თხა და ბიძო

tt

შემოვიდა 2015 წელი და სადაცაა, მწვანე თუ ლურჯი თხაც შემობაკუნდება თანახმად აღმოსავლური ჰოროსკოპისა. ვინ აღმოჩნდება გიგო და ვის „ააყირავებს“, მაგას მიმდინარე 2015 წელს ვნახავთ.

ახლა, თუ იქიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ვინაა გართული კითხვით, დასკვნები თავად გამოიტანეთ _ ის „ინტელექტუალი“, როგორიც ილიას შემდეგ აღარ გვყოლია, ახლა ნიცშეს და ნიცშეს კრიტიკას კითხულობს და რაც მთავარია, არ ეთანხმება _ თავს აკანტურებს… ასე რომ, გამორიცხული არაა, მწვანე თხა სწორედ მას დაეტაკოს და ძალაუფლებაც და ნიცშეც დააყრეინოს. მაშინ იტყვის ზარატუსტრა, _ ოცნება მოკვდა!.. ვიდრე ზარატუსტრა რამეს ეტყოდა ბიძოს ჩვენსას, მას ნიკა რურუამ უთხრა: „რა ნიცშე, რის ნიცშე, მოდი, პინოქიოდან დაიწყე, ძმურად და ყველაფერი კარგად იქნება“.

თხა, აყირავება და გადაყირავება შემთხვევით არ გამხსენებია, გიგო და ნიცშე უბრალოდ თემატური სოუსი იყო, თორემ თხის წელიწადში მოხდა ზვიად გამსახურდიას სისხლიანი დამხობა _ დიახ, 1991 წელი თხის წელი იყო, სწორედ 1991 წელს დაიწყო ის პროცესი და დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს _ როცა ჯერ კიდევ თხის წელი იდგა ჯერაც. თხის წელს მოხდა ედუარდ შევარდნაძის უსისხლოდ, ხავერდოვნად გადაყირავებაც _ 2003 წელიც თხის წელი იყო. ასე რომ, თხის წელიწადი თავისთავად აჩენს ამ პარალელებს და ნაკლებსავარაუდოა, თხამ არ მოიწადინოს იმ ხელისუფლების აყირავება, რომლის მინისტრიც ძვლებიანად ყლაპავს ციკანს _ ქონდარში გამოყვანილს. აღმოსავლური ჰოროსკოპი იქით იყოს და როგორც ამბობდა ბიბლიური წინასწარმეტყველი ამოსი: „ვაი მათ და … რომელნი ჭამენ თიკანთა მწვართა…“

სანამ ოცნება „მოკვდება“, ანუ ძალაუფლებას დაკარგავს, აგერ „ნიუ-იორკ თაიმსში“ 8-გვერდიან ჩანართს აკეთებს და თავს იწონებს ამ 2 წლის შედეგებით. ამ მეოცნებეებს, რატომღაც, ჰგონიათ, რომ ეს კოლექტიური კანდელაკი მხოლოდ ქართულიდან თარგმნის ყველა ცოცხალ და არაცოცხალ ენაზე, არადა, translate.google -ის არ იყოს, კოლექტიური კანდელაკი ყველა ენიდან თარგმნის ყველა ენაზე, მით უმეტეს ინგლისურიდან ქართულზე და არც გაბაზრება უჭირს. აგერ, ბატონო, კახა ლომაიამ გამოაქვეყნა იმ 8-გვერდიანი ჩანართის ფოტოები. ეს ჩანართი სარეკლამო ყოფილა და ასე ჰქვია: „ქართული ოცნების მმართველი პარტია ეროვნულ ხედვას რეალობად აქცევს“. „ნიუ-იორკ თაიმსი“ იქვე გვაფრთხილებს, რომ „დანართი მომზადებულია სარეკლამო სააგენტო „ჰედკოკ ენდ ასოშიეთსის“ მიერ და მის მომზადებაში „ნიუ-იორკ თაიმსის“ თანამშრომლები არ მონაწილეობდნენ“. ესეც ასე და ახლა თავად განსაჯეთ, რა დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს ეს სარეკლამო ჩანართი. კარგად გაიხსენეთ ის ამბებიც, თუ როგორ გამოაქვეყნა უსუფაშვილმა ივანიშვილის ხოტბა International New York Times -ში. ახლა იმას არ იტყვით, რას წერს „ოცნება“ ამ 8 გვერდში? თურმე, ნუ იტყვით და „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში პენსიები 50%-ით გაზრდილა… ვის ატყუებენ _ დასავლეთს?! ამ სიცრუით უპირისპირდებიან „სიცრუის მანქანას“? სადამდე წავლენ სიცრუით და სად აქვს სიბრძნე იმ ბრძენი კაცის სიცრუეს? მართლა ვის ატყუებენ? დასავლეთს? თავის თავს? თუ ხალხს? მღვდელს ცოლი მოუკვდა და უმალავდნენო და ხალხმა არ იცის, რამდენს იღებს პენსიას და რამდენს იღებდა? თუ სჯერა, რომ 50%-ის დაანგარიშება არ იცის უმეტესობამ? ან დასავლეთი არ გადაამოწმებს? დასავლელი ხალხი, რა თქმა უნდა, არ გადაამოწმებს და ეჭვი მაქვს, არც ამ სარეკლამო ჩანართის კითხვით მოიკლავს თავს, მაგრამ ვინც საჭიროა, ის ხომ წაიკითხავს და არ გადაამოწმებს? ასეც რომ იყოს, „კანდელაკის სიცრუის კადილაკს“, რამდენადაც ვიცი, მოტორი არ „უსტუკებს“ და აცნობებს კიდეც _ კაპიკ-კაპიკ შეატყობინებს, რამდენით მოიმატა პენსიამ, აქეთაც გაგვაგებინებს, როგორ იტყუება „ოცნება“…

„ოცნება“ ხალხს გატყუებთ, თორემ თვითონ კი მშვენივრად ისრულებს ოცნებას. აგერ, ბატონო, როგორც გოგა ხაჩიძემ გაუფეისბუკა, იმ ხადურმა, რომელსაც 700 მილიონზე გაერღვა შარშან ბიუჯეტი, 2013 წლის ნოემბერში გამოუცია ბრძანება და თავიც წაუხალისებია და კიდევ 19 მაღალჩინოსანი მოხელეც _ აიფონ-ხუთები იჩუქეს, თავი დაიჯილდოვეს და თან რისთვის? _ „სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის“. როგორც ჩანს, ბიუჯეტი რომ ნაკერავზე გაერღვათ _ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულება ყოფილა. ასეა, ბატონო, თვითონ ციკანი, „აიფონ-5“ და ამომრჩეველს _ გალოკილ-მარკირებული თითი…

რაც იყო განვლილ 2014 წელს, ყველას კარგად გვახსოვს და რით შევხვდით ახალ 2015 წელს, ან ჩვენ ან ცივილიზებული მსოფლიო? ჩვენ ერთი ბეწო პრობლემა დაგვატყდა თავს _ დიდთოვლობა და ამასაც ვერ გაუმკლავდა ჩვენი ციკნიყლაპია ხელისუფლება. ღმერთმა ნუ ქნას და იმ პრობლემის წინაშე აღმოვჩენილიყავით, რა პრობლემის წინაშეც აღმოჩნდა საფრანგეთი, რაღა დაგვემართებოდა? იმ ფაქტმა, რაც პარიზში მოხდა, მთელი სამყარო შეძრა და შეაზანზარა. მთელი მსოფლიო დაირაზმა სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე და აქ, ჩვენში კი, ისევ გაისმა მაგიური „მაგრამ“, რომ თურმე ტერორიზმს გმობენ, მაააგრამ თავისუფლებასაც აქვს საზღვარი და არ შეიძლება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. რომც მიეყენებინათ ვინმეს რელიგიური გრძნობებისთვის შეურაცხყოფა, ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამოეხოცათ? ისე რამ დაგაბნელათ, რომ ამ შედეგის შემხედვარემ მაინც არ ატლიკინოთ ენა და არ იძახოთ „მაგრამ“? მაგრამ რა უნდა მოსთხოვო ხალხს, რომლის პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი ყარაჩოღელი _ მანანა კობახიძე _ სწორედ ამ „მაგრამს“ იშველიებს მუდამ და იქვე თემასაც გაშლის ხოლმე, იქნებ, დედა შეაგინაო? მოვეშვათ მანანა კობახიძეს, ქამრიან სონას და ყარაჩოღელებს. როდესაც ვსაუბრობთ გამოხატვის თავისუფლების ზღვარზე, რელიგიურ გრძნობებზე, იქნებ ვინმემ პასუხიც გვაღირსოს, რას გულისხმობენ ამ რელიგიურ გრძნობებში? საერთოდ, ვის და რას უკავშირდება ეს რელიგიური გრძნობები? რელიგიური გრძნობებით მორწმუნე ადამიანი განმსჭვალულია იმ ღმერთის, წმიდანების მიმართ, რომელიც სწამს. დიახ, თუ შენ უხამსად დამიხატავ უფალს, ან ღვთისმშობელს დამიხატავ პამელა ანდერსონივით, შენ შეურაცხყოფ ჩემს რელიგიურ გრძნობებს, რადგან ჩემი რელიგიური გრძნობები დაკავშირებულია მათთან, მაგრამ თუ ვინმე აკრიტიკებს, ან აქილიკებს რომელსამე მღვდელმსახურს, ან თუნდაც მთელ საპატრიარქოს, ეს რატომაა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა? მღვდლებთან, საპატრიარქოსთან გაკავშირებთ გრძნობები, თუ ღმერთთან? თუნდაც ამ შემთხვევაში ვინმემ ალაჰი დახატა, ან მუჰამედი? დახატეს უელბეკი! რომელიც აბოლებდა და ამბობდა, 2022 წელს რამადანს დავიცავო. ვისი რელიგიური გრძნობები იქნა შეურაცხყოფილი? და რომც ყოფილიყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ეს ამართლებს იმ ტერაქტს? ხალხის ხოცვას? ფანატიკოსები და გაიძვერები მუდამ ღვთის სახელს იშველიებენ და ისე სჩადიან ათასგვარ სისასტიკეს, არ დაგავიწყდეთ, სწორედ ქრისტეს „სიყვარულით“ შეაგდო კოცონზე ანტონ კათალიკოსმა „ვეფხისტყაოსანი“. სწორედ ქრისტეს სახელით ჩასცხო წიხლი და კბილები ჩააულეწა კურთხევისთვის ხლებულ ვახტანგ გორგასალს მიქაელ ეპისკოპოსმა… ასე რომ, როცა თუთიყუშებივით ვიმეორებთ „მაგრამს“, იმაზეც დაფიქრდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენს კარზეც მოვა აქლემი კი არა, ფანატიზმი, მოვლენ ფანატიკოსები და თქვენს მოკვლას რელიგიური გრძნობების დაცვით „გააპრავებენ“. თავისუფლება, რწმენის იქნება იგი, სიტყვის თუ გამოხატვის _ უზენაესია. ფუნდამენტალიზმი, ისლამური იქნება თუ „ტაბურეტკიანი“ _ უბინძურესია. „მაგრამებით“ ნუ ამართლებთ უზნეობას და სისასტიკეს!

და ეს საფრთხე რომ არც ისე შორია, ეგეც კარგად მოგეხსენებათ, თეა თუთბერიძეს რა დღე აყარეს პატრიარქის კრიტიკისთვის, ისიც გაიხსენეთ, არც ის დაგავიწყდეთ, რომ სწორედ „ქრისტეს სახელით“ გამოდგნენ „ტაბურეტკებით“ 17 მაისს, ტანზე იხევდნენ და იმ ავტობუსებს ახტებოდნენ, სადაც აქციის მონაწილეები აფარებდნენ თავს და გაქცევას ლამობდნენ.

ზოგადად, თუთიყუშობის თემა არათუ საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ამ ხელისუფლებისთვისაა ნიშანდობლივი, ამათ გუნდის ერთიანობა ასე ესმით, ყველამ ერთი და იგივე უნდა იმეოროს, თან თითქმის იდენტური სიტყვებით, წყობით, გზადაგზა მხოლოდ ჟღურტულის კოლორიტი თუ ემატება, ბესელია სხვა ხმით და ტემბრით გაჰკივის, წულუკიანი ძველ, არქაულ ფორმებზე ტალღავს და მოგვძახის, ვოლსკი ცეკავშირულ-ძველბიჭურ ვუალში ახვევს სათქმელს და ა. შ. მოკლედ, ბიძინას კარზე დიდად ფასობს თუთიყუშობა, ეს, რა თქმა უნდა, გადატანით, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ბატონს ნამდვილი თუთიყუშებიც ფრიად ჰყვარებია, ურეკში 30-მდე ჯიშის თუთიყუში ჰყოლია, თან დიდ პატივში და ამბობენ, რომ დიდი ინტერესით აკვირდება მათ. ეს ამბავი, იქნებ, არც დამეჯერებინა, ოლიკო ბაბლუანთან რომ არ მესმინა მისთვის. ხალებიანი ირმებიც ჰყოლია, სკატებიც, ლემურებიც… ზვიგენი, მე რომ მეგონა, 1 ჰყავდა, თურმე 7 ჰყოლია, ოდენ წუხს, პატარები არიან და ურეკში დიდ აკვარიუმს ვაშენებ, იქ დიდ ზვიგენებს მოვაშენებო. ზებრა და პინგვინი ხომ ჰყავს და ჰყავს. რაღა დაგიმალოთ და პინგვინის ყოლა გავიგე _ საყვარლად დაბაჯბაჯებს, ერთ რამედ ღირს, უყურო მას, ზებრაც გავიგე _ ლამაზია _ ერთ რამედ ღირს, თვალი შეავლო მის ნავარდს, ირმების ყოლაც ხომ საერთოდ… მაგრამ რატომ უნდა მოგინდეს ლემურების ყოლა? ან სკატის? მით უფრო მისი საკუთარი ხელით გამოზრდა? და მით უმეტეს ზვიგენის ყოლა? თუ მაინცდამაინც აკვარიუმი გინდა გქონდეს, გაუშვი, რა, დელფინები… ამ ყველაფრის მერე რაღა გასაკვირია, ბატონ ბიძინას თუთიყუშებიც უყვარდეს? მას ისე უყვარს ცხოველთა სამყარო და ამ სამყაროს რიგი სახეობები, რომ ძალზე მეეჭვება, მას აღმოსავლური ჰოროსკოპი დიდად მოსწონდეს. თუ ხუმრობას მივყოფთ ხელს, მას სხვა საოცნებო ჰოროსკოპი უფრო ეამებოდა, თუკი ცხენის წლის ნაცვლად იქნებოდა ზებრის წელი, კატის წლის ნაცვლად ლემურის წელი, დრაკონის წლის ნაცვლად _ ზვიგენის წელი, მამლის წლის ნაცვლად _ პინგვინის წელი, ასევე თუკი იქნებოდა ხალებიანი ირმის წელი, თუ ცხოველები შემოაკლდებოდათ, იქნებ, ძვლებიანად გადაყლაპული ციკნის (ხადურის პატივსაცემად) და დედლის ცალი ბარკლის წელიც (გუბაზას პატივსაცემად) ყოფილიყო…

კი, ვღლაბუცობ და მეტყვით, რა დროს ღლაბუცია, ქვეყანა თავზე გვექცევაო, მაგრამ რა ვქნა, აღარც ვიღლაბუცო, როცა აგერ ვინც რეალურად მართავს ქვეყანას, ოპოზიციას კი არა, ნიცშეს ეკამათება? მე რა უნდა ვქნა? აგერ ბიძო და აგერ თხის წელი, ვნახოთ, ვიხილავთ თუ არა „თხა და ბიძოს“…

 

რეზო შატაკიშვილი