ლეგენდარული მოჩხუბრები საქართველოში და პოლიტიკური ტატამის ფალავნები!

მეორე

სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი უკვე თითქმის ერთი წელია, ცივი და ცეცხლსასროლი, საბრძოლო იარაღის გამოფენას მასპინძლობს. მუზეუმში დაცული ექსპონატებიდან აქ მხოლოდ მცირე, გარკვეული პერიოდიკის მიხედვით შერჩეული ნაწილია გამოფენილი, ზოგადად საცავებში კი უამრავი დასახელების უძველესი იარაღი ინახება. ამ ნივთების განვითარების ეტაპები და მათი მრავალფეროვნება მეტყველებს არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ იხვეწებოდა იარაღის მწარმოებელთა ხელოვნება, არამედ იმაზეც, თუ როგორ იცვლებოდა ჩხუბის მეთოდები და რა როლს თამაშობდა იარაღი ნებისმიერ ორთაბრძოლაში. აღარაფერს ვამბობთ ფართომასშტაბიან საომარ სიტუაციებზე, სადაც იარაღის გარეშე ბრძოლა ამაო იქნებოდა.

თუმცა უძველესი ქართული საბრძოლო ხელოვნების უბადლო მცოდნე ქართველ მეომრებს ზოგჯერ შეუიარაღებელთ, უთანასწორო ბრძოლაშიც შეეძლოთ სასწაულების ჩადენა, რის შესახებაც უამრავი ლეგენდა მოგვითხრობს.

შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ქართველი არა მხოლოდ იარაღის ფლობის, ხელით ბრძოლის, ჩხუბის ხელოვნებასაც ფლობდა, რამაც შედეგად მოგვცა ის, რომ უამრავი საინტერესო, ორიგინალური ილეთი სპორტულ ნორმად დადგინდა. ოსტატური ჩხუბი კი გენეტიკაშიც გაჯდა, რაც თვალსაჩინოდ იგრძნობა, როდესაც ქართველები ტატამზე ჭიდაობენ ან სხვა, ძალოვან სპორტში ერკინებიან მეტოქეებს.

გენეტიკური მუხტით არა მხოლოდ სპორტსმენებს, ხშირად პოლიტიკოსებსაც უდუღთ სისხლი. თუმცა, სპორტისგან განსხვავებით, არ ცნობენ ჩხუბის კანონებს და იმპულსურად, ან გააზრებულად, მუხანათურ თავდასხმას უწყობენ მეტოქეს, ან, უბრალოდ, მსხვერპლს.

დიახ, პოლიტიკოსები არა მხოლოდ მუშტი-კრივის ილეთებს, სხვადასხვა იარაღსაც ხმარობენ მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. სამთავრობო მუშტი-კრივის მიხედვით, ისტორიულად ცნობილ იარაღთა გვერდით, საბრძოლო დანიშნულება შეიძინეს, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარმა, საყოფაცხოვრებო ნივთებმა. მეტიც, თითოეულს თავისი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის უსიამოვნო ლაქად მიიჩნევა, მაგრამ ფაქტებს ვერ გავექცევით.

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში, ყველა მოწვევის დეპუტატთა ლაშქარში გამოირჩევიან ისეთები, რომლებიც, მართალია, არც ძველისძველ საბრძოლო ხელოვნებას ფლობენ და ფალავნობის ნიჭითაც არ გამოირჩევიან, მაგრამ მკლავი ერჩოდათ, ერჩით და, სავარაუდოდ, მომავალშიც მოგვიწევს პარლამენტართა ხელდახელ შებმის ამსახველი ამბების ნახვა.

ქართული საპარლამენტო ჩხუბის ისტორია იმით დაიწყო, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს, პირდაპირ სესიის მიმდინარეობისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა, ნოდარ ნათაძეს ბორჯომი შეასხა. ეს დუელში გამოწვევაზე და შესაბამისად, ხელთათმნის სროლაზე მეტი იყო, რადგან, ხელთათმნის სროლა შესაძლოა სულაც არ დასრულებულიყო დუელით, რჩეულიშვილზე ასაკით მრავლად აღმატებულ ბატონ ნოდარს კი მოწინააღმდეგემ თუ პროვოკატორმა არჩევანის, დუელის არიდების შანსი არ დაუტოვა. სხვა საქმეა, როგორ მოიქცა ნათაძე, მაგრამ რჩეულიშვილის ენერგიულობა ამით არ ამოწურულა, მას ჰქონდა დაპირისპირება, ფაქტობრივად, მის კბილა ნოდარ გრიგალაშვილთან, რის გამოც საბრძოლო იარაღად ბორჯომის მინერალური სითხე აღარ გამოუყენებია, მაგრამ გრიგალაშვილს, სავარაუდოდ, სულ რომ ექავებოდა, ის მუშტი უთავაზა. პირადად რჩეულიშვილი კი ყველაზე მეტად 2003 წლის ცნობილი რევოლუციური გამოსვლების დროს გაილახა. ისტორიას ფოტოს სახითაც დარჩა დროშის ტარით გატეხილი მისი თავი.

მოგვიანებით, რჩეულიშვილის კოლეგამ, მარადიულად ენერგიულმა პეტრე ცისკარიშვილმა, ასევე ასაკით ბევრად აღმატებული დავით საგანელიძე აითვალწუნა და თვალში ისეთი ჩააფარა, რომ უნებლიეთ ცხადად წარმოვიდგინე, რას ნიშნავდა ცნობილი ფრაზა ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო საგანში ნასწავლი ერთ-ერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებიდან `შუშანიკის წამება~: `აღიღო ასტამი, და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა და თუალი ერთი დაუბუშტაო~. მართალია, ვარსქენ პიტიახშივით ცეცხლის საჩხრეკი იარაღი არა, მაგრამ საგანელიძის თვალის დასაბუშტად ტრადიციული, ძველისძველი, ცნობილი საბრძოლო იარაღი კასტეტი კი გამოიყენა მცირეწლოვანმა დეპუტატმა ცისკარიშვილმა. მაშინ საზოგადოება შოკში ჩააგდო იმ ფაქტმა, რომ პარლამენტში არა მხოლოდ `პერსტენით~ თითებდამშვენებული, კასტეტიანი დეპუტატებიც დადიოდნენ. არადა, დეტექტორი შესასვლელში სუსტი სქესის წარმომადგენელ ჟურნალისტებსაც კი არ გვაპატიებდა, თუ ჩანთაში რამე წამახულწვეტიანი, თუნდაც ფრჩხილების ქლიბი გვქონოდა.

ხშირად ხმაურიანი, ბიჭური გარჩევების მთავარი გმირი იყო პარლამენტარი კაკო ბობოხიძე, რომელმაც ჯერ პეტრე მამრაძესთან დაპირისპირებით გამოიჩინა თავი, შემდეგ კი ჯონდი ბაღათურია სცემა. ბობოხიძის საპარლამენტო საბრძოლო ისტორიებში საომარი ნივთები არ ფიგურურებს, ის ყოველთვის საკუთარი მუშტისა და წიხლის იმედზეა.

ზოგადად წიხლი სხვა დროსაც ფიგურირებდა საპარლამენტო-სამთავრობო ბრძოლებში. მაგალითად, პანჩური, ფეხის ჩაფარება, ტლინკაობა ფიქსირდება ედუარდ სურმანიძის საბრძოლო დოსიეში. ერთი შეხედვით, მშვიდი, მაგრამ აწეწილ ნერვებიანი გია ბარამიძე კი, ძირითადად, მარჯვენა ხელს იქნევს, სოსო ჯაჭლვიანიც მუშტით იბრძვის, მიშა მაჭავარიანმა კი საბრძოლო იარაღთა მრავალფეროვნება საფერფლით გაამდიდრა. აქვე არ შემიძლია არ ვახსენო დეპუტატი, რომელსაც არასდროს გამოუჩენია თავი სხვისი ცემით, თუმცა საცემრად ყოველთვის სწირავდა საკუთარ თავს. ალბათ უკვე მიხვდით, ასეთი მრავალგზის გვემულის ტიტული კობა დავითაშვილს ეკუთვნის.

ცხადია, აქ მოყვანილი ფაქტები ჩვენს პარლამენტში წლების მანძილზე მომხდარი ბიჭური გარჩევების მხოლოდ ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბის არსი დაპირისპირებაში, აგრესიასა და ქაოსში გამოიხატება, მას უხსოვარი დროიდან ჰყავს მოყვარულები. ჩხუბს აქვს დაწერილი და დაუწერელი კანონები, ჩხუბი იქცა სპორტად, სანახაობად, ჩხუბით შეიძლება გახდე პოპულარული და მეტიც, ისტორიაში ჩაეწერო. თუმცა არა ისე, როგორც ამას ჩვენი დეპუტატები ახერხებენ.

ყველა დროში ადამიანთა ერთი ნაწილი გაურბოდა ჩხუბს, მეორე ნაწილი კი თვითონ თუ არ ჩხუბობდა, ტკბებოდა სხვათა დაპირისპირების ყურებით. ამფითეატრის ან სხვა არენების ირგვლივ, იარუსებზე მოკალათებულ, ძალაუფლების მქონე, ან, უბრალოდ, სეირის მოყვარულ რიგით მოკვდავებს საბოლოო განაჩენი გამოჰქონდათ დამარცხებულისთვის, გამარჯვებულს კი კვლავ სისხლიანი დაპირისპირებისკენ მოუწოდებდნენ.

ისტორიამ ძალიან ბევრი ცნობა შემოინახა ჩხუბში ქართველების უბადლო ოსტატობის შესახებ. უძველესი საბრძოლო ხელოვნების ილეთების საუკეთესო მცოდნეები, ან უბრალოდ ჩხუბის ნიჭით დაჯილდოებულები წარმატებით ახერხებდნენ უთანასწორო ბრძოლაში არა მხოლოდ გმირულად გაეძლოთ, დაემარცხებინათ რაოდენობრივად აღმატებული მოწინააღმდეგე. თუნდაც ისევე, როგორც ცნობილი ქართველი ფალავანი, კოლია ქვარიანი ახერხებდა ამას. თუმცა 77 წლის ასაკში ვეღარ სძლია ერთდროულად დაპირისპირებულ ხუთ კაცს, თანაც ახალგაზრდებს და ტრაგიკულად დაიღუპა ამერიკაში, სადაც გასული საუკუნის ცნობილ ქართველ ფალავანს უკეთ იცნობდნენ, ვიდრე სამშობლოში.

ვიღაც დაჩაგრულს გამოექომაგა და ხუთ ფერადკანიან ახალგაზრდასთან ჩხუბი მოუხდაო. ორ-სამ კაცს იმ ასაკშიც ადვილად მოერეოდა, მაგრამ ხუთის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და მიღებული ტრავმებისგან ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მწერალ აკაკი ბელიაშვილის გადმოცემით, პატარა კოლია ბავშვობიდან სვანებთან ჩხუბში გაწაფულა. მომავალი ფალავანი კოლაუ ნადირაძესა და პაოლო იაშვილს დაუყენებიათ გზაზე და ჭიდაობის შესასწავლად შავკანიან ფალავან ჯოემორასთვის ჩაუბარებიათ. 1927 წელს ასევე ცნობილ ფალავანს, ივან პადდუბნის ამერიკაში წაუყვანია შთამბეჭდავი გარეგნობისა და საარაკო ძალის პატრონი კოლია, სადაც საბოლოოდ დარჩენილა საცხოვრებლად. განა მხოლოდ მკლავი ჰქონია ძლიერი, თავისუფლად საუბრობდა ცხრა ენაზე. ის გამოდიოდა რინგზე და წვრთნიდა ახალბედებს, ამასთან, ცნობილი მოჭიდავის, ანტონინო როკას მენეჯერიც ყოფილა.

რომანტიკული ბუნების მიუხედავად დიდი ჩხუბისთავი ყოფილა ვაჟა-ფშაველა. ჯერ კიდევ 22 წლის ლუკა რაზიკაშვილს პეტერბურგში სწავლის დროს ისეთი საგმირო საქმით გამოუჩენია თავი, რომ მეგობარს, დიმიტრი ცისკარიშვილს უთქვამს, შენ უნდა გერქვას ვაჟა ფშაველაო. ფშაველის თუშმა მეგობარმა კარგად იცოდა, რომ ფშავ-ხევსურეთში `ვაჟა~ `კარგ ბიჭს~, `ვაჟკაცს~ ნიშნავდა, ლუკა რაზიკაშვილს კი ყრმობიდან უკვე ვაჟკაცის სახელი ჰქონია გავარდნილი.

იმის გამო, რომ ეკონომიკურად უჭირდათ, პეტერბურგში მხოლოდ ერთი წელი დაჰყო ვაჟამ. ერთხელაც, ფული რომ გამოლევია, გერმანელი სტუდენტის შეთავაზებას დაჰყოლია: ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგოს, სადილის ფულიც იმან გადაიხადოსო, _ უთქვამს გერმანელს. წასულან სათამაშოდ ვაჟა და მისი უფროსი ძმა გიორგი. გერმანელ სტუდენტს წაუგია, საბილიარდოდან გაპარულა, ფულის გადახდა კი ვაჟასთვის მოუთხოვიათ, ამის გამო ისეთი მუშტი-კრივი გამართულა და ვაჟას ისე დაუტრიალებია მუშტი, რომ იქ მყოფნი სულ მიუწყვ-მოუწყვია. ამბობენ, მაშინ ვაჟას იმ დროისთვის ცნობილი მოკრივეც გაულახავსო.

ძველი ქართული საბრძოლო ისტორიის მკვლევრების განმარტებით ვაჟა საბრძოლო ხელოვნების შესანიშნავი მცოდნე ყოფილა. ამის შესახებ აკაკი წერეთლის მონათხრობიც არის შემორჩენილი: „იმ ხანად თბილისში სტუმრობდა „ახალ ერმაკად“ მონათლული კაზაკთა ატამანი აშინოვი, რომელსაც იმდროინდელი რუსული პრესა ხოტბას ასხამდა და გმირად სახავდა, „ივერიას“ კი თავის პუბლიკაციაში საცინლად აუგდია. ხანჯალმოღერებული აშინოვი სწორედ იმ დროს შეჭრია კაბინეტში სერგი მესხს, როცა მასთან აკაკი და ვაჟა იმყოფებოდნენ სტუმრად და მოუთხოვია ბოდიში და უარყოფა კრიტიკისა, რაზეც სერგი მესხს უარით უპასუხნია. ამაზე ოფიცერი დამუქრებია, ნახავ, რაც მოგივაო. ვაჟა დინჯად წამომდგარა და უთქვამს: სანამ შენი გვინახია, ერთი ჩვენიცა ნახეო. ჩაუვლია კისერში ხელი, გამოუყვანია კიბესთან და ისეთი პანღური დაუზელია, რომ თავკერძას გორვით ჩაუთავებია კიბე და ქვაფენილზე გაშხლართულა. შერცხვენილ ატამანს იმავ დღეს აუკრეფია გუდა-ნაბადი საქართველოდან“.

ამბობენ, ჩინებული მოკრივე ვაჟა მჯიღის დაკვრით გოჯიან ფიცარს ამტვრევდაო. თავისი კუთხის ხალხის ქომაგობის გამო სამკვდრო-სასიცოცხლოდ ყოფილა გადაკიდებული მეტყევეებს, რომლებიც გლეხებს გადასახადს სთხოვდნენ. ვაჟას კატეგორიულად მიაჩნდა, რომ ტყე ფშავლებისაა და მეფეს არაფერი ერგებაო. ერთხელაც, მორიგი დაპირისპირების დროს, მეტყევესა და მის რაზმს მუხანათურად შეუპყრიათ ვაჟა.

პეპო მარტოლეკის მოგონებიდან: „მოვიკითხეთ ვაჟა: რა იქნა აქამდის-თქო? მაგრამ რას ვხედავთ? მეტყევე ცხენიდან გადმოეგდო, იდგა შიგ იორში მათრახის ტყაპატყუპი. შხეფავს ტყისმცველებსაც, აი, ჩამოყარა ცხენებიდან წყალში, ზოგი ცხენს ჩამოჰკიდებია, ზოგს ცხენი გაუშვია და თავის გადარჩენას ცდილობს. იორიც მოდიდებული იყო. აი, ვაჟა გამოვიდა იორიდან და რახტის ძგრიალით მოაგდო ცხენი დუქნის წინ. ამ სანახაობაზე ჩვენ, ყველას, გვეცინებოდა, _ ხომ დავთაქლე კარგადაო! _ წაილაპარაკა ვაჟამ“.

მეამბოხე ხასიათის გამო თურმე ხშირად იყო კონფლიქტური სიტუაციების მთავარი გმირი, მათ შორის მანგლისის მახლობლად, სოფელ თონეთში მასწავლებლად მუშაობის დროსაც. თონეთელები ჩიოდნენ, თურმე, ცუდად იქცევა, მუშტი-კვრით გვიმასპინძლდება და ხანჯლითაც გვემუქრებაო. ერთ დღესაც ვაჟას ჩხუბი მოსვლია ერთ რუსის ოფიცერთან, ძალიან უცემია და სამსახურიც მიუტოვებია.

სამწუხაროდ, არ მოიპოვება ზუსტი ცნობები ლეგენდარული ხევსურის, გვარად ლიქოკელის შესახებ, რომელსაც, გადმოცემების თანახმად, სამურაების ოცეული გაუნადგურებია. XX საუკუნის დასაწყისში ერთი ვინმე ლიქოკელი რუსი სამხედრო პირის მოკვლის გამო კუნძულ სახალინზე გადაუსახლებიათ. იმ დროს რუსეთ-იაპონიის ომი მიმდინარეობდა და იაპონელთა ერთ-ერთ რაზმს დაუკავებია კუნძული. არავინ იცის, რა რჯიდა შესანიშნავ მოფარიკავე ლიქოკელს, რატომ ებრძოდა იაპონელებს. ძნელი სავარაუდოა, რომ რუსების, იმ ხალხის ინტერესს იცავდა, ვინც სამშობლოდან შორს გაასახლა. ალბათ იმიტომ, რომ მეომრის სისხლი არ ასვენებდა, მომხდური საკუთარ მტრად მიუღია და მედგრად დახვედრია. ერთ სახლში გამაგრებულა და შენობაში შესულ მოწინააღმდეგეთაგან გარეთ ცოცხალი ერთიც არ გამოუშვია. იაპონელებმა, როგორც იქნა, კარი რომ შეანგრიეს, სახტად დარჩნენ, ოთახის შუაგულში ერთადერთი კაცი იდგა, გვერდით კი რამდენიმე ათეული იაპონელი მეომრის გვამი ესვენაო. რაზმის მეთაურს მოუსურვებია უცნობი მეომრისთვის ჭკუის სწავლება და ხმალამოღებული დაძრულა ლიქოკელისკენ, იარაღის მოქნევა ვერ მოუსწრია, რომ ლიქოკელს ოთხად გაუჭრია. ხმლით რომ ვერაფერს გახდნენ, თოფით მოკლეს იაპონელების საარაკოდ შემმუსვრელიო.

ქართველები რომ კარგი მოჩხუბრები არიან, ამას თანამედროვე სპორტსმენტთა წარმატებებიც მოწმობს, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.

 

                                                                                                 ელენე იმერლიშვილი