაზრდა ბიჭებს! აგერ, „ლავასოღლის“ კლანმა რომ ჩაგვიხოცა პოლიციელები, ეს სწორედ ის „ლავასოღლია“, რომელსაც დერეფანი მივეცით ერთი თვის წინ!

„ქრონიკა+“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც მასალაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„შს სამინისტროს მოსამსახურე, ზვიად კუპრავა, დასკვნის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან. აღნიშნული კუპრავამ გაასაჩვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით შს სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასების შემდეგ ზვიად კუპრავასთან მიმართებით ახალი, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ზვიად კუპრავას ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისთვის შეეფარდა დისციპლინური სახდელი, შს ორგანოებიდან დათხოვნა. რაც შეეხება ზვიად კუპრავას შს ორგანოებში სასამართლოს მიერ აღდგენის ფაქტს, ამას ადგილი არ ჰქონია.

სამართალდამცველები აქტიურად მუშაობენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. 2013-2014 წლებში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 91-ს, ხოლო „კანონიერი ქურდობისთვის“ სამ პირს წაეყენა ბრალი“.

 

თამარ ბატიაშვილი

11

12

13

14

15