ხორცსა და ხორცპროდუქტებში ძირითადი დარღვევები ნახევარფაბრიკატებზე მოდის!

gdhggfh

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის შემოწმებები ხშირად ბიზნესოპერატორების დაჯარიმებითა და საწარმოო პროცესის შეჩერებით მთავრდება.

დეპარტამენტის უფროსის, გიორგი მიქაძის განცხადებით, დარღვევები აღმოჩენილია ხორცსა და ხორცპროდუქტებში და ძირითადი დარღვევები მაინც უფრო ნახევარფაბრიკატებზე მოდის. დღემდე სულ 3500-მდე ინსპექტირება განხორციელდა. მათ შორის, 1733 გეგმური, 475 არაგეგმური და 1210 გადამოწმება.

„გამოვლენილი დარღვევის გამო 281 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 400 ლარით, 17 კი _ 1200 ლარით. საწარმოო პროცესი შეუჩერდა 98-ს. 4 სკოლის ბუფეტი დაიკეტა კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ეს იყო 113-ე, 112-ე, 171-ე და 156-ე სკოლებში, მათ გამოასწორეს მდგომარეობა და ახლა გაიხსნა. დარღვევები შეეხებოდა ტექნოლოგიურ პროცესს, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევას, პერსონალის ჰიგიენასა და სარემონტო სამუშაოებს, რომელიც ამ ბუფეტებში არ ტარდებოდა. საწარმოო პროცესი ჩერდება მაშინ, როცა გამოვლენილმა დარღვევამ და ნორმებთან შეუსაბამობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, _ აცხადებს გიორგი მიქაძე.

„ქრონიკა+“-თან საუბრისას ექსპერტი ზურაბ ფუტკარაძე განმარტავს, რომ წყლისა და საკვების სტანდარტებთან დაკავშირებით, თუ ნაწლავის ჩხირზეა საუბარი (რაც მომატებულია), მგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია. მისივე თქმით, ნაწლავის ჩხირი შეიძლება დაავადების პირდაპირი გამომწვევი არ იყოს, მაგრამ მაჩვენებელია, რომ ესა თუ ის პროდუქტი დაბინძურებულია:

_ როდესაც საკვები პროდუქტი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ეს, რასაკვირველია, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ჩვენთან კვლევები ტარდება პათოგენური მიკრობების არსებობაზე და იმ წუთში მოწამვლას იწვევს თუ არა, მაგრამ არის სხვა მაჩვენებლებიც, რომელიც დღეს უშუალოდ შეიძლება არ მოქმედებდეს, ადამიანი არ მოიწამლოს, მაგრამ როცა ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერება გროვდება, წლების განმავლობაში უარყოფით შედეგებს იწვევს. უხარისხო კვება, სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქტი თითქმის ყველა ორგანოზე, სისხლძარღვებზე, საჭმლის მომნელებელზე, თავის ტვინზე ნეგატიურად მოქმედებს. ამიტომ ბოლო პერიოდში, ზოგადად, ქვეყანაში დაავადებების რიცხვმა მოიმატა. ავიღოთ გულ-სისხლძარღვოვანი, ონკოლოგიური დაავადებები, რომლის ერთ-ერთი ფაქტორი არაჯანსაღი საკვები ნივთიერებების მიღებაა.

_ კონკრეტულად, რა სახის ნივთიერებები გროვდება ორგანიზმში, რომელიც შემდგომ წლებში უარყოფითად ზემოქმედებს?

_ იცით, რომ თითქმის ყველა პროდუქტს ემატება კვებითი დანამატები, ე. წ. ემულგატორები ვადის გასახანგრძლივებლად, ფერის, გემოს მისაცემად. ეს არ არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რამაც შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ორგანიზმში მისი აკუმულირება ხდება და გარკვეულ ზღვარს რომ მიაღწევს, ზემოქმედებას იწყებს ადამიანის ორგანიზმზე. უპირველესად ეს ნივთიერებებია საშიში.

ჩვენი ზედამხედველობის სამსახურები, ლაბორატორიები ამ მიმართულებით ნაკლებად მუშაობენ. უფრო სხვადასხვა მიკროორგანიზმებით პროდუქტების დაბინძურებას იკვლევენ; ესეც საშიშია, რადგან ეფექტს უცბად იძლევა, მწვავე მოწამვლები ზუსტად აქედან არის გამოწვეული, მაგრამ როდესაც პროცესი  ქრონიკულ დაავადებაში გადადის, ორგანიზმში სისტემური ცვლილებები ხდება, ამ დროს სწორედ ზემოაღნიშნული ნივთიერებები უფრო იჩენს თავს.

_ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ სფეროში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

_ ვერ გეტყვით, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, მაგრამ გასაუმჯობესებელი ნამდვილად არის. ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირთან ხელშეკრულებაშიც ბევრი მუხლი თუნდაც ამ კუთხითაა, თუ როგორ უნდა იმუშაოს ამ სამსახურმა და რა უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში, ლაბორატორიული კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ჩვენი ლაბორატორია სუსტია და ყველა ინგრედიენტზე ანალიზები ვერ კეთდება.

ასევე, მთავარია, თვითონ მეწარმეები ამ კუთხით უფრო სინდისიერად განწყობილნი იყვნენ. ბიზნესის საწარმოებლად, პროდუქტის გასაყიდად ასეთ მაქინაციებს, იგივე ემულგატორების, სხვადასხვა კვებითი დანამატების გარევას მიმართავენ. ბიზნესოპერატორებმაც ამ კუთხით პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. კონტროლი უნდა გამკაცრდეს _ ლაბორატორიული ქსელი უნდა გადიდდეს და უფრო სრულყოფილი იყოს. როგორც ვიცი, ევროკავშირი გვეხმარება, მილიონობით ევროს ოდენობის გრანტებზეა საუბარი; ისეთი ქსელი უნდა შეიქმნას, რომელიც საკვებ პროდუქტებზე სრულყოფილ კონტროლს განახორციელებს.

„ქრონიკა+“ ექსპერტ დემურ გიორხელიძეს დაუკავშირდა:

_ თუ კონტროლი კანონის ფარგლებში ხორციელდება და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთანაც კოორდინებულია, მსგავსი აქტივობა დასავლეთის ქვეყნებშიც წარმატებით გამოიყენება. სურსათის უვნებლობა მარტივი საკითხი არ არის და მისი ხელაღებით მიშვება არ შეიძლება.

არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება, რომ კონტროლის სისტემა არ არსებობდეს. საქართველოში წარმოების კულტურას, პასუხისმგებლობას, ბოლოს და ბოლოს, ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მცირე წარმოებიდანაც ძალიან ბევრი უხარისხოა და საეჭვო კომპონენტებისგან მზადდება, რაც მკაცრი კონტროლის შემთხვევაში შეიძლება საკვებად უვარგისი იყოს. კონტროლი კანონის სრული შესაბამისობით უნდა განხორციელდეს და შედეგები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, მათ შორის, მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობაც.

_ რამდენად მისაღებია თვითონ მწარმოებლების პასუხისმგებლობის იმედად ყოფნა?

_ ასე არ ხდება და ბაზარი ამ მხრივ რეალურად არაფერს არეგულირებს. დასავლეთშიც ასე იყო და ფულის მოგების სტიმული გაცილებით ძლიერია, ვიდრე პასუხისმგებლობის მომენტი.

როდესაც ეკონომიკაში მაღალი კონკურენცია და კონტროლის მექანიზმები არ არის, წარმოების კულტურა დაბალია, მაღალი კვალიფიკაციის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი არ არის მოთხოვნილი, ბიზნესი, ძირითადად, გავლენების საზღვრებში მოქმედებს, სადაც მთავარია ე. წ. კარგი „კრიშა“ იყოს, მაშინ ბუნებრივია ხარისხი ყოველთვის ცუდი იქნება და ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ კვების პროდუქტებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ნაკლოვანება გვაქვს. ამიტომ ორმხრივი მოძრაობა გვჭირდება. ერთი, რომ კონტროლმა ბიზნესს სტიმული მისცეს, საქმიანობა წესიერი თამაშის წესების ფარგლებში აწარმოოს; ეს თამაშის წესები ყველასთვის ერთნაირად ხელისუფლებამ უნდა დააწესოს და მკაცრად აკონტროლოს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებაში თვითონ არ უნდა ჩაერიოს. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, ის ძალიან გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო შესაბამის ორგანოებთან, ისე საზოგადოებასთან.

_ რამდენად საშურია ხარისხის ამაღლება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კონტექსტში? 

_ ხარისხის ამაღლება ევროკავშირისთვის კი არ გვჭირდება, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები წესიერ საკვებ პროდუქტს იღებდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმნებოდეს. თუკი გვინდა ასოცირების ხელშეკრულებით ვისარგებლოთ და ჩვენი წარმოებით ევროპაშიც გავაღწიოთ, ცხადია, უზარმაზარ ბაზარზე უხარისხო პროდუქციით ვერ გავალთ. ამიტომ წესიერი კონტროლი, ინსტიტუციური ცვლილებები და ნელ-ნელა ბიზნესის მომზადება, რომ ევროპულ ბაზარზე კონკურენციისთვის გაძლება შეძლოს, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამას მარტო ხელისუფლება ვერ გააკეთებს, რა პირობებიც უნდა შექმნას. ეს ბიზნესის, საქმიანი ადამიანების ამბიციაც უნდა იყოს, ხოლო ეს მაშინ გაჩნდება, თუ მოისპობა ყველანაირი `კრიშობა~, საბიუჯეტო შესყიდვების ხარჯზე უდარდელი ცხოვრება, ტენდერების მოგება მეგობრობით, ძმაკაცობითა და პარტიული ბოსების მეშვეობით. აი, მაშინ გაჩნდება ჯანსაღი კონკურენცია. საბაზრო ეკონომიკა ან მთლიანობაში მუშაობს, ანდა ჩვენ ვიღებთ იმ მარაზმს, რაც სადღეისოდ გვაქვს საქართველოში. საბოლოო არჩევანი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

 

                                                                                                გელა მამულაშვილი