ასლან აბაშიძე დუმილს არღვევს, გიორგი აბაშიძე კი საქართველოში ბრუნდება!

საა3

ორი კვირის წინ მოქალაქე ავთანდილ გადახაბაძემ საქართველოს აუწყა, რომ აფუძნებდა არასამთავრობო ორგანიზაციას ერთადერთი მოტივით, _ საქართველოში ასლან აბაშიძის ჩამოსაყვანად და ამ ინიციატივაში საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, გავერთიანდეთ, შევაგროვოთ ხელმოწერები და საქართველოს ხელისუფლება ვაიძულოთ, კერძოდ კი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასლან აბაშიძის შეწყალებას უპირობოდ მოაწეროს ხელიო!..

გაუთვითცნობიერებელ მკითხველს, ალბათ, გაუჩნდება ლოგიკური კონტრშეკითხვა, _ კი მაგრამ, ვინ არის ეს ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი, რომელსაც ამოდენა ტვირთის საკუთარ თავზე აღება უნდა და ასლან აბაშიძის საქართველოში დასაბრუნებლად ასე რომ ირჯებაო?..

ავთანდილ გადახაბაძემ საქართველოს მხოლოდ იმით დაამახსოვრა თავი, რომ 2004 წლის აჭარის მოვლენების დროს საქართველოს დაუძინებელი მტრების, „ნაცმოძრაობის“ გვერდით იდგა და მშობლიურ აჭარას მათთან ერთად „ათავისუფლებდა“!.. გუშინდელი დღესავით მახსოვს „ბატონი ავთოს“ გამოჩენა ჯერ აჭარის უზენაესი საბჭოს პრესსამსახურის ოთახში, ხოლო შემდეგ კი აჭარის ტელევიზიაში. მჯიღს იკრავდა გულზე, ასლანს ჩემზე ერთგული კაცი არა ჰყავსო, მაგრამ როგორც ყველა მოღალატეს სჩვევია, ერთგულების მძიმე ტვირთს ბოლომდე ვერ გაუძლო და იმ ძალასთან გადაბარგდა, რომელმაც მისი მშობლიური აჭარა კი არ ააშენა, არამედ ააოხრა, გაძარცვა და უცხოტომელებს მიუგდო საჯიჯგნად!..

მაგრამ ხომ საინტერესოა, რა მიპასუხა ამ ბრალდებებზე თვითონ ავთანდილ გადახაბაძემ?.. _ ჰო, ეგ ეგრეა, მაგრამ რა ვიცოდი, ასე მწარედ თუ მოვტყუვდებოდიო!.. ასეთ უავტორიტეტო და მარგინალ პიროვნებას აქვს გადაწყვეტილი, ასლან აბაშიძის სასარგებლოდ შეაგროვოს ხელმოწერები და შემდეგ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან აფრინოს მილიონობით ხელმოწერა „???“, რათა ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგეს და ავთომ ასლანა ციმციმ ჩამოგვიყვანოს საქართველოში…

როგორც კი ავთო გადახაბაძის ეს ინიციატივა გაჟღერდა, ამ წამოწყებაში უმალ ჩაერთო „აღორძინების“ ყოფილი დეპუტატი, ხოლო შემდგომში ასლანის მიერ ზურგნაქცევი იურისტი ვალერი გელბახიანი, რომელმაც ჩემს შეკითხვაზე, _ იცის თუ არა ასლან აბაშიძემ, თქვენ რომ უნდა ჩამოიყვანოთ საქართველოში-მეთქი? ასე მიპასუხა:

_ გამარჯობა, ირინა, როგორ ხარ?.. რა არის, სულ რომ ბრაზობ?.. ავთომ არასამთავრობოც ჩამოაყალიბა ამ საკითხზე და პრესკონფერენციაც გამართა, მაგრამ ვიდრე მე ამ საქმეში ჩავერთვებოდი, ნებართვა ავიღე მოსკოვიდან…

_  არ მითხრა, რომ ასლან აბაშიძეს ელაპარაკე…

_ არა, მას არა, მაგრამ შევუთვალე, ასეთი ინიციატივა წამოვიდა და ხომ არ ჩავერთო-მეთქი?.. პასუხი დადებითი იყო, ანუ მე ვისი პირითაც შევუთვალე, იმ პიროვნებამ გადმომცა ასლანის დასტური იმაზე, რომ მე ჩავრთულიყავი ამ წამოწყებაში…

_ შენ იურისტი ხარ და როცა პრეზიდენტის შეწყალებაზე ლაპარაკობ, უფრო სწორად იმაზე, რომ მარგველამ ასლან აბაშიძე შეიწყალოს, ეგ როგორ გამოვა, მაშინ, როცა შეწყალება, თავისთავად, ბრალის აღიარებასაც ნიშნავს?.. იქნებ, მითხრა, რა ედება ბრალად ასლან აბაშიძეს და რა დაუშავა მან საქართველოს?

_ ახლა შეწყალება უკვე აღარ გულისხმობს ბრალის აღიარებას, ახლა სხვანაირად ხდება, პრეზიდენტის კეთილი ნების გამოხატვით ბრალის აღიარების გარეშეც შეიძლება შეწყალება და ეს პრეზიდენტის მხრიდან ჰუმანურ აქტად მიიჩნევა.

_ კაი, ერთი, რაა!.. თვითონ ავთო გადახაბაძე თუ ელაპარაკა ასლან აბაშიძეს, აი, ეს მაინტერესებს?..

_ არ ვიცი, მაგრამ როცა მე დასტური შემომითვალა, უკვე ხომ იცოდა, რომ ავთო გადახაბაძეს ჰქონდა ეს ინიციატივა აღებული?..

ვალერი გელბახიანი „ესემესით“ გადახაბაძის ტელეფონის ნომერს მიგზავნის და მე, ტელეფონის ნომერზე 557-11-42-72 თითქმის ორი დღის განმავლობაში ვრეკავდი და ზუსტად ორი დღის განმავლობაში ავტომოპასუხე მაუწყებდა რომ: „აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდან, დარეკეთ მოგვიანებით“… ამ ამბით შეწუხებულმა კვლავ გადავურეკე ვალერი გელბახიანს და ვუსაყვედურე, _ ეს რა ტელეფონის ნომერი მომეცი, სულ გამორთულია და იქნებ, სხვა ტელეფონიც აქვს ავთო გადახაბაძეს, რომელზეც მიპასუხებს-მეთქი?.. ბატონმა გელბახიანმა ჩემს საყვედურზე ასე მიპასუხა, _ იცი, რა, ავთო ახლა წასულია, მანდარინი აქვს ჩამოსაკრეფი და, ალბათ, იმიტომ ვერ გპასუხობსო…

თადარიგიან აჭარლებს კარგა ხნის დაკრეფილი აქვთ მანდარინი და ნეტა, რა ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა ავთო გადახაბაძეს გასაკეთებელი, რომ საკუთარი ჭირნახულის აღება-დაბინავებისთვის აქამდე ვერ მოიცალა?.. თანაც, ალბათ, ბატონმა ვალერიმ არ იცის, რომ ამჟამად მოსკოვიდან რამდენიმე დღით ერთი კაცია ჩამოსული და გადახაბაძე მანდარინის მოსავლის ასაღებად კი არა, უფრო „ღირებული მოსავლის“ აღებით არის დაკავებული…

საინტერესო ის არის, ვინ ბრძანდება ის მოსკოველი კაცი, არა?.. ის გახლავთ როლანდ ბლადაძე, რომელიც ადრე სარფის საბაჟოზე მუშაობდა და რომელსაც „აჭარის რევოლუციის“ დროს ბათუმში „ნაცმოძრაობის“ „ოხრანკამ“ საცხოვრებელი სახლი ჩამოართვა. „ქრონიკა+“-ში როლანდ ბლადაძის ინტერვიუც გამოქვეყნდა და მთელ ამ ისტორიაში საინტერესო არის ის, რომ როლანდ ბლადაძის სახლში ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს და ცოცხალი თავით ბლადაძის სახლიდან არ გამოდის!..

როგორც კი ყოფილი ასლანისტის, შემდეგ „მიხუინისა“ და უფრო შემდეგ კი სინდისთან მწყრალად მყოფი ავთო გადახაბაძის ზრახვები შევიტყვე, მაშინვე გადავურეკე ასლან აბაშიძის დას და ვკითხე, თუ ჰქონდა მას ამ დღეების განმავლობაში ძმასთან ურთიერთობა და თუ უამბო, რომ საქართველოში ერთმა ჯგუფმა მისი საქართველოში დაბრუნების მოძრაობა დაიწყო?.. ქალბატონმა ნარგიზმა მიპასუხა, რომ რაღაცას ყური მოჰკრა, ისიც სხვამ უამბო, მაგრამ მითხრა, რომ ასლანი საქართველოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს, არ ერევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ საკითხებზე მას ლაპარაკი არ უყვარსო!..

„ქრონიკა+“-თან კი ასლან აბაშიძემ მაინც ისაუბრა:

_ გამარჯობა, ბატონო ასლან, როგორ ბრძანდებით?

_ ოოჰ, გამარჯობა, ირინა… რამ გაგახსენა ჩემი თავი? კარგა ხანია, არ დაგირეკია… ხომ კარგად ხარ, ბავშვები როგორ გყავს?.. ჯანმრთელობა როგორია? კიდევ გაწუხებს ფილტვები? ბევრს ეწევი, ალბათ, და მოუკელი… ერთი „პაჩკა“ მოწიე ხოლმე დღეში, ორი ბევრია… (იცინის)

_ ახლა რომ იცოდეთ, რაზე გირეკავთ, ალბათ, გაგეცინებათ…

_ კარგია, თუ გამეცინება, მაგას რა სჯობია!..

_ ავთო გახსოვთ, გადახაბაძე?.. აი, ის რომ იყო, პრესსამსახურშიც რომ დაძვრებოდა და ჟურნალისტობასაც რომ იჩემებდა…

_ ჰო, მერე?..

_ მერე ის, რომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, ასლანი საქართველოში უნდა ჩამოვიყვანოო.

_ რა მჭირს მე მაგის ჩამოსაყვანი?!.

_ ეგ კიდევ არაფერი, მთელი ამბავია ტელევიზიებით ატეხილი, არიქა, ასლანი ჩამოჰყავთ, შემდეგ ის ხელმოწერები მარგველაშვილს უნდა შევუტანოთ და აბაშიძის შეწყალება მოვთხოვოთო. არ იცოდით ეს ყველაფერი?

_ კაი, კაცო, ერთი… რეებს მეუბნები, მართლა ასე ამბობენ?!. ახლა მეცინება კი არა, უკვე ვბრაზდები და ერთი კარგად გამიგე ეგ ამბები, რეებს ხლართავენ მანდ…

_ რა ვიცი, თვითონ ამბობენ, ასლანისგან „დაბრო“ გვაქვსო და ე. ი. თქვენ არაფერი იცით?..

_ ირინა, ძალიან გთხოვ, მართლა დაინტერესდი მაგ საქმით და დეტალურად გამაგებინე ყველაფერი. შენ ძალიან კარგად იცი და ყველამ მინდა იცოდეს, რომ არაფერში არ ვერევი, არავის შეწყალება არ მჭირდება და არც დამიშავებია რამე საქართველოსთვის. ჩემზე ლაპარაკის მეტი სხვა საქმე არ აქვთ?..

_ კარგით ახლა, ნუ გაბრაზდით, უბრალოდ, საქმის კურსში ჩაგაყენეთ, თორემ წინასწარ ვიცოდი თქვენი პასუხი… აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში და იმ დისკებსაც გამოგიგზავნით, სადაც ავთოს პრესკონფერენციებისა და ტელეეთერების სიუჟეტები იქნება ჩაწერილი. ანდა რად გინდათ, ახლა მოგწერთ იმ ინტერნეტსაიტების მისამართს, სადაც ამ ყველაფრის ნახვა შეგეძლებათ და შემდეგ თავად განსაჯეთ, უნდა გავბრაზებულიყავი, აღვშფოთებულიყავი თუ არა?.. სწორედ ამიტომ დაგირეკეთ, ეს ყველაფერი რომ მეთქვა და ახლა დავმშვიდდი, როცა უკვე ყველაფერი იცით. კიდევ ერთხელ მითხარით, მართლა არ იცოდით ამ ყველაფრის შესახებ? ამას კიდევ იმიტომ გეკითხებით, რომ წარმოუდგენელია, ვინმეს ადამიანის ჩამოყვანის სურვილი გაუჩნდეს და თავად იმ ადამიანს არ ჰკითხოს, უნდა თუ არა მას ეს?

_ მეც კიდევ ერთხელ გიმეორებ: არავის ჩამოსაყვანი არაფერი არ მჭირს და მით უმეტეს, მაგ ადამიანების…

_ აი, მარტო ამის გაგება მინდოდა, გკოცნით, კარგად ბრძანდებოდეთ. თუმცა სხვა რაღაცებიც მინდოდა მეკითხა და ვიცი, რომ პოლიტიკურ შეკითხვებზე არ მიპასუხებთ და ამიტომაც გემშვიდობებით… აკოცეთ ბავშვებს და მომიკითხეთ…

_ კარგად იყავი, კარგად… მომწერე საიტების მისამართები, სადაც ეგენი დაფიქსირდნენ. ველოდები…

_ ახლავე გადმოგიგზავნით… კარგად ბრძანდებოდეთ…

ახლა თქვენ როგორ გგონიათ, ვინ ტყუის: ასლან აბაშიძე, ავთო გადახაბაძე, ვალერი გელბახიანი, თუ როლანდ, იგივე ოკია ბლადაძე, როდესაც თბილისში მავანს აიმედებს, ბატონი ასლანი საქმის კურსშია და იმოქმედეთო?.. ასლან აბაშიძის ჩამოსვლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ვისაც გაეხარდება, იმას კი ვეტყვი, რომ სულ მალე, ალბათ, გაზაფხულზე, საქართველოში ამჟამად უკვე საცხოვრებლად დაბრუნდება ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე და აბა, ჰე, მიდით, ახლა, დაესიეთ სვავებივით მემედ აბაშიძის შვილთაშვილს, რომელსაც ისევე როგორც მის დიდ წინაპრებს, საქართველოს ხსენებაზე თვალები უწყლიანდება და ცრემლებს უკანვე იბრუნებს, ემანდ, სისუსტეში არ ჩამითვალონო… დიახ, ჩამოდის გიორგი აბაშიძე საქართველოში, რადგან მისი სამშობლოა ეს ქვეყანა, მისი დიდი წინაპრების დამსახურებით არის დღეს აჭარა საქართველოს შემადგენლობაში და როცა ილია ჭავჭავაძე აქებდა და ადიდებდა მათ და როდესაც საქართველოს უახლესმა ისტორიამაც დაადასტურა, რომ აბაშიძეთა გვარს აჭარისთვის ერთი წუთითაც კი არ უღალატია, ისმის ლოგიკური შეკითხვა, _ ვინ უნდა იყოს აჭარაში და საქართველოში მიღებული და დაფასებული, თუ არა მემედ აბაშიძის შთამომავლობა?!. ხომ დაადასტურა საქართველოს უახლესმა ისტორიამ ისიც, რომ ასლან აბაშიძეს აჭარაზე რკინის კედელი იმისთვის ჰქონდა შემოვლებული, რომ იქ უკეთურის ფეხი არ დადგმულიყო?.. ხომ დაადასტურა თავისი დიდი მამულიშვილობა ასლან აბაშიძემ მაშინაც, როცა ჩოლოქის კარი ღიად არ გაუღო მოღალატე „ნაცმოძრაობას“ და აჭარაში ძმათამკვლელი ომი არ დაუშვა?!. ის ხიდები და შენობები აჭარაში უკვე ყველამ იცის, რომ ასლან აბაშიძის ბრძანებით არ აფეთქებულა. ჩოლოქის ხიდი ააფეთქა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დეტონატორზე უშუალოდ ხელის გამომკვრელები კი დღეს აჭარის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში სხედან! ისიც ყველამ კარგად იცის, რომ დღეს აჭარაში ყოფილი კმარელებით დაკომპლექტებული ხელისუფლება ჰყავთ და კარგი იქნება, თუ იმასაც გაიხსენებენ, როგორ ყვიროდნენ ისინი, _ სისხლს დავღვრით და ასლან აბაშიძეს საქართველოდან მაინც მოვაშორებთო!.. სწორედ ამ „კმარისა“ და მიშას „ნაცმოძრაობის“ გვერდით იდგა ავთო გადახაბაძე და ძმებ ბერძენიშვილებთან ერთად დუჟმორეული გაჰყვიროდა, _ ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალიაო!..

 

                                                                                               ირინა გოგოსაშვილი