დისციპლინური სახდელის დაკისრება, თუ მორჩილი მასწავლებლის არსებობის გარანტია?

ww

31 დეკემბერს „საკანონმდებლო მაცნეში“ „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მასწავლებელს შესაძლოა, დისციპლინური სახდელი დაეკისროს. წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, სახდელის სახეებსა და ადგენს დისციპლინური წარმოების წესს. კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს კერძო სკოლა განსაზღვრავს.

ბრძანების თანახმად, მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა: „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული, ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა. ამასთან, მასწავლებლის სხვა დისციპლინური გადაცდომები შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.

მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომებიდან ერთ-ერთის ჩადენის დისციპლინური წარმოების შედეგად დადასტურების შემთხვევაში, შეიძლება მას დაეკისროს ერთ-ერთი დისციპლინური სახდელი.

ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით,  დისციპლინური სახდელებია: შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური; სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური სახდელის სხვა სახე კი შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.

ბრძანების თანახმად, ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება მასწავლებელს დაეკისროს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც პირის პატივსა და ღირსებას ლახავს. ასევე, დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი კი შეიძლება იყოს მოსწავლის, მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს; ასევე წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა, ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

მასწავლებელს უფლება აქვს, დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით, თუმცა დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

ბრძანების თანახმად, დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

დისციპლინური სახდელის მოქმედების მაქსიმალური ვადაა ერთი წელი. ვადის გასვლის შემდგომ ან ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მასწავლებელს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან, ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.

„ქრონიკა+“ განათლების მინისტრის ბრძანებულების ანატომიაზე ა/ო „საგანმანათლებლო ალიანსის“ დამფუძნებელს, მარიამ რამინაშვილს ესაუბრა:

_ ვფიქრობ, განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს წინასაახალწლოდ სახიფათო სიახლე მიუძღვნა. მინისტრის 31 დეკემბრის ბრძანება, როგორც დოკუმენტი, აგრძელებს ტრადიციას, იყოს გაუმართავიც და შეურაცხმყოფელიც. უპირველესად, ასეთი დოკუმენტები კვლევას ეფუძნება და იმ ხარვეზების პრევენციას მოიცავს, რომელიც დაწესებულებათა უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი. მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის გადაცდომათა ნუსხაში კი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საჯარო სკოლაში ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მიღების შემთხვევაში, ასევე, შინაგანაწესის შეუსრულებლობისას განსახორციელებელ ღონისძიებებს სახდელის დაკისრების თვალსაზრისით (ეს „არაჯეროვანი“ ძალიან ფარდობითი სიტყვაა და ვინ რას გულისხმობს, ცალკე განმარტებებს ითხოვს).

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვის შეუძლია იყოს დისციპლინური წარმოების წამომწყები: „მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა“; ეს უკანასკნელი მანდატურია, გაუგებარია, რა საჭირო იყო ამხელა წინადადების ჩაწერა?

კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ციტატა: „მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა“. რადგან ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ძალაშია, ის უკვე მოქმედებს და გადაითვალეთ უკან სამი წელი, არც კი ვიცი, ამაზე რა უნდა გითხრათ?!

მოკლედ, მასწავლებლებო, SOS! დისციპლინური წარმოების წესის „შიგთავსი“ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და, შესაბამისად, მოსაზრება, რომ ამ წესის აუცილებლობა კონკრეტულ მიზნებს ემსახურება, რეალობასთან ძალიან ახლოსაა.

კერძოდ, მუხლი 3 ჩამოთვლის დისციპლინური გადაცდომებისთვის დაკისრებულ სახდელებს და მიანიშნებს, რომ სხვა რამ შესაძლებელია, შინაგანაწესით დარეგულირდეს, რაც, თავის მხრივ, აჩენს კითხვას, _ თუ ეს შესაძლებელია (შინაგანაწესითაც დარეგულირდეს), მაშინ რატომ გაჩნდა საჭირო ამ მუხლში მე-2 ქვეპუნქტის არსებობა? ან როგორ შეიძლება ასე ცენტრალიზებულად და, ამავე დროს, ქაოსურად განხორციელდეს დისციპლინური გადაცდომების აღმოფხვრა?!. თუ სკოლები შინაგანაწესში სხვა რამესაც დაამატებენ, მაგ.: სიტყვიერი გაფრთხილება პირადად; 2. სიტყვიერი გაფრთხილება პედსაბჭოზე; 3. წერილობითი გაფრთხილება… 15. შენიშვნა, ეს სხვადასხვა სკოლაში არათანაბარ სიტუაციაში აღმოაჩენს პედაგოგს, ანუ: ვიღაცას პირველივე გადაცდომაზე ექნება შენიშვნა, ვიღაცისთვის შენიშვნა იქნება მე-15 გადაცდომაზე და ა. შ. და ეს დამოკიდებული იქნება ერთმნიშვნელოვნად დირექციასა და მის განწყობაზე პედაგოგიური კოლექტივის მიმართ, რაც, ვფიქრობ, სუბიექტური ბერკეტით აღჭურვავს დირექტორს და პედაგოგის შანტაჟის იარაღად გადაიქცევა. ამას განსაკუთრებით ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სიმძიმის მიხედვითაა შესაძლებელი სახდელების შერჩევა და არა რიგითობის. სიმძიმის ახსნა ფარდობითია და სუბიექტურიც შესაბამისად.

ასევე, დისციპლინური წარმოების წესის ერთი უცნაური და საშიში ჩანაწერი:

„მუხლი 5. დისციპლინური წარმოების დაწყება:

1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს“.

ბრძანების მიხედვით, მასწავლებელი პასუხს აგებს იმაზეც, რომ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს და შეიძლება მისი ქმედება განხილული იყოს, როგორც დისციპლინური გადაცდომა _ პირველ რიგში, ეჭვს იწვევს ან დირექტორში ან სამეურვეო საბჭოს წევრებში; ამას ამავე მუხლის შემდეგი პუნქტი აკონკრეტებს _ ეს პირდაპირ არის დირექტორის მხრიდან მასწავლებელზე ზემოქმედების შესაძლებლობა, მასწავლებელი მუდმივად გახდება დირექტორის მუქარის მსხვერპლი, მაშინაც კი, როცა არაფერი ჩაუდენია, მაგრამ გარემოება ეჭვს გამოიწვევს დირექტორში(!) _ ეს იქნება მორჩილი მასწავლებლის არსებობის გარანტია.

აქვეა ძალიან სახიფათო ჩანაწერიც _ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია _ ეს, ალბათ, სოციალურ ქსელებში მასწავლებლების მიერ გაკეთებულ კომენტარებს გულისხმობს, ან პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. და, რაც მთავარია, „შეიძლება ჩაითვალოს“ გადაცდომად, ანუ დირექტორმა ჩათვალოს. ეს რა უბედურებაა?! და სადაა კონსტიტუციით გათვალისწინებული პირად ცხოვრებაში ჩაურევლობა, თუ იგულისხმება, რომ მერე იჩივლოს მასწავლებელმა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ სიმართლის დამტკიცებას წლები დასჭირდება.

მოკლედ, მასწავლებლებო, ის გამახსენდა, იმ „ცხრაწლიანი რეჟიმის“ დროს როგორ ვერ ვურთიერთობდით ტელევიზიებთან და აი, უკვე, სანქცირებულად, „თავისუფლადაც ამოვისუნთქეთ“.

მე მაინც ვფიქრობ, ეს ყველაფერი უფრო უარყოფითი პროცესის წინაპირობაა. ზოგადად, მასწავლებელი ხომ არაფერს აპროტესტებს!

სახიფათოა და საშიშიც ამ მუხლის მე-6 პუნქტი. კერძოდ, რას ნიშნავს „სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი?“ და აქვე, კანონით, სკოლას მესამე პირთან ურთიერთობაში წარმოადგენს დირექტორი, ე. ი. სკოლას დასაბუთებული ინტერესი აქვს, იგულისხმება დირექტორს აქვს დასაბუთებული ინტერესი, თან სასკოლო დროიდან თავისუფალ და არასასკოლო ტერიტორიაზე ჩადენილი ქმედებისთვის?

ასევე მე-7 ქვეპუნქტი… შეიტანება პირად საქმეში _ რომელ პირად საქმეზეა, ნეტავ, საუბარი და რისთვის უნდა იყოს ის გამოყენებული მომავალში, ამის რეგულაცია სადმე არის?

ერთი რამ კი ცხადია, ყოველივე ეს სცდება არაკომპეტენტურობის ფარგლებს და მიზანმიმართულ ქმედებას ჰგავს; განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მასშტაბით დირექტორების 70% სამინისტროს ხელდასხმულია და სკოლის უნდობლობას იმსახურებს. ეს ცენტრალიზებული მართვის მოდელია და უფრო მნიშვნელოვნის გასაკეთებლად დაწყებული მზადებაა _ მასწავლებელმა ხმა ვერ ამოიღოს ვერაფერზე ვერასდროს. ასეთი მიდგომა უკვე სახიფათოც აღარაა, საშიშია! ამიტომ ყურადღებით, მასწავლებლებო! მერე გვიანი არ აღმოჩნდეს!

_ ზემოაღნიშნულის გარდა, კიდევ თუ გაქვთ კონკრეტული შენიშვნები მინისტრის ბრძანების შინაარსთან დაკავშირებით?

_ გადაცდომათა ნუსხის ჩამონათვალში გვხვდება ჩანაწერი _ სკოლის, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე… ტოქსიკური საშუალებების მიღება/ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ სამსახურში გამოცხადება; ვფიქრობ, ეს არის მასწავლებელთა შეურაცხმყოფელი ფრაზა, როგორც პიროვნულად, ისე ინსტიტუციურ დონეზე. ნებისმიერი, განსაკუთრებით სამინისტროს მიერ შექმნილი რეგულაცია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მინისტრის ბრძანებაა), ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ასეთი შინაარსის ფორმულირებას, რადგან მასწავლებლის ავტორიტეტი პირდაპირ განაპირობებს სკოლისა და სისტემის წარმატებულ ხასიათს, ასეთი ჩანაწერი კი სწორედ მასწავლებლის ავტორიტეტს ლახავს და მასწავლებელში აგრესიას, საზოგადოებაში კი ამ ადამიანების მიმართ უნდობლობას იწვევს. არ იყო აუცილებელი ამის ჩაწერა, რადგან მსგავსი ქმედებისთვის ისედაც არსებობს დასჯის მექანიზმები; გარდა ამისა, ვთქვათ, გამოვლინდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ დისციპლინური სახდელით უნდა შემოიფარგლონ და თუნდაც სკოლიდან გაუშვან, სხვა ტიპის სახდელი არ უნდა შეეფარდოს? (ანუ სკოლამ, შესაძლოა, დამალოს დანაშაული?) და თუ სხვა ტიპის სახდელი შეეფარდება, მაშინ მასწავლებელს ზოგადი განათლების შესახებ კანონით ისედაც აღარ აქვს უფლება, განახორციელოს პედაგოგიური საქმიანობა. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, ასეთი წესის შემუშავების პრაქტიკა გულისხმობს გარკვეული კვლევების შედეგების გათვალისწინებას და რეგულაციის მექანიზმები _ კვლევის შედეგად გამოვლენილი რისკქცევების პრევენციას _ ანუ საზოგადოების დიდ ნაწილს რჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი შემთხვევები სკოლაში ხშირია და გაჩნდა რეგუალაციის ფორმაც.

წესი ხაზს უსვამს _ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით დისციპლინურ სახდელებს, თავისთავად კი, როგორ უნდა მოხდეს გადაცდომის შეფასება და სიმძიმის ძალის განსაზღვრა, არსადაა ახსნილი _ ანუ შესაძლებელია, ნებისმიერი გადაცდომა შეფასდეს, როგორც `მძიმე~ და გამოიტანოს სახდელის ბოლო ვარიანტი _ სამსახურიდან დათხოვნა. ასეთი ორაზროვანი და ფარდობითი ჩანაწერები აჩენს სუბიექტური მოსაზრებების განხორციელების საფრთხეს და, შესაბამისად, მასწავლებელიც კარგავს სტაბილურობის განცდას (უფრო სწორად, უმძაფრდება არასტაბილურობის განცდა) რაც, საბოლოოდ, აისახება მოსწავლესა და მის სასწავლო შედეგებზე.

განსაკუთრებით სახიფათოა ამ წესის მე-5 მუხლის შემდეგი პუნქტები. თითოეული მათგანი პირდაპირ შეიცავს მუქარას:

„6. დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს, ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი“.

მოკლედ, კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ სკოლას მესამე პირთან ურთიერთობაში წარმოადგენს დირექტორი. მაშასადამე, „სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი“, გულისხმობს, რომ დირექტორს აქვს დასაბუთებული ინტერესი _ ვინ, სად და რომელი წესითა თუ კანონით უნდა განსაზღვროს, რა არის ან შეეწინააღმდეგოს ვინმეს, რომ არ არის დასაბუთებული ინტერესი? ე. ი. გაბმული, სწორად ჩამოყალიბებული ნებისმიერი აზრი დირექტორმა შეიძლება წარმოადგინოს როგორც დასაბუთებული ინტერესი და სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ მასწავლებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ჩათვალოს გადაცდომად და დაიწყოს მასზე დისციპლინური წარმოება? ეს არის პირად ცხოვრებაში ჩარევის დასაბუთება და არგუმენტაცია და თუ ამას იმ კონტექსტში განვიხილავთ, რომ ამავე წესის მე-19 მუხლით: მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა _ ადამიანს მასწავლებლობა თვითონ აღარ მოუნდება. საშიში ჩანაწერია, რადგან ავადხსენებულ 37-იან წლებშიც დასაბუთებული ინტერესი ჰქონდა მავანს და რეპრესიებიც ამ ე. წ. დასაბუთებული ინტერესის შედეგად ხდებოდა ხოლმე. ვფიქრობ, რომ ეს წესი შეიძლება მასწავლებელთა რეპრესირების საფუძველი გახდეს.

„7. მასწავლებლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეიტანება მის პირად საქმეში“.

საბჭოთა სკოლის შემდეგ მასწავლებლის პირადი საქმე, როგორც მისი დასჯისა თუ წახალისების დოკუმენტი _ კანონის ან წესის დონეზე, არავის გამოუყენებია, ამიტომ ვერ ვხვდები, რომელ პირად საქმეებზეა საუბარი, ან რა გავლენა ექნება მათ შემდგომ კარიერულ წინსვლაში? თუ იგულისხმება პორტფოლიო, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იყო ეს ჩაეწერათ, თუმცა უფრო მგონია, რომ სულ მალე ოფიციალური დოკუმენტაციის ნუსხისა და მათი წარმოების წესსაც შემოგვთავაზებს სამინისტრო და უფრო დეტალურად მაშინ გავარკვევთ, რას გულისხმობდა მავანი; რასაკვირველია, ეჭვიც არ მეპარება, რომ მასწავლებლისთვის სასიკეთოს არაფერს.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, წესი აგრეთვე დეტალურად განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი:

„1. ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა“;

ამ პუნქტში ყველაზე სახიფათო ის მომენტია, რომ ზეპირი ინფორმაცია _ „ყურში ჩურჩული“, შეიძლება გახდეს საფუძველი მასწავლებლის დისციპლინური დევნისა, რაც დაუშვებელია დემოკრატიულ სისტემებში  და რაც ასევე ძალიან ჰგავს 37-იანის რეპრესიებს. ეს შექმნის ბევრ არაობიექტურ პრეცედენტს, ვინადან ზეპირი ინფორმაციებს მიწოდება მიმწოდებელს  პასუხისმგებლობას არ აკისრებს და ამით ეს მექანიზმი შეიძლება გადაიქცეს დასმენის გზით პირადი ანგარიშსწორების საშუალებად.

ამასთან, სკოლის ხელმძღვანელობისთვის მარტივი ხდება არასასურველი კადრების მოშორება.

მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დისციპლინური წარმოების დაწყება არის პროკურატურის საქმიანობის ანალოგის გადმოტანა განათლების სისტემაში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი თავისთავად არეგულირებს დისციპლინური წარმოების წესს, სადაც ადმინისტრაციული წარმოების ყველა დეტალი გათვალისწინებულია, ხოლო პროკურატურის პროცედურების გადმოტანა განათლების სისტემაში მიზნად ისახავს  ადმინისტრაციული წარმოებისთვის სისხლის სამართლის პროცესისთვის დამახასიათებელი სიმძაფრის შეძენას, რაც, ვფიქრობ, მასწავლებელთა დაშინებას მოემსახურება.

რაც შეეხება თავად დისციპლინური კომიტეტის უფლებამოსილებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთ მხრივ, კურიოზული მდგომარეობა იქმნება და, ამავდროულად, სახიფათო და საშიშიც არა მარტო მასწავლებლისთვის, მთლიანად სახელმწიფოსთვის. კერძოდ, ჯერ კიდევ 2012 წელს მინისტრის მოქმედი მოადგილე ლია გიგაური, რომელიც გახლავთ სკოლის დისციპლინური კომიტეტის გზამკვლევის ავტორი, წერდა (გვ.40):

„თუ გვინდა, რომ სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა რეალურად შეასრულოს თავისი როლი დისციპლინური გადაცდომების შემცირებასა და პოტენციური დარღვევების პრევენციაში, დაუშვებელია ისეთი რეგულაციების შემოღება:

_ რომლის განხორციელებაც გართულდება ან შეუძლებელი იქნება;

_ რომლებიც კიდევ უფრო დაძაბავს სკოლის წარმომადგენელ კონკრეტულ პიროვნებებსა თუ ჯგუფებს შორის ემოციურ კლიმატს;

_ რომელიც გაამძაფრებს სუბიექტების აგრესიას, დაპირისპირებებს;

_ რომელიც გამოიწვევს უფრო სერიოზული დისციპლინური დარღვევების ან/და დანაშაულის ინიცირებას;

_ რომელიც გამოიწვევს სკოლაში საგაკვეთილო პროცესის მოშლას;

_ რომელიც დაამძიმებს სასკოლო გარემოს“.

რომელსაც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, თუმცა გაურკვეველია ამ ფონზე ამ წესში გაჩენილი რეგულაცია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია:

„ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს“.

როგორ წარმოგვიდგენია, რომ დისციპლინური კომიტეტის წევრები: თანაბარი რაოდენობით _ მშობელი, მასწავლებელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე _ მასწავლებლის გადაცდომის შემოწმებისას, შესაბამისი სიმძიმის სახდელის მინიჭების განსასაზღვრად _ დაათვალიერებს შემთხვევის ადგილს, დანიშნავს ექსპერტიზას, შეაგროვებს მტკიცებულებებს _ ე. ი. თუ საჭიროა, ჩვენებას ჩამოართმევს ვინმეს… რა შეიძლება დავარქვათ ამას?! ეს პუნქტი გარანტიაა ზემოხსენებული გზამკვლევის ყველა პუნქტის შესრულებისა, რომელიც, სულ ცოტა ხნის წინათაც კი, საშიშად და დაუშვებლად მიაჩნდა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

რაც შეეხება კურიოზს _ არის თუ არა ეს კურიოზი, ამისთვის ერთი ქეისი საკმარისია; მასწავლებელმა და მეზობელმა რომ იჩხუბეს და დისციპლინური კომიტეტის წევრი მოსწავლე რომ მიდის და ათვალიერებს შემთხვევის ადგილს! ეს არის უმსგავსობაც, ცინიზმიც, კურიოზიც, არაკომპეტენტურობაც და, საერთოდ, რაღაც ახალი, რომელიც სჭირს ჩვენს სამინისტროს და ჯერ მისი სახელი არ ვიცით…

_ რამ გამოიწვია მსგავსი სულისკვეთების ბრძანების მიღება, რისკენ არის ეს მიმართული?

_ აღნიშნული წესის პრაქტიკაში განხორციელება შეიძლება შეფასდეს, როგორც საბჭოთა განათლების რეინკარნაციის მცდელობა და სკოლებში სამინისტროს უპირობო გავლენის აღდგენა. ამ რეგულაციებით შეძლებენ, მასწავლებელი დააყენონ არჩევნის წინაშე: ან თავისუფლად აზრის გამოხატვა ნებისმიერ უმსგავსობაზე, რომლის მთელი სერია აქვთ დაგეგმილი, ან სამსახურის შენარჩუნება. ამ შესაძლო ვარიანტებიდან კი ძნელი გამოსაცნობი არაა, რომელს აირჩევს ისედაც სოციალური გაჭირვების პიკზე მყოფი პედაგოგთა კორპუსი.

რაც შეეხება დაგეგმილ უმსგავსობებს _ ესენი გახლავთ სწორედ ის აქტივობები, რომელზე უკვე კარგა ხანია, ვსაუბრობ _ არასწორად დაგეგმილი პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა, რაც ძალიან ბევრ გაუგებრობასა და პროტესტს გააჩენს პედაგოგებში. ამის გარდა, სახელფასო პოლიტიკის ინერტულობა, რომლის ნაწილი ბიუჯეტში უკვე აისახა და, ალბათ, ასევე აპირებენ გაგრძელებასაც. აღნიშნული წესით შესაძლებელი იქნება, გააჩუმონ მასწავლებელი და შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ამ წესის წყალობით ჟურნალისტებს რესპონდენტიც კი აღარ ეყოლებათ პედაგოგების შემადგენლობიდან კრიტიკული, ან, სულაც, განსხვავებული მოსაზრების დასაფიქსირებლად. ის, რომ წესი გარკვეულ უხერხულობებს გააჩენდა, დარწმუნებული ვარ, თავად სამინისტროს წარმომადგენლებიც ივარაუდებდნენ, ამიტომაც ისეთ დროს მიიღეს (30.12.2014), როცა ამაზე ყურადღების გამახვილება ნაკლებმოსალოდნელია და პროტესტის დასაფიქსირებლადაც ძნელი _ საახალწლო განწყობისა და ზამთრის არდადეგებიდან გამომდინარე, სკოლებში პედაგოგების გამოცხადება ქაოსური და უსისტემოა ყოველთვის.

_ ბრძანებთ, რომ ასეთი დოკუმენტები, ძირითადად, კვლევას ეფუძნება და მოიცავს იმ ხარვეზების პრევენციას, რომელიც დაწესებულებათა უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი; რომელ ხარვეზებს გამოყოფთ?

_ ასეთი ერთგვაროვანი ჩამონათვალის გაკეთება შეუძლებელია. ამიტომაცაა ეს დოკუმენტი შეცდომა, რომ ცდილობს, ყველა სკოლა ერთი რეგულაციის ფორმაში მოაქციოს. სკოლა არის ცოცხალი ორგანიზმი, თავისი მახასიათებლებით _ აქვს თავისი პრობლემა და წარმატება, რომელიც არ განზოგადდება. ზოგან უპასუხისმგებლობის მაღალი მაჩვენებელია, ზოგან წახალისებისა და მოტივაციის დაბალი ხარისხია. ეს ყველამ თავად უნდა გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს. რაც მთავარია, სკოლას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური დირექტორი, რომელიც გეზს თავად მოძებნის და განახორციელებს ყველაზე ადეკვატურ პრევენციას თავისი პრობლემების გადასაჭრელად.

_ ამავე კონტექსტში რომ ჩამოვაყალიბოთ, _ არსებული პრობლემები როგორ უნდა გადაიჭრას, რათა სასკოლო სისტემამ თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხოს?

_ პირველ რიგში, სახელმწიფომ ნორმალური კვლევების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. თუნდაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად დისციპლინური წარმოების წესს ვგულისხმობ. გამოიკვლიოს, როგორ მუშაობს სკოლებში დისციპლინური კომიტეტები, არის თუ არა ფიქცია, ან რა ტიპის გადაწყვეტილებები აქვს გამოტანილი და როგორ აისახა ისინი სკოლის ცხოვრებაზე? დაადგინოს, რომელ სეგმენტში სჭირდება დახმარება _ მიაწოდოს გზამკვლევები, ჩაუტაროს ტრენინგი და დაეხმაროს შესაბამისი შინაგანაწესების შექმნასა და დოკუმენტით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვაში და არა თავად მიაწოდოს უნიფიცირებული ფორმები და სცადოს მათი ცენტრალიზებული მართვა. სკოლებს უნდა ჰყავდეს არა მინისტრის დისკრეციით, სამეურვეო საბჭოების დაწუნებული კანდიდატები, დანიშნული დირექტორები, არამედ უნდა შეძლოს სამინისტრომ/სახელმწიფომ ისეთი რეგულაციების შექმნა, რომ სკოლაში იმთავითვე იყოს თანამშრომლობითი გარემო და ნდობის მაღალი ხარისხი. მერწმუნეთ, გუნდური მუშაობის პრინციპს პლუს კომპეტენტური დირექცია/დირექტორი, დავამატოთ თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების  შესაძლებლობა _ არის ის, რითაც სკოლა თავისუფლად გასცემს ადეკვატურ პასუხს ყველა თანამედროვე გამოწვევას.

_ ამ ფონზე როგორ შეიძლება შეფასდეს სამინისტროს მუშაობა?

_ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტრო ცდილობს გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რითაც უფრო მეტად შეზღუდავს სკოლის თავისუფლებას, დააკნინებს სკოლისა და პედაგოგიური კორპუსის ავტორიტეტს, წაართმევს დამოუკიდებლობას. შესაბამისად, საგანმანათლებლო სისტემა ნელ-ნელა ჩამოიშალა და სრული კატასტროფის წინაშეა _ გახშირდა ისეთი ტიპის დარღვევები, რომელიც 90-იანი წლების ბოლოსათვის იყო დამახასიათებელი. დემოტივირებულია მასწავლებელი, უსისტემოა რეფორმების განხორციელებასთან მიდგომები, უკიდურესად დაბალია სოციალური ფონი რეალურ ყოფასთან შესაბამისობაში, ინდიფერენტულია მოსწავლე და უნდობლობითაა განწყობილი მშობელი. ეს არის საშიში რეალობა, რომელსაც ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს.

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მათ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.

 

გელა მამულაშვილი