ვინ შეიტანს საკანონმდებლო ორგანოში „ბიძინას ბანქოს?!“ (ფოტოები)

sa

 

წინასაახალწლო დღეებში პარლამენტის სხდომაზე გაჩაღებული მუშტი-კრივის შემდეგ თავიანთი წილი შენიშვნები თანამოაზრეებსა და თანამებრძოლებს უკვე მისცეს ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა.

ამ შემთხვევაში ბიძინამ მიშას დაასწრო: უმრავლესობის წევრები რესტორანში შეკრიბა და სხვადასხვა საკითხებთან ერთად, რომელიც უკვე აღწერა „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, პარლამენტში გაჩაღებული ჩხუბის შესახებაც დაასველა სიტყვა.

ბიძინასგან შენიშვნა მთლიანად უმრავლესობამ, პერსონალურად კი ზვიადაურმა და ჯაჭვლიანმა მიიღეს. ჩვენი წყაროს ცნობით, ბიძინას ზვიადაურისთვის წკეპლა გადაუკრავს _ რამხელაც ხარ და რა სახელიც გაქვს, იმის ნახევარი ჩხუბიც არ გცოდნიაო, ხოლო დანარჩენები ასევე გაუკრიტიკებია, _ თუ გა**აკების თავი არ გქონდათ, რას ა**აკებდითო? თუ მაინცდამაინც ჩხუბის გარეშე არ გამოდიოდა არაფერი, მაშინ უნდა გეცემათ კიდეცო, _ უთქვამს ბიძინას, ხოლო სოსო ჯაჭვლიანისთვის უსაყვედურია, _ ის მანდატური რომ დააგორე კიბეებზე, რას ერჩოდი, რას გიშავებდა და თუ უნებლიეთ მოგივიდა, რატომ არ გაუწოდე ხელი და წამოაყენეო? ჯაჭვლიანს თავი უმართლებია, _ უნებურად მომივიდაო.

მოკლედ,  „ქართული ოცნების“ ჩხუბისუნარიანობით ბიძინა მაინცდამაინც მოხიბლული არ დარჩენილა.

არც მიშა სააკაშვილი სწევია ცას თავისიანთა მოკრივეობით. ორომტრიალის ინიციატორს, კაკო ბობოხიძეს, „სკაიპით“ საქმის გარჩევისას პერსონალური შენიშვნაც კი მიუღია მიშასგან, _ რა უნდა მომხდარიყო, იმ დღეს რომ ჰაკიმ ფაშას ბრიფინგის გამო ატეხილი აჟიოტაჟი გადაფარულიყო და შენ ეგ მოახერხეო. სამაგიეროდ, მიშას „ნაციონალები“ ერთად დგომის გამო შეუქია, განსაკუთრებით კი გოგა ხაჩიძისთვის უტყაპუნებია ვირტუალურად მხარზე ხელი, _ ბობოხიძეს რომ გადაეფარე, კარგად მოიქეციო, საუბრის მეორე ნაწილი კი ერთ დროს „ნაციონალის“, ქუთაისში პორტზე მეოცნებე დეპუტატის ახლო თუ შორი წინაპრების არცთუ თავაზიან მოკითხვებს დათმობია. ამ ჩართვით სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში მიმდინარე ნებისმიერი მოვლენა დაწვრილებით აქვს გაანალიზებული და ყველაფრის საქმის კურსშია…

იმის მიუხედავად, გამარჯვებად ჩავუთვლით თუ დამარცხებად პარლამენტში ჩხუბს, რასაკვირველია, „ნაციონალები“ უარს არ ამბობენ უმრავლესობიდან კოლეგებისთვის უსიამოვნო სიურპრიზების მოწყობაზე და ამას მომავალშიც აპირებენ.

ახლა პარლამენტის სხდომები არ ტარდება, მაგრამ როგორც კი სესიები განახლდება, უმრავლესობის წევრებს „ნაციონალებისგან“ ერთი დიდი სიურპრიზი ელით:

„ქრონიკა+“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს „ნაციონალი“ კოლეგები პარლამენტის სამუშაო პულტთან თითო დასტა „ბიძინას ბანქოს“ დაახვედრებენ.

„ბიძინას ბანქოს“ შესახებ ასევე ექსკლუზიურად „ქრონიკა+“ წერდა და აღნიშნავდა, რომ სოციალურ ქსელში ფრიად პოპულარული ბანქოს შეკვრა, ნომინალებზე დატანილი „ოცნების“ წევრებისა და მასთან დაკავშირებული პირების გაშარჟებული ფოტოკოლაჟებით, მალე საცალო გაყიდვაში გამოჩნდებოდა თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც. მაშინ ეს ბევრს სასაცილოდ არ ეყო, მაგრამ „ბიძინას ბანქო“ მართლაც შემოიტანეს თბილისში და უკვე იყიდება.

ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველები, ვინც „ბიძინას ბანქოს“ შემომტან ფირმას და კრეატივ-ჯგუფს დიდი პარტია დაუკვეთეს, სწორედ „ნაციონალები“ იყვნენ, მათთან დაწერილი სცენარის იდეის ავტორი კი გოგა ხაჩიძეა _ პარლამენტის წევრებს დასტა მაგიდაზე უნდა დახვდეთ, გაშლიან, აათვალიერ-ჩაათვალერებენ და თავიანთ თავსაც და მეგობრებსაც ზედ ნახავენ…

ერთი შეხედვით, თითქოს, უწყინარი ხუმრობაა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს მოქმედება „ოცნებამ“ პროვოკაციად აღიქვას, მასზე წამოეგოს კიდეც და საგაზაფხულო სესიაზე მუშტი-კრივის ახალი სერია ვიხილოთ. სოსო ჯაჭვლიანს იუმორს გააგებინებს კაცი?

 

                                                                                           დოროთე გითოლენდია

ტ1

ტ2

ტ3

ტ4

ტ5

ტ6

ტ7ტ8ტ9ტ10ტ11ტ12ტ13ტ14ტ15