მე მომატყუა მიშამ

mom

„ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაცი ძლიერ უბრთხის ოცნებას, უბრთხის იმიტომ, რომ ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს კაცს და მეორე _ საქმეს აცდენს“, _ წერდა ვაჟა ფშაველა. შესაძლოა, ბევრს იმედი გავუცრუო, მაგრამ მე ამ ცოდვას ვერ ავკიდებ იმ ბრძენ კაცს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს მან გაულაყა ტვინი „ოცნებით“ და მან მოაცდინა საქმეს ქართველები. არა, ბატონებო, მან დამდგარი შედეგით, რეზულტატით ისარგებლა სარფიანად. რეზულტატით, თორემ, აბა, ვინ დაიჯერებდა უფასო ფულის არსებობას, თუ არა უკვე ტვინგალაყებული?

სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ნამდვილად არაფერი მოუტყუებია არც ბიძინა ივანიშვილს და არც მის მიერ შეკრულ თაიგულს, კოალიცია რომ დაარქვა. ვერაფერიც ვერ მომატყუა, იმიტომ რომ იმ დედ-მამის შვილი ვარ, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში კაპიკიც არ შეიტანა ბანკში, როცა ვიღაც ძაღლები და მამაძაღლები ხალხს ჰპირდებოდნენ, შემოიტანეთ და გაორმაგებული დაგიბრუნდებათო. არ შეიტანეს იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, არავისთვის საჩუქებელი ფული არ ჰქონდათ და, მეორე მხრივ, ტვინი, ჰქონდათ და იცოდნენ, რომ თანხა ვერანაირად ვერ გაორმაგდებოდა ბანკში დებით და არავინ და არც ერთი ბანკი არ გაიკოტრებდა თავს ჩვენს გასამდიდრებლად. ვერაფერი ვერ მომატყუა ბიძინამ, იმიტომ რომ არც ერთი მისი დაპირება სერიოზულად არ აღმიქვია, ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ არანაირი ლარი მიშას ჯიბეში არ მიდიოდა და ლარით ვერანაირად ვერ გაიაფდებოდა ბენზინი, ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ ყოველ დაკლულ დედალზე ცალი ბარკალი მიშასი არ იყო და მისი გაგდებით დედალს ბარკალი არ ამოუვიდოდა, არც უფასო ფულის მჯეროდა, არც განულებული კრედიტების, არც პენსიის უცებ გაორმაგებისა და არც თითო სოფელზე ჩამორიგებული 5-5 მილიონის. ის კი არა, ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, იმის უფრო მეშინოდა, ეს თავისი დაპირებები, ემანდ, მართლა არ შეესრულებინათ და მთლად არ დაექციათ ქვეყანა. ხალხს, უფრო სწორად, იმ 54%-ს, რომელმაც მას ხმა მისცა, სჯეროდა, ახლა კი სიმწრისგან ცოფებს ყრის. გაუთავებლად იმას გაიძახიან, რომ ბიძინამ მოგვატყუა. აგერ, ბატონო, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ერთმანეთს ორი მსახიობი დაუპირისპირდა _ ნატა გულიაშვილი და ხათუნა ბოკუჩავა. და რა თქვა ხათუნა ბოკუჩავამ? სააკაშვილს, თურმე, გენოციდი მოუწყვია ქართველი ერისთვის, შემოუყრია ყველაფერი საშინელებები: „ადამიანი ადამიანს აღარ ჰგავს, გაანარკომანეს, გააპიდარასტეს, გაათახსირეს ქართველი ერი“. აფსუს, რა ჯანმრთელი ერი ვყოფილვართ 2003 წლამდე? მიშას გაუნარკომანებია და გაუპიდარასტებია ერი… ახლა ძალიან კარგი ხელისუფლება გვყოლია და ვისაც არ მოგვწონს, თურმე, უნდა ავდგეთ და წავიდეთ უკრაინაში… კითხვა მაქვს ამ „მსახიობ“ ქალბატონთან (რომლის ნიჭი მარტო ჯაჭვლიანმა დაინახა და „მაიტა ნასოსში“ გადაიღო), _ თავად რატომ არ აიკრა გუდა-ნაბადი და არ წაბრაცუნდა იმ 9 წლის მანძილზე? მას ემოციურად ეპაექრებოდა ნატა გულიაშვილი, მაგრამ ნატამაც გადააჭარბა, _ ბიძინა არის აფერსისტი და ყველას მოგვატყუაო, მთელი საქართველო მოატყუა და მოტყუებული დადიხართ ყველა, ცოტა უნდა გამოფხიზლდეთო.

რაში გადააჭარბა ნატამ? იმაში, რომ ბიძინას ყველა არ მოუტყუებია. იმიტომ, რომ ყველა ბრიყვი არ ვართ და ყველას არ დაგვიჯერებია ეს ზღაპრები. არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა არ ბაქი-ბუქობდა და ათას სისულელეს არ ჰპირდებოდა ხალხს, მაგრამ თავი რისთვის გაბია ადამიანს? `რეზბაზე~ აქვთ და მოხსნილი ჰქონდათ? გაენძრიათ და ჩაეანალიზებინათ, რამდენად შესრულებადი იყო მათი ოცნებები. რატომ სჯეროდათ, რომ ვინმე მათ ასე ჰაერზე ჩამოურიგებდა ფულებს და მათ შეინახავდა? ან რატომ ეგონათ, რომ ის „ბუკეტი“, რომელიც მან შეკრა საარჩევნოდ, მათ კეთილდღეობაზე და წესიერი სახელმწიფოს შესაქმნელად იღვაწებდა?

აოცნებებულების დიდი ნაწილი თავს მოტყუებულად გრძნობს და აღარც იცის, როგორ მოიქცეს, გული გაუხაროს თავის ნაც-ნაცნობებს? არც ეს უნდა და იხტიბარს არ იტეხს, კატასავით ზურგზე არ ეცემა. არადა როგორია, უკვე ლამის სული უყივის შიმშილისგან, ხან წყალს უწყვეტენ, ხან შუქს უთიშავენ და ახლა ბოლოს ყველას ერთიანად შეგვერყა წლობით როგორღაც შეკოწიწებული მატერიალური სტაბილურობა. ლარმა თავი აიშვა და დამჭერიც არავინაა. ბოლოს იმდენი ქნეს, იქით გვახვეწნინებენ, რომ ბიუჯეტი გაირღვეს და სახელმწიფომ აღარ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, აღარ გაიღოს ხარჯები, რომ მთლად არ დავიქცეთ და დავიდაგოთ. კარგი ფოკუსია, არა? როცა იქით გახვეწნინებენ, ოღონდაც გაარღვიეთ ბიუჯეტიო. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ხადური გვიმტკიცებდა, რომ არც ბიუჯეტი გაირღვეოდა და არც ლარი გაუფასურდებოდა. ახლა ივანიშვილიც გვეუბნება, საპანიკო არაფერია, მთავრობა კარგად მუშაობსო. არც ახლა გვატყუებს რამეს ბიძინა. კი არ გვატყუებს, დაგვცინის და „გვეკაიფება“. მოვლენებს თავის სახელი უნდა დაარქვათ, _ ერთია, როცა კაცი დაგცინის და გეღლაბუცება და მეორეა, როცა გატყუებს. მოტყუება დიდი პატივია, იმ ძალისხმევას მაინც ითხოვს მისგან, რომ გაისარჯოს და დაგარწმუნოს, ნათქვამი ისე შეფუთოს, რომ დამაჯერებელი იყოს და რასაც ის თქვენ გეუბნებათ, რამე სცხია დამაჯერებლობის? დგას და თაბორის მთიდან „გეკაიფებათ“. მაშინაც „გეკაიფებოდათ“, როცა ათას რამეს გპირდებოდათ. თქვენ დაიჯერეთ, უფრო სწორად, გინდოდათ დაჯერება, თავის მოტყუება და თავი მოიტყუეთ. ასე რომ, ბიძინას კი არა, თქვენ ამჩატებულ თავს მოკითხეთ ყველაფერი, რაც დღეს გჭირთ. გინდოდათ თავისუფლად სუნთქვა და ისუნთქეთ, ფილტვები გაავარჯიშეთ.

მე არც ის მჯერა, რომ ყველა გაღატაკდა. აგერ, ვიღაც პუტინის მეხოტბე ლეპსის კონცერტზე ანშლაგი იყო. ჯერ რას მღერის და მერე თან რა ფასად? და რაც მთავარია, ყველამ მოისმინა, თუ როგორ გამოუცხადა ამ ლეპსმა ოკუპანტ პუტინს მხარდაჭერა, მხარდაჭერა კი არა, უტყვი მონობა. თქვენ მაინც მიბრძანდით და ამ მონის კონცერტზე, ჩაათხლიშეთ 200-300 ლარი. მიხვედით და მიაფურთხეთ გაგლეჯილ სამშობლოს, გმირების ხსოვნას, აფეთქებულ და დაბომბილ სოფლებს და რა მოისმინეთ ასეთი? ადამიანი სულს, სამშობლოს რომ ყიდი, რაღაცას ხომ უნდა გაძლევდნენ? თქვენ იქით აგახიეს ფულები და ბრიყვები ხართ, აბა, რა პინგვინის ყაურმა ხართ?! ბრიყვები ხართ და ამაოდ ამტკიცებთ, რომ პოლიტიკა ერთია და ხელოვნება _ მეორე. როცა ის მომღერალი მხარდაჭერას უცხადებს შენი სამშობლოს მტერს, დამპყრობელს, როცა იგი შენი მტრის მონაა, თვითონ ვინ ხარ, ვინც იქ მიდიხარ? მიდიხარ და გადიხარ სირცხვილის დერეფანს, სადაც დაგძახიან, რომ ხარ მონა, დაგძახიან სამართლიანად და დაგძახიან ისე, რომ ვანოს მიერ ფორმაჩაცმული პოლიციელები მიშას დაგებულ ასფალტზე ხოხავენ სიცილისგან. მონა ხარ, დიახ, მონა, შენი აზროვნებით და გემოვნებით. მონა ხარ, ოღონდ მშიერმუცელა კი არა, მაძღარმუცელა მონა, რადგან მშიერმუცელა მონა 200 ლარს ვერ გაიმეტებს ვერავის კონცერტისთვის. ამიტომ რაღა დაგიმალოთ და მადლობელიც კი ვარ იმ ბრძენი კაცის, ასე მონდომებით რომ ცდილობს, მშიერმუცლებად გაქციოთ. იგი არაფერს არ გატყუებთ. იგი დაგცინით. ყოველ შემთხვევაში, ღმერთი, რჯული, ჩემთვის არაფერი მოუტყუებია ბიძინას. მე იცით, ვინ მომატყუა? _ მიშამ. დიახ, დიახ, მე მიშამ მომატყუა. იცით, როგორ? იყო ქვეყანა, კორუფციის ჭაობში ჩაფლული, განვითარების პერსპექტივა _ ნული, იმედი _ არსაიდან. ნელ-ნელა მწიფდებოდა მზაობა იმისა, რომ ერთ დღეს ავმდგარიყავი და გუდა-ნაბადი ამეკრა ამ ქვეყნიდან და წავსულიყავი სადმე წესიერ ქვეყანაში, მაგრამ მოხდა რევოლუცია… და ნელ-ნელა გამოიკვეთა კონტურები. დასტაბილურდა ლარის კურსი, განათდა და უსაფრთხო გახდა  ქუჩები, მოწესრიგდა ელექტროენერგიის მოწოდება, გაჩნდა იმედი, რომ ამ ქვეყნისგანაც დადგებოდა სახელმწიფო. გადავიფიქრე წასვლა. ვთქვი, რომ დროებით და გადავწყვიტე, მეცადა ბედი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. გავიარე შემოქმედებითი ტურები და იქ, სადაც, ოდესღაც, უმეტესწილად, როგორც წესი და კანონი, მიღება ხდებოდა კლანურად, მივიღე უმაღლესი ქულები, შემდეგ გავიარე ეროვნული გამოცდები, (იმ წელს პირველად იმართებოდა), ერთი ქულაც არ დაუკლია არავის და სახელმწიფო დაფინანსებაც მოვიპოვე. საკუთარ ტყავზე გამოვცადე ამ რეფორმის წარმატება და ვირწმუნე, რომ ამ ქვეყანას რაღაც მართლა ეშველებოდა, რადგან გაირღვა მოჯადოებული წრე, რომ `ამ ქვეყანაში ყველაფერი ჩაწყობითაა~. საბოლოოდ გადავიფიქრე ასე წასვლა და როცა ამ ახალ პროფესიაში მოვძლიერდი, სხვაგვარად წასვლაზე დავიწყე ფიქრი, უფრო სწორად, გასვლაზე. დიდი ძალისხმევის შედეგად ესეც გამომივდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თეატრალური ინსტიტუტიდან პირველი გავედი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მოლდოვაში, შემდეგ მინსკში, ამ ყველაფერს ვუყურებდი, როგორც მოთელვას, მოსამზადებელ პერიოდს შემდგომი საგასტროლო მოგზაურობებისთვის. ასეც მოხდა, კიშინიოვში ფესტივალზე გამოსვლას მიწვევა მოჰყვა და კიშინიოვის ნაციონალურ თეატრში, იქაურ ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, ქართულ ენაზე დავდგი სპექტაკლი, მოლდოველი მსახიობები ქართულად ავალაპარაკე, მინსკის გასტროლებს ამსტერდამში მიწვევა მოჰყვა, ამსტერდამში ახალი გეგმები დაისახა და… და თქვენ დაიწყეთ ოცნება, თქვენ თავი მოიტყუეთ და მე დავრჩი მოტყუებული _ ოღონდ მიშასგან მოტყუებული, იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა, არც ამ საზოგადოებისგან შედგა სამოქალაქო საზოგადოება და არც ამ ქვეყნისგან _ სახელმწიფო. არ იფიქროთ, რომ ჩემი ჩავარდნილი საგასტროლო მოღვაწეობიდან გამომდინარე ვასკვნი ამას, ამ ყველაფერს ვასკვნი ამ ორი წლის თავზე, როცა აღარც დენია სტაბილური, აღარც ლარი და აღარც ქუჩებია უსაფრთხო და რაც მთავარია, აღარც დასავლეთისკენ სწრაფვაა ეჭვშეუდგამი. არ ვიცი, საით მივექანებით, რა გველის წინ? წასვლა? სად წასვლა? ასაკი? შესაბამისი ასაკი გაშვებულია. მეტყვით, რომ არასოდეს არაა გვიან… სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, მეტყვით, „საგზურსაც“ გამომიწერთ, აგერ იმ ხათუნა ბოკუჩავამ ისიც დაგვძახა, წაბრძანდით უკრაინაში, თუ ეს ხელისუფლება არ მოგწონთო… მე სად წავალ, ჩემი საქმეა, ლარი კი არ ვარ, თქვენს ნებაზე მაბურთაოთ ბიძინამ და იმის ფანკლუბმა, როცა მოგინდებათ, გამაქციოთ, როცა მოგინდებათ, გამაჩეროთ…

მოკლედ, თქვენ ბიძინა დაგცინით, მე მიშამ მომატყუა…

 

                                                                                                                  რეზო შატაკიშვილი