ვინ არის იუსუფ კრიმშამხალოვი?

ნ2

„ქრონიკა+“ აგრძელებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ მასალების მოძიებას. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს „კუდის“ იმჟამინდელ მაღალჩინოსანთან. ის გვიყვება იმ დეტალების შესახებ, რომელიც ამ დრომდე არსად გაჟღერებულა:

„_ ცნობილია თუ არა იმ პირების ვინაობა მეორე მხრიდან, რომლებიც საქართველოში „ბოევიკების“ შემოსვლას ორგანიზებას უწევდნენ?

_ იყო ასეთი პირი, იუსუფ კრიმშამხალოვი, ყარაჩაელი ჩერქეზი, რომელიც „კავკასიის ემირატის“ შექმნის ინიციატორი და ე. წ. ორგანიზებული დერეფნის იდეის ავტორი იყო.

პირველი ჯგუფები 1995 წელს სწორედ მან გადაიყვანა პანკისის ხეობიდან. მას სერიოზული გავლენები ჰქონდა როგორც ხეობაში, ისე დაღესტანსა და ჩეჩნეთში. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, 1998 წელს, კრიმშამხალოვი, იმის გამო, რომ რუსების მიერ ძებნილი იყო, საქართველოში ჩამოვიდა და პანკისის ხეობაში ცხოვრობდა, რადგან ადგილობრივ ძალოვნებთან სიტუაცია დაალაგა. 2002 წლამდე მისი სიმშვიდე არ დარღვეულა. სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა 2002 წელს, როცა იუსუფ კრიმშამხალოვი ფოთში თანმხლებ პირთან ერთად დააკავეს და რუსებს გადასცეს. ოპერაციას უშიშროების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა. იყვნენ თუ არა ალასანიას ქმედების თაობაზე ინფორმირებულები ამერიკული სპეცსამსახურები, ძნელი სათქმელია, მაგრამ რუსებმა ჩერქეზი „ბოევიკი“ ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ის დღესაც იხდის სასჯელს რუსეთის რომელიღაც ციხეში. ყველა ჩეჩენი „ბოევიკი“, რომელიც მეტ-ნაკლებად  ცნობილია, სწორედ იუსუფ კრიმშამხალოვის მოწაფე და მიმდევარი იყო.

_ რა მოხდა „ვარდების რევოლუციის“ მერე?

_ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან გარკვეული წლები, ამ მხრივ, პრობლემები არ იყო, ხელისუფლებამ რამდენიმე ლოკალური სპეცოპერაცია ჩაატარა პანკისის ხეობაში, ადგილობრივი ქისტების ნაწილი გადმოიბირა და იქ ასე თუ ისე სიმშვიდემ დაისადგურა.

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრად ვანო მერაბიშვილი დაინიშნა და მისი მოადგილე გია ლორთქიფანიძე გახდა, ჩეჩნებმა ნელ-ნელა დაიწყეს ნიადაგის მოსინჯვა დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით. გია ლორთქიფანიძე, სხვათა შორის, საკმაოდ გამოცდილი კადრი იყო, იგი უშიშროებაში იგორ გიორგაძემ მოიყვანა, ბალაშიხაში ბაზაზე გავლილი ჰქონდა სპეცმომზადება და ერთხანს იგორ გიორგაძის დაცვის წევრიც იყო. ქართული მხრიდან ამ საკითხის კურატორობა სწორედ გია ლორთქიფანიძეს დაევალა. მაშინ სავიზო რეჟიმი გაუქმებული ჯერ კიდევ არ იყო და რუსეთში გადასვლა არცთუ ისე დიდ სიძნელეს წარმოადგენდა.

_ რატომ მაინცდამაინც გია ლორთქიფანიძე?

_ ჯერ ერთი, როგორც ზემოთ გითხარით, წინა ხელისუფლების დროს იგი ანტიტერორისტული  განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, წარმოშობით ახმეტელია, მისი ძმა კახეთის „კუდის“ უფროსი იყო, კარგად იცნობდა ადგილობრივ მოსახლეობას და გეოგრაფიას, დერეფანი კი, ძირითადად, სწორედ პანკისის ხეობის გავლით და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთდებოდა.

_ არსებობდა თუ არა პანკისში ტერორისტთა მომზადების ბაზები?

_ არანაირი ცალკე ბაზები პანკისის ხეობაში არ არსებობდა, საჭიროების შემთხვევაში „კუდის“ ბაზებს იყენებდნენ, რომელიც დაცული იყო და იქ ვერც გადაღება მოხდებოდა და ვერ უცხო პირთა დაფიქსირება. რაც შეეხება საზღვარს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემოსვლა ოფიციალურად საზღვარზე თუ ფიქსირდებოდა, „ბოევიკების“ რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში ფორმდებოდა, რომ შემოსული პირები უკან დაბრუნდნენ, ოფიციალურ მონაცემებში არანაირი კვალი არ რჩებოდა. თუ რუსეთში რომელიმე პირს დააპატიმრებდნენ, რომელსაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი ჰქონდა, იქვე იდებოდა ოფიციალურად საზღვრის უკან გადაკვეთის მონაცემებიც და კვალი ასე სუფთავდებოდა. გია ლორთქიფანიძის მოკავშირე ამ საქმეში იყო სანდრო ამირიძე, ანტიტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი, რომელიც არკვევდა „პრახოდის“ თემას, ინფორმაციას გადასცემდა შუამავალს და იწყებოდა ჯგუფების შემოსვლა. სიტუაცია აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გართულდა, როცა სავიზო რეჟიმი გაუქმდა. საზღვრებზე კონტროლი განსაკუთრებით გამკაცრდა. 2010 წლამდე ასე გაგრძელდა, 2010 წლიდან კი დერეფნის საკითხი ისევ აქტუალური გახდა და ამჯერად უკვე არალეგალური გზების ძიება დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდში ჩნდება ლორთქიფანიძე-ამირიძის ჯგუფში ახმედ ჩატაევი.“- აცხადებს „ქრონიკა+“-თან „კუდის“ ყოფილი მაღალჩინოსანი.