რატომ აპირებდა ვანო მერაბიშვილი ბაჩო ახალაიას დაჭერას?

ნ6

„ქრონიკა+“ აგრძელებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ მასალების მოძიებას. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს „კუდის“ იმჟამინდელ მაღალჩინოსანთან. ის გვიყვება იმ დეტალების შესახებ, რომელიც ამ დრომდე არსად გაჟღერებულა:

„_ მას შემდეგ, რაც ამირიძე, მაისურაძე და ხანგოშვილი ქვემოთ დაეშვნენ, ჩატაევი თანმხლებ ჩეჩნებთან ერთად იქვე დარჩა. სწორედ ამ დროს მას ფეხში სნაიპერის ტყვია მოხვდა და დაიჭრა. ჩატაევს თან იარაღი არ ჰქონდა. მას „სტრახოვკა“ ერთ-ერთმა თანმხლებმა ჩეჩენმა გაუკეთა, ჩატაევმა მეორე, ასევე ხევში გადაჩეხილი ჩეჩენი ამოათრია და მას სთხოვა ბანაკში დაბრუნება, რადგან მათთვის ეცნობებინათ იმის შესახებ, რომ ღალატს ჰქონდა ადგილი. „ბოევიკების“ ბანაკი სროლის ადგილიდან იმდენად იყო დაშორებული, რომ იქ სროლის ხმა არ ისმოდა. ამის შემდეგ ჩატაევი მიდის პირველივე შეიარაღებულ ჯფუფთან და ეუბნება მათ მის ვინაობას, მაგრამ ისინი გარბიან, რადგან ფიქრობენ, რომ ჩატაევი შეიარაღებულ რაზმთან ერთადაა. მას სხვა გამოსავალი არ აქვს, ფეხშია დაჭრილი, ცალი ხელი არ აქვს, ათი დღის განმავლობაში ტყეში იმალება, მაგრამ ბოლოს იძულებული ხდება, ქართველ მესაზღვრეებს ჩაბარდეს.

ახმედ ჩატაევი თბილისში ჩამოჰყავთ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მას ფეხის ამპუტაციას უკეთებენ და გლდანის ციხეში ათავსებენ.

_ იყო თუ არა შეიარაღებული ჯგუფის ლიკვიდაციის აუცილებლობა?

_ ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაცია ლოპოტის ხეობაში მას შემდეგ დაიწყო, რაც დაღესტნიდან გადმოსულმა „ბოევიკთა“ ჯგუფმა მძევლები აიყვანა, ხოლო მთავრობამ მათი განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო. რასაკვირველია, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ იტყოდა, რომ „ბოევიკთა“ ჯგუფს დერეფანს მისი წინამორბედი და მისივე მოქმედი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე აძლევდა, ის იძულებული იყო, ამ ლეგენდის ფარგლებში ემოქმედა. იმიტომაც მოხდა ჯგუფის დიდი ნაწილის ლიკვიდაცია, რომ რეალური ამბის გამომტანი აღარ ყოფილიყო. ამას დაუმატეთ ის ფაქტიც, რომ რუსეთის საზღვართან შეიარაღებული ჩეჩნების გადაადგილება იმ ფონზე, როცა დაღესტანში ტერაქტი ახალი მომხდარი იყო და საზღვარზე სამხედრო ნაწილების მობილიზაცია ხდებოდა, თან რუსეთი გამუდმებით აპელირებდა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტების ბაზებია, აუცილებლად გამოიწვევდა შეიარაღებულ დაპირისპირებას, რაც არჩევნების წინ არავის აძლევდა ხელს. თუმცა, შეიძლება, მერაბიშვილის ამოცანა არჩევნების ჩაშლა ნამდვილად ყოფილიყო, რადგან მას უკვე მისდიოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩვენებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაშიც კი ის პრემიერ-მინისტრის პოსტს ვეღარ შეინარჩუნებდა. რაღაც მომენტში, ვანოს ჰქონდა ბაჩო ახალაიას დაპატიმრების იდეაც, ლეტალური ძალის გამოყენების მოტივით. ახალაია საკუთარმა წინდახედულებამ და სააკაშვილთან სატელეფონო ზარმა იხსნა.

_ ჯგუფის ნაწილის ლიკვიდაცია ახსენეთ… გადარჩენილებიც არსებობენ?

_ ჩეჩენი „ბოევიკების“ დიდმა ნაწილმა გასვლა მოახერხა, თუმცა მათ ერთი შეტაკება მოუხდათ და ორი კაცი დაკარგეს, რომლებიც იქვე, ტყეში დამარხეს. რამდენიმე მათგანი უკვე შეცვლილი სახელით და გვარით, ჩემი ინფორმაციით, ავსტრიასა და თურქეთში ცხოვრობს.

რაც შეეხება ახმედ ჩატაევს, დაკავების მომენტში მას ბრალად ედებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მესაზღვრეები, რომლებსაც ჩატაევი ჩაბარდა, მეორე დღესვე თბილისში წამოიყვანეს, „კუდში“ შესაბამისი ჩვენება მიაცემინეს. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ ჩაბარებისას ჩატაევს იარაღი არ ჰქონდა და რომ მის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს.

2012 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩატაევი 5000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთადერთ გადარჩენილ მოწმეს, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. სისხლის სამართლის საქმე თელავიდან თბილისში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გადმოიტანეს. ახმედ ჩატაევი დაკითხვებზე დადიოდა, მაგრამ, ცხადია, ჩვენება არ მიუცია და არც დამატებით დეტალებზე უსაუბრია. მისი განთავისუფლება „ოცნების“ ხელისუფლებას უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ მოსთხოვა იმ მოტივით, რომ ჩატაევი სასწრაფო მკურნალობას საჭიროებდა ავსტრიაში, კერძოდ ვენაში. ნანა კაკაბაძემ ჩატაევის განთავისუფლებას მიაღწია, თუმცა იმ პირობით, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩატაევი ქართულ გამოძიებასთან ითანამშრომლებდა. ახმედ ჩატაევმა საქართველო დატოვა. მოგვიანებით, დუისიდან გაემგზავრა მისი მეუღლეც. როცა ქართველმა სამართალდამცველებმა ჩატაევს ვენაში, დათქმულ მისამართზე მიაკითხეს, ის იქ აღარ აღმოჩნდა.

ესაა სრული სიმართლე ლაფანყურის სპეცოპერაციაზე და თუ ვინმეს სხვა სიმართლე აქვს, სიამოვნებით მოვუსმენ. აქვე გეტყვით, რომ ამის მეტს რაც მოისმინეთ ლაფანყურის სპეცოპერაციაზე ვერავინ, ვერასოდეს, ვერაფერს ვეღარ იტყვის. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით!“ – აცხადებს „ქრონიკა+“-თან „კუდის“ ყოფილი მაღალჩინოსანი.