თათბირი მერაბიშვილთან და „გუსლიკი“ – აგენტ-მოკავშირე მუსლიმ ისრაილოვი!

ნ4

„ქრონიკა+“ აგრძელებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ მასალების მოძიებას. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს „კუდის“ იმჟამინდელ მაღალჩინოსანთან. ის გვიყვება იმ დეტალების შესახებ, რომელიც ამ დრომდე არსად გაჟღერებულა:

„_ 2011 წლის ბოლოს ვანო მერაბიშვილთან საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელსაც ამირან მესხელი, გია ლორთქიფანიძე და „კუდის“ ფაქტობრივი შეფი, ვაჟა ლელუაშვილი ესწრებოდნენ. თათბირზე დერეფნის გახსნის საკითხზე მსჯელობდნენ. ამირან მესხელი და გია ლორთქიფანიძე დერეფნის დაუყოვნებლივ გახსნის იდეას უჭერდნენ მხარს, ვაჟა ლელუაშვილმა კი მერაბიშვილს წინადადება შესთავაზა, _ 2012 წელი მოდის, წინ არჩევნებია, ჯერ არ ვიცით, რა პოზიცია ექნება ამ არჩევნებზე რუსეთს, შემოვიყვანოთ ჯფუფები, დავაბანაკოთ აქ, არჩევნების წინ საზღვართან გვყავდეს, თუ რამე მოხდა, გამოვიყენოთ, თუ არადა, მეორე დღესვე დერეფანი მივცეთ და გავუშვათო. მერაბიშვილს ლელუაშვილის წინადადება ჭკუაში დაუჯდა და ლორთქიფანიძეს თანხმობა მისცა. სწორედ ამის შემდეგ უკავშირდება სანდრო ამირიძე ახმედ ჩატაევს. ის თავისი მოკავშირის, ვინმე „გუსლიკის“ მეშვეობით, რომელიც, ამავე დროს, ქართული სპეცსამსახურების აგენტი იყო, ინფორმაციას ევროპაში გადასცემს. ვინ არის რეალურად „გუსლიკი“? მისი ვინაობის დადგენაზე საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც დიდხანს ცდილობდა მასზე ინფორმაციის მოპოვებას. ექსკლუზიურად გეუბნებით, რომ „გუსლიკი“ აგენტ-მოკავშირეა, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია მუსლიმ ისრაილოვი. მარტის დასაწყისში საქართველოში ავსტრიიდან პირველი ხუთი კაცი ჩამოდის. მოგვიანებით, ევროპიდან თბილისში ნელ-ნელა დაიწყეს შემოსვლა ჩეჩნებმა. ისინი თბილისში კონსპირაციულ ბინებში ცხოვრობენ, მათი მოკავშირე და ზედამხედველი სწორედ სანდრო ამირიძეა. ამასობაში მოდის ზაფხული და სიტუაცია სრულიად მოულოდნელად იცვლება, სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩო ახალაიას ნიშნავს. გია ლორთქიფანიძე ეუბნება ჩატაევს, რომ „პრახოდი“, ჯერჯერობით, არ იქნება, რადგან თავად ლორთქიფანიძე რჩება „კრიშის“ და გარანტიების გარეშე. იმის გამო, რომ ბაჩო ახალაიამ ინფორმაცია არ გაიგოს, ლორთქიფანიძე ჯგუფის ნაწილს ხსნის და პანკისის ხეობაში გადაჰყავს, პანკისში მათ უერთდებიან ადგილობრივი ქისტებიც. დაახლოებით 17 პირი თავისუფლად გადაადგილდება პანკისის ხეობაში, დუისში. ამასობაში გადის ერთი თვე და სიტუაცია ნელ-ნელა იძაბება თავად ჯგუფის წევრებს შორის. ერთი ნაწილი უკვე დაჟინებით ითხოვს დერეფნის გახსნას და ჩეჩნეთში გადასვლას. სავარაუდოდ, სწორედ ამ ჯგუფის შემადგენლობაშია რუსული „ფსბ“-ს აგენტი მაგომედოვი, რუსლან პაპასკირის, მეტსახელად „ზოონის“ მოკავშირე. ჯგუფი გადაადგილებას იწყებს ლოპოტის ხეობისკენ და თავს იყრის ლაფანყურში. მესაზღვრეები უკავშირდებიან სანდრო ამირიძეს და ეუბნებიან, რომ საზღვრისკენ საეჭვო გადაადგილება შეინიშნება. ამირიძე ხვდება, რომ სიტუაცია საგანგაშოა და ცდილობს, როგორმე შეაჩეროს საზღვრისკენ მათი გადაადგილება. ამირიძე ჩეჩნებისგან სასტიკ წინააღმდეგობას აწყდება, თუმცა ადგილობრივი ქისტები, რომლებიც პანკისში შეუერთდნენ ძირითად ჯგუფს და რომელსაც `ბოევიკები~, როგორც წესი, დამხმარე ძალად, ძირითადად, აღჭურვილობისა და იარაღის მტარებლებად იყენებდნენ, უკან დაბრუნებაზე თანახმა არიან. სანდრო ამირიძე უკავშირდება გია ლორთქიფანიძეს, ლორთქიფანიძე მას სთხოვს მოლაპარაკების გაგრძელებას, რომ, იქნებ, ჩეჩნები უკან დაბრუნებაზე დაითანხმოს. სანდრო ამირიძე ხვდება, რომ მოლაპარაკება ჩიხშია, ის ტელეფონით უკავშირდება ახმედ ჩატაევს, რომელიც თბილისში იმყოფება და სასწრაფოდ ლაფანყურში ჩასვლას სთხოვს, პარალელურად კი ინფორმაცია ჟონავს, რადგან მძევლები, რომელთაც შეიარაღებული ჯგუფი ლოპოტის ხეობაში წააწყდა, თან წაიყვანეს. ოთხი დღე რომ აღარ გამოჩნდნენ, მშობლებმა პანიკა ატეხეს, სამართალდამცველ ორგანოებს და ჟურნალისტებს მიმართეს და უკვე დაიწყო მოძრაობები, რომ ლოპოტის ხეობაში რაღაც ხდება. სწორედ მძევლების ეპიზოდის მერე იგებს ბაჩანა ახალაია, რომ ხეობაში შეიარაღებული ჯგუფი გადაადგილდება.“ – აცხადებს „ქრონიკა+“-თან „კუდის“ ყოფილი მაღალჩინოსანი.