„კავკასიის ემირატი“ და დერეფანი ჩეჩენი „ბოევიკებისთვის!“

n1

„ქრონიკა+“ აგრძელებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ მასალების მოძიებას. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს „კუდის“ იმჟამინდელ მაღალჩინოსანთან. ის გვიყვება იმ დეტალების შესახებ, რომელიც ამ დრომდე არსად გაჟღერებულა:

„_ ჩეჩენი „ბოევიკების“ საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩენა ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს დაიწყო. ისინი, ფაქტობრივად, დასახლდნენ პანკისის ხეობაში, გახსნეს იქ საწვრთნელი ბაზები და დაიწყეს მებრძოლების მომზადება. 1996 წლიდან, როცა „კავკასიის ემირატი“ ჩამოყალიბდა, ამან გაცილებით ორგანიზებული ხასიათი მიიღო. სქემაში იყო რამდენიმე რგოლი _ თურქეთი-ავსტრია-გერმანია და საქართველო. დერეფანი საქართველოდან რუსეთის გავლით ასევე აქტუალური გახდა ვალერი ხაბურძანიას უშიშროების მინისტრობის დროს. ჩეჩენი „ბოევიკების“ ნაწილი სწორედ საქართველოს გავლით გადადიოდა ჩეჩნეთში, ხშირი იყო შემთხვევები, როცა ხაბურძანიას ჯგუფი ჩეჩნებს ადგილზე აკავებდა რუსების დავალებით და მათ რუსეთის ფედერაციას გადასცემდა. ამ საქმეში საკმაოდ დიდი ფული კეთდებოდა. დერეფნის არსებობის შესახებ ინფორმაციას, ცხადია, ფლობდა უშიშროების მინისტრის მაშინდელი მოადგილე, ირაკლი ალასანია, თუმცა მას ძირითადი ურთიერთობა ამერიკელებთან ჰქონდა და მათ აწვდიდა ინფორმაციას.

სქემა იყო მარტივი _ რუსეთის ტერიტორიაზე არსებობდა ჯგუფი, რომელიც მესაზღვრეებთან ქრთამის სანაცვლოდ აგვარებდა გასასვლელის პრობლემას. როგორც კი კონკრეტული თარიღი ცნობილი ხდებოდა, „კავკასიის ემირატის“ წარმომადგენელი საქართველოში უკავშირდებოდა ადგილობრივ მოკავშირეს, რომელიც, თავის მხრივ, ინფორმაციას გადასცემდა „ბოევიკებს“ თურქეთსა და ევროპაში. ჯგუფები საქართველოში შემოდიოდნენ, იარაღდებოდნენ და ე. წ. დერეფნის მეშვეობით გადადიოდნენ რუსეთსა და ჩეჩნეთში. ამ სქემის დამუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა ვალერი ხაბურძანიას კიდევ ერთი მოადგილე, ირაკლი კოტეტიშვილი და ამავე ჯგუფში ირიცხებოდა ვანო მერაბიშვილის მოადგილე, გია ლორთქიფანიძე, რომელიც იმხანად ანტიტერორისტული განყოფილების უფროსის მოადგილე იყო.“- აცხადებს „ქრონიკა+“-თან „კუდის“ ყოფილი მაღალჩინოსანი.