ბატონო ბიძინა, „ქართულ ოცნებას“ აშენებთ თუ „Единая Россия“-ს?!

ewew

თითქოს ყველაფერი მარტივად დალაგდა, მაგრამ ამ გარიგების ავტორებს საკუთარი გავლენების დალაგებისას გამორჩათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი _ გასული წლის გაზაფხულზე „როსნეფტი“ იმ კომპანიებს შორის მოხვდა, რომელსაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. აშშ-ს სანქციების ქვეშ მოხვდნენ „გაზპრომი“, „ლუკოილი“ „ტრანსნეფტი“ და „გაზპრომნეფტი“. „როსნეფტის“ პარტნიორის, Exxon -ის დანაკარგმა ამ სანქციებიდან 2 მილიარდი დოლარი შედგინა. 2014 წლის აპრილში სანქციები „გაზპრომის“ პრეზიდენტსა და „როსნეფტის“ გენერალურ დირექტორსაც შეეხოთ. ინფორმაცია ამის შესახებ გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ  New York Times -მა გაავრცელა (სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გამოცემაში მხოლოდ საკუთარ სარეკლამო სტატიებს კითხულობს) ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, აშშ ახალ სანქციებს დაუწესებს პუტინთან დაახლოებულ რამდენიმე პირს და ასევე რამდენიმე კომპანიას. მათ შორის არიან „როსნეფტის“ პრეზიდენტი იგორ სეჩინი და „გაზპრომის“ დირექტორი ალექსეი მილერი. სანქციები ითვალისწინებს მათი აქტივების გაყინვას და ამერიკული კომპანიებისა და მოქალაქეების მიერ „შავ სიაში“ მოხვედრილ ადამიანებთან ბიზნესის წამოწყების აკრძალვას. ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ სანქციები შეიძლება შეეხოს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასაც. სანქციები დააწესა ასევე ევროკავშირმაც. სხვათა შორის, „შავ სიაში“ მოხვედრილ ადამიანებთან და კომპანიებთან ურთიერთობის გაწყვეტის ვალდებულება პირადად ბიძინა ივანიშვილსაც აქვს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, საფრანგეთის მოქალაქეა.

სწორედ მაშინ, როცა ყაზახეთში პატივცემული გვამები ენერგეტიკის მინისტრთან ერთად საქართველოში „როსნეფტის“ შემოყვანაზე და მასთან ურთიერთობის დალაგებაზე ბჭობდნენ, კომპანიას უცხოური სანქციების გამო სერიოზული ფინანსური კრიზისი დაეწყო, იმდენაც მძიმე, რომ დეკემბრის დასაწყისში „როსნეფტმა“ ბირჟაზე გასაყიდად ობლიგაციები გამოიტანა. უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანია იძულებული გახდა, 600 მილიარდი რუბლის ობლიგაცია გაეყიდა, რაც დღევანდელი კურსით 11,6 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია. კომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ მთავრობისგან პროექტების დასაფინანსებლად 2 ტრილიონ რუბლს მიიღებდა, მაგრამ დღეის მდგომარეობით მთავრობის ინვესტიცია არ განხორციელებულა და „როსნეფტი“ იძულებული გახდა, მურმანსკსა და სხვა რეგიონებში უკვე დაწყებული პროექტები 7 წლით შეეჩერებინა. „როსნეფტი“ სანქციების გამო ვერ მიიღებს ვერც ერთი უცხოური კომპანიის ტრანშს, ვერ აიღებს სესხს და სანქციების მოხსნამდე ვერ შეიძენს სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნიკას.

და ეს ყველაფერი არ არის!!!

სრული სურათისა და ამ ქმედებების შედეგების გასაცნობიერებლად ბოლო შტრიხი აზერბაიჯანია.

ქართული, რუსული და აზერბაიჯანული მედია ამ დრომდე ცდილობს გაერკვეს, რა დგას აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩისა და საერთაშორისო ნავთობკორპორაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას ინიციატივის უკან, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ გააჟღერა. საქმე ეხებოდა სუფსაში ახალი ენერგეტიკული კერის _ ტერმინალისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ინიციატივას. პროექტის საერთო ღირებულება 17 მილიარდი დოლარია.  ჭანტურიას განცხადებით, ეს პროექტი ე. წ. მეგობრობის ხიდი იქნებოდა და მის განხორციელებაში აზერბაიჯანელებთან ერთად დასავლეთის ქვეყნების ინვესტიციებიც მოიზიდებოდა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 2015 წლის 9 იანვარს სუფსის ტერმინალის მშენებლობის თემა დახურულად გამოაცხადა და ინტერესთა გამოხატვისკენ ინვესტორებს ამჟამად ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე მოუწოდა. ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადა პირველი თებერვალია. გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი ჭანტურია ასოცირებულია აზერბაიჯანულ ბიზნესთან და „სოკართან“, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სუფსის ტერმინალის აშენებაზე უარის თქმით საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად დაძაბა ურთიერთობები აზერბაიჯანთან, ხოლო ფოთში ინტერესთა გამოხატვაში სწორედ „როსნეფტი“, ან რომელიმე რუსული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გავლენიანი გამოცემის, „კომერსანტის“ ცნობით: „საქართველოს ხელისუფლებაში ერთი ფრთა არაოფიციალურად ლობირებდა სუფსის ტერმინალის საკითხს, რომელშიც გიორგი ჭანტურიასა და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, სავარაუდოდ, ევროპელი ბისნესმენებიც იყვნენ და მეორე ფრთა, რომელიც თითქმის ოფიციალურადაა ჩართული ფოთში „როსნეფტის“ ინტერესების ლობირებაში, ორივე შემთხვევაში გარიგებებში მონაწილეობს საქართველოს მთავრობა“ (ციტატის დასასრული). ამავე გამოცემის ცნობით, საქართველოს აუცილებლად მოუწევს ურთიერთობის გარკვევა აზერბაიჯანთან და ეს ურთიერთობა ნამდვილად აღარ იქნება მეგობრული.

P. S. შექმნილი ურთულესი სიტუაციიდან გამოსავალი საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს. საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მეექვსე და მეცხრე მუხლების თანახმად, მას უფლება აქვს დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები „როსნეფტის“ წინააღმდეგ. ეს, პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯის გადარჩენა იქნება!!!

გამოსავალი ბიძინა ივანიშვილსაც აქვს _ გაემიჯნოს ამ პროცესს და თანამდებობიდან გადააყენოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რომელიც ყაზახეთში გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებებში პირადად მონაწილეობდა. ეს მისი, როგორც საფრანგეთის მოქალაქისა და წარმატებული ბიზნესმენის იმიჯს ნამდვილად გადაარჩენს. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ კახი კალაძე ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის გენერალური მდივანია, რომელსაც პირადად ევალება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო შტაბის გაძღოლა. „როსნეფტის“ ღია ლობისტმა ევროპა ჩატარებული არჩევნების დემოკრატიით როგორ უნდა გააოცოს?!

ბატონო ბიძინა, იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ „ქართულ ოცნებას“ აშენებთ და არა „Единая Россия“-ს!!!