ფრანსუა ოლანდი: „ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ უნდა გადავცეთ მოსკოვს „მისტრალები“

3

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ჯერჯერობით ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა გადასცეს რუსეთის ფედერაციას ,,მისტრალის“ ტიპის ვერტმფრენზმიდები. ,,მე ამის შესახებ რამოდენიმეჯერ განვაცხადე, ბოლო მონაცემებით არ არსებობს საკმარისი პროგრესი იმისათვის, რომ საფრანგეთმა რუსეთს ,,მისტრალები“ გადასცეს. ვერტმფრენმზიდების ხელშეკრულების პირობების დაცვა რუსეთის ფედერაციაზეა დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ. ჩვენ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მსვლელობის დროს შევთანხმდით, რომ კრემლის წინააღდეგ ახალ სანქციებს ჯერჯერობით არ ავამოქმედებთ, თუმცა საერთო ზეწოლის შემსუბუქება, მხოლოდ პროგრესის კონსტანტაციის შემთხვევაშია შესაძლებელი. უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად აქტიურად ვმუშაობ ანგელა მერკელთან ერთად და უახლოეს დღეებში რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს გავმართავთ, ასევე პროცესში ჩაერთვება უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ვიმედოვნებ, მიმდინარე წლის ბოლომდე გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ“ – განაცხადა ოლანდმა. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, კონტაქტური ჯგუფის სამმხრივი შეხვედრა მინსკში, 21 დეკემბერსაა დაგეგმილი.