როგორ აღმოჩნდა ახმედ ჩატაევი საქართველოში?

ნ3

„ქრონიკა+“ აგრძელებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ მასალების მოძიებას. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს „კუდის“ იმჟამინდელ მაღალჩინოსანთან. ის გვიყვება იმ დეტალების შესახებ, რომელიც ამ დრომდე არსად გაჟღერებულა:

„_ ახმედ ჩატაევი სახელიანი ჩეჩენი „ბოევიკია“. 2000 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, მძიმედ დაჭრილი ახმედ ჩატაევი რუსებმა ურეს-მარტინის საავადმყოფოდან გაიტაცეს, სასტიკად აწამეს და ხელი მოჰკვეთეს. 2003 წელს ჩატაევი ავსტრიაში ოფიციალურად იღებს ლტოლვილის სტატუსს და ოჯახთან ერთად ვენაში სახლდება. 2007 წელს შვედეთში მას იარაღის უკანონო ტარებისთვის იჭერენ და მხოლოდ 2009 წლის იანვარში ათავისუფლებენ. 2010 წელს ჩეჩენ „ბოევიკს“ უკვე უკრაინაში აპატიმრებენ. რუსეთი ჩატაევის გადაცემას ითხოვს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ოფიციალურ კიევს აუკრძალა ჩატაევის რუსეთში ექსტრადიცია იმ მიზეზით, რომ ჩეჩენი ავსტრიის ლტოლვილის სტატუსით ოფიციალურად სარგებლობდა. სწორედ ამ დროს ჩატაევის საქმეში საქართველო ჩაერთო. 2010 წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, უკრაინელ კოლეგას, იური ლუცენკოს უგზავნის წერილს, რომ ახმედ ჩატაევს საქართველოც ეძებს და ითხოვს მის საქართველოში ექსტრადიციას. კიევის სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს და ჩატაევი საქართველოში ჩამოჰყავთ. „ცალხელა ახმედი“ ციხის ნაცვლად პანკისის ხეობაში დასახლდა და მეორე ცოლი შეირთო. მას ხშირად ხედავდნენ დუისის მეჩეთში უცხო პირებთან ერთად. პერიოდულად, ჩატაევი საქართველოდან მიდიოდა. ერთ-ერთი ასეთი მორიგი ვიზიტის დროს მას თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე აკავებენ. რუსეთის მხარე ისევ ითხოვს მის ექსტრადირებას, მაგრამ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ ჩატაევი ისევ საქართველოში ბრუნდება.

_ რას საქმიანობდა ახმედ ჩატაევი პანკისში?

_ ჩატაევმა საკმაოდ დიდი დრო მოანდომა დერეფნის საკითხის მოგვარებას. 2008 წლის მერე კავშირები დაკარგული იყო. ჩემი ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი ჯგუფის გაყვანა მოახერხა რუსეთში. როგორც ჩანს, რუსულმა სპეცსამსახურებმა ინფორმაცია აღნიშნული ჯგუფის შესახებ წინასწარ მიიღეს, ჯგუფი საზღვარზე სპეციალურად გაატარეს, ერთი თვე რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილება დააცადეს, მათი კონტაქტები დაადგინეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ამ ჯგუფის ლიკვიდაცია. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ჩატაევმა რამდენიმე თვე მოანდომა ახალი კავშირების მოძებნას. ეს დრო იმდენად გაიწელა, რომ „კავკასიის ემირატში“ ეჭვობდნენ კიდეც, რომ ჩატაევი სპეციალურად იქცეოდა ასე. მხოლოდ 2012 წლის მარტის დასაწყისში ჩატაევმა გია ლორთქიფანიძისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთში ჯიჰადში მონაწილე პირებისთვის დერეფანი იქნებოდა, მაგრამ ეს ასე მარტივად არ გადაწყვეტილა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თათბირი შინაგან საქმეთა სამინისტროში.