„როსნეფტი”, ფოთის პორტი და პრემიერის ვიზიტი კერძო ტერმინალზე!

10867061_10204977953023949_793470791_n

წინასაახალწლოდ საქართველოში სტრატეგიულ ობიექტზე ფოთის პორტში გაფორმებულ გარიგებაზე, ხელისუფლება, ჯერჯერობით, აზრის გამოთქმას არ ჩქარობს. სამაგიეროდ, ქვეყნის დასავლელი პარტნიორები შოკში არიან!!!  საქმე ეხება რუსული კომპანია „როსნეფტის“ მიერ „პეტრიკას ენერჯის“ აქციების 49%-ის ყიდვას. გარიგების შესახებ ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებენ პარლამენტის პროდასავლური პარტიები „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“. „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს, თინა ხიდაშელს, წარმოდგენა არ აქვს, „რა არის „როსნეფტი“ და რას აკეთებს“ (ციტატის დასასრული). მანამ, სანამ ხიდაშელი უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ელოდება, არც კი დაგუგლავს, რომ „როსნეფტის“ თაობაზე ინფორმაცია მიიღოს. ცალყბა კომენტარები კეთდება საქართველოს მთავრობაში.

აქ უფრო ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, _ ერთი მხრივ, სახელმწიფო ხელს აწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ქვეყნის პრემიერი ყველა უცხოურ შეხვედრასა და ვიზიტზე დასავლურ განწყობებს უსვამს ხაზს, პარალელურად, ვიცე პრემიერი კახი კალაძე პირადად მონაწილეობს „როსნეფტთან“ სიტუაციის დალაგებაში!

რაც შეეხება თავად  „როსნეფტს“, ის რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიაა, რომელიც 1993 წელს დაფუძნდა. დღეის მდგომარეობით „როსნეფტში“ 170 000 ადამიანი მუშაობს და მას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მარჯვენა ხელი, იგორ სეჩინი ხელმძღვანელობს.

პირველად „როსნეფტი“ საქართველოში 2009 წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში გამოჩნდა. შავი ზღვის შელფის აფხაზეთის მონაკვეთზე ნავთობისა და გაზის მოპოვების ხუთწლიანი ლიცენზია სოხუმის სეპარატისტული მთავრობისგან 2009 წლის ბოლოს მიიღო. ორი საძიებო ჭაბურღილის გათხრა აფხაზეთში 2013-14 წლებში იგეგმებოდა. ამავე დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, ანდრეი კელინის განცხადებით, „როსნეფტთან“ ერთად აფხაზეთში შევიდა კიდევ ერთი კომპანია _ რუსეთის რკინიგზა.

„როსნეფტმა“ აფხაზეთში შვილობილი კომპანია „აფხაზეთის შელფი“ შექმნა, რომლის საკონტროლო პაკეტსაც (51%) თავად ფლობს.

2009 წელს ივნისში „როსნეფტმა“ იგნორირება გაუკეთა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ტენდერს აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მოპოვების გენერალური ლიცენზიის გაცემის შესახებ და ქართული კანონების გვერდის ავლით კონტრაქტი გააფორმა სეპარატისტულ სოხუმთან. იმ დროისთვის საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ერთი წლის მიღებული იყო. აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა რუსეთ-საქართველოს ომიდან ძალიან მალე, 2008 წლის ოქტომბერში მიიღო. კანონის მეექვსე და მეცხრე მუხლი საშუალებას აძლევდა, იმჟამინდელ ხელისუფლებას „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციების შემოღების მოთხოვნით სამართლებრივი პროცედურები დაეწყო.

ფოთის პორტის ირგვლივ ბატალიები წლების განმავლობაში მიმდინარეობს. პორტში ტერმინალების მფლობელი გახლდათ ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე. ერთ დროს ის სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი იყო, იმდენადაც, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საპროცესო გარიგების თანხის ნაწილი, 3,5 მილიონი დოლარი, მას გადაახდევინეს. მოგვიანებით მას სააკაშვილის კარზე ურთიერთობები აერია და მეხუთე და მერვე ტერმინალები ფოთის პორტში წაართვეს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ნიჟარაძემ წართმეული ქონების დასაბრუნებლად პროკურატურას და სასამართლოს მიმართა, მეხუთე ტერმინალის თაობაზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 იანვარს უნდა გამოიტანოს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ფოთის პორტში დღემდე ხელშეუხებლად მუშაობს კომპანია „პეისი ჯორჯია“, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე „კრიშავენ“ ისევე, როგორც ამ ხელისუფლების პირობებში, კიდევ ერთი ახალი ტერმინალი გასული წლის ნოემბერში გაიხსნა, რომლის პრეზენტაციასაც პრემიერი ღარიბაშვილი პირადად დაესწრო და რომელიც, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის მეგობარს, გვარად დოლიძეს ეკუთვნის. თუ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს კერძო კომპანიების საქმიანობაში, როგორც ამას „როსნეფტის“ შემთხვევაში კახი კალაძე აცხადებს, მაშინ რა ესაქმებოდა ქვეყნის პრემიერს კერძო პირის ტერმინალის გახსნაზე, ისევე როგორც ოდნავ ადრე ეკონომიკის მინისტრს, რომელმაც ეკა ბესელიასთან ერთად გაჭრა კიდევ ერთი კომპანიის ლენტი?