ვალერი ხაბურძანია: „პანკისი „რუსთავი 2“-ის სიუჟეტის მერე დაიბომბა“

ess3

„კუდის“ ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ „ქრონიკა+“ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას დაუკავშირდა:

_ ბატონო ვალერი, ჩვენ ლაფანყურის სპეცოპერაციის თემაზე ვმუშაობთ. ჩვენმა რესპონდენტმა, რომელმაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ ისურვა და ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანია, გვითხრა, რომ ჩეჩნების მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ თქვენი მინისტრობის პერიოდში დაიწყო.

_ ეს იყო ერთჯერადი ოპერაცია და ნუ შევადარებთ იმას, რაც მანამდე ხდებოდა საქართველოში. მანამდე პანკისის ხეობაში ხდებოდა ის, რომ პანკისში ემზადებოდნენ ეს ჯგუფები, ხელისუფლებასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. ხშირად ხელისუფლების წაყრუებით, ხელშეწყობით თუ რუსეთის მხრიდან ცალკეული მესაზღვრეების მოსყიდვით ეს ჯგუფები რუსეთის ტერიტორიაზე გადადიოდნენ. რაც შეეხება ჩვენს პერიოდს, დავიწყეთ ანტიტერორისტული ოპერაცია პანკისის ხეობაში, სადაც ჩავრთეთ რუსებიც და ამერიკელებიც, მიმდინარეობდა სამმხრივი შეხვედრები, იხილებოდა ყველა საკითხი ღიად და გამჭვირვალედ. გადაწყდა, რომ როგორმე ეს ძირითადი ჯგუფი უნდა გაგვეძევებინა პანკისის ხეობიდან, რუსების მხრიდან იყო შეთავაზებები, რომ საბრძოლო ოპერაციას ისინი ჩაატარებდნენ პანკისის ხეობაში, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ეს იქნებოდა ქვეყნისთვის საზიანო. ამერიკელებიც კი, ერთი პერიოდი, ამ აზრამდე მივიდნენ, როდესაც საქმე მათ ობიექტებს ეხებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელები მუშაობდნენ მხოლოდ არაბებზე და მათ მიიჩნევდნენ ტერორისტებად, რუსები კი მუშაობდნენ როგორც არაბებზე, ასევე ჩეჩნებზე და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებზე, იქ იყვნენ დაღესტნელებიც, ყარაჩაელებიც, იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული პირებიც, მაგალითად ორი იაპონელიც კი იყო პანკისის ხეობაში. ეს ჯგუფები უნდა განდევნილიყვნენ პანკისის ხეობიდან ყოველგვარი ბრძოლისა და შეტაკებების გარეშე, იმიტომ რომ შეიარაღებული ჯგუფები იმყოფებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მათ შეეძლოთ ფარად გამოეყენებინათ და მძევლად აეყვანათ ისინი. გარდა ამისა იყო საშიშროება, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ეთნიკურად მოძმე ხალხი, მათ დაუჭერდა მხარს. ქვეყნის შიგნით მივიღებდით, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ სხვა ქვეყნის შეიარაღებული ჯგუფები. ამისთვის ჩვენ არც სამხედრო შესაძლებლობები გვეყოფოდა, არც ფინანსური რესურსები. კატასტროფა მოხდებოდა. დავიწყეთ ოპერატიული მუშაობა. რუსლან გილაევთან ვაკონტაქტებდით როგორც `ფსბ~-ს მაღალჩინოსნებს, ისე ამერიკელებს. მას ისეთ განწყობას ვუქმნიდით, რომ სულ მალე დაიწყებოდა ერთობლივი რუსულ-ამერიკულ-ქართული ოპერაცია მათ წინააღმდეგ, ამისთვის დამაჯერებელ ლეგენდებს ვთხზავდით, გარკვეული მოქმედებებიც ხდებოდა, რაც მიანიშნებდა მას, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვძლიერდებოდით. რამდენიმე ლოკალური სპეცოპერაციაც ჩავატარეთ, მაშინ როცა გილაევი იქ, ფაქტობრივად, ბატონობდა და  იქაურობის ერთადერთი მფლობელი იყო. თუმცა იქ იყვნენ სხვა სამხედრო საველე მეთაურებიც. ამ მუშაობის შედეგად გილაევი დარწმუნდა, რომ მას პრობლემები შეექმნებოდა და გვთხოვა, ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა მიგვეცა. ეს საკითხი ჩვენ შევათანხმეთ ამერიკელებთან და რუსებთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეს იყო ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. ისინი ცოტა ხანს ფიქრობდნენ, მე დაჟინებით მოვითხოვდი, რომ სწორედ ამ გზით წავსულიყავით. ჩვენ მივეცით მათ დერეფანი, ამასთანავე გავაფრთხილეთ რუსებიც და ამერიკელებიც, რომ ჩვენი ფუნქცია იყო, მათ არ ჰქონოდათ შეხება ადგილობრივ მოსახლეობასთან, არ მომხდარიყო კონფლიქტები, ეს იყო გადასვლა მაღალმთიან რეგიონში, დანარჩენი უკვე რუსებზე იყო დამოკიდებული, როგორ მიიღებდნენ ამ ხალხს, _ მშვიდობიანად, დააკავებდნენ მათ, ცეცლხს გაუხსნიდნენ თუ რა მოხდებოდა. გილაევზე იყო დამოკიდებული, როგორ გადავიდოდა და სად გადავიდოდა, ამერიკელების თანხმობაც ამ თემაში იყო. მიმაჩნია, რომ იმ პერიოდში ეს იყო ერთ-ერთი გრანდიოზული ოპერაცია, ტრაბახის გარეშე გეუბნებით ამას. ახლა მე ხომ ვერ მოვყვები ყველაფერს, რა ოპერატიული ზემოქმედების მეთოდებს ვიყენებდი, რა ლეგენდებს ვიყენებდით? ერთ რამეს პირდაპირ გეტყვით: „ფსბ“-ს დირექტორის პირველი მოადგილე ჩემი საკუთარი კარიერისა და კიდევ ბევრი რამის რისკის ფასად შევიყვანე პანკისის ხეობაში და შევახვედრე გილაევს. სხვათა შორის, ამერიკელებიც ხშირად ხვდებოდნენ მას. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 800-მდე კბილებამდე შეიარაღებული გაწვრთნილი ჩეჩენი და 200-მდე კბილებამდე შეიარაღებული არაბი საქართველოს ტერიტორიიდან გავიდა. სხვათა შორის, მაშინ მოხდა ასეთი ფაქტი: „რუსთავი 2“ პანკისის ხეობაში ჩავიდა, აგენტურა მაგათ რომ ჰყავდათ, ჩვენ ვერ დავიტრაბახებდით, გააკეთეს რეპორტაჟი გადასვლის ერთ-ერთი წერტილიდან, სადაც რაზმი წინა დღით დაბანაკდა, _ აგერ ცეცხლი ახალი ჩამქრალია, „სნიკერსების“ ნარჩენები ყრიაო. სხვათა შორის, სურსათით რაზმი ჩვენც მოვამარაგეთ. ირაკლი ალასანიას იდეა იყო, რომ ეს ხალხი რუსეთის საზღვრამდე მანქანებით ჩვენ მიგვეყვანა. ეს იყო ავანტიურისტული იდეა, რუსეთი არა მარტო ამ ეშელონებს დაბომბავდა, არამედ იფიქრებდა, რომ ჩვენ საომარი მოქმედებები დავიწყეთ მათ წინააღმდეგ.

_ იყო თუ არა ირაკლი ალასანიას ეს იდეა ამერიკელებთან შეთანხმებული, თუ ის, უბრალოდ, თვითნებურად მოქმედებდა?

_ მე ვფიქრობ, რომ იყო ამერიკელებთან შეთანხმებული, მაგრამ რადგან ჩემს წინააღმდეგობას წააწყდნენ, მერე დამეთანხმნენ. სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა, ეს ქვეყნისთვის დიდი საფრთხის შემცველი იყო. მოკლედ, საღამოს 9-იან „კურიერში“ გავიდა ეს სიუჟეტი, რომ კვალში მივყვებით გილაევის შეიარაღებულ რაზმსო. დავურეკე ეროსი კიწმარიშვილს, _ ეროსი, რას აკეთებთ, მართლა მტრები ხართ ამ ქვეყნის. გასაგებია, რომ ხელისუფლების ოპოზიციაში ხარ, მაგრამ როცა ქვეყანას მსგავსი საფრთხე უდგას, ასე მოქცევა როგორ შეიძლება. ხვალ ამ სიუჟეტის მერე რუსები დაგვბომბავენ-თქო. მეორე დილით რუსებმა ხეობა მართლაც დაბომბეს, ზუსტად ის ადგილები დაიბომბა, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი და გარდაიცვალა მოხუცი კაცი, რომელიც ოჯახთან ერთად მანქანით შეშის შესაგროვებლად იყო.

მოკლედ, ეს ჯგუფი აგვისტოს ბოლოს გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე. იქ რაღაც მცირე შეტაკებები ჰქონდათ და მიაღწიეს გროზნომდე. სხვა დეტალები თქვენ რაში გაინტერესებთ. უფრო სწორად, გაინტერესებთ, მაგრამ მე ვერ გეტყვით.

_ ბატონო ვალერი, იუსუფ კრიმშამხალოვს მინდა დავუბრუნდეთ, ის თქვენი მინისტრობის დროს გადაეცა რუსებს, გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გადაცემის ოპერაციას თქვენი მოადგილე, ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა.

_ იუსუფ კრიმშამხალოვი იყო ყარაჩაელი ჩერქეზი. მანამდე რუსების ხელში მოხვდა დეკუშევი, რომელსაც ასევე მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა. სხვათა შორის, ამ ხალხის უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით მოხდა მოსკოვსა და ვოლგადონში საცხოვრებელი სახლების აფეთქება. თუ გახსოვთ, მაშინ ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ამ ხალხზე ვმუშაობდით. მოდით, დეტალებში ნუ ჩავალთ. ჩვენ ვაიძულეთ ისინი, რომ პირველ რიგში პანკისს გასცლოდნენ, მერე სადღაც რუსეთის საზღვართან აღმოჩნდნენ, ისინი რუსებმა დააკავეს და გაასამართლეს. აქაც დეტალებს ვერ ვიტყვით, თუ როგორ ვაიძულეთ ისინი, საზღვრამდე მისულიყვნენ, იმიტომ რომ დღესაც გამოჩნდება ხალხი, რომელიც ამაში კანონის დარღვევას და სამშობლოს ღალატს დაინახავს. მიმაჩნია, რომ არავითარი კანონი ჩვენ არ დაგვირღვევია, ეს ხალხი ვაიძულეთ, რომ საზღვართან ახლოს აღმოჩენილიყვნენ, მოხვდნენ სადღაც ნეიტრალურ ზონაში, სადაც რუსებმა ისინი დააკავეს.

_ ლაფანყურის სპეცოპერაციაზე თქვენი აზრი როგორია? ეს ჯგუფი ნამდვილად გადიოდა მომზადებას აქ და დერეფნის მეშვეობით რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გადასულიყო, თუ, უბრალოდ, ეს იყო შიდა ავანტიურა, რომელიც ყოფილ და მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის გათამაშდა?

_ მანდ ყველა ფაქტორი ერთად მუშაობდა. ჯერ ერთი, იყო ინფორმაცია, რომ ჩეჩენი მებრძოლები ჩვენი წასვლის შემდეგ აქ მოძრაობდნენ. პირველ პერიოდში მათ რაღაც სიძნელეები შეექმნათ, განსაკუთრებით ქისტებთან _ ორი ქისტი დემონსტრაციულად დახვრიტეს, სახლები გადაწვეს. ჩვენ ამას ქისტებს არ ვაკადრებდით! როცა სპეცსამსახური ხარ და ქვეყანა ხარ, ასეთი რამე არ უნდა გააკეთო. მაშინ, როცა პანკისში მოხსნილი იყო არსებითად ეს პრობლემა, არ იყვნენ კრიმინალები და ტერორისტები, ეს იყო წინა ხელისუფლების ხელწერა, რომ დაეშინებინათ ადგილობრივი ქისტები. ამის შემდეგ პანკისში ყოფილი `ბოევიკების~ დიდი ნაწილი დაემორჩილა ხელისუფლებას, ისინი გახდნენ აგენტები, ინფორმატორები. აქ ძირითადად მუშაობდა ანტიტერორისტული ცენტრი. მე ჩემს ვარაუდებს გამოვთქვამ, მაგრამ ეს ვარაუდები, ძირითადად, გარკვეულ ინფორმაციებზეა დაყრდნობილი. მე კავშირები მქონდა დარჩენილი. მათ ჰქონდათ ქართული პასპორტები, შეცვლილი გვარებით გადაადგილდებოდნენ  თბილისში. გახსოვთ, ალბათ, პაპასკირის ცნობილი შემთხვევა, მეტსახელად `ზოონი~, რომელიც თურქეთში დაიჭირეს. ამ ადამიანებს უკეთებდნენ ვიზებსაც, რადგან რუსეთის საკონსულოში იყო კორუფცია და 500 დოლარი ღირდა ვიზის გაკეთება. 2004-2008 წლებში საჭიროება იმისა, რომ ეს ჯგუფები კავკასიის ქედებით გადასულიყვნენ, არ იყო.

_ 2008-10 წლებში ამ მხრივ რთული სიტუაცია გახლდათ, 2010 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ჩატაევი საქართველოში ჩამოიყვანა და პანკისის ხეობაში დაასახლა…

_ სიმართლე გითხრათ, მე ჩატაევი მნიშვნელოვან ფიგურად არ მახსოვს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი „ბოევიკები“ იყვნენ, რომლებიც შემდგომ დაიხოცნენ, ან გაეცალნენ ამ სიტუაციას. სავსებით მოსალოდნელია, რომ ჩატაევმა სადავეები ჩაიგდო ხელთ. თუ უკრაინაში დაიჭირეს და რუსეთის ძებნილი იყო, საქართველოს რატომ გადმოსცეს? უფრო დიდი დანაშაული მას აქ ჩადენილი არ ექნებოდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს დროს ხელისუფლება სპეციალურად უწყობდა ხელს საქართველოს ტერიტორიაზე „ბოევიკების“ მოძრაობას, ჩვენ ხელს ვერ ვუშლიდით, რადგან რესურსები გვქონდა მწირი, მაშინ, როდესაც ამათ უკვე ყველაფრის საშუალება ჰქონდათ. მიმაჩნია, რომ რაღაც ჯგუფები მათ ხელს უწყობდნენ გადასვლაში, ან ხელს არ უშლიდნენ, მინიმუმ.

_ ლაფანყურის სპეცოპერაციაზე სიმართლეს როდესმე გავიგებთ, თუ ვერ გავიგებთ?

_ ლაფანყურის სპეცოპერაციის არსი ყველამ იცის, მათ შორის, ყველაზე უკეთ ადგილობრივმა მოსახლეობამ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჯგუფი, რომელიც არჩევნების წინ შეაჩერეს. იქ ხდება ასეთი რამ: თუ აგვისტოში არ გადახვედი, მერე თოვლი ჩამოყრის და ვეღარ გადახვალ. წარმოგიდგენიათ თქვენ, რა კონტროლი ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას კრიმინალზე _ პანკისის ხეობაში ლაფანყურამდე გადაადგილდა 17-მდე შეიარაღებული პირი და მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ? მე ვფიქრობ, მათ ამ ჯგუფს უთხრეს, რომ დერეფანი არ იქნებოდა, პირდაპირი გზით ისინი ვერ გადავიდოდნენ, რადგან ეს იქნებოდა პროვოკაცია. ჯგუფი არ დაემორჩილა ამ გადაწყვეტილებას და თვითნებურად დაადგა გზას, სადაც ისინი გადაეყარნენ იმ მოქეიფე ადამიანებს, რომლებიც თან გაიყოლეს იმ მიზნით, რომ ინფორმაციას არ გაეჟონა, თანაც იფიქრეს, რომ მძევლები იქნებოდნენ გარანტია იმისა, რომ ხელისუფლება ხელს ვერ შეუშლიდათ. ხალხი რომ დაიკარგა, ატყდა ამბავი და უკვე საჭირო გახდა რაღაც ლეგენდის მოფიქრება. რა ლეგენდის? _ ჯერ დაიწყეს, რომ რუსები არიან შემოსულიო, მერე თქვეს, რომ რაღაც ჯგუფია, რომელსაც აყვანილი ჰყავს მძევლებიო, დაიწყო მოლაპარაკება, მათ შორის იყო სამხედრო ექიმიც. რაკი მოლაპარაკება არ გამოვიდა, მომლაპარაკებლებიც და შეიარაღებული ჯგუფიც გაანადგურეს, რაც მათი კლასიკური ხელწერაა.

_ სპეცოპერაციისას დაღუპულთა ცხედრები გლდანის ციხეში გადაიყვანეს და მათი ოჯახის წევრებს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე ევაჭრებოდა, _ ცხედრებს იმ შემთხვევაში გადმოგცემთ, თუ ჩუმად დამარხავთ და არ იგლოვებთო.

_ გია ლორთქიფანიძე ამ საქმეში არის ყველაზე მაგარი. გია ლორთქიფანიძე ჩემს დროს იყო განყოფილების უფროსი ანტიტერორისტულ ცენტრში.

_ თავის დროზე მართლა იგორ გიორგაძემ მიიყვანა უშიშროებაში?

_ ეგ იყო იგორ გიორგაძის დაცვის წევრი, მერე მე უშიშროების საბჭოში რომ ვმუშაობდი, მთხოვეს მის ძმაზე და ახმეტაში დავაწყებინე მუშაობა. მერე როცა მოვედი სამინისტროში, გავხადე ახმეტის განყოფილების უფროსი, იმიტომ რომ გია ძალიან სკრუპულოზური თანამშრომელია, პედანტი პროფესიონალია. ვერ ვიტყვი, რომ ცაში ვარსკვლავებს წყვეტს, მაგრამ სუსტიც არაა, მისი ძმა ბევრად სუსტია. მე რომ ხელისუფლებიდან წავედი, ამათმა რაღაცები რომ დაიწყეს, ყველაზე საქმის მცოდნე დახვდათ იქ გია. ინტერვიუში ერთგან დავწერე და გიას წყენია, ეწყინოს, რა ვქნა, მე სიმართლეს ვამბობ, ჩემს დროს ვეძახდით „ალალოს“. ალალი კაცი იყო, დავალებას რომ მისცემდი, ისე ალალად მიდიოდა სადღაც, არ იკითხავდა, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. ხანდახან ვიცინოდით ხოლმე ამაზე. ამათ დროს კაცს „ბოროტა“ შეარქვეს. წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა…

 

                                                                                                               ელისო კილაძე