2014 წლის ბიუჯეტი ჩავარდნილია?!

mrvb

ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს. ღმერთმა ქნას, ასე იყოს, მაგრამ ეკონომიკური აღმავლობა, რატომღაც, თვალში საცემად არ იგრძნობა, ამიტომ საინტერესოა, რა მონაცემებს ეყრდნობა მმართველი ძალა, რომლის მიხედვითაც ევროპის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ ეკონომიკის აღმავლობით და, აქედან გამომდინარე, კეთილდღეობის დონით? აღმავლობა კი არა, ეკონომიკის ექსპერტებს თუ ვერწმუნებით, ბიუჯეტმაც კი სერიოზული კრახი განიცადა. არადა, ჭკვიანმა ხალხმა დიდი ხანია, შენიშნა, რომ როცა პრობლემას არ აღიარებ და პირიქით, წარმატებებზე საუბრობ, რეალობაში ეს პრობლემები კიდევ უფრო ღრმავდება. ამ მოსაზრების სისწორეში მომავალ წელს უფრო დავრწმუნდებით.

„ქრონიკა+“-ის სტუმარია ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე _ ბატონი რომან გოცირიძე.

_ ბატონო რომან, ხადური ამბობს, ბიუჯეტი შევასრულეთო. ოპონენტები ამბობენ, ეს ბლეფიაო. თქვენ რას იტყვით?

_ მოცემულობა ვნახოთ და ამის მერე შევაფასოთ: 2014 წლის საბიუჯეტო ცხოვრების დასრულებამდე დარჩენილია, სულ რაღაც, ორი კვირა. დასახარჯია ერთ მილიარდ ლარზე მეტი და ამდენივე უნდა შემოვიდეს შემოსავლების სახით. მთავრობა კი, საშუალოდ, თვეში ხარჯავდა 700 მილიონ ლარს. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დაიხარჯოს ორ კვირაში მილიარდი ლარი? ასე რომ, ფაქტობრივად, ბიუჯეტი ჩავარდნილია. საუკეთესო შემთხვევაში 30 ან 31 იანვარს გადმორიცხავენ უცხოურ კრედიტებს და აკრეფენ გადასახადებს. ამას დაარქმევენ შესრულებას; ხოლო პირველ იანვარს თუ გადმორიცხეს, ეს უკვე შეუსრულებლობა იქნება. ანუ ქაღალდით მანიპულაციამდეა დასული საქმე. არადა, ბიუჯეტის შესრულება ნიშნავს საქმის გაკეთებას. რა უნდა გაკეთდეს 15 დღეში _ გზები, ხიდები სკოლები, თუ წყალგაყვანილობა? რეალურად ერთი მილიარდის დახარჯვა ასე მოკლე დროში წარმოუდგენელი რომ არის, ბავშვმაც კი იცის, სტუდენტებზე რომ არაფერი ვთქვათ. სხვათა შორის, ჩემმა სტუდენტებმაც იმდენი ხარვეზი აღმოაჩინეს მომავალი წლის ბიუჯეტში, ნუღარ მკითხავთ. თანხები მართლაც რომ გადაერიცხოს ბოლო დღეებში მხარჯავ ერთეულებს ბიუჯეტის ქაღალდზე შესასრულებლად, ამით ისინი ფულის მასასაც გაზრდიან და სავალუტო ბაზარზეც მოხვდებიან, რითაც ინფლაციისა და ლარის გაუფასურების რისკს კიდევ უფრო აამაღლებენ. პრობლემა ისიცაა, რომ ამ წლის ჩაგდებული ბიუჯეტი მომავალი წლის ბიუჯეტს აეკიდება მძიმე ტვირთად, ამიტომ დიდია ალბათობა, რომ 2015 წლის ბიუჯეტი გააგრძელებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის პარადოქსულ ტრადიციებს: ფული ვერ იხარჯება, თუ იხარჯება, ეს ხდება არარითმულად და არათანაბარზომიერად, ძირითადი დატვირთვა მოდის ბოლო, მეოთხე კვარტალზე, რაც, თავის მხრივ, იწვევს ფულის მასის ზრდას, ძლიერ ზეწოლას ლარზე და ქმნის მისი დევალვაციის საფრთხეს.

_ ცალკე თემაა ბიუჯეტის შიდა ვალის აღების გზით დაფინანსების საკითხი, რომლის ოდენობა ყოველ წელს იზრდება. 

_ სახაზინო ვალდებულებების ემისიით აღებული სესხები მიმდინარე წლის ბოლოსთვის 1,3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ეს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების დაახლოებით 11 პროცენტია. დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში შიდა ვალის ზრდა გათვალისწინებული იყო 400 მილიონი ლარის ოდენობით. ბოლო მომენტში მთავრობამ კიდევ უფრო გაზარდა იგი და მომავალ წელს 600 მილიონი ლარით იქნება მატება. წლის ბოლოსთვის ქართული კომერციული ბანკების წინაშე დავალიანება 1,9 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც მათი საკრედიტო დაბანდებების დაახლოებით 15 პროცენტი იქნება. ესაა ჯანსაღი ბიზნესისათვის წართმეული ფული და მისი არაეფექტურ სახელმწიფო პროგრამებში განთავსება. რომელ საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე და ბიზნესის ხელშეწყობაზე შეიძლება საუბარი?! ფაქტობრივად, მშრალზე ტოვებენ ყველას. განსაკუთრებით ცუდია ეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სახაზინო ვალდებულებები და  ობლიგაციები ორწლიანი, ხუთწლიანი, ათწლიანია და საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით ხასიათდება _ საშუალოდ, 11 პროცენტს აღემატება. მომავალი წლის ბიუჯეტში შიდა ვალის მომსახურებისას მხოლოდ საპროცენტო ხარჯები 80 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ამ ფულით ერთი დიდი საბიუჯეტო სფეროს დაფინანსება შეიძლებოდა მთლიანად, მაგალითად, უმაღლესი განათლების.

სახაზინო ვალდებულებებით ფინანსთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ, 1998 წელს დაიწყო ბიუჯეტის დეფიციტის შევსება. მას თან ახლდა კორუფციული სკანდალები, რაც ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ ამ პროცესის საკუთარი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებით გამოიხატა. ამ ინსტრუმენტებით ვაჭრობა შეწყდა 2006 წელს და იგი მხოლოდ 2009 წლის აგვისტოში აღდგა. თავდაპირველად მისი განთავსება ფრთხილად და ზომიერ ფარგლებში წარმოებდა, მაგრამ ბოლო დროს ექსპანსიური ხასიათი შეიძინა.

ციფრებში რომ გადავიტანოთ, სახაზინო ვალდებულებების ემისიის მეშვეობით შიდა ვალის ზრდის დინამიკა ბოლო წლებში ასე გამოიხატება: 2009 წელს _ 270 მილიონინ ლარი, 2010 წელს _ 456 მილიონი, 2011 წელს _ 543 მილიონი, 2012 წელს _ 587 მილიონი, 2013 წელს _ 737 მილიონი და 2014 წლის ბოლოსთვის იქნება 1337 მილიონი; ხოლო 2015 წელს _ 1,937 მილიონი ლარი. როგორც ვხედავთ, საშინაო ვალი სწრაფად იზრდება.

_ ე. ი. ბიუჯეტის თითქმის მეხუთედი ვალებით ივსება?

_ დიახ! წელს 1,1 მილიარდი ლარის საგარეო ვალი აიღეს. მომავალ წელსაც იგივე მოცულობით იგეგმება. მთლიანად ბიუჯეტში 1,6 მილიარდი ლარი საგარეო და შიდა ვალით შეგროვდება. მხოლოდ პროცენტის სახით მომავალ წელს 191 მილიონი დაიხარჯება. თავის მართლება იმით, რომ ვალის სიდიდე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით არ არის კრიტიკული, ვერაფერი დამამშვიდებელი არგუმენტია. ვალს თავისი ხარჯები მოსდევს თავისივე  უარყოფითი მაკროეკონომიკური შედეგებით. ვალები ხელისუფლების, ამომრჩევლის გულის მოგების ადვილი ინსტრუმენტია _ იღებ შენ, იხდის სხვა.

2013-2015 წლებში მთავრობის მიერ აღებული მთლიანი ვალი 4 მილიარდი ლარის ტოლია. ამას დაამატეთ წინა ხელისუფლების მიერ, დაახლოებით, 900 მილიონი ლარი ნაშთის სახით ბიუჯეტში და კარგად დავინახავთ, რა არის ხელგაშლილი საბიუჯეტო ცხოვრების ერთ-ერთი დიდი წყარო. ამას თავისი უარყოფითი შედეგები უკვე მოაქვს, თუნდაც ერთ წელიწადში ლარის ორგზის დევალვაციის სახით. სამომავლოდ არაჯანსაღი ბიუჯეტით გამოწვეული პრობლემები უფრო თვალში საცემი იქნება.

_ თქვენ ამბობდით, რომ ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, მეტ-ნაკლებად, ოპტიმალური იყო. შემდეგ დაიწყო მისი გაფუჭება. ამაში მთავრობის წევრებმაც ითამაშეს თავისი როლიო. რას გულისხმობდით?

_ მთავრობაში დამტკიცებულ ბიუჯეტს მთავრობის წევრები მეორე დღესვე დაუპირისპირდნენ. ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვების დროს ეს კარგად გამოჩნდა. მთავრობა იძულებული გახდა, პარლამენტში უკან შემობრუნებული ბიუჯეტი 170 მილიონი ლარით გაეზარდა და, ასე თუ ისე, დაეშოშმინებინა საკუთარი მინისტრები. ზრდის წყაროც არარეალისტური იყო. გაბერეს საგადასახადო შემოსავლების გეგმა. შემდეგ კიდევ უფრო გაეზარდათ მადა და 200 მილიონი დამატებითი სესხის აღება გადაწყვიტეს ქართული ბანკებიდან.

_ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობამ საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების პროექტიც წარადგინა. ერთი შეხედვით, მარტივი ტექნიკური საკითხი ჩანს, მაგრამ მის უკან უფრო რთული პროცესი ხომ არ იმალება?

_ პირველი განხილვის შემდეგ, როცა ასე თუ ისე დაბალანსებული ბიუჯეტი `გააფუჭეს~, ეს მთავრობის შიდა არაკოორდინებულობაზე მეტყველებს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არსებულ წინააღმდეგობებზეც. ფორმალურად ხომ ერთი გუნდია უმრავლესობა, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ მიდიან. პარადოქსი ის არის, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტის პროექტს შემდეგ თვით მთავრობის წევრები უპირისპირდებიან _ ზოგი პირდაპირ, ზოგი ჩუმად, ზოგიც სხვისი მეშვეობით _ ამხედრებენ საკუთარი პროფილის კომიტეტებს, ცალკეულ დეპუტატებს. ეს უცნაურიცაა და ცუდიც. რამდენიმე სამინისტრომ ღიად გამოთქვა შენიშვნა _ თავდაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა და ასე შემდეგ _ გათვალისწინებული საკანონმდებლი ცვლილებით ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება, რადგან დარგობრივი მინისტრი თავად იქნება მთავრობის ვარიანტის დამცველი, ნაცვლად ოპონირებისა. საქმე ის არის, რომ აღნიშნული წინააღმდეგობის დასაძლევად მთავრობამ პარლამენტში ბიუჯეტთან ერთად შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საბიუჯეტო კოდექსში. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ `საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან და მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე~. ეს საკმაოდ კარგი ცვლილებაა.

ამ ნორმის მიხედვით, მინისტრს თავად უწევს მთავრობის მიერ მოწონებული ვარიანტის დაცვა. თუ მანამდე იგი იყო მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს ღია თუ ფარული ოპონენტი, საპარლამენტო განხილვების პროცესში ახალი ნორმა ავალდებულებს, იმოქმედოს როგორც ერთიანი გუნდის ნაწილმა. ბიუჯეტი თუ მანამდე აღიქმებოდა, როგორც ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტი და მასთან დაპირისპირება ადვილი იყო, ახლა უკვე ძირითადი დავები უნდა დამთავრდეს მთავრობაშივე და ბიუჯეტი უნდა წარდგეს, როგორც მთავრობის ერთიანი გეგმა.

_ გადაჭრის თუ არა ეს საკანონმდებლო ცვლილება შიდა დაპირისპირებას? როგორც წესი, რომელ სამინისტროსაც მეტი ფული აქვს, ის მინისტრი უფრო მშვიდად გრძნობს თავს. აქ უკვე ფული არა მარტო საქმის კეთების ინსტრუმენტია, არამედ პოლიტიკური მდგრადობის გარანტიც.

_ სწორედ ამის გამოა, რომ ყველა ითხოვს მეტ დაფინანსებას. აქ გასაკვირი არაფერია. ეს ჯანსაღი შიდა კონკურენციის ნაწილია, მაგრამ როცა მერე იწყება მიღწეულის რევიზია და სახსრების კულუარული გადანაწილების პროცესი, ეს გუნდურობის სისუსტეზე მეტყველებს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონში შედის ცვლილება, მაინც რჩება სახსრების პრივილეგირებულად გადანაწილების ხვრელები.

არის კანონის ამ შეზღუდვის კანონითვე გვერდის ავლის მცდელობა იმ სამინისტროების მხრიდან, რომლებსაც შეუძლიათ დამაჯერებელი არგუმენტის მოყვანა და გარანტირებულად მაღალი ასიგნებების მოთხოვნა. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც თავდაცვის ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2 პროცენტი. ეს მოთხოვნა ითვალისწინებდა ხარჯების ნატოს სტანდართებთან შესაბამისობაში მოყვანას. პარლამენტმა მეორე მოსმენის დროს ეს კანონპროექტი ჩააგდო. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ახალი ვარიანტის შემუშავება და ახლახან იგი კვლავ დაბრუნდა პარლამენტში განსახილველად, თუმცა ძველისაგან არაფრით განსხვავდება.

_ რამდენად სწორია ეს? სხვა სამინისტრომაც რომ მოითხოვოს მსგავსი რამ, მაგალითად, განათლებამ ან ჯანდაცვამ?

_ მთლიან შიდა პროდუქტთან ამა თუ იმ მხარჯავი სუბიექტისათვის გამოსაყოფი თანხის მიბმა არ არის მიზანშეწონილი და მისი ოდენობა უნდა დგინდებოდეს კონკრეტულ ეტაპზე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე. ბიუჯეტი უნდა იყოს მოქნილი და მას უნდა შეეძლოს წარმოქმნილ პრიორიტეტებზე რეაგირება.

_ 11 თვეში ლარი ორჯერ დაეცა. შარშანდელი მიზეზები წლევანდელს რომ შევადაროთ, რა მოხდა?

_ შარშან საბიუჯეტო ჩავარდნამ და ძველი ნაშთების ჭარბად გამოყენებამ ორ თვეში, დეკემბერ-იანვარში, 470 მილიონი დოლარი შეიწირა რეზერვებიდან. წელს ვითარება განსხვავებულია. ჯერჯერობით მხოლოდ 80 მილიონი დოლარი მოხმარდა ვარდნის შეფერხებას.

ამჟამად ლარი წონასწორობის ახალი ნიშნულის ძიებაშია. ახლა არის მეტი სიფრთხილე საჭირო. 15 დეკემბრამდე ლარზე მოთხოვნა იზრდებოდა. გადასახადების გადახდის პერიოდია და უკვე შეძენილი უცხოური ვალუტის კონვერტირებას ახდენენ საწარმოები. ერთ-ერთი მიზეზი ლარის ბოლო დღეების გამყარებისა ესეცაა. თვის მეორე ნახევარში საჭიროა ფულის მასის კონტროლი მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან. განსაკუთრებით, ბიუჯეტიდან ხარჯვების კონტროლი.

_ წელს რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება?

_ წელს, წინა წელთან შედარებით, კიდევ უფრო გაუარესდა სავაჭრო ბალანსის მდგომარეობა. 10 თვეში, მართალია, ექსპორტი გაიზარდა 5 პროცენტით, მაგრამ იმპორტმა კიდევ უფრო მეტად, 11 პროცენტით მოიმატა. ნოემბრის მონაცემები არ გვაქვს ჯერ, მაგრამ მოსალოდნელია იგივე ტენდენციის გაგრძელება. დეფიციტის ზრდამ წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 600 მილიონი დოლარი შეადგინა. დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ზედიზედ სამი თვეა _ აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი _ და არ არის გამორიცხული, ნოემბერიც (სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა) ექსპორტის მოცულობა კლებულობს წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით. შესაბამისად _ 12,8; 7,0; 5,1 პროცენტით. ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანსა და სომხეთში მანქანების რეექსპორტის შემცირებაც გახდა. ეს დაეტყო სავალუტო ბაზარსაც.

ამ ფონზე კი დეფიციტი ვერ დააბალანსეს ჩვენმა „კოზირებმა“: ტურიზმიდან შემოსავალი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ, სულ რაღაც, 2 პროცენტით იმატა, ისიც ზაფხულის ხარჯზე. ეს იმის ბრალია, რომ გაუაზრებელმა სავიზო პოლიტიკამ გამოიღო თავისი შედეგი. აქაც, ბოლო თვეების განმავლობაში, ტურისტების შემოსვლა შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, განსაკუთრებით, ირანიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან. ასევე შემცირდა ტვირთების გადაზიდვები, განსაკუთრებით რკინიგზის მიერ. ფულადი გადმორიცხვები 11 თვის მიხედვით თითქმის იგივე დარჩა, თუმცა ოქტომბერსა და ნოემბერში აღინიშნა მისი კლება, რაც რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირების შედეგია.

ისიც სათქმელია, რომ სეზონურობასაც თავისი წვლილი შეაქვს _ მეტია სავალუტო გადარიცხვები გაზის, ელექტროენერგიისა და სხვა საქონლის შესაძენად.

პარადოქსული მდგომარეობაა უცხოური ინვესტიციების კუთხითაც: მესამე კვარტალში იგი სარეკორდოდ გაიზარდა, მაგრამ ეს არც ლარს და არც ეკონომიკას არ დატყობია.

_ ეს საინტერესო თემაა, რადგან უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებმა კითხვის ნიშნები გააჩინა.

_ გეთანხმებით. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ამას დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცეს. ინვესტიციების ნახევარი მოდის ორ ქვეყანაზე, ესაა ჩინეთი და აზერბაიჯანი. ჩინეთი მშენებლობითაა საქართველოში წარმოდგენილი, საუბარია ოლიმპიურ სოფელზე, რისი მაჩვენებელიც შეადგენს 149 მილიონ დოლარს, აზერბაიჯანი კი ტრანსპორტის დარგით, რაც ფინანსებში 95 მილიონი დოლარით აისახება.

საინტერესო ის გახლავთ, ტრანსპორტის რომელ სახეობაში ჩაიდო ამდენი თანხა? მთელი სამარშრუტო ტაქსები ჩვენმა მეზობელმა აზებაიჯანმა შეიძინა, თუ აეროპორტი თავისი თვითმფრინავებით? ეჭვი მეპარება, რომ ასე ყოფილიყო, ამიტომ მიჩნდება ეჭვი, ხომ არ არის ეს ფული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შეფერხებული და ბოლო ნაწილის თანხა? თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ მისი კრედიტი არის 775 მილიონი დოლარის ოდენობით, 25 წლით და 1-პროცენტიანი სარგებლით. თუ ასეა, რამდენად სწორია, ასეთი სესხი აღირიცხოს როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიცია? როცა ასეთი კითხვა ჩნდება, სტატისტიკის სამსახურმა სწრაფადვე უნდა განმარტოს, რომ მერე სპეკულაციებს არ ჰქონდეს ადგილი.

ისე, როცა უცხოური ინვესტიციებით თავს ვიწონებთ, არც ის იქნება ურიგო, რომ გავიხსენოთ, თუ რომელი პროექტები გააკრიტიკეს ყველაზე მეტად არჩევნების დროს: ოლიმპიური სოფელი _ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, რადგან ამბობდნენ, ჩინელებს ჩამოასახლებენო; ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა _ მასზე ამბობდნენ, წამგებიანია, აღმართზე ვერ ავა, თურქეთში ვიწრო რელსებია, სხვა, პატარა ვაგონებშია ტვირთი გადასატანიო და ასე შემდეგ; ასევე ანაკლიის პორტიც _ 11 განაცხადია უკვე შემოსული დიდი საერთაშორისო კომპანიებიდან.

_ ძალიან საინტერესოდ ვითარდება პროცესები რუსეთში, სადაც რუბლი კატასტროფას განიცდის. რუსეთის საფინანსო კრიზისი სავაჭრო არხებით ჩვენთან უცხოური ვალუტის შემოდინებაზე მოახდენს თუ არა გავლენას?

_ სავარაუდოდ, საქართველოდან რუსეთში ექსპორტის ზრდის ტემპი შენელდება. იკლებს ღვინისა და მინერალური წყლების, ასევე სხვა საქონლის ექსპორტიორების შემოსავლები. რუსი ტურისტების გადახდისუნარიანობა მკვეთრად შემცირდება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოში მათ შემოსვლაზე. სხვათა შორის, უკვე დაიწყო რუსი ტურისტების კლება ევროპასა და სხვა ქვეყნებში.

უკრაინის ვალუტის დევალვაციაც ახდენს საქართველოს ექსპორტზე გავლენას, ისევე როგორც დონბასის ბაზრის დაკარგვა და მთლიანად უკრაინის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის კლება. მთლიანობაში, რუსეთისა და უკრაინის ფაქტორმა გარკვეული პრობლემები უკვე შექმნა ფულადი ნაკადების შემოდინების პროცესში.

ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად არასტაბილურია რუსეთის ბაზარი. ეს ქვეყანა კიდევ მრავალი ათეული წელი ვერ დაწყნარდება. იგი ვერ დაძლევს უმტკივნეულოდ ყირიმისა და დონბასის მიერთებას. რუსეთს მოუწევს დიდი ეკონომიკური ხარჯების გაწევა ამ რეგიონების შესანახად. შესაბამისად, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროპის ბაზარზე ფეხის მოკიდება და მსოფლიოს სხვა ბაზრების ათვისება; ხოლო რაც უფრო მეტად მივებმებით რუსეთს, მით უფრო მეტი იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობის ჩვენს ქვეყანაში იმპორტირების საფრთხე.

 

                                                                                                     დავით დევიძე