დაინიშნება თუ არა შს მინისტრად ადამიანი, რომელსაც საფულე მოპარეს და დანაშაული ვერ გახსნა?!

gamzo

თავის დროზე, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლების გადაბარების ეტაპზე იყო და ე.წ. „კახელების კლანი“ პოსტებს ინაწილებდა, იმერეთს პოლიციის შეფად, „ნაგაიშნიკარი“ ზურა გამეზარდაშვილი მოევლინა, რომელიც წინა ცხოვრებაში კახეთის გზატკეცილზე იდგა და ავტომანქანების მძღოლების გადაადგილებას აკვირდებოდა.
2013 წლის აპრილის თვეში კი, იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსს, რომელსაც წინამორბედებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა სტატისტიკური მონაცემების დემონსტრირების დანაშაულის კლებისა და გახსნილი სააქმეების მიმართ, საოცნებო სამართალთან ერთად, იმედებიც დაემსხვრა.
აპრილის ქუთაისში, სისხამ დილით, როცა მხარის პირველი პოლიციელი საცურაო კომპლექს „ლაგუნაზე“ რელაქსაციას გადიოდა, ადგილობრივებმა პირველი წითელი „აუნთეს!“ აუზში მონებივრე პოლიციის უფროსს საფულე მოჰპარეს და „შავი გაგების“ ქალაქში მისი შერიფად „მონათვლაც“ ასე აღნიშნეს. ამ ინციდენტის შესახებ, მაშინ პირველმა „კვირის ქრონიკამ“ დაწერა და დეტალურად აღწერა ის სიტუაცია, თუ როგორ შეჰყარა ქუდზე კაცი მხარის პირველმა პოლიციელმა „ლაგუნაზე,“ რომელიც გამალებით ეძებდა გასახდელში, კარადაში დატოვებულ საფულეს. დაკარგული თანხის რაოდენობა არც მაშინ დაკონკრეტებულა და არც მოგვიანებით. ალყაში მოქცეული საცურაო კომპლექსი „ლაგუნა“ დილიდან გვიან საღამომდე სამართალდამცავების და დაგეშილი ძაღლების „განკარგულებაში“ იყო, როგორმე ცხელ კვალზე გაეხსნათ დანაშაული. დილიდან საღამომდე იკითხებოდნენ „ლაგუნას“ თანამშრომლებიც, თუმცა უშედეგოდ. როგორც გაირკვა, იმერეთში წესრიგის დასამყარებლად ჩამოსულ ზურა გამეზარდაშვილს, გასახდელ ოთახში, კარადაში პირადი ნივთები ჩაუკეტავი დაუტოვებია – აქაოდა, მხარის პირველ პოლიციელს ქურდობას ვინ გამიბედავს და საფულეს ხელს ვინ ახლებსო! კახეთიდან „დესანტივით“ გადმოსხმულ მხარის პირველ ძალოვანს მხედველობიდან გამორჩა, რომ იმ ქალაქში მოდიოდა, სადაც მიუხედავად ყოფილი „ხერხემლის“ ვანო მერაბიშვილის შეურიგებელი ბრძოლისა კრიმინალურ სამყაროსთან, ქუთაისი მაინც რჩებოდა და სამწუხაროდ რჩება „შავი გაგების“ ქალაქად!
ღარიბაშვილ-თამაზაშვილის მარჯვენა ხელი დიდხანს ვერ ინელებდა საფულის დაკარგვის ფაქტს, ქუთაისელებსაც კარგა ხანს ჰქონდათ საქილიკოდ, რომ პირველ პოლიციელს „ტყავი“ აწაპნეს! თანხის ანაზღაურებას ვინღა დაეძებდა, რადგან უფრო პრესტიჟის საქმე იყო – მხარის პირველი პოლიციელი იმ ადამიანების უსაფრთხოებას იცავდა, რომელმაც საკუთარი დაკარგული საფულისთვის მთელი პოლიცია ფეხზე დააყენა!
კიდევ იყო ერთი გახმაურებული თემა გამეზარდაშვილის იმერული „მოღვაწეობიდან,“ რომელზეც კარგახანს ქირქილებდნენ ქუთაისში – ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესის დროს, როცა უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცავები და საპატრულო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული საქალაქო სასამართლოსთან, სიტუაციას თავად აკონტროლებდა მხარის უფროსი ზურა გამეზარდაშვილი, სასამართლოდან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში, ზედიზედ სამი სასურსათო მაღაზია დააყაჩეს! სტატისტიკაამოჩრილ მაშინდელ პირველ პოლიციელს, იმერეთიდან „გაწვევამდე“ სჯეროდა ჯიუტად, რომ ყველაზე ავტორიტეტული და მაგარი პოლიციელი იყო…
მოგვიანებით, უკვე საკადრო ცვლილება შეეხო და ზურა გამეზარდაშვილი „განსაკუთრებული წვლილისთვის“ დააწინაურეს და იმერეთიდან დედაქალაქში სასაზღვრო პოლიციის შეფად გადაიყვანეს. ახლა უკვე კულუარებში ვრცელდება ვერსია, რომ საკუთარი სურვილით თანამდებობიდან წასული ალექსანდრე ჭიკაიძე, შესაძლოა იმ ძალოვანმა შეცვალოს, რომელსაც იმერეთის რეგიონი, კერძოდ ქუთაისი ძალიან მწარედ ახსოვს!