საქართველოს მოსახლეობა დაბერებისკენ მიდის!

igb

მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამსახურის უფროსის, პაატა შავიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება და 2002 წლის მონაცემებთან შედარებით მოსახლეობა, სავარაუდოდ, უფრო ცოტა იქნება. მისივე თქმით, საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები წელიწადნახევრის შემდეგ დაიდება, მაგრამ 2015 წლის აპრილის ბოლომდე წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება.

„დავითვალეთ მოსახლეობის რაოდენობა სოფლის დონეზე, სქესობრივი და ასაკობრივი სხვაობის მიხედვით რამდენი გვყავს 15 წელზე უმცროსი, ან 65 წელზე უფროსი ასაკის. ექსპერტები და, მათ შორის, გაეროს წარმომადგენლებიც, ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბერებისკენ მიდის. აღწერა გვიჩვენებს, რამდენად რეალურია ეს საფრთხე. მოსახლეობას ვითვლიდით ეროვნული წარმოშობის, რეგიონების, რაიონების მცხოვრებლების დონეზე, განათლების დონის მიხედვით _ რამდენს აქვს უმაღლესი განათლება, რამდენია წერა-კითხვის მცოდნე. აქამდე საქართველო ლიდერი იყო წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობის მიხედვით და გვაინტერესებს, ვინარჩუნებთ თუ არა ამ პოზიციას… ვიკვლევთ, რამდენ მოქალაქეს აქვს პროფესიული ტექნიკური განათლება, რამდენი შშმ პირი ცხოვრობს საქართველოში“, _ აღნიშნა შავიშვილმა მედიასთან საუბრისას.

მოსახლეობის აღწერის შედეგებსა და ქვეყნის დემოგრაფიულ ტენდენციებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციალური ინტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე:

_ თავის დროზე ქვეყანაში აღწერის კომისია შეიქმნა და გვეგონა, რომ იგი ათწლიან ინტერვალს დაიცავდა, მაგრამ 1999 წელს ჩასატარებელი მოსახლეობის აღწერა 2012 წელს შედგა, შემდეგ ისევ გადაწიეს და გასული წლის ბოლოს ძლივს ჩავატარეთ. აღწერა, როგორც წესი, მაშინ უნდა ჩატარდეს, როცა ნაკლები მობილობაა, ნოემბერში ისე ჩაატარეს, რომ ასე არ ყოფილა. ასეთ დროს ძნელია, ადამიანი ადგილზე დაიჭირო და დაწვრილებით გამოჰკითხო. ამას დავამატოთ, რომ აღწერას ძალიან ბევრი ხარვეზი ჰქონდა. იყო შემთხვევები, როდესაც ბევრი საერთოდ არ გამოკითხულა, ან კიდევ მხოლოდ ერთი პიროვნება გამოკითხეს ოჯახში და ა. შ. შესაბამისად, ამან არ მოგვცა მონაცემი, რომელიც უფრო ზუსტი იქნებოდა.

_ მუშაობის პროცესში ეს ხარვეზები რამ გამოიწვია?

_ ძალიან დიდი კითხვარი იყო, დაახლოებით ნახევარი საათი უნდოდა ერთი ადამიანის გამოკითხვას. შეცდომა იყო, რომ მოსახლეობის გამოკითხვას სოფლის მეურნეობის აღწერა მიაბეს, რაც არც ერთ შემთხვევაში გამართლებული არ იქნება. ამასთან, ჩვენ ვთხოვდით, რომ ბოლო ათ წელიწადში დაბადებული ბავშვების სქესი ჩაწერილიყო, რათა რაოდენობრივი შეფარდება გაგვერკვია. ეს არ შეიტანეს, სამაგიეროდ ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის სქესი განსაზღვრეს, რომელიც არავის სჭირდებოდა.

ჩვენ ასევე ვითხოვდით, რომ აღწერა იანვარში გადაგვეტანა, მოსახლეობა უფრო მოემზადებოდა. მართალია, ტრენინგები ჩატარდა, მაგრამ შემდეგ ბევრმა სტუდენტმა მონაწილეობაზე უარი თქვა, ამიტომ მათთან ისეთი ხელშეკრულება უნდა დადებულიყო, ეგრძნოთ ვალდებულება, რომ ეს სერიოზულ საქმეს წარმოადგენდა. ტელევიზიით კი შუქდებოდა, მაგრამ აგიტაცია-პროპაგანდა მაინც ნაკლები იყო, რომ მოსახლეობას ამ საქმეში აქტიური მონაწილეობა მიეღო.

ახლა მოსახლეობის რაოდენობა დადგინდება, ამისთვის სპეციალური მოდელები არსებობს, რისთვისაც პირველადი მონაცემები უნდა გვქონდეს. ჩვენი მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში 3 მილიონ 700 ათასი კაცი ცხოვრობდა, ოფიციალური მონაცემებით კი ოთხმილიონნახევარია. დარწმუნებული ვარ, ახლანდელი აღწერით 4 მილიონზე მეტზე ვერ გავიდოდნენ, როგორც ეს 2002 წელს მოხდა, როდესაც გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოში 5 მილიონ 300 ათასი კაცი ცხოვრობდა და მერე ოთხმილიონნახევარზე გავიდნენ. ასე რომ, ეს მონაცემი ძალიან კარგად შეიძლებოდა გამოყენებულიყო.

რა ვქნათ, აღწერა, ავად თუ კარგად, ჩატარდა და გარკვეულ სურათს მოგვცემს. სამწუხარო ის არის, რომ ეს მონაცემები დროში კიდევ გაიწელება. მეშინია, რომ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შედეგების გამოქვეყნება კიდევ უფრო არ გაჯანჯლდეს. როგორც ესენი ამბობენ, წელიწადნახევარს მოუნდებიან, ანუ 2016 წლის შუაში აღწერა სრულად მზად იქნება. ამ წელს მოდის არჩევნები და აქ რამე დამახინჯებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ეს ყოველთვის ხდება.

_ რატომ არის ხოლმე სხვაობა თქვენსა და მთავრობის მონაცემებს შორის და ხელისუფლება რეალურ მონაცემებზე უარს რატომ ამბობს?

_ 2002 წლის შემდეგ „ვარდების ხელისუფლება“ მოვიდა; მანამდე მიგრაციის უარყოფითი სალდო ყოველთვის ფიქსირდებოდა, მიგრანტი ცალკე გამოყოფილი იყო. მოვიდა მიშას ხელისუფლება და მიგრანტი აღარ იყო დაფიქსირებული, მხოლოდ ვიზიტორთა რაოდენობა ჩანდა, რამდენი შემოვიდა და რამდენი გამოვიდა. ამბობდნენ, რომ დადებითი სალდო გვქონდა, ქვეყანაში მეტი შემოდისო. მათი მეთოდიკით გამოდიოდა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიგრანტები იყვნენ, რადგან მიგრანტი ის არის, ვინც სამი თვით და მეტი ხნით შემოდის ქვეყანაში. ესენი ამას ერთმანეთში ურევდნენ და ხალხმა ამის შესახებ დაწვრილებით ხომ არ იცის? ეს უკვე პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ ქვეყნიდან ნაკლები გადიოდა, ბევრი შემოდიოდა და ამით მოსახლეობის რაოდენობა ვითომ თავისთავად იზრდებოდა. ერთხელ ასე შემომსვლელთა რაოდენობა 80 ათასამდე გაზარდეს. პლუს ამ ყველაფერს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით, რომ არჩევნების მოსაგებად მკვდარი სულები სჭირდებათ. სწორედ ეს არის მათი დაინტერესება და შესაბამისად, მახინჯდება ეს ციფრები.

ამას გარდა, შობადობაში ძალიან ბევრი აღურიცხაობაა. ასევე გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი იყო და გეტყვით, რატომაც: ადრე სოფელში გარდაცვალების მოწმობა არ სჭირდებოდათ და 2003 წელს მივაღწიეთ, რომ გამგებელს განეცხადებინა ამის შესახებ, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ეს კიდევ შეიცვალა… ანუ სტატისტიკას, აღრიცხვასა და კანონმდებლობას ყველა ხელისუფლება თავისთვის ირგებდა. ასეთი მიდგომით კი ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას ვერ განსაზღვრავ.

თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული მეცნიერული მოდელები, რითაც ობიექტურ ტენდენციებს ვადგენთ. ყველა ხელისუფლებას სურს აჩვენონს, რომ ქვეყანაში საამური ცხოვრებაა და ამიტომ დემოგრაფიული მაჩვენებელიც საუკეთესოა, მაგრამ ასეა იმასთან შედარებით, რაც თითქოსდა მოსალოდნელი იყო; რადგან, ზოგადად, ევროპაში დეპოპულაციაა და შობადობას მოკვდავობა აჭარბებს, ჩვენთან, ჯერჯერობით, ეს პროცესი გაჩერებულია, სტაგნაციას აღარ განიცდის პატრიარქის ცობილი მოწოდების შედეგად. თუმცა 2017-18 წლებში ისევ მოსალოდნელია შობადობის შემცირება.

_ მოსახლეობის შემცირების ტენდენციები სად უნდა ვეძიოთ?

_ შობადობის შემცირების ტენდენციები შვილის ყოლის მოთხოვნილების შემცირებაშია. ეს პრობლემა პიროვნებაში, ოჯახშია. მოთხოვნილებების რადიკალური გადაფასება მოხდა _ ოჯახში ბავშვის ყოლის მოთხოვნილება, სადღაც, მე-15-16 ადგილზე გადავიდა, რაც გამოკვლეული გვაქვს. აქ არის დასაქმების, უმუშევრობის პრობლემა, მატერიალური, ჯანდაცვის საკითხები, სწავლის, კარიერის პრობლემები. 2000-იანი წლებისთვის ოჯახში ბავშვის ყოლის მოთხოვნილება პირველ ხუთეულში, მანამდე სამეულში შედიოდა, ოჯახისთვის ბავშვი ყველაზე მთავარი იყო. დღეს ბავშვის ყოლის გადაფასება მოხდა, რაც ახლანდელმა ვითარებამ გამოიწვა. დღეს მანქანა, პარლამენტარობა, მინისტრობა, ქალაქის მერობა უნდათ, ბავშვი _ არა, ბატონო. ანუ საბაზრო ეკონომიკამ, გარდამავალმა პერიოდმა პიროვნების სოციალურ-ეკონომიკური მოდერნიზაცია განაპირობა; ვიყავით ჰომოსოვიეტიკუსები, ვერ გადავედით ჰომოეკონომიკუსზე. ნორმალური განვითარების შემთხვევაში ასეთივე საზოგადოება გვექნება, თუ არადა, ჰომოდეფორმატიკუსები ვიქნებით; ამიტომ საფრთხილოა, არ მივიღოთ ნეგატიური ტენდენციები. თუმცა ჩვენი ტრადიციები და კულტურა იმედს იძლევა, რომ იქით არ წავალთ, ადრე თუ გვიან, ჰომოეკონომიკუსი დაბრუნდება ჩვენში, განვითარდება და მწარმოებელი ოჯახისგან პიროვნებები დაიბადებიან. მით უფრო ეკლესიის როლი დიდია და ქართველი ადამიანის ცნობიერებაში ღირსეულ ოჯახს ჯერ კიდევ მაღალი ადგილი უკავია.

მეორე მხრივ, ჩვენში დემოგრაფიული ტალღა, ანუ დემოგრაფიული სტრუქტურა შეიცვალა. 90-იან წლებში შობადობა მართალია მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ეს ასევე 70-იან წლებში დაბადებულთა რაოდენობის სიმცირით მოხდა. 80-იან წლებში შობადობა გაზრდილი იყო, რამაც დღემდე შობადობის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან იმ წლებში დაბადებულთა მეტი რაოდენობა იყო. ახლა უკვე 2017-ში შობადობის შემცირება გველის, რადგან ეს პროცესი 90-იანების საწყისში დაბადებულთა რაოდენობაზე მოდის.

ვიმეორებ, ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების შემცირებას მძიმე მატერიალურ-ყოფითი პირობები განაპირობებს _ უმუშევრობა, განათლების პრობლემა და ა. შ. ასევე მცდარი პოლიტიკაა, რომ მესამე და შემდგომ ბავშვზე ფული გადაუხადო და უარი უთხრა პირველ-მეორე ბავშვზე. ეს, სხვა თუ არაფერი, ბავშვთა უფლებების დარღვევას ნიშნავს და დისკრიმინაციის ფაქტორია. ბევრ ასეთ ელემენტარულ საკითხს არ ითვალისწინებენ და მეცნიერებს არ გვეკითხებიან.

_ ეკლესიის დადებითი როლი ახსენეთ, კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უარყოფითი ტენდენციის შესაჩერებლად?

_ ჩვენთან, კონკორდატის თანახმად, რელიგიური ჯვრისწერა სამოქალაქოსთან უნდა გათანაბრებულიყო, რაც არ მომხდარა და ამას ვითხოვთ. საერთო დაბადებულებში, დაახლოებით, 30% ქორწინების გარეშე დაბადებულია. ვისაც სამოქალაქო მოწმობა არ აქვს, რეგისტრაციის გარეშე დაბადებულად ითვლება. ჯვრისწერა სამოქალაქო რეგისტრაციასთან გათანაბრებული რომ იყოს, ციფრები მართებულად დაჯდებოდა, ანუ 2013 წელს დაახლოებით 20 ათასი ბავშვი ქორწინების გარეშე იყო დაბადებული. აქ ადგილი აქვს დისკრიმინაციას, _ ჩემი უფლებაა, მინდა ჯვარს დავიწერ, მინდა სამოქალაქო ქორწინებაში ვიქნები, ან თანაცხოვრება მექნება, საერთოდ არ მოვაწერ ხელს. ეს სახელმწიფო დისკრიმინაციაა. რუსეთში ჯვარს არ დაწერენ, თუ სამოქალაქო რეგისტრაციაში არიან, ანუ იქ ძალადობაა ეკლესიის მხრიდან პიროვნების მიმართ. ჩვენთან პირიქით, კი ბატონო, ჯვარი დაიწერე, მაგრამ შენს ჯვრისწერას არ ვაღიარებო. სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაა, რომ გინდა თუ არა რეგისტრაცია გაიარეო. ამიტომ პარლამენტმა გაითვალისწინოს კონკორდატის მოთხოვნა და ქორწინების გათანაბრება უნდა მოხდეს, აქ დიდად პრობლემური არაფერია.

კიდევ შესადგენია სახელმწიფო პროგრამა. ჩვენთან მოკვდავობა, მათ შორის დედათა მოკვდავობა შემცირდა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის საკითხების წინ წამოწევა. ჯანმრთელობის დაზღვევა მართლაც ერთ-ერთი ღირსეული და წარმატებული რეფორმაა, მაგრამ მეტის გაკეთებაც შესაძლებელია. მწირი რესურსებით ამის კეთებაც სამადლობელია, სხვა მიმართულებით მაინც არ დაიხარჯა ფინანსური რესურსები.

საერთო ჯამში, საქართველოში მაინც ნორმალური დემოგრაფიული მდგომარეობაა; რომ არ ყოფილიყო პატრიარქის ცნობილი მოწოდება, ჯანდაცვის რეფორმის დაწყება და სოციალური დაცვა, შეიძლებოდა კიდევ დეპოპულაცია დაწყებულიყო და ნაკლები შობადობა გვქონოდა. დღევანდელი დემოგრაფიული მოდელით დეპოპულაცია უნდა ყოფილიყო და გვაქვს შობადობის სიმპტომები, რომლებიც გაფართოებულ აღწარმოებას აკმაყოფილებს _ დადებითი სალდო, ბუნებრივი მატება გვაქვს. სახელმწიფო თუ მეტს გააკეთებს, შეიძლება უკეთესი ვითარება შევინარჩუნოთ. შესაძლოა, დეპოპულაციას ვერ ავცდეთ, მაგრამ მოხდება გარკვეული გადავადება და უფრო დაბალი რისკის დეპოპულაციის მიღება. ასე რომ, სახელმწიფოს ამ საქმეში ძალიან დიდი როლი აკისრია.

 

                                                                                                   გელა მამულაშვილი