თოხოსანი რაინდი საგანელიძე

sa

მე ვწერ კაცზე, რომელიც დიდი ოქტომბრის არჩევნებიდან 2 წლის თავზე გამოვიდა და ბრძანა, რომ 2 წელი გასულა მას შემდეგ, რაც საქართველოში თავისუფლად შეიძლება ცხოვრება, სუნთქვა, სიხარული: „ხალხი რომ გაღიმებული დადის და ადამიანს რწმენა დაუბრუნდა და ცხოვრების ინტერესი, ეს არის ფაქტი“.

დაიახ, ვწერ ამ კაცზე, რომელსაც ხალხი გაღიმებული ეჩვენება. დიახ, დავით საგანელიძეზე. კაცზე, რომელსაც თავად ჰქონდა დაკარგული ცხოვრების გემო, რაკიღა ვერ ხედავდა ფუმფულა სავარძელს და პერსპექტივას „მემარჯვენეებში“ ყოფნით და როგორც კი პოლიტიკური ცის კამარაზე ივანიშვილი გამოჩნდა, ისეთი „პრიჟოკი“ ხია, თვით ანანიაშვილს შეშურდებოდა. თან ისე სწრაფად და ელასტიურად ქნა ეს ამ არცთუ თხელმა კაცმა, რომ დათო გამყრელიძემ თვალიც ვერ შეავლო. თავად დაუბრუნდა რწმენაც და ცხოვრების ინტერესიც. და გაიბადრა ვითარცა ბადრი მთვარე. თავად კმაყოფილს ყველა კმაყოფილი ეჩვენება. თავად უკმაყოფილოს ყველა უკმაყოფილო ეჩვენებოდა.

დიახ, დიახ, აკი ბრძანა კიდეც, _ ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რომ 9 წელი ვიცხოვრე იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი სააკაშვილი იყოო. რა ქნას, ვერ პატიობს, 9 წელი რომ სკამის ნაცვლად „ზაბორტამ“ იყო. ვერ პატიობს და ვითარცა კაპასი იგი, უტევს დღემუდამ, უტევს ისე, რომ სასაცილო ხდება და მერე ჰგონია, რომ ხალხი კაი ცხოვრებისგან იღიმება. თავად ნეტარი იმასაც ვერ ხვდება, რომ ხალხი მათ დასცინის, მათ გამოსვლებზე, აცაბაცა განცხადებებზე თუ „ბესელკებზე“, ქუცნაშვილის შლაპებზე და კაშნეებზე სკდება სიცილით. გაეცინება ადამიანს, აბა, რა იქნება, როცა უმრავლესობის ლიდერი, გაავებული საკუთარ პრეზიდენტზე, გამოვა და გამოაცხადებს, ვეტო თოხი არააო. თან ამას რომ არ დასჯერდება და ფრიად ორიგინალურად დააყვედრებს გაწეულ ამაგს პრეზიდენტ მარგველაშვილს, _ სხვანაირად გვიყვარხარო, ნათქვამია, ვისზეც ყველაზე დიდი ამაგი გაქვს, ყველაზე მეტად ის გიყვარსო. გაგეღიმება, აბა, რა იქნება, როცა ამას მოისმენ? მის ლოგიკას თუ მივყვებით, მას ბიძინა ივანიშვილზე მეტად მარგველაშვილი უყვარს. რატომ? იმიტომ, რომ მას არანაირი ამაგი არ აქვს ბიძინა ივანიშვილზე. ახლა არ ვიცი, კატის გაზრდაში თუ ეხმარებოდა, თორემ ისე რა ამაგი აქვს ივანიშვილზე? ჰოდა, ეს იცის ივანიშვილმა, საგანელიძეს რომ მასზე მეტად და თან სხვანაირად უყვარს მარგველაშვილი?

გაგეცინება, აბა, რა იქნება, როცა ეს კაცი გამოვა და იტყვის, რომ სააკაშვილი იყო ყველაზე დიდი კრიმინალი და ყველაზე დიდი მტერი ამ ქვეყნის. სულ რომ ნეგატიურ პერსონად მიიჩნევდე სააკაშვილს, ამ ქვეყანას ან აღა-მაჰმად-ხანი არ მტრობდა, ან შაჰ-აბასი, ან თემურლენგი? ეგრე როგორ უნდა გაგასიოს ბოღმამ, რომ სააკაშვილი უფრო დიდ ფიგურად წარმოიდგინო ისტორიაში, ვიდრე თემურლენგი ან შაჰ-აბასია? საგანელიძეს რომ ჰკითხო, თურმე ჩვენ უნდა დავდგეთ და მთელ მსოფლიოს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, ასეთი ხელმძღვანელი რომ გვყავდა. არადა, რა გვაქვს საბოდიშო, როცა ახლა ასეთი დავით საგანელიძე გვყავს? არ აფასებს ეს კაცი საკუთარ თავს… ხან რომ გადააჭარბებს ხოლმე თავისი შესაძლებლობების შეფასებაში? გაგეღიმება, აბა, რა იქნება, როცა ჟურნალისტებზე გაბუტული გამოვა და გამოაცხადებს, ერთი კვირა არც ერთ ჟურნალისტს კომენტარს არ მივცემო. რა ჰგონია, ერთი კვირა რომ არ დაელაპარაკება მედიას, მედია შავებს ჩაიცვამს, იგლოვებს, ნირსაც შეიცვლის, მუშაობის სტილსაც და იმ ერთი კვირის მერე სხვა მედია დახვდება?

არც საკუთარ თავს აფასებს და არც საკუთარი ხელისუფლების შესაძლებლობებს, მას მწარედ ეგონა, რომ როგორც კი სააკაშვილზე ინტერპოლით ძებნას გამოაცხადებდნენ, საქართველოს გადმოსცემდნენ და მიშას გასკვანჩავდნენ. ეგონა, მაგრამ თოხი ცერად გაექცა _ არათუ არავინ არ გადმოსცა სააკაშვილი, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე ის „გადმოსაცემი“ სააკაშვილი იმ პრეზიდენტის წინ იჯდა, რომელიც საგანელიძეს სხვანაირად უყვარს.

გაგეღიმება, აბა, რა იქნება, როცა ეს თოხოსანი რაინდი შალვა რამიშვილის შოუში გამოვა და გიმღერებს: „ცვივა თოვლის ფანტელიო“ და როცა მართლა წამოვა თოვლი, მისი ხელისუფლება პირს დააღებს, მხრებს ჩამოჰყრის და მათი უნიათობით ხალხი გუდაურში ჩარჩება და საგანელიძის ხელისუფლება ყველაფერს თოვლს დააბრალებს, _ რა ვქნათ, ცვივა თოვლის ფანტელიო. ამათი ამბავი ისეა, კახელს რაიკომის მდივნობა მარტო მდივანთან დივანზე კოტრიალი რომ ეგონა.

კი, ხალხი დადის გაღიმებული, მაგრამ კითხულობს საგანელიძე, ან მისი კოალიცია, რატომ ეღიმება ხალხს? მათ ღიმილი მარტო კმაყოფილების ნიშანი ჰგონიათ, არადა, ადამიანს მაშინაც ეღიმება, როცა გააბითურებენ. დიახ, ადამიანი თავის ქცევაზე ბრაზდება და მწარედ ეღიმება. დიახ, რაინდო, „მემარჯვენეებიდან“ „ოცნებაში“ გარდახვეწილო, ხალხს მწარედ ეღიმება იმაზედ, რომ თქვენ ისინი გააცუცურაკეთ. დაჰპირდით „უფასო ფულს“, უპროცენტო კრედიტებს, ბენზინის ფასის განახევრებას, დენის, გაზის საფასურის განახევრებას, რაღას არ დაჰპირდით _ ლამის იმას, რძე და თაფლი ღვარად წამოვაო და ახლა რა ხდება?! რძე კი არა, წყალიც აღარ მოდის ონკანებში! საქმე იქამდე მიდის, თაფლს საჭმელად კი არა, იმისთვის იყიდის ხალხი, თქვენ რომ წაგისვათ და თავისუფლების მოედანზე დაგსვათ, აი, იმ ნაძვის ხის სიახლოვეს, რომელიც ისევ მიშასდროინდელი დადგით და ნათურები უხეირო ქმარივით 2 კვირის მერე გამოუცვალეთ.

დიახ, ხალხი გაღიმებული დადის და ემანდ ეგ ღიმილი არ დაგიჯდეთ ძალზე ძვირად და ის ქილიკიც, სააკაშვილზე რომ ქილიკობდით, „მაკლერობდით“ და თავშესაფრისთვის ადგილს უძებნიდით სააკაშვილს უნგრეთში. ის ყველგან დადის, დადის, დადის, მაგრამ თქვენ სად ივლით? დიიიდ რუსეთში, რომლის ბაზარსაც ჰაერივით აუცილებლად მიიჩნევთ? და ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზის მშენებლობას დადებითად აფასებთ? ეკონომიკურ სარგებელს ელით თუ სწორედ მაგ გზით დააღწევთ თავს სააკაშვილის მომდევნო რამდენიმეწლიან „რეჟიმს“? ვეჭვობ, ეგ გზა მზად იყოს მანამდე, ამიტომ სჯობს, 37-მანეთიან ფრენაზე გეზრუნათ, ჩაფრენილიყავით მოსკოვში და იქ გაიგებთ, როგორია თავისუფალი სუნთქვა, როცა თქვენს ლაღ ფილტვებს იმ ხუმრობა-განცხადებას გადააფარებენ, სადაც თქვენ პუტინს ოტელოს ადარებთ. ცოლზე ნაწყენი თუა, ცოლი მოგუდოსო. მაგ თქვენ ხუმრობაზე რაღაც ვერ გაეცინათ რუსეთში _ მოგუდულადაც კი.

გამოვა და ისე ბრძნულად იტყვის ხოლმე რასმეს, თვით იმ ბრძენ კაცსაც რომ შეშურდება. ასე მაგალითად, რუსეთთან უნდა დაიძრას ის ყინული, რომელიც არსებობსო. ადრე ყველაფერს სააკაშვილს აბრალებდით, ხომ დაუდნით პუტინს შაქარ-ყინულივით და რით ვერ დაძარით ეგ ყინული?

თავად კი დასცინის ოპოზიციაში გადასულ ბუკას, _ მესმის, რთულია მინისტრის კაბინეტის დატოვებაო… მესმის, გაუჭირდა, ევროპაში ისე აღარ მიიღებენ, როგორც მინისტრსო. გეგონება, თავად რომ დაკარგავს სკამს, ფეხქვეშ გაეგება ევროპა, დედოფალი ელისაბედი ჩაიზე მიიწვევს და დალია გრიბაუსკაიტე ლიტვურ „პრიანიკებს“ დაუცხობს და პირს ჩაუტკბარუნებს.

თუ უკრაინას უმიზნებდა რაინდი იგი თოხოსანი? ამიტომ იყო ასე გააფთრებული, უკრაინაში რომ ქართველებს ნიშნავდნენ მაღალ თანამდებობებზე? იდგა და არისხებდა დედოზარებს, გოდებდა პოლიტიკური ამბიონიდან, მაგრამ ვინ უსმენდა რაინდსა მას, თვინიერ მანანა კობახიძისა? არც არავინ. ჰოდა, რაინდი იგი, ვითარცა დონ კიხოტი (თუმც კი სანჩო პანსას უფრო ჩამოჰგავს) უშედეგოდ ებრძოდა უკრაინულ ქარის წისქვილებს. იდგა და წუწუნებდა, ეს დანიშვნები გარკვეულ ხინჯს გააჩენს ჩვენს ურთიერთობებშიო. წუხდა და მოსთქვამდა, უკრაინა უკეთეს მინისტრებს იმსახურებს და რით ვერ იპოვეს საკუთარ მოსახლეობაში ბევრი ძალიან ღირსეული, ვინც შეიძლება მინისტრი იყოსო? იმას არ კითხულობს, რა აჩენს ხინჯს ამ ქვეყნათშორის ურთიერთობაში, კვიტაშვილის დანიშვნა თუ ამ დანიშვნამდე მისი თანაკოალიციელი პრემიერის მიერ დასავლეთის მიმართ გაკეთებული განცხადებები საერთაშორისო პრესაში, _ უკრაინას იარაღს ნუ აწვდითო? იმას არ კითხულობს, დაიმსახურა თუ არა მისმა მშობელმა ქვეყანამ, საქართველომ, ისეთი მინისტრი, როგორიც ხადურია? რომელ ხადურსაც მადლობას უცხადებს, დიახ, იმ ხადურს, რომელმაც ცალკე ინფლაციაში ჩააგდო ქვეყანა და ცალკე ბიუჯეტი გაურღვია ნაკერებზე. იმას არ კითხულობს, იმსახურებს თუ არა მისი მშობელი ქვეყანა კულუარებიდან მართვას? დიახ, კულუარებიდან, ანდა რესტორნიდან მართვას? აკი, თავად ბრძანდებოდა კიდეც მთავარი მოპატიჟე წინასაახალწლოდ და ამაყად აცხადებდა კიდეც, ეს წინასაახალწლო შეხვედრა ჩემი ინიციატივა იყოო და მოხარული ვარ, რომ ბატონი ბიძინა დასთანხმდა ჩემს მოპატიჟებას და მოვიდაო. თურმე, ნუ იტყვით, და ამგვარი შეხვედრები ქართული ხასიათიდან და ტრადიციიდან გამომდინარეობს. ქვეყნის მართვა არაოფიციალურად, თურმე, ქართული ტრადიცია ყოფილა. ეს ქურდი და მამაძაღლი ყადაფი, ჩვენთვის მოუპარავს ტრადიცია და რომ არა საგანელიძე, ვერც გავიგებდით ამას. და რა ყოფილა იმ ტრადიციულ სადილ-ვახშამზე? 3-ზე შეკრებილან, 7-ზე დაშლილან. „ეს იყო მეგობრული ვახშამი თუ სადილი, რასაც მოჰყვა კეთილი საახალწლო სურვილები, ერთმანეთის დალოცვა. სუფრაზე შეიძლება პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრო, მოყვე ანეკდოტი, იღადაო კიდეც და ვიღაცამ ერთმანეთთან ვახტანგურიც დალიოს“. დალევა, თორემ ანეკდოტების მოყოლას, ჭორაობასა და ღადავს რა რესტორანი უნდა? საგანელიძეს, ეტყობა, არ მოუსმენია ბიძინას კლასიკად ქცეული ანეკდოტები ბრიფინგებიდან და იმიტომ არ შედის „ბუტკაში“. „იყო კარგი სიმღერაც, რადგან იყვნენ „ქართული ხმების“ წარმომადგენლები. სუფრას სიმღერა უხდება და მეც სიამოვნებით ვმღეროდი“, _ დასძენს რაინდი იგი თოხოსანი. თავად კი მღეროდა სიამოვნებით, მაგრამ ინფლაციისგან დანაყელშიგამოსმული ხალხი რამდენად სიამოვნებით შეხვდა ახალ წელს? არ აინტერესებს, ადღეგრძელებდნენ იმ საახალწლო სუფრიდან თუ უკურთხებდნენ, _ ტრადიციულად, მამაპაპურად? მას რომ ჰკითხო, დოლარი, თურმე, ყველა ქვეყანაში გამყარდა, მერე რა, რომ ეს „ყველა“ ქვეყანა მხოლოდ ის რუსეთია (და იმ რუსეთზე მიბმული ქვეყნები), სადაც 37 მანეთად დაიარებოდა და მთელი დუნია რუსეთი ჰგონია?

მას, ცხადია, ჰგონია, რომ ხალხი კმაყოფილია, რომ დადიან გაღიმებულები და თავად მას, თურმე, იცი, რაზე ეცინება?

„სასაცილოა და სამწუხარო ის, რომ ყველა თემა, რომელშიც საზოგადოების თუნდაც რაღაც პატარა ნაწილი იყოს უკმაყოფილო, მაშინვე უკავშირებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, _ ეს საყდრისის სკანდალთან დაკავშირებით ბრძანა და განაზოგადა დავით თოხოსანმა. გესმით, თურმე, არც უნდა დავუკავშიროთ მოვლენები მას, ვისგანაც მომდინარეობს. არა, ამისთვის საქართველოს ჰყავს წინა პრეზიდენტი და გაცვეთილი „9 წელი“, ყველა უკეთურება იმ 9 წელს და მიშას უნდა დაბრალდეს, ყველაფერზე ისევ ისინი უნდა გაილანძღონ. ლანძღვა მათ და სახრავი საგანელიძეებს, ასეთია საგანელიძეების ლოგიკა. მისეულ თოხ-ლოგიკას თუ ვერწმუნებით, თურმე ჩვილი ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალება ოჯახური ტრაგედია ყოფილა, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით იყენებენ. ისე თქვა, გეგონება, ჩიორა თაქთაქიშვილი იდგა იმ ღამეს და ასპასია პაპატანასიუს „რაზმახით“ მოსთქვამდა და უხმობდა ჭოლას, დოის და სრულიად საქართველოს? გეგონება, გიგა ბოკერიამ დადო სიუჟეტი თავის გვერდზე და მიაწერა „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახე“. საგანელიძეს რომ ჰკითხო, ევრიპიდეს ენა აქვს ამოსაძრობი, რადგან მედეამ რომ თავისი შვილები დახოცა, ეს მისი ოჯახური ტრაგედია იყო და ევრიპიდეს (სხვებთან ერთად) ქვეყნისთვის არ უნდა მოედო.

მისი ლოგიკით, „მემარჯვენეებიდან“ „ოცნებაში“ რომ ისკუპა, ეს მათი, მისი და დათო გამყრელიძის „ძმაკაცური“ დრამაა და ჩვენ კრინტი არ უნდა დავძრათ.

მას რომ ჰკითხო, „მაესტროდან“ რომ ჟიჟილაშვილს, პროდიუსერებს და ჟურნალისტებს გაუშვებენ, ეს თურმე ტელევიზიის შიდამენეჯმენტის თემაა. თურმე, ამით არც სიტყვის თავისუფლება ილახება, არც ამ ადამიანების პროფესიული უფლებები. და ეს მაშინ, როცა პოლიტიკური წრეები ამ პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავენ, ნაწილი კი, მათ შორის, საგანელიძის თანაკოალიციელები, კერძოდ დავით ბერძენიშვილი, ღიად ამბობს, რომ „მაესტრო“ მარგინალიზდება და შესაძლოა, ხუბუტია-გოგელიას ევრაზიული ქართველების გემოვნების შესაბამისი გახდეს. ეს მაშინ, როცა იმ არხიდან ხალხი წავიდა იმიტომ, რომ იქ კოკა ყანდიაშვილი მიდის. კიდევ არაფერ შუაშია ხელისუფლება? იქნებ, განმარტოს ბატონმა საგანელიძემ, სად მუშაობდა ყანდიაშვილი აქამდე და ვისი მენეჯმენტის საქმეა მისი დესანტირება „მაესტროში“?

მოვეშვათ იმას, რა და როგორ ჰგონია აოცნებებულ „მემარჯვენეს“ და თვალი ჩავკრათ მის სივს: 18 წლის იყო, როცა სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, შემდეგ ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ორდინატურა გაიარა და 27 წლისამ ლენინგრადს მიაშურა და 1986-87 წლებში ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში იყო. ეჭვიან ხალხს რა ეჭვებიც გაუჩნდებათ, უჩემოდაც იცით და მე თავს არ შეგაწყენთ და განვაგრძობ მისი თავგადასავლის თხრობას: ლენინგრადიდან დაბრუნებულმა თბილისში, ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრში დაიწყო ექიმად მუშაობა და მუშაობდა 1999 წლამდე… შემდეგ კი თავი მიანება მედიცინას, თუმცა მზადება კაი ხნის დაწყებული ჰქონდა. ჯერ კიდევ 1995 წელს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე შევიდა და, ალბათ, მეორე კურსზეც არ იქნებოდა, „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი რომ გახდა, მესამე კურსზე გადასული „თიბისი“ ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად მოგვევლინა. 1997 წელს ბრიტანეთის ბინზესსკოლაშიც გაიარა კურსები, 1998 წელს ეკონომიკური რომ დაამთავრა, ახლა მეორე ფაკულტეტზე შევიდა იმავე ინსტიტუტში _ იურიდიულზე. ჰოდა, პირველი კურსი არც კი ჰქონდა დამთავრებული, როცა ქვეყნის კანონმდებლობაზე გაუჩნდა პრეტენზია და მოხვდა კიდეც 1999 წელს პარლამენტში. შემდეგ იყო „მემარჯვენეობა“. 2003 წელს გაყალბებული არჩევნებით მეორედ გახდა დეპუტატი, მაგრამ სააკაშვილმა არ შეარგო, გამორეკა. 2004-ში ისევ მოხვდა პარლამენტში. 2008-შიც მოხვდა პარლამენტში, მაგრამ ბოიკოტის ნიშნად არ შევიდა. დავით გამყრელიძეს აჰყვა და ეს ბოიკოტი სამდიპლომიან საგანელიძეს 2 წელი უსკამობად დაუჯდა, არადა, სად შეუძლია მას ამსიგრძე ბოიკოტი _ ჰა, ჰა ერთკვირიანი კიდევ ჰო. 2010 წელს საკრებულოს წევრი გახდა, მაგრამ ეს შეშვენოდა ამხელა ექიმ, ეკონომისტ და იურისტ კაცს? ჰოდა, დალანდა თუ არა ცის კამარაზე, შეკრა თავად კამარა და იფრინა ივანიშვილთან. მას მერე კი მოხვდა იქ, სადაც მოხვდა. ისიც გეხსომებათ, პოლიტიკიდან წასვლაზე რომ ალაპარაკდა? მერე გაიტრუნა. არის ახლა ის სადმე წამსვლელი? ერთი ქართლური ანდაზაა, _ გიჟი ქორწილში შევიდა, _ ჩემს სახლს ესა სჯობიაო…

 

                                                                                                     რეზო შატაკიშვილი