მანანა ბაკურაძე: „პარლამენტში ვმუშაობ და სიმართლეს ვერ ვპოულობ!“

par

პარლამენტის თანამშრომელს, მანანა ბაკურაძეს, 14 წლის წინათ დაკარგული პირადობის მოწმობა 314 450 ლარი უჯდება და თუ შემოსავლების სამსახურს ამ თანხას არ გადაუხდის, შესაძლებელია, ბინის გარეშეც დარჩეს. ბაკურაძეს შესაბამისი ინსტანციები არ დარჩა, სიმართლე რომ გაერკვია, მაგრამ ამაოდ… „სხვა გზა აღარ დამრჩა, ვიფიქრე, გამესაჯაროებინა ეს ფაქტი, ვიღაცისთვის მაგალითი მაინც გახდეს“, _ აღნიშნა ბაკურაძემ და მკითხველს „ქრონიკა+“-ის მეშვეობით მოუყვა ამბავს, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადა.

მანანა ბაკურაძე:

_ 1996 წლიდან ვმუშაობ საქართველოს პარლამენტში, საზოგადოებრივ საქმეთა და ინფორმაციის დეპარტამენტში წამყვან სპეციალისტად. 1998 წლიდან ვავსებთ საჯარო მოხელის დეკლარაციას. ჩვენს საქმეებში 1998 წლიდან დღემდე შევსებული დეკლარაციები აწყვია. რამდენიმე წლის წინათ დამიკავშირდნენ შს სამინისტროდან, რომ გამოვცხადებულიყავი. ხუმრობად მივიღე და არ გამოვცხადდი. მეორე დღეს ჩემს ტელეფონზე კიდევ შემოვიდა ზარი, მითხრეს, _ თქვენ მოხვალთ, თუ ძალით წამოგიყვანოთო?! გადავამოწმე და რომ დავრწმუნდი, ნამდვილად შსს-დან რეკავდნენ, თანამშრომელთან ერთად მივედი. დაგვხვდა გამომძიებელი, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პირადობის მოწმობა გაყალბებულიაო და კომპიუტერში მაჩვენეს ჩემს პირადობის მოწმობაში ჩაკრული სხვისი სურათი. მკითხეს, _ არის თუ არა ეს თქვენი ხელმოწერა და ამ ქალბატონს თუ იცნობთო? ვერ ამოვიცანი, თუმცა ჩემი პირადობის მოწმობა იყო. მაშინ პირადობის მოწმობას ორი ბარათი ჰქონდა, ერთზე მოწმობა იყო და მეორეზე _ მისამართი ეწერა. მხოლოდ სურათიანი ბარათი იყო, მეორე არ ჰქონდათ. თქვენი პირადობის მოწმობით რაღაც პრობლემები გაქვთ შექმნილიო და მკითხეს, _ ნამდვილად მქონდა თუ არა დაკარგული? თითქმის არასოდეს ვიყენებდი პირადობის მოწმობას,  პარლამენტის საშვით ვსარგებლობდი ხოლმე, რომ დამჭირდა და ვერ ვნახე, დავწერე განცხადება და მეორედ ავიღე, ამიტომ ვერ გავიხსენე, რა დროს დამეკარგა. ჩამომართვეს ახსნა-განმარტება და ჩემი ხელმოწერების ასლი აიღეს. ვკითხე, _ კონკრეტულად რასთან დაკავშირებით დამიბარეთ-მეთქი? _ ვიღაცამ შენი მონაცემებით მაღაზია დაარეგისტრირა და ახლა ვარკვევთო. ვთხოვე, აუცილებლად ჩამაყენეთ-მეთქი საქმის კურსში.

ახსნა-განმარტების დაწერის შემდეგ მითხრეს, სხვა გამომძიებელთან წამობრძანდითო და შემახვედრეს რევაზ ნადოის. იქ ასევე იყო დაბარებული ნოტარიუსი ლალი კანდელაკი, ვინც ჩემი საბუთები გააყალბა. ნადოის არაფერი უკითხავს, მომთხოვა ჩემი ახალი პირადობის მოწმობა, გადაიღო ასლი და მითხრა, _ თავისუფალი ხართო. გამოსვლისას დავაფიქსირე, რომ პირადობის მოწმობა დამრჩა და მივბრუნდი. როცა გამოვედი, ნოტარიუსი შემოიყვანეთო _ თქვა და რომ მივბრუნდი უკან, ეს ქალბატონი უკვე ოთახში იჯდა. მასაც ვთხოვე, რომ შედეგი ეცნობებინა. ამ ამბის შემდეგ რამდენჯერმე გადავურეკე კიდეც, მაგრამ ბოდიში მომიხადეს და მითხრეს, _ როცა სასამართლო იქნება, აუცილებლად დაგიკავშირდებით, თქვენ გარეშე ამას როგორ გადავწყვეტთო? ამით დამთავრდა ეს ყველაფერი. ერთი-ორი დარეკვის შემდეგ მეც აღარ მივიჩნიე საჭიროდ მიმეკითხა, თუ ასეთი სერიოზული ამბავი იყო, არ მიფიქრია.

_ როგორ დამთავრდა ამ ამბის გამოძიება, ვერ გაიგეთ?

_ ვერა. 2014 წლის აღდგომის დღეს ამბროლაურში ვიმყოფებოდი, დამირეკეს და მეუბნებიან, _ მე გახლავართ საშემოსავლო სამსახურიდან ოფიცერი ალექსანდრე მეფარიშვილი და 11 აპრილის ბრძანებით დაყადაღებული გაქვთ ქონება, ან შემოიტანთ ამ თანხას, არადა, თქვენი ქონება გაიყიდება, მობრძანდით და ჩაიბარეთ ბრძანებაო. ვუთხარი, _ ალბათ, რაღაც გეშლებათ-მეთქი. _ თქვენი მონაცემები ხომ ეს არისო? _ და მიკარნახა ჩემი პირადი მონაცემები. მითხრა, _ თქვენთვის უმჯობესია, მობრძანდეთ და ეს ბრძანება წაიღოთო. მეხის დაცემა იყო, 314 450 ლარია ზუსტი მონაცემებით გადასახდელი. ჩამოვედი თბილისში, მივაკითხე, გადმომცეს ეს ბრძანება. იქვე ჰქონდათ ამოღებული ნუსხა, რომ მე არაფერ ქონებას არ ვფლობ, მაგრამ მეუბნებიან, _ ამბროლაურში ხომ გაქვთ სახლი, ის არის დაყადაღებული და მას შემდეგ, რაც ბრძანებას ჩაიბარებთ და ხელს მოაწერთ, აღარ გაქვთ უფლება, რამე აწარმოოთ, იყიდოთ, გაყიდოთ და იცოდეთ ამის შესახებო. ჩემი ძველი პირადობის მოწმობა ჰქონდათ ამობეჭდილი და მაგიდაზე იდო. ამბროლაურის სახლი ჩემიც არ არის, მშობლების სახელზეა გაფორმებული, უბრალოდ, ჩაწერილი ვარ თამარ მეფის 22-ში. მაშინ გავიგე, რომ, თურმე, ინდმეწარმედ ვარ დარეგისტრირებული კოსტავას ქ. 68ა-ში. ვუთხარი, _ თქვენ ახლა ბრძანდებით კოსტავას 68ა-ში და გამოდით შენობიდან, დაცალეთ და თუ დაყადაღებას იწყებთ, აქედან დაიწყეთ-მეთქი. ისიც კი არ იცოდა, რომ კოსტავას 68ა-ში მუშაობდა. სხვა მისამართი არ მაქვს, ვარ საჯარო მოხელე. პარლამენტში ჩემი მისამართი მითითებულია და ერთდროულად იმ მისამართზე ვარ ინდმეწარმეც და საჯარო მეხელეც. მითხრეს, _ ბრძანება გამოცემულია და უმჯობესია, ეს თანხა დროულად გადაიხადოთო. ერთი ხელფასი მაქვს, მეტი არაფერი გამაჩნია, ან რისთვის უნდა გადავიხადო? ვერაფერი გავარკვიე, ერთადერთი, მაშინვე დავწერე სარჩელი და იქვე დავტოვე.

_ სხვაგან არ იჩივლეთ? პროკურატურა ხომ იძიებდა ამ საქმეს, რატომ ვერ დაადგინეთ სიმართლე?

_ დავწერე საჩივარი, შევიტანე ფინანსთა სამინისტროში, პროკურატურაში, პარლამენტის იურიდიულ და საფინანსო კომიტეტში განვაცხადე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მივაკითხე და მდგომარეობა ავუხსენი, _ ყადაღაზე ბრძანება გამოიტანეს ჩემზე და დამეხმარეთ, როგორ ვიქნებოდი ერთდროულად ინდმეწარმე და საჯარო მოხელე-მეთქი? გააგზავნეს პარლამენტიდან წერილები, მაგრამ შედეგი არ არის. ამის შემდეგ ადვოკატიც ავიყვანე, სამი უარი მომივიდა უკვე შემოსავლების სამსახურიდან. არ აკმაყოფილებენ მოთხოვნას და მეუბნებიან, _ ეს თანხა უნდა გადავიხადო მხოლოდ იმიტომ, რომ ის პიროვნება, ვინც ჩემი პირადობის მოწმობა გააყალბა, არ იძებნება. შემოსავლების სამსახურის წერილიდან გავიგე, რომ ეს მეორე ბრძანებაა და 2010 წლის 11 ივლისს პირველი ბრძანებაც ყოფილა გამოცემული დაყადაღების თაობაზე, მაგრამ მე არ მომსვლია. სად წავიდა ის ბრძანება, არ ვიცი. არანაირად წინ არ მიდის ეს საქმე. პროკურატურაშიც შეტანილია საჩივარი და დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ახლა მწერენ, შეგიძლიათ გაასაჩივროთ შემოსავლების სამსახურში, ან სასამართლოშიო. მესმის, ეს ინსტანციები უნდა დავიცვა, მაგრამ 2012 წელს რომ დამიბარა ნადოიმ, ახსნა-განმარტება ჩამომართვა, ხომ გაარკვია, რომ მე არ ვიყავი, ახლა მთელი ეს სიმძიმე ჩემზე რატომ არის გადმოტანილი? მე უნდა დავფარო ეს თანხა და დამნაშავე ვარ იმიტომ, რომ არ მოიძებნა? ეს სადაური სამართალია? ძალიან დავითრგუნე, არანაირი დადებითი ძვრა არ არის, უდანაშაულო ვარ! ჯერ ესეც კონსტიტუციის დარღვევაა, რომ უდანაშაულო ადამიანი ამტკიცებდე შენს უდანაშაულობას, დარბოდე და ამდენ ხარჯს ეწეოდე! სასამართლოში რომ ვიჩივლო, ბაჟი უნდა გადავიხადო 3000 ლარი, რით დამთავრდება ეს საქმე, ისიც არ ვიცი! როგორც ზოგიერთი მეუბნება, 50/50-ზეა ჩემი შანსები, ადვოკატის ხარჯები სხვაა… რამდენად არის მოქალაქის უფლებები დაცული, როცა მე პარლამენტში ვმუშაობ და ვერაფერს ვაღწევ?! ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ქუჩაშია, საქართველოში როგორ იქნება დაცული მისი უფლებები? ეს რომ სხვას ეთქვა, არ დავიჯერებდი… ჩემ ირგვლივ ვინც ტრიალებს, ყველა სტრესშია, რამდენიმეს პირადობის მოწმობა აქვს დაკარგული და ნერვიულობენ, ჩვენც არაფერი დაგვემართოსო! არავინ არის დაცული ამ ქვეყანაში! ვიღაცამ თაღლითობა ჩაიდინა, ჯიბეები გაისქელა და მერე სხვას უნდა შეაწმინდოს ხელი? რით უნდა გადავიხადო? ქუჩაში უნდა დავრჩეთ მე და დედაჩემი? რით დავფარო მე ეს თანხა, ან რატომ? მე-9 თვე მიდის, არანაირი შედეგი არ არის… სხვა გზა აღარ დამრჩა, ვიფიქრე, გამესაჯაროებინა ეს ფაქტი, ვიღაცისთვის მაგალითი მაინც გახდეს…

შესაძლებელია ვერაფერსაც ვერ მივაღწიო და ისევ ჩემზე მოიტანონ იერიში, რომ გადავიხადო! ნადოი ისევ პროკურორი ბრძანდება, კეთილი ინებონ და გაარკვიონ, ძნელი გასარკვევია? რატომ არ დაიდო შედეგი? ჩემი ეჭვები მაქვს, რიგითი მოქალაქე ასე ვერ იქნებოდა, ნებისმიერი ქუჩაში გამვლელი ასე ვერ დაარეგისტრირებდა ფირმას, ნოტარიუსი ლალი კანდელაკი ისევ იმ ადგილზეა, როგორ ჩანს, ძალიან კარგი წრეა შეკრული და ვეჭვობ იმასაც, რომ მე პირადობის მოწმობა არ დამიკარგავს, საგადასახადოში დამრჩა, როდესაც დეკლარაციას ვავსებდი და თვითონ, იქვე გამოიყენეს. კოსტავას 68ა-ში ვინ დარეგისტრირდა, აბა? 14 წლის განმავლობაში რატომ არ შემატყობინეს, რომ რაღაც გადასახადი მერიცხებოდა? არანაირ ჩარჩოში არ ჯდება! საჯარო მოხელეებს არ გვაქვს კომერციის წარმოების უფლება და ესეც ხომ უნდა აღმოჩენილიყო? დეკლარაციას რომ ვავსებდი, ყოველთვის ვუთითებდი, რომ სხვა შემოსავალი არ მქონდა. ე. ი. ვატყუებდი სახელმწიფოს და ორმაგად უნდა დავისაჯო, ინდმეწარმეც ვიყავი, საჯარო მოხელეც და ლიფტებსაც ვარემონტებდი. სამშენებლო-სარემონტო ფირმა თუ გავხსენი, არავისთან მქონდა კავშირი? როცა ვნახე დოკუმენტები, სახტად დავრჩი, ისეთი აბსურდია ყველაფერი იქ მითითებული, მაგრამ სიმართლისკენ ერთი ნაბიჯიც ვერ გადავდგი წინ, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ და ყველა ჩავრთე ამ საქმეში.

 

                                                                                                      თამარ ბატიაშვილი