„ბიუჯეტში მასწავლებელთა მდგომარეობის გაუმჯობესება არ არის გათვალისწინებული“

ce

განათლება ის ფუფუნებაა, რომელიც ქვეყნის წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, ქართული განათლების სისტემა კონკურენტუნარიანი მოქალაქის სრულფასოვნად აღზრდას ვერ ახერხებს. ხშირად სტრატეგიული დარგის მოთხოვნები იგნორირებულია და პრიორიტეტად მისი გამოცხადება პოლიტიკურ ლოზუნგს არ სცდება. ამის კიდევ ერთი დასტურია ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტი, სადაც პედაგოგთა ხელფასის მინიმალური ზრდა არის დაფიქსირებული.

„ქრონიკა+“-ს განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე _ მარიამ რამინაშვილი:

_ ქალბატონო მარიამ, თქვენ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, „კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტებზე“ ამახვილებთ ყურადღებას, იქნებ, დააკონკრეტოთ?

_ მასწავლებელთა მოტივაციისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ხელფასების ზრდა ბიუჯეტში კვლავ არ არის გათვალისწინებული. არადა, პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის მიღების მთავარ არგუმენტად სწორედ მასწავლებელთა კეთილდღეობისთვის ზრუნვა დასახელდა. თუ გავითვალისწინებთ დაანონსებულ მომატებას, სიმბოლურად დარიცხული 50 ლარი (რეალურად 40), ისიც 2015-16 სასწავლო წლისთვის, ვფიქრობ, არგუმენტად არ გამოდგება.

ასევე ბიუჯეტში საგანმანათლებლო სექტორის სხვადასხვა მიმართულებაზე საკმარისი თანხები არ არის მობილიზებული. ერთი შეხედვით, „თვალსაჩინო მატება“ იმდენ სეგმენტზე არის გადანაწილებული, რომ პროგრესის თვალსაზრისით ვერც ერთს საშუალო დონეზეც კი ვერ უზრუნველყოფს.

ხაზგასმით ვამბობ: პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის არსებობა აუცილებელი და გარდაუვალია, ოღონდ არა ასე _ ტყუილით, გაუაზრებლად და ძალდატანებით.

საქმე იმაზე ცუდად გვაქვს, ვიდრე ჩანს. განათლების კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე ღიად ითქვა, _ ეს სქემა არ იმუშავებს, არც ვარგა, მაგრამ კიდევ ვერ გავაგრძელებთ განხილვას, ისედაც „ნაციონალებად“ მოგვნათლესო. ამიტომ კანონში საერთოდ არაფერი ჩაიწერა სქემის შესახებ, ამით პასუხისმგებლობაც მოიხსნეს! სქემა, მონახაზი (როგორც სამინისტროში მოიხსენიებენ) კარგ მომავალს არ ჰპირდება მასწავლებელს, რომელშიც, მოტივაციისა და პედაგოგთა კეთილდღეობის გარდა, ყველაფერი შეიძლება ამოიკითხო. შრომის უფლებებიც არავის ახსოვს.

კიდევ ერთი _ სქემით გათვალისწინებულია, 2015-16 სასწავლო წლისათვის მასწავლებელთა საყოველთაო ვაკანსიის გამოცხადება და თავიდან აყვანა თანამდებობებზე. მათთვის სასიკეთოდ არაფერი იცვლება, მეტიც _ უარესდება. 2016 წლის 27 ივლისიდან ხელშეკრულებები უვადო რეჟიმში გადადის, ამ სქემის ამუშავებით პედაგოგთა უვადო ხელშეკრულების თარიღი 2019 წლამდე გადაიწევს. გარდა ამისა, არასასურველი (მათ შორის, სერტიფიცირებული) მასწავლებლების სკოლიდან გაშვების კანონიერი შანსიც ჩნდება _ აქაც, აუცილებლად, ნეპოტიზმისა და კორუფციის მანქანა ჩაირთვება.

ფაქტი ერთია, ყოველივე ეს ქართული საბჭოთა განათლების მოდერნიზებული ვარიანტია, თანამედროვე მიდგომებითა და ტექნოლოგიებით გაფორმებული. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღემდე ვერ მოახერხა, საზოგადოებას წარუდგინოს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ვარაუდების დონეზე მაინც დაიგეგმოს უახლოესი მომავალი. ყველა სეგმენტი პრობლემებითაა სავსე. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტრო არ მიიჩნევს თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე.

_ სისტემის არასაკმარისი დაფინანსების მიზეზი სად უნდა ვეძებოთ?

_ ალბათ, განათლების სამინისტროს მხრიდან სათანადო ანალიზი არ არის წარდგენილი სახელმწიფოს წინაშე, რათა შესაბამისი პირები ამის აუცილებლობაში დარწმუნებულიყვნენ. მიზეზი შეიძლება იყოს სამინისტროს მხრიდან არასათანადო კვლევები გაწეულ მუშაობაზე, ან,  უბრალოდ, უწყება ამ პრობლემებს იმდენად უსუსურად და არაკოპეტენტურად წარადგენს, რომ მთავრობის ხელმძღვანელებს ვერ არწმუნებს.

გამოყოფილი თანხით ვერ აღმოვაჩენთ, რომ სახელმწიფო 2015 წელსაც საგანმანათლებლო სისტემას რამე პრიორიტეტს ანიჭებდეს. ეს მინიმალური დაფინანსებაა, რომლითაც წლიდან წლამდე სამინისტრო ფორმალური პროცესის განხორციელებას შეძლებს. პედაგოგთა მოტივაციის თვალსაზრისით, არ არის ჩადებული ხარჯები, იქნება ეს შრომის ანაზღაურება, თუ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების საშტატო ზრდა, რასაკვირველია, გონივრული თვალსაზრისით. სხვადასხვა მიმართულებაზე თანხები ისეა გადანაწილებული, რომ ევროპასთან დაახლოებისკენ სვლა არსად შეიმჩნევა. ასევე ბიუჯეტში აღმოაჩენთ, რომ თითქმის ყველა სეგმენტში არაფინანსური აქტივების ზრდა ერთმინიშვნელოვნად შემცირებულია.

_ რას გულისხმობთ?

_ არ არის გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზების განახლება, თვითონ სისტემის გადახალისება. ეს ყველაფერი ქმნის შედეგს, რასაც წლის ბოლოს ვიღებთ ხოლმე.

რეალურად, ბიუჯეტში აქცენტები პოლიტიკურ და სოციალურ განაცხადებებზეა გადატანილი იმ თვალსაზრისით, რომ ოღონდ ბუნტი ნუ იქნება. მკვეთრად გაზრდილია სახელმძღვანელოების ბეჭდვითი სეგმენტი, თანხა შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 6 მილიონამდეა მომატებული. ეს გულისხმობს, რომ სამინისტრო ან სწორად ვერ ახორციელებს იმ დაგეგმილ პროცესს, რასაც სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით შეგვპირდა (რომ ეს სოციალურთან ერთად მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათს გამოიწვევდა, ან, საერთოდ, პროცესი თავშივე არასწორად დაიგეგმა. მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო ბეჭდვის ხარჯვითი ნაწილი და ჯერ არ გასულა პერიოდი, როცა ამ სახელმძღვანელოების გამოცვლა უწევთ.

ბიუჯეტში ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობის ხელფასის მატებას აღმოაჩენთ; იქ მომუშავეთა რიცხოვნობა იკლებს და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ნაკლებ საშტატო ერთეულზე ხელფასის რაოდენობა იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორად არის გათვლილი და გადაანგარიშებული ის ნამატიც კი, რომელიც 2015 წლის ბიუჯეტში ვითომ განათლების სამინისტროში სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი აქტივების სახით წამოვიდა.

_ ამ პრობლემების მიზეზები სამინისტროს ხელმღვანელობაში უნდა ვეძებოთ, თუ უფრო სხვაგან?

_ კონკრეტული მდგომარეობის შეფასების დროს შეუძლებელია, 100%-იანი დამნაშავე და მართლის მქმნელი ვიპოვოთ. პასუხისმგებლობას ინაწილებს როგორც სამინისტრო, ასევე სახელმწიფო არჩეული პოლიტიკიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე შეიძლება სამინისტრო მთლად კომპეტენტური არ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს გადაწყვეტილება რომ მიეღო განათლების სფეროს პრიორიტეტულობაზე, ეს ბიუჯეტშიც აისახებოდა. ამ დროს ფაქტი სახეზეა, 2015 წელსაც განათლების სფერო არ არის პრიორიტეტული.

_ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს სად ხედავთ?

_ ყველაფრის უცებ გაკეთილშობილების ფორმულა არ გვაქვს, მაგრამ მთავრობის ნება თუ იქნება, ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება, რათა სავალალო შედეგები თავიდან ავიცილოთ. უპირველესად, სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ განათლების სფეროში დასაქმებულთათვის მოტივაციის შექმნა მისთვის პრიორიტეტია. ეს ფინანსურ უზრუნველყოფაში მცირე გაუმჯობესებას მაინც გამოიწვევს. მეორე მხრივ, განათლების სამინისტრო თუ მოტივაციაზე სწორად იზრუნებს, სავალალო მდგომარეობის წინაშე არ აღმოვჩნდებით.

_ რაზე მიანიშნებთ?

_ ამ დღეებში, ბიუჯეტის დამტკიცებისას, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ვიმუშავეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სექტემბრიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება _ პირველი კატეგორიის პრაქტიკოს-მასწავლებლებზე იქნება 17%-იანი ზრდა, შემდეგ წამყვან კატეგორიაზე 31-34%-იანი საბაზისო ხელფასის ზრდა და უფრო მეტი, უფროს და მენტორ მასწავლებლებზე. ანუ 17%-იან ზრდაში იგულისხმება 50-ლარიანი მატება, ხოლო 31-34%-იანში _ ასლარიანი მატება, ისიც მხოლოდ სექტემბრიდან. რაც შეეხება შემდეგ კატეგორიებს, ფინანსთა მინისტრი რეალურად იტყუება, რადგან 2015 წლის ბიუჯეტი ამასთან საერთოდ არაფერ შუაშია. არსებული სქემის მიხედვით, შემდეგი კატეგორია (უფროსი და მენტორი) ყველაზე ადრე სამი წლის მერე გვეყოლება. ამ პერიოდში  სახელმწიფოს ფიზიკურად არ ეყოლება ამ კატეგორიის მასწავლებელი. მანამდე საარსებო კალათა იზრდება და მასწავლებელი ამ ორმოცდაათლარიანი ზრდით სექტემბრიდან ვერანაირ შეღავათს ვერ ნახავს.

რაც შეეხება მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის განვითარებას, ვიმეორებ, რომ ასეთი მოტივირებით შედეგს ვერ მივიღებთ. მასწავლებელი საზოგადოების სპეციფიკური სეგმენტია, რომელზეც მცირედი ყურადღება და აღიარება შთამბეჭდავად მოქმედებს. თუნდაც ეს 50-ლარიანი ზრდა სახელმწიფოს იანვრიდან რომ გაეთვალისწინებინა, სამომავლო იმედებს გააასმაგებდა. მეორე მომენტია, რომ სახელმწიფომ უგულებელყო 20 ათასი მასწავლებლის თავდადება, რომელმაც აღიარა, რომ პროფესიული განვითარება სჭირდება; ასევე აჩვენა სამოქალაქო ცნობიერების მაგალითი, პროფესიული განვითარების საჭიროება დაადასტურა და ამისთვის სერტიფიცირება გაიარა. ეს მასწავლებლებიც, ფაქტობრივად, იმავე პოზიციაში ჩააყენეს, რაშიც დანარჩენები. მხოლოდ მათთვის მაინც გაეზარდათ იანვრიდან ის მინიმალური ხელფასი, რაც დანარჩენებისთვის ერთგვარი მოტივაცია გახდებოდა, რომ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში ჩართულიყვნენ. დამერწმუნეთ, პედაგოგისთვის პროფესიული განვითარება ისევე აუცილებელია, როგორც ექიმისთვის სავალდებულო და აუცილებელია, ყოველდღე იცოდეს, რომელი ახალი პრეპარატი შემოდის ბაზარზე. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდას. შესაბამისი კადრები იმიტომ არ გვყავს, რომ წლების წინათ ამაზე არ ვიზრუნეთ.

_ აწვდით თუ არა რეკომენდაციებს მთავრობას და რეაქცია როგორია?

_ როგორც კი საპირისპირო აზრს გამოთქვამ, მაშინვე ლამის პერსონა ნონ-გრატად გაცხადებენ, ან მტრის იარლიყს გაკერებენ. რატომღაც, ნებისმიერი პრობლემის დაყენება განათლების სამინისტროს მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას იწვევს; პოზიციებს ვახმოვანებთ, მაგრამ გამოხმაურება არ არის. სამინისტროს რამდენჯერმე მივწერეთ, რომ ორგანიზაცია კვლევებსა და ანალიზში ან პედაგოგთა სასერტიფიკაციო სქემის შემუშავების პროცესში ჩაგვრთონ, უარყოფითი პასუხიც კი არ მოდის. ჩვენ შეიძლება გადაწყვეტის ფორმულა არ გვქონდეს, მაგრამ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრისას აბსოლუტურად ახალი აზრი იბადება, რომელიც სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა.

_ ასეთი დამოკიდებულება რაზე მიანიშნებს?

_ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობისთვის სამინისტრო არ არის ღია. შეიძლება ჩამოთვალონ სულ რამდენიმე არასამთავრობო, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს სამინისტროს გავლენიან თანამდებობებზე მუშაობენ. ეს არასამთავრობოებიც სხვა სახელებითა და გვარებით დარჩნენ. ოპონირებისთვის ორგანიზაციის სტაფის შეცვლა საძნელო საქმეა. რეალურად, ეს ადამიანები, პირადი ინტერესებისთვის, არასამთავრობოს ლოგოს ამოფარებულნი, სამინისტროს პოლიტიკის პირდაპირი გამტარებლები რიან.

ასევე გეტყვით, რომ თბილისის ბევრ სკოლაში პედაგოგებმა სეჭვოდ და გუნდურად სხვადასხვა პროფესიული კავშირები დატოვეს. ბუნებრივია, ამას ვერავინ დაგვიდასტურებს, მაგრამ კულუარებში ირწმუნებიან, რომ დირექტორებმა სამინისტროდან მიიღეს დირექტივა, რომ არც ერთ პროფესიულ კავშირში არ გაერთიანებულიყვნენ მათი პედაგოგები. არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, როცა ასეთი ტიპის პრობლემები დგას.

 

                                                                                                       გელა მამულაშვილი