რა არ იციან თბილისში და იციან ხაშურში?!

shes

გასულ წელს „ქრონიკა+“-მა არაერთი კრიტიკული წერილი მიუძღვნა ხაშურის რაიონში შექმნილ სიტუაციას. ცხადია, ყველაფერს თავიდან ვერ გავიმეორებთ და მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შეგახსენებთ, რომ ხაშურლები თავიანთი მაჟორიტარი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის საქმიანობით უკმაყოფილონი არიან. თანაც, ხაშურს მხოლოდ გელაშვილის პრობლემა რომ აწუხებდეს, ამას კიდევ ეშველებოდა რამე.

საქმე ის არის, რომ იქაურები მაინცდამაინც არც სხვა ჩინოვნიკებს ემადლიერებიან, რის გამოც დედაქალაქიდან სპეციალურ კომისიას ითხოვენ, რომელიც ხაშურში არსებულ განუკითხაობას შეისწავლის და მოსახლეობის პრობლემებს მოაგვარებს. არადა, მგონი, ცენტრალურ ხელისუფლებასაც „ნაციონალების“ დაავადება შეეყარა. ყოველ შემთხვევში, იგივე სიმპტომებია: რამდენიც არ უნდა წერო პრობლემებზე, ეტყობა, ხელისუფლებაში გაზეთებს არავინ კითხულობს. თუ ასე გაგრძელდა, ამას გაზაფხულიდან შეიძლება ქუჩის საპროტესტო აქციებიც მოჰყვეს და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ხაშურიდან დაიწყოს.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს  არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაციის“ ხაშურის ფილიალის თავმჯდომარესთან _ ზაზა მეხრიშვილთან:

_ პირველ რიგში მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო თქვენი გაზეთის მკითხველს და „ქრონიკა+“-საც მადლობა მოვახსენო იმისთვის, რომ ხაშურისა და ხაშურლების გულის ტკივილს სისტემატურად აშუქებთ. ვერ ვიტყოდი, რომ ამ წერილებს შედეგი არ მოსდევს. ვალერი გელაშვილი, რომელიც ხაშურს თავის საბატონოდ მიიჩნევს, ბევრჯერ გახდა იძულებული, თქვენი გაზეთისთვის და იქ დაბეჭდილი წერილებისთვის გაეწია ანგარიში და საკუთარი სურვილები მოეთოკა. მაგალითად, თქვენ რომ დაწერეთ, თუ როგორ გადააკეთეს ხაშურის სპორტული სკოლა საქელეხო დარბაზად, გელაშვილი იძულებული გახდა, წერილის გამოქვეყნების შემდეგ, საქელეხო სასწრაფოდ გაექროთ იქიდან. დიდი წვლილი მიგიძღვით ასევე გასული წლის ბოლოს, ქართული ჭიდაობა რომ გადარჩა და გელაშვილი ჭიდაობის ფედერაციის თავკაცად არ აირჩიეს. მოკლედ, შედეგები არის, თუმცა მეტი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. არადა, იმდენი მოსაგვარებელი საკითხია, კიდევ მთელი წელი რომ წეროთ, მაინც ვერ ამოწურავთ.

_ ჩვენ ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ წინა წელს. წარმოუდგენელიც კი არის, ახალი რა უნდა დაიწეროს?

_ ვალერი გელაშვილისა, თუ ხაშურის სხვა ჩინოვნიკების პირობებში წარმოუდგენელი არაფერია, ბატონო დავით. სხვათა შორის, ახლა ახალი მიზანი დაისახეს: დეპუტატ ვალერი გელაშვილსა და გამგებელ გიორგი გურასპაშვილს სარეკლამო ბიზნესის ხელში ჩაგდება უნდათ. მოგეხსენებათ, ეს მომგებიანი საქმეა. მოგების სურვილმა კი გელაშვილსა და გურასპაშვილს ძველი წყენა გადაავიწყა ერთმანეთის მიმართ და მეგობრებად აქცია. არადა, თავის დროზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გელაშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ წარადგინა რაიონის გამგებლად გია გურასპაშვილი. მაშინ ამ ფაქტმა ისე გააცეცხლა გელაშვილი, რომელსაც გამგებლად საკუთარი კაცის გაყვანა სურდა, რომ ღარიბაშვილსაც აღარ მოერიდა და ხმამაღლა იძახა, _ გურასპაშვილს ისეთ პირობებს შევუქმნი, ექვს თვეში მოვაძრობ სკამიდანო. მუქარა მუქარად დარჩა, რადგან გელაშვილმა, ეტყობა, იფიქრა, ღარიბაშვილის გადაკიდებით ემანდ თავიც არ დავკარგოო და გურასპაშვილთან მორიგება ამჯობინა, დღეს კი უკვე ბიზნესპარტნიორებიც არიან. წელიწადზე მეტია, ათზე მეტი განცხადებაა შესული გამგეობაში სარეკლამო ფართების გამოყოფაზე, მაგრამ გამგეობა სხვადასხვა მიზეზს ხელოვნურად იგონებს და ხალხს რამის გაკეთების საშუალებას არ აძლევს. როგორც მოგახსენეთ, თვითონ არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები _ დეპუტატი და გამგებელი _ ამ ბიზნესით დაინტერესებულები და ხალხი სულ არ აინტერესებთ. გადაჭამეს ხაშური, პატრონი კი არავინაა. იქნებ, თბილისში მაინც დაინტერესდეს ვინმე? ხალხი გადარეულია ამათი უტიფარი ქმედებებით. გამგეობა საკუთარი ბოსტანი ჰგონიათ და რასაც უნდა, იმას აკეთებენ.

_ ხაშურში მწვავედ იდგა გზების მოწესრიგების საკითხი. დღეს რა ხდება?

_ კარგი კითხვა დამისვით, რადგან მე თვითონ ვაპირებდი მაგ საკითხზე გადასვლას. იქნებ, აქცენტი ტალახიან ქუჩებზე გავაკეთოთ, სადაც გადაადგილება წვიმიან ამინდში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ობიექტური რომ ვიყო, უნდა ვაღიარო, ქალაქში სამი ცენტრალური ქუჩა გაკეთდა, თუმცა ხაშური მარტო ცენტრი არ არის. გარეუბნებში კატასტროფული სიტუაციაა. განსაკუთრებულად გაუსაძლისი მდგომარეობაა ჭალის უბანში, სადაც ხალხი ტალახში იხრჩობა. სახანძროსაც კი არ აქვს ნორმალური გზა. მანქანა გამოძახებაზე რომ გამოდის, კალიასავით დახტის ორმოებით სავსე გზაზე და ნახევარი წყალი გზაში ეკარგება. გზებზე უკეთეს მდგომარეობაში არც საზოგადოებრივი პარკები და სკვერებია. მაგალითად, დანგრეულია სკვერი შადრევანთან, რომელიც წინა გამგებელმა, მამუკა ხაჩიძემ დაანგრევინა სულ ტყუილად. ვითომ მის გალამაზებას აპირებდა, სინამდვილეში კი იმ ადგილის მითვისებას გეგმავდნენ მაშინ ვალერი გელაშვილი და მამუკა ხაჩიძე. ამ უკანასკნელს არჩევნებმა მოუსწრო და სკვერის მითვისება ვეღარ მოახერხა. ახალმა გამგებელმა, გია გურასპაშვილმა, მოსვლისას კი თქვა, რომ აღადგენდა სკვერს, თუმცა უკვე ერთი წელია, ეგრეა დანგრეული და მიტოვებული. ალბათ ახალ გამგებელსაც თვალი უჭირავს მაგ ადგილზე, გელაშვილიც უკვე გვერდში უდგას და ხელს რა შეუშლით, რომ მიითვისონ?

ერთი სიტყვით, მსგავსი საზოგადოებრივი დატვირთვის ობიექტები ხაშურში სავალალო მდგომარეობაშია. წინასაარჩევნოდ ვალერი გელაშვილი სტადიონის გაკეთებას შეჰპირდა ხალხს და ასევე იმასაც, რომ სპორტ-სკოლას ჩამოართმევდა ყოფილ გამგებელს, როინ მახარობლიძეს, რომელმაც ეს ობიექტი უკანონოდ მიითვისა და სხვაზე გააფორმა, თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა _ სტადიონი ისევ იმ მდგომარეობაშია, სპორტ-სკოლას კი რა ბედი ეწია, ეს ყველასთვის ცნობილია. ეს როინ მახარობლიძე „ნაცების“ დროს გამგებელი იყო და ახალი ხელისუფლების მოსვლისას შეეკრა გელაშვილს. ამბობენ, წილში გაიყვანა დეპუტატი და იმიტომ გაჩუმდნენ ყველა ამ საკითხზეო.

_ მოკლედ, ყველას წილში ყოფილა დეპუტატი, ძველი ჩინოვნიკი იქნება, თუ ახალი.

_ სწორი შეფასებაა. ხაშურის საზოგადოებრივ-კულტურული ვებგვერდი ასეთი განცხადებებით არის სავსე: ,,როდის ეღირსება ჩვენს ქალაქში ამ ტლაპოებს ამოშრობა, მით უმეტეს ცენტრალურ ადგილებში?! ცივილიზაციას მოვითხოვთ! მაგრამ ვინ გვისმენს?!“

„მივმართავთ ხაშურის დეპუტატს, ვალერი გელაშვილს და ადგილობრივ ხელისუფლებას. თქვენ წინასაარჩევნოდ ბევრი რამ შეჰპირდით ხალხს, მაგრამ ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ 3% შესრულდა, თქვე მატყუარა აფერისტებო! სამაგიეროდ, ხელფასები და პრემიები ხომ გაიზარდეთ?! გადაჭამეთ ხალხის ფული უაზრო ტენდერებით, დასუფთავების სამსახურით აცოცხლებთ ფულებს“… კიდევ რამდენი რამ არის და რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? უკვე მუქარაც გაისმის ხალხიდან: „თქვენი დღეები დათვლილია, ხალხს უკვე ყელში ამოუხვედით“…

ამ თემებზე მთელი ხაშური საუბრობს.

პირადად მე ხაშურის გამგეობაში ახლა შევიტანე განცხადება გამგებლის სახელზე, სადაც ვთხოვ განმიმარტონ, რის საფუძველზე ეუბნებიან უარს სარეკლამო ბანერების განთავსებაზე კერძო პირებსა და ორგანიზაციებს? იმედს ვიტოვებ, დროულად დააკმაყოფელებენ ჩემს განცხადებას და მთელი ერთი თვე არ გამიწელავენ პასუხს, თორემ ჩემს გადაკიდებას შავი კატა გადაიკიდონ, ურჩევნიათ. ძალიან ბევრი დარღვევის თაობაზე ვიცი და ყველაფერს დოკუმენტურად დავადასტურებ. მაგალითად, ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ არამიზნობრივად გახარჯულია ასიათასობით ლარი. არსებობს შპს „მშენებელი 21+“-ის მიერ საეჭვოდ მოგებული ტენდერები და ამის პარალელურად შეუსრულებელ-დაუსრულებელი სამუშაოები სოფელ წრომსა და ხცისში, სადაც 349 000 ლარი უნდა დახარჯულიყო, მაგრამ სად გაიხარჯა ეს ფული, უცნობია. ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 566 000 ლარი გადაირიცხა, მაგრამ  ამ დროს არსებობენ უხელფასოდ დარჩენილი ხაშურელი მუშები, ვინც ეს სამუშაო შეასრულა. ორი ტენდერია ჩატარებული ორი დღის შუალედით და ერთსა და იმავე გამარჯვებულ კომპანიას მილიონამდე თანხა აქვს გადარიცხული, საქმე ნახევარიც არ გაუკეთებიათ, ფული კი შეიჭამა. ამ ყველაფერს გამოძიება და შესწავლა ესაჭიროება, ჩვენ კი მანამდე არ გავჩერდებით, ვიდრე ამ განუკითხაობის სულისჩამდგმელნი საკადრისად არ დაისჯებიან.

 

                                                                                                        დავით დევიძე