რატომ გადასხეს დესანტებად ქეთი დოლიძე და გოგა ხაინდრავა?

yes

უკრაინაში საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სკანდალურ დანიშვნებს, ცხადია, ბევრი ირონიზებული და მწარე შეფასება მოჰყვა. თქვენი არ ვიცი და პირადად მე ყველაზე მეტად ერთი ასეთი ხუმრობა დამამახსოვრდა: გავიგე, უკრაინაში დავიდ-დეფი გოგიბედაშვილი მიჰყავთ და ტარას შევჩენკოდ ნიშნავენო… დეფის, ალბათ, არ წაიყვანენ, მაგრამ უკრაინაში ყოფილი ხელისუფლების პირები ტარას შევჩენკოზე ნაკლები პატივით რომ არ მიუღიათ და დაუბინავებიათ, უკვე ვერც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მალავს.

თუმცა ჩვენი ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები, თავდაპირველად, სრულიად არაადეკვატურად იქცეოდნენ. როცა ვამბობ „მხარდამჭერები“, ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელებში შექმნილ იმ ბრიგადებს ვგულისხმობ, ხელისუფლების მხრიდან ხელის აქნევისთანავე რომ შეესევიან სხვადასხვა ცნობილი ადამიანების გვერდებსა და პროფილებს და გამოგონილი თუ ნამდვილი სახელებითა და გვარებით იქ საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობენ.

მანამდე იყო სულაც ამ თემის იგნორირება, ანუ „მეოცნებეებისთვის“ კარგად იყო ცნობილი, რომ „ნაციონალები“ და მათი მხარდამჭერები უკრაინაში მოსალოდნელ დანიშვნებზე ჩურჩულებდნენ, მაგრამ ამას არად აგდებდნენ და ქირქილებდნენ კიდეც, _ მეტი საქმე არ აქვთ უკრაინელებს, სინამდვილეში ჩვენზე უკეთ იციან, ესენი რას წარმოადგენენო…

როცა დანიშვნები გაოფიციალურდა, „მეოცნებეებმა“ თავდაპირველად მიზანში არსენ ავაკოვის აქაუნთი ამოიღეს და ჩიქორთულით, ინგლისურით, ცუდი რუსულით თუ სულაც ქართულით მის დარწმუნებას ცდილობდნენ იმაში, რომ ეკა ზღულაძე მოადგილედ არ გამოადგებოდა. არსენ ავაკოვი ჯიუტი კაცია _ თავისი მაინც არ დაიშალა და რადას მიერ დამტკიცებისთანავე ეკა ზღულაძეს ტელეფონით ესაუბრა. შედეგად, ზღულაძე უკვე ამ კვირას შეუდგება მუშაობას.

ალექსანდრე კვიტაშვილი სულაც რადამ დაამტკიცა, რადგან მინისტრობის კანდიდატი იყო. ინტერვიუებიც ვრცლად დაარიგა და თბილისშიც ჩამოვიდა საკუთარი ნივთების წასაღებად და უკრაინაში საბოლოოდ გადასაბარგებლად.

მის საწინააღმდეგოდ თბილისიდან დესანტი გადასხეს ქეთი დოლიძისა და გოგა ხაინდრავას სახით, მაგრამ „ინტერფაქს უკრაინის“ დარბაზში, სადაც მათ პრესკონფერენცია ჩაატარეს, სამი ჟურნალისტი და ერთი ელჩი იჯდა _ უკრაინაში საქართველოს ელჩი. ამ პრესკონფერენციაზეც ენამოსწრებულად იხუმრა ვიღაცამ: „გამარჯობა. ჩემი „კუკარაჩა“ ნანახი გაქვთ?“ _ პრესკონფერენცია ასე დაიწყო…

ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაგირება იყო აბსოლუტურად არაადეკვატური და პირდაპირ ვთქვათ, არათუ არადიპლომატიური, მტრულიც კი. იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, ეს დანიშვნები უკრაინის შიდა საქმეა და ჩვენ ვერ ჩავერევით ამ პროცესებშიო, მაშინვე დაიწყეს იმის ხაზგასმა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში არ გამოადგებოდათ. ლამის იყო, უკრაინის ხელისუფლების ვერტიკალის დამუნათებაზე გადავიდნენ. ეს ყველაზე პირველად დავით ზურაბიშვილს ეცა თვალში და თქვა კიდეც, რა უნდა გაეკეთებინათ ხელისუფლების წარმომადგენლებს:

`ხელისუფლებას ადრე უნდა ეფიქრა ცოტა მეტი უკრაინაზე. ახლა დაგვიანებულია და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ამ დანიშვნების გადაყლაპვა, საქართველოს ხელისუფლებამ და ოფიციალურმა პირებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაფასონ ეს ნეგატიურად და მხოლოდ თავშეკავებულად, ძუნწად და ზედმეტი ჩაღრმავებების გარეშე უნდა აღნიშნონ ორი მესიჯი:

ა) ვის სად დანიშნავენ უკრაინის მთავრობაში, ეს თავად უკრაინის ხელისუფლების პრეროგატივაა;

ბ) საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობების განვითარება ეჭვქვეშ არ დგას და არც დადგება.

მორჩა და გათავდა. ეს არის ერთადერთი „დასტოინი“ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. სხვანაირი „დვიჟენიები“ მხოლოდ საზიანოა და რაც მეტს ილაპარაკებენ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირები იმაზე, თუ რა ცუდ ტიპებს ნიშნავს უკრაინის მთავრობა, მით უარესი იქნება ეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებისთვის.

მაგრამ ეჭვი მაქვს, ილაპარაკებენ და თან „მეცოცხეები, მაგენი“ და ა. შ. სტილში“. ასეც მოხდა _ საუბრები და შეფასებები სწორედ ამ სტილში წარიმართა, სანამ ის ბრძენი კაცი, ბიძინა არ გამოჩნდა და არ თქვა, _ უკრაინაში მიმდინარე დანიშვნებს ვერ შევაფასებ, ეს მათი საქმეაო. ამის თქმა იყო და ჯერ კალაძემ განაცხადა, ზღულაძესთან და კვიტაშვილთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, მხოლოდ წარმატებას ვუსურვებო, მერე კი მას სხვებიც აჰყვნენ…

მაშ, ასე! „ნაციონალები“ უკრაინის ხელისუფლების ვერტიკალში _ გადაადგილება შედგა. საკითხავი ის არის, შოკი დასრულდა, თუ კიდევ უფრო მეტი მოულოდნელობა წინ ელის საქართველოს ხელისუფლებასაც და მოსახლეობასაც? როგორც ჩანს, გაგრძელებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ „ნაციონალები“ არა მარტო კულუარებში საუბრობენ. მაგალითად, ნუგზარ წიკლაური მომდევნო შოკს უკვე აანონსებს:

„უკრაინაში ქართველების დანიშვნა გრძელდება, რასაც ისტერიული კომენტარებით შეეგებნენ აქაური ხეპრეები, მაგრამ მთავარი დანიშვნა და მთავარი შოკი წინ არის“. „ქრონიკა+“ ნუგზარ წიკლაურს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ მას არ უგულისხმია გავრცელებული ხმები იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ეკა ტყეშელაშვილის დანიშვნის შესახებ, რომელმაც უკრაინულ მედიაშიც გაიჟღერა. „ეკას დანიშვნას, დღესდღეობით, როგორც ვიცი, წინ არაფერი უდგას. მე სხვა დანიშვნა ვიგულისხმე, რომელზეც ჯერ ვერაფერს ვიტყვი“, _ თქვა მან.

„ქრონიკა+“-მა კულუარული ინფორმაცია შეიტყო: იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროში ბევრი მნიშვნელოვანი ადგილი ჯერაც ვაკანტურია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინელები რაღაცას ან ვიღაცას ელოდებიან. ზურაბ ადეიშვილის მიწვევის ფაქტი არ დადასტურდა, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, იუსტიციის სამინისტროში ეკა ტყეშელაშვილთან ერთად, არც მეტი, არც ნაკლები, იმერეთის ყოფილი გუბერნატორისა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია გეწაძის მიწვევას აპირებენ…

გია გეწაძე საქართველოს იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრია. მას განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე აქვს მიღებული, 2002 წელს იყო IRIS -საქართველოს დირექტორი, 2003 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2000-2004 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის _ მდივნის თანამდებობა. არცთუ ცუდი ბეგრაუნდის მქონე გეწაძეს, როგორც ამბობენ, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს რეფორმირებისთვის რეკომენდაცია სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს.

უკრაინაში იმყოფებიან არა მარტო ის „ნაციონალები“, რომლებიც იქ უნდა დაინიშნონ, არამედ ისინიც, რომლებიც უკვე დანიშნულებს უნდა დაეხმარონ. მაგალითად, გიორგი ვაშაძე, რომლის შესაძლო დანიშვნაზე ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაგრამ თავად მან არ დაადასტურა და განაცხადა, რომ უკრაინელ ხალხს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება, მაგრამ არც ერთ უცხო ქვეყანაში თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.

საინტერესოა, რას გეგმავენ „ნაციონალები“ უკრაინაში? რას შეცვლიან? რას მოერგებიან? რამდენად გამოუვათ? როგორია მათი გეგმები? პრესაში გაბნეული მოკლე თუ ვრცელი ინტერვიუებიდან ამ თემებზე მსჯელობა უკვე შესაძლებელია:

„ვინც ქრთამს შემომთავაზებს, წავა ციხეში“, _ ამ სათაურით უკრაინულ ინტერნეტმედიაში სანდრო კვიტაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მალე რადას კანონში ცვლილების შეტანა მოუწევს, რომლის მიხედვითაც არა მარტო ქრთამის ამღები, არამედ ქრთამის მიმცემიც დაისჯება _ ეს ერთ-ერთი ცვლილება იყო, რომელმაც საქართველოში, ასე თუ ისე, გაამართლა. უკრაინაში დღეს კორუფცია ხელისუფლების თითქმის ყველა რგოლშია გამეფებული. ასე რომ, ეს ცვლილება, ზოგადად, კარგად უნდა წაადგეს რეფორმირების საქმეს.

მეორე ცვლილება, ალბათ, ისევ სისხლის სამართლის კოდექსში შევა და „ქურდული სამყაროს“ წევრობა დასჯადი გახდება. ეს სიახლეც, თავდაპირველად, საქართველოში დაიგეგმა და განხორციელდა, შემდეგ უკვე რუსეთმაც გადააკოპირა, თუმცა იქ დღემდე ფორმალურად მოქმედებს. უკრაინაში, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში რომ `კანონიერი ქურდების~ გავლენა აშკარად იგრძნობა, ფაქტია. ამაზე არაერთხელ წერდა თავად არსენ ავაკოვი. ბოლო დროს ის კატეგორიულად აცხადებდა, რომ უკრაინაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება კრიმინალების ჩარევა სახელისუფლებო საქმეებში და რომ ისინი ვერ მოახდენენ გავლენას უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამას კი მტკიცე ნება და საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება. როგორც ჩანს, ორივე მომწიფდა.

ეკა ზღულაძე, სავარაუდოდ, პირველ რიგში, სწორედ ამ მიმართულებას მიხედავს და ავაკოვისადმი მისი რჩევების პირველი ნაწილი იქითკენ იქნება მიმართული, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ეს რეფორმა შედგეს?

თავის დროზე, როცა კახა ბენდუქიძე საქართველოს პოლიციაში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრობდა, მან ეკა ზღულაძის მაგალითი დაასახელა იმის თვალსაჩინოებისთვის, რამხელა ეფექტი აქვს, როცა სისტემაში საბჭოთა მილიციელები აღარ არიან:

„ეკა ზღულაძეს აქვს მონათხრობი, თუ როგორ მიდიოდა იგი მინისტრის მოადგილეების შეხვედრაზე, როცა ჩვენ ჯერაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყანა ვიყავით: ჯინსებში, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში გამხდარი გოგონაა გამოწყობილი.

ხომ წარმოგიდგენიათ, დსთ-ს ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა _ მუნდირში გამოწყობილი ბიძები, საპატიო ყარაული, რამე… როცა იგი პირველად მივიდა, ვერც კი შეამჩნიეს, რადგან ყველა ელოდა, რომ თვითმფრინავიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გადმოვიდოდა. აქ კი ტრაპზე გოგონა ჩამოდის… მიდის და მას არავინ აჩერებს. შემდეგ აღიარეს…

ზღულაძე იგონებს, რომ ყველაზე რთული ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციისამებრ, აბანოში „ბაბკებთან“ ერთად კოლექტიურად წასვლა იყო.

აქ კი არეულობას ჰქონდა ადგილი. „ამას რა ვუყოთ? აბანოში წასვლის შეთავაზება არ გამოდის, ქალი რომ შევთავაზოთ, აზრი არ აქვს…“ _ ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს ეს ბიძები. აი, რას ნიშნავს ინსტიტუტის გასუფთავება შინაგანად. ეს ერთი სახუმარო, მაგრამ ნიშანდობლივი მაგალითია~, _ ყვებოდა კახა ბენდუქიძე რუსულ გამოცემასთან 2012 წელს.

მოკლედ, როგორც ჩანს, დანიშვნების ბუმს უკრაინაში ჯერაც არ ჩაუვლია. ვნახოთ, რის პორტირებას შეძლებენ „ნაციონალები“ უკრაინაში და რას ჩააგდებენ? _ სამუშაო რთული და მოცულობითია. ბოლოს და ბოლოს, იმის შანსი, რომ ყველაფერი გამოუვიდეთ, სწორედ იმდენივეა, რამდენიც იმისა, რომ რეფორმები ვერ შედგეს და მერე ყველაფერი მთავრობაში მყოფ „უცხოელებს“ დაბრალდეთ. ამ ბოლო სცენარის შემთხვევაში უნდა ნახოთ, რა ყიჟინი ატყდება დღევანდელ ხელისუფლებაში…

 

                                                                                                           დოროთე გითოლენდია