რა კავშირია საფრანგეთში მომხდარ ტერაქტსა და ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციას შორის?!

10884769_10205005759679098_2128181569_n

საფრანგეთში მედიასაშუალებაზე განხორციელებულმა ტერაქტმა თავისი  სისასტიკით მსოფლიო შეძრა. ეუთოს ყოფილი ექსპერტი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, ნატოს ტერორიზმთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრი, ვახტანგ მაისაია კი იგივე ფორმის საფრთხეს საქართველოშიც ხედავს და ხელისუფლებას, ამ კუთხით,  გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

„ქრონიკა+“-ს ვახტანგ მაისაია ესაუბრება:

_ სიტყვის თავისუფლებაზე ისლამისტებმა მაშინაც გაილაშქრეს, როცა რამდენიმე დატყვევებულ ჟურნალისტს დემონსტრაციულად თავი მოკვეთეს. ეგვიპტეშიც, თურქეთშიც ხდებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმები, მაგრამ ასეთი მასშტაბური და ორგანიზებული ტერაქტი მედიასაშუალებაზე არ განხორციელებულა. ის ერთ-ერთმა ექსპერტმა 2011 წელს აშშ-ში მომხდარ ტერაქტს შეადარა. საფრანგეთში დიდი ტერაქტი 1982 წელს კარლოსის ჯგუფმა განახორციელა და კაფე-ბარი ააფეთქა. მაშინ ცივი ომის პერიოდი იყო და ტერაქტიც იდეოლოგიურ დაპირისპირებას უკავშირდებოდა, ახლანდელ ტერაქტს კი სრულიად სხვა საფუძვლები აქვს.

_ ჟურნალი „შარლი“, შეიძლება ითქვას, ფუნდამენტური რელიგიების შეურაცხმყოფელ კარიკატურებს ბეჭდავდა. ტერაქტის ერთ-ერთ მიზეზად ეს სახელდება. თქვენ სხვა მიზეზებსაც ხედავთ?!   

_ ფაქტია, ტერაქტი იყო კარგად დაგეგმილი და პროფესიონალურად განხორციელებული, რაც, ჩემი აზრით, სპეცსამსახურების მიერ არის ჩატარებული. ისლამური ხალიფატის ეგიდით, სულ ახლახან, ალი მუხა ბარატმა შექმნა სპეცსამსახური, რომლის შეფიც, არ გამიკვირდება, თუ ქართული წარმოშობის მუსლი მარგოშვილი აღმოჩნდება. მან სპეცმომზადება გაიარა ჩეჩნეთში, ხატაბის მიერ შექმნილ კავკასიის ინსტიტუტში. ეს გახლდათ ყველაზე მსხვილი, რადიკალურ-ისლამისტური ტიპის, დივერსანტთა სპეცმომზადების ცენტრი. ამ ცენტრში რამდენიმე მიმართულების სწავლება დაინერგა: ერთ-ერთი იყო სიღრმისეული დაზვერვის, ანუ მზვერავი დივერსანტის კურსები, რომელიც მარგოშვილმა 1996 წელს დახურა. ამის შემდეგ ის გახდა ხატაბის მარჯვენა ხელი, პირველი თანაშემწე, მოგვიანებით კი ხატაბის შემცვლელის, აბუ ალვალედის თანაშემწეობაც მიიღო. ალვალედის სახელით დღეს იგი სირიაში ომობს და ისლამური ხალიფატის ერთ-ერთი საკმაოდ სერიოზული საველე მეთაურია. ასევე წარმატებულნი არიან თარხან ბათირაშვილი და სხვა ქართული წარმოშობის საველე მეთაურებიც.

_ საფრანგეთის ტერაქტის ადრესატებად ამ ადამიანებს რატომ მიიჩნევთ, მათი  ხელწერა საიდან დაინახეთ?!

_ როგორც ითქვა, შემთხვევის ადგილიდან უკვე ამოიღეს თავდამსხმელების მიერ დატოვებული ჯიხადის დროშები და აქედანაც ჩანს, რომ ეს ჩვეულებრივი ტერორისტების მიერ ჩადენილი ტერაქტი არ არის. არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, რომ საფრანგეთში ტერაქტი განეხორციელებინა. ჩემს აზრს ამტკიცებს ისიც, რომ ტერორისტები ჩაცმული იყვნენ შავ ფორმებში. ისლამური ხალიფატის დროშაც და ემბლემაც შავ ფერებშია და საერთოდაც, ეს ფერი მათ დოქტრინას წარმოადგენს. `შარლის~ რედაქცია 2011, 1013 და 2014 წლებში, თურმე, გააფრთხილეს კიდეც, თუ არ მოეშვებოდნენ სატირულ-იუმორისტული კარიკატურებისა და სტატიების გამოქვეყნებას ისლამისტებზე, მათზე თავდასხმა მოხდებოდა. საქმე ის არის, რომ ისლამურმა ხალიფატმა საკუთარ იდეოლოგიასა და პოლიტიკურ დოქტრინაში პირდაპირ მიუთითა, რომ დაიცავენ ყველა მუსლიმს და მუსლიმანურ ღირსებებს. დიდი ალბათობით, წინა წლებშიც ასეთ გაფრთხილებებს რედაქციას სწორედ ისლამური ხალიფატის წარმომადგენლები აძლევდნენ. ახლა კი, როცა ეს სპეცრაზმიც შეიქმნა, მუქარა განახორციელეს. ისლამური ხალიფატი არის ისლამური სახელმწიფო, რომელსაც აქვს საკუთარი თავდაცვის, ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროები. ტერორისტული ორგანიზაციიდან ისინი გადავიდნენ სახელმწიფოებრივ სტრუქტურებზე; ცენტრალიზირებული მართვის იერარქიის შექმნის შემდეგ კი, ბუნებრივია, რომ ჩამოაყალიბეს სპეცსამსახურიც, რომელმაც განახორციელა სამხედრო დივერსიული აქტი. განხორციელების ტაქტიკიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, მას ტერაქტს ვერ დავარქმევთ.

რამდენიმე დღის წინათ მსგავსი დივერსია მოხდა სტამბულშიც, როცა პოლიციის შენობას დაესხნენ თავს, მანამდე კი მასობრივი ტიპის თავდასხმა განხორციელდა იემენშიც. ეს არის ერთი ჯაჭვის რგოლები და ერთი სპეცსამსახურის ხელწერა.

ისლამურმა ხალიფატმა მანამდე გაავრცელა კიდეც განცხადება, _ ჩვენ ევროპასაც მივწვდებითო, ანუ დააანონსეს, რომ გაუსწორდებოდნენ იმ კოალიციის წევრებს, რომლებიც ახორციელებდნენ საჰაერო დაბომბვებს ხალიფატის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. როგორც ცნობილია, ამ ოპერაციაში, ამერიკის მერე, საფრანგეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ჩაებნენ და ისინი ახორციელებდნენ საჰაერო დარტყმებს იმ სტრატეგიის ფორმატში, რომელიც ანტიხალიფატურმა ორგანიზაციამ შეიმუშავა. საქმე ის არის, რომ ამ ალიანსის წევრი საქართველოც გახდა. ვფიქრობ, რომ ტერაქტების სერიალი გაგრძელდება და ეს არ იქნება ბოლო.

_ ანუ ისლამური ხალიფატისგან საშიშროება საქართველოსაც ემუქრება? მსგავსი ტერაქტები შეიძლება ჩვენთანაც განახორციელონ?

_ მათი „ანგარიშსწორება“ ხორციელდება იმ გეოპოლიტიკური სივრცის ფარგლებში, რომელიც ისლამურმა ხალიფატმა საკუთარ რუკაზე გამოსახა. იქ შავ ფერში აღნიშნულია ის ტერიტორიები, რომელიც, მათი აზრით და გადაწყვეტილებით, ხალიფატის გავლენის ქვეშ უნდა მოექცეს. მათი მიზანია, კავკასიაზეც მოახდინონ კონტროლი და აქ შექმნან ის ძირითადი ბირთვი, რომელზეც  საკუთარ პოლიტიკურ მმართველობას განახორციელებენ. დანარჩენ ტერიტორიებზე კი უნდათ, რომ გაავრცელონ შიში და მოსახლეობა ჰყავდეთ მუდმივი ტერორის ქვეშ. მათ ზემოთ აღნიშნული სახელმწიფოებრივი მოდელი უკვე შექმნეს სირიასა და ერაყში. იქ უკვე დაამკვიდრეს ისლამური ხალიფატის მსგავსი ქვეყანა და პირადად აკონტროლებენ ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა მიმართულებებს. მათი მთავარი იდეა ბაღდადისა და დამასკოს ხელში ჩაგდებაა, რადგან ეს არის ისლამური წმინდა ადგილები. აი, ეს გახლავთ მათი ძირითადი მიზნები, რისთვისაც ასეთი ძალით ილტვიან.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო დროს ჩვენთან, ახალციხეში, მარნეულში მოხდა ინციდენტები, რომელიც პირდაპირ ეხებოდა მუსლიმ მოსახლეობას, მათ სალოცავებს. ასეთ საკითხებს ჩვენი ხელისუფლება დიდი ყურადღებით უნდა მიუდგეს. ღარიბაშვილის ხელისუფლებამ ჯეროვანი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ საკითხებს და ახალი, ანტიტერორისტული ბრძოლის სტრატეგია უნდა შეიმუშაოს. ჩვენი ხელისუფლება ასეთი საფრთხეებისთვის საერთოდ არ არის მომზადებული, რაც დიდი დანაშაულია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაფანყურის ოპერაცია დამოკლეს მახვილივით კიდია ჩვენს თავზე და არ არის გამორიცხული, ამ საქმის გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა ისლამისტებმა ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.

ლაფანყურის ათი მებრძოლიდან ოთხმა გადარჩენილმა, მათ შორის, რაზმის ყოფილმა მეთაურმა, თარხან ბათირიშვილმა, ისლამურ ხალიფატს შეაფარა თავი. ასე რომ, ლაფანყურის ოპერაცია შეიძლება იდეალური საბაბი გახდეს იმისათვის, საქართველოზეც  განხორციელდეს ასეთივე ქმედება. ეს ტერაქტი უნდა გახდეს სერიოზული ბიძგი იმისა, რომ ლაფანყურის გამოძიებამ წინ წაიწიოს და საქმე ბოლომდე მივიდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისლამური ხალიფატის დაჯგუფება საქართველოს ტერიტორიებს არის მიახლოებული. აფხაზეთში შექმნეს ისლამური ხალიფატის კლასტერული დაჯგუფება, ანუ ჯამაათი, რომელიც ხალიფატს ემორჩილება. დაღესტანში მოქმედი ისლამური ჯამაათის 90 პროცენტი გადავიდა ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში, ჩეჩნეთში იწყებენ დასაყრდენი დაჯგუფებების შექმნას, ეს ყველაფერი კი საკმაოდ რთულ მდგომარეობას ქმნის. საქართველო, ცხადია, გვერდით უნდა დაუდგეს საფრანგეთს ამ პრობლემის დასაძლევად, მაგრამ გამოსავალი მხოლოდ ეს არ არის. ჩემი აზრით, თუნდაც შეურაცხმყოფელი კარიკატურები არ არის ამ დივერსიული აქტის საფუძველი. ზოგადად ისლამისტური იდეოლოგიის კანონიკური მიმდინარეობები, ისლამი და მათი ყურანი, ძალისმიერ თავდასხმებს გმობს, მაგრამ ისლამური ხალიფატი არის სექტანტური გაერთიანება და კლასიკურ ისლამთან კავშირი არ აქვს. ისინი ისევე ქადაგებენ სულ სხვა ქმედებებს, როგორც ქრისტიანობაში ქადაგებენ რადიკალური ტიპის დაჯგუფებები. ერთ-ერთი ასეთი რადიკალურ-ქრისტიანული სექტის წევრები აბორტების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ და ამის გამო ექიმებს კლავდნენ. ასეთი დაჯგუფებები, ძირითადად, ჭკუაშეშლილი ადამიანების გაერთიანებებია, შეუძლიათ ნებისმიერი, მათთვის მიუღებელი მიზეზების გამო განახორციელონ დივერსიული აქტები, ამიტომაც ვამბობ, სანამ საქართველოში არ დაისჯებიან ლაფანყურის ოპერაციის ინციდენტის მონაწილეები და კონფლიქტის გამღვივებლები, სანამ მომხდარი მკაცრად არ შეფასდება, საფრთხე არსებობს. საფრანგეთზე განხორციელებული დარტყმების მსგავსი რამ შეიძლება საქართველოშიც დაიწყონ და თუნდაც მომდევნო დივერსია შეიძლება აქ მოხდეს, მაგრამ ამის საფუძველი ჩვენ არ უნდა მივცეთ.

_ სანამ გკითხავთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფებამ დივერსიული აქტების თავიდან ასაცილებლად, ბოლო დროის კიბერშეტევებზე მინდა გკითხოთ: უკანასკნელი ცრუ ინფორმაცია, რომელიც, როგორც ითქვა, ერთ-ერთი საიტის გატეხის შედეგია, იყო ის, რომ თითქოს ზურაბ ადეიშვილი დააპატიმრეს და ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადადგა. მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელება შეიძლება ცუდის მომასწავებელი იყოს?

_ როგორც ვიცი, „სამოქალაქო პრესაზე“ მოხდა კიბერთავდასხმა და ამ ფორმით ბევრი უცნაურობა გავრცელდა _ თითქოს სააკაშვილის დედას დაესხნენ, თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და რეანიმაციაში დააწვინეს; თითქოს ჭიკაიძე გადადგა და იზორია დაინიშნა შს მინისტრად და ა. შ. ჩემი ინფორმაციით, ამ ფაქტების გამოძიება არ მომხდარა და დამნაშავეც არავის დაუსჯია. არადა, საფრანგეთის ტერაქტის შემდეგ ასეთი კიბერშეტევები უნდა მივიღოთ ძალიან სერიოზულად და სამართალდამცველმა სისტემამ უნდა გამოიძიოს, ვისი გაკეთებულია ეს. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს იყოს იგივე ძალის მიერ მსგავსი დივერსიების წინაპირობა. კიბერტერორიზმი არის ტერორისტული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და ის, რომ საკმაოდ სერიოზული სამხედრო საფრთხეა, ამაზე უელსის ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებაც მიუთითებს. ამიტომაც, კიბერტერორიზმის ნებისმიერ გამოვლენას ხელისუფლება სერიოზულად უნდა მოეკიდოს და გააძლიეროს კონტრტერორისტული საქმიანობა როგორც ვირტუალური, ასევე რეალური ტერორიზმის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არ არის, რაც როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლებების ბრალია. საქართველოს ხელისუფლება იმყოფება სირაქლემის პოზაში და რიკოშეტით იცილებს ჩვენს ნათქვამს, მაგრამ ეს მათ კარგად არ შემოუბრუნდება. რას საქმიანობს ანტიტერორისტული დეპარტამენტი, არავინ იცის. კონტრდაზვერვის დეპარტამენტში კი ზუმბაძეები იძიებენ ლაფანყურის ოპერაციას, რომელსაც სწორედ ისინი ამზადებდნენ. ეს ხელისუფლება ამ ადამიანებს ვერ შელევია და რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! ვალერი ზუმბაძე უშუალოდ მონაწილეობდა ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვაში და ის იძიებს ამ საქმეს. თავად მას კი მფარველობს მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ახლოს არის ღარიბაშვილის გარემოცვასთან. პირადად კარგად ვიცი, ვისი ჯგუფელიც არის ვალერი ზუმბაძე, ისინი ერთადაც ცხოვრობდნენ უშიშროების აკადემიაში და აქედან იწყება ეს ყველაფერი. ამჯერად ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. თქვენ თუ გსურთ, გამოიძიეთ, ვისთან ცხოვრობდა ზუმბაძე აკადემიაში და გაარკვევთ, ვის მიჰყავს ქვეყანა კატასტროფისკენ. სწორედ ამ ადამიანების გამო არ ვგრძნობ თავს ჩემს სამშობლოში დაცულად.

_ ახლა კი ის გვითხარით, კონკრეტულად, კიდევ რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ისლამისტების დივერსიები თავიდან რომ აირიდოს?

_ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შემიძლია მათ გარკვეული რეკომენდაციები მივცე:

1. საკანონმდებლო სფეროში შესაბამისი მიმართულებით მისაღებია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელიც მიზნად დაისახავს პოლიტიკური ექსტრემიზმისა და მისი იმპორტის მცდელობების აღკვეთას. ამავე კონტექსტში აუცილებელია შემუშავდეს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები, რომელიც იქნება იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მხარდამჭერი ფონი, რომელიც შეეხება სირიის კონფლიქტის ზონიდან რეგიონში ან საქართველოში უცხო და ადგილობრივი ინტეგრისტი მებრძოლების გადმოდინების პროცესის ალაგმვას. უნდა დაიხვეწოს კანონი „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“, ასიმეტრიული საფრთხეების გათვალისწინებით;

2. სამთავრობო წრეებში უნდა შემუშავდეს ტერორიზმთან ბრძოლის საგანგებო სტრატეგია და მიღებულ იქნას ტერორიზმთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის პროექტი, სადაც გაიწერება კონკრეტული ტერორისტული საფრთხეების კლასიფიკაცია, განისაზღვრება მისგან გამომდინარე საშიშროების დონეები (წითელი, ყვითელი, ლურჯი). უნდა შემუშავდეს სათანადო საფრთხის ინდიკაცია და ადრეული შეტყობინების სისტემა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა შეიქმნას მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ანტიტერორისტული პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში და შეიქმნას ანტიტერორისტული ოპერაციების მართვის ცენტრიც;

3. ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველო, როგორც ასპირანტი სახელმწიფო, უნდა შეუერთდეს ევროკავშირის ანტიტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტს, რომელიც 2005 წელს მიიღეს. ეს არის მცირედი, რაც პირველ რიგში და აუცილებლად უნდა გაკეთდეს, სხვანაირად საფრთხე გარდაუვალია.

 

                                                                                                         ნელი ვარდიაშვილი