ვინ გასცა ლაფანყურის სპეცოპერაციის დაწყების ბრძანება?

n5

„ქრონიკა+“ აგრძელებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ მასალების მოძიებას. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს „კუდის“ იმჟამინდელ მაღალჩინოსანთან. ის გვიყვება იმ დეტალების შესახებ, რომელიც ამ დრომდე არსად გაჟღერებულა:

„_ ვანო მერაბიშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ქმნის კრიზისების მართვის საბჭოს. საინტერესოა საბჭოს შემადგენლობა: შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩანა ახალაია, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. კრიზისების მართვის საბჭოს პირველი სხდომა თბილისში, კანცელარიაში იმართება. ამ სხდომაზე მერაბიშვილი იძულებულია, ახალაიას ნაწილობრივ სიმართლე უთხრას შეიარაღებული პირების შესახებ და მას სპეცოპერაციის დაწყებას სთხოვს, ახალაია უარს ამბობს სპეცოპერაციის დაწყებაზე და პირდაპირ საბჭოს სხდომიდან ჩადის ლაფანყურში, თან ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე მიჰყავს და მაისურაძის დახმარებით ცდილობს, საკუთარი რესურსით დაიწყოს მოლაპარაკება ლოპოტის ხეობაში დაბანაკებულ „ბოევიკებთან“, რომ მათ გაათავისუფლონ მძევლები და არ გადაადგილდნენ რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ.

თავის მხრივ, ახმედ ჩატაევიც სასწრაფოდ ჩადის კახეთში, ის თბილისიდან ტაქსით მიემგზავრება და მომლაპარაკებელთა ჯგუფს უერთდება.

_ ახალაიას უარის მერე რა ტაქტიკას არჩევს ვანო მერაბიშვილი?

_ მერაბიშვილის ამოცანაა, ხელიდან არ გაუშვას სიტუაციის კონტროლი. ამ მიზნით კრიზისების მართვის საბჭო სასწრაფოდ თელავში მიემგზავრება და სამხედრო ბაზაზე ბანაკდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საბჭოს მეორე სხდომაში აღარ მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია. ადეიშვილი ამბობს, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის, ბაჩანა ახალაია მოლაპარაკების შედეგებს ადგილზე, ლაფანყურში ელოდება. კრიზისების მართვის საბჭოს მეორე სხდომას მერაბიშვილთან, ლორთქიფანიძესთან და შაშკინთან ერთად ამჯერად უკვე გენშტაბის უფროსი, დევი ჭანკოტაძე ესწრება, რომელიც ამავე სხდომაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, რომ სპეცოპერაციის ჩატარების სასტიკი წინააღმდეგია. ეს არის 28 აგვისტოს დილა. სხდომას ასევე ესწრებოდა შალვა ჯანაშვილიც.

ახმედ ჩატაევი ზურაბ მაისურაძესთან, სანდრო ამირიძესთან და ზელიმხან ხანგოშვილთან ერთად მიდის ბანაკში, სადაც მას ჩეჩნები ეუბნებიან, რომ მხოლოდ ერთი პირობა აქვთ _ გაუხსნან დერეფანი და გადაიყვანონ საზღვარზე. იარაღს არ დაყრიან. თუ ეს პირობა არ შესრულდება, მაშინ დამოუკიდებლად შეეცდებიან საზღვარზე გადასვლას. ბანაკის დისლოკაციის ადგილას არც მობილური ტელეფონები მუშაობს და არც რაცია. ამირიძე ითხოვს, გააყოლონ მას ორი ჩეჩენი, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე, სადაც უკვე რაცია მუშაობას იწყებს. მას რაციაში ეუბნებიან, რომ ადგილს დროზე გაეცალოს, ჩეჩენი „ბოევიკების“ გასანეიტრალებლად სპეცოპერაცია იწყება.

_ ვინ მიიღო სპეცოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება?

_ 27-28 აგვისტოს ღამით გია ლორთქიფანიძე ვანო მერაბიშვილის დავალებით რეკავს თელავიდან თბილისში. ის ამ დროს შს მინისტრის მოადგილე, სპეცრაზმისა და ანტიტერორისტული ცენტრის კურატორია, ითხოვს სპეცრაზმის დახმარებას. „კუდის“ სპეცოპერაციების ცენტრის ერთი დანაყოფი ოცეული ლაფანყურში მიდის. ლორთქიფანიძის დავალებით იწყება სპეცოპერაცია და სწორედ ამ დროს იგებს ბაჩო ახალაია ამ ფაქტს. ის ხვდება, რომ ეს მახეა, სასწრაფოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, ტოვებს ლაფანყურს, გადადის თელავში და იქ ხვდება პრეზიდენტს.

_ რატომ არ შეატყობინა „კუდის“ სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელობამ შინაგან საქმეთა მინისტრს თუნდაც ერთი ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე გადაადგილების შესახებ?

_ ჯერ ერთი, გია ლორთქიფანიძე ამ სტრუქტურული დანაყოფების კურატორი და მინისტრის მოადგილე იყო, არავის აზრად არ მოუვიდოდა ლორთქიფანიძის მიერ მიღებული ბრძანების რევიზია. მეორეც, „კუდის“ უფროსი ლევან ქარდავა ზუგდიდში არჩევნების საკითხების მოსაგვარებლად იყო წასული, ხოლო „კუდის“ უფროსის მოადგილე, ვაჟა ლელუაშვილი, კოჯორში იმყოფებოდა. ორივე მათგანმა ტელევიზიებით შეიტყო მომხდარის შესახებ. მოგვიანებით ზურაბ მაისურაძე ადგილობრივებთან წუხდა, მოლაპარაკებების დასრულება არც კი დაგვაცადეს, სპეცოპერაცია ისე დაიწყესო.“- აცხადებს „ქრონიკა+“-თან „კუდის“ ყოფილი მაღალჩინოსანი.