ვინ არის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი და რა კავშირი ქონდა კეზერაშვილთან?!

saqq

დავით იაკობაშვილი 1957 წელს თბილისში დაიბადა. მამამისი, მიხეილ იაკობაშვილი, შევარდნაძის  „ცეხავიკების“ ცნობილი რეპრესიების დროს დაჭერას კი გადაურჩა, მაგრამ ჩეჩნეთში გადაიხვეწა. შვილმა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამშენებლო ფაკულტეტი დაამთავრა, ბიზნესი რუსეთში ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაიწყო. დღეის მდგომარეობით დავით იაკობაშვილი არის შპს „ორიონსერვისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, შპს „პეტრიკას ენერჯი ჰოლდინგის“ თანამფლობელი, ს/ს კორპორაცია „სისტემას“ დირექტორთა საბჭოს წევრი, რუსეთის მეწარმეთა და ბიზნესმენთა კავშირის ვიცეპრეზიდენტი, ამავე დროს „ბ-20“ მიზნობრივი ჯგუფის თავმჯდომარე, რომლის მიზანიცაა სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, ინვესტიციები. დავით იაკობაშვილი ასევე არის რუსულ-ამერიკულ ბიზნესთან  თანამშრომლობის საბჭოს პრეზიდენტი, შპს „საქმიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს წევრი, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წევრი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტის საერთაშორისო საბჭოს წევრი.

საქართველოში ის წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ასლან აბაშიძის ახლო მეგობრად.

„ქრონიკა+“-ის არქივში ინახება ასლან აბაშიძისა და დავით იაკობაშვილის საუბრის რამდენიმე ჩანაწერი, რომელსაც ჩვენს მკითხველს გაზეთის მომდევნო ნომერში შევთავაზებთ.

ქართული წარმოშობის მილიარდერი კოლექციონერია, არის დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ზარდახშების მოყვარულთა საზოგადოების აქტიური წევრი, ფლობს მექანიკური მუსიკალური ინსტრუმენტების, საათებისა და ზარდახშების უნიკალურ კოლექციას.

დავით იაკობაშვილი ამჟამად შვედეთის მოქალაქეა.

დავით იაკობაშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ საქართველოში მისი ბიზნესპარტნიორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი იყო: „დავით კეზერაშვილი არის ნორმალური წარმომადგენლობითი ადამიანი. როცა გავიცანი, ის იმ დროს ხელისუფლებაში აღარ იყო. მან შემომთავაზა ბიზნესი, რომელიც მაინტერესებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩავერეოდით და მან ყველა პირობა შეასრულა. ჩემი ბიოგრაფია სუფთაა, არსად ბიზნესში არ მიმიღებდნენ, რამე კავშირი რომ მქონოდა იარაღით ვაჭრობასთან. ეს პოლიტიკური თამაშია“, _ აღნიშნული განცხადება დავით იაკობაშვილმა სწორედ იმ დღეებში გააკეთა, როცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაკავებული იყო. მალევე მისი პროგნოზი ახდა, პოლიტიკური თამაში დასრულდა, დავით კეზერაშვილი არა მხოლოდ იარაღის ვაჭრობის ბრალდებაში გაამართლეს, არამედ უცხოეთში მის მიმართ პოლიტიკურ დევნაზეც ალაპარაკდნენ, მაგრამ კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავებამდე იყო 2012 წლის შემოდგომა და საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ბლოკის, „ქართული ოცნების“ გამარჯვება.

დღეს უკვე „მოქალაქე“ ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მეგობრებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ მხოლოდ ორ კაცს აღიარებდა _ ერთი იყო ზურაბ ადეიშვილი, რომელზეც საჯარო განცხადებებშიც კი არ მალავდა კეთილგანწყობას და მეორე _ დავით კეზერაშვილი, იცოდა რა მისი ბიზნესკავშირები. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზურაბ ადეიშვილი საქართველოდან წავიდა და ის ივანიშვილისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. მართალია, საქართველოში არც კეზერაშვილი იმყოფებოდა, მაგრამ ივანიშვილმა იცოდა მისი გავლენებისა და ბიზნესაქტივების შესახებ უცხოეთსა და საქართველოში. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილმა თავის ძველ მეგობარს, დავით იაკობაშვილს, 2012 წლის ნოემბერშივე მოსთხოვა საერთო ბიზნესებიდან კეზერაშვილის მოშორება იმ მოტივით, რომ სწორედ დავით კეზერაშვილი აფინანსებდა როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „რუსთავი 2“-ს. ეს ის პერიოდია, როცა პრემიერის მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა, ბინა „პიქსელის“ შენობაში დაიდო და ბიზნესმენებთან გარიგებებს აწარმოებდა. ამ დროს ივანიშვილი ხუხაშვილს ჯერ კიდევ ენდობოდა და საქართველოში ჯერ კიდევ არ ჩანდა მისი საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კეზერაშვილთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, მათ შორის, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზე  სწორედ გია ხუხაშვილი იყო ჩართული. ხუხაშვილის დაპირებების მიუხედავად, რომ სიტუაციას დაალაგებდა, საბოლოო ჯამში, დავით იაკობაშვილი იძულებული გახდა, ივანიშვილის მოთხოვნა შეესრულებინა. 2012 წლის ნოემბერში „გალფ-ჯორჯიას“ მენეჯმენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი, აღნიშნული კომპანიის აქციონერთა რიგებში აღარ ირიცხებოდა. მათივე ცნობით, „გალფში“ წილი გაზარდა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დავით კეზერაშვილმა საქართველოში ბიზნესაქტივები გაყიდა და იგი სწორედ დავით იაკობაშვილის ხელში გადავიდა. გარდა  „Petrocas Energy Group „-ისა იაკობაშვილმა კეზერაშვილისაგან შეიძინა სარეკლამო სააგენტო „ Outdiir.ge“ , შაქრის მწარმოებელი კომპანია და კაზინო „აჭარაც“. იაკობაშვილმა საქართველოში ინვესტირება 2011 წლიდან დაიწყო და ამ დროისათვის მისი ინვესტიციის რაოდენობამ 470 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება „Petrocas Energy Group „-ს, ის 140 გაზგასამართ სადგურს ფლობს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მასშტაბით; გარდა ამისა, კომპანიის მფლობელობაშია ორი ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი ფოთსა და ბათუმში, მისი პარტნიორია „ Petrocas Energy Group „-ის პრეზიდენტი, ვანო ნაკაიძე. მოგვიანებით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუხაშვილმა არაოფიციალურ ფეშქაშად კეზერაშვილის კუთვნილი სარეკლამო კომპანია  „Outdiir.ge „ მიიღო.  სწორედ ამ პერიოდში გია ხუხაშვილი დავით იაკობაშვილს „ნეტგაზეტთან“ ინტერვიუში საჯაროდ უხდის მადლობას: „რკინიგზაში ორმაგი ტარიფი მოქმედებდა, ერთი რკინიგზისთვის, მეორე „დელტაში“. იაკობაშვილმა ათი მილიონი დააბრუნა, რაც ამ ბიზნესის არაჯანსაღი წილი იყო“. თუმცა მას დაავიწყდა დაკონკრეტება, სად წავიდა იაკობაშვილის მიერ დაბრუნებული ათი მილიონი _ სახელმწიფო ბიუჯეტში თუ კერძო პირის ჯიბეში?