თბილისს „სინათლის ქალაქი“ გაანათებს!

3

უკვე დეკემბერია და საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადებას თბილისის ახალი მერი ადრიანად შესდგომია. მერის სავარძელში ეს მისი პირველი ახალი წელია, მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა საახალწლო ღონისძიებების ტენდერში. დავით ნარმანიას უწყებამ საახალწლო ღონისძიებების განათება ამჯერადაც „სინათლის ქალაქს“ ანდო და მოგებული ტენდერის ღირებულებად 575967 ლარი განუსაზღვრა. მერე რა, რომ საახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა განათებაც „სინათლის ქალაქმა“ უნდა უზრუნველყოს, ჯერჯერობით, არ არსებობს? სამაგიეროდ, არსებობს ამ კომპანიის ახლო წარსული, რომელსაც იგივე გიგი უგულავას სახელს უკავშირებდნენ და თავის დროზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განცხადებას განცხადებაზე აკეთებდნენ.

„სინათლის ქალაქი“ სახელმწიფო ორგანოს თბილისის მერიის საკუთრებაა. თბილისის საკრებულოს მაშინდელი დეპუტატისა და ამჟამად ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, გიგი უგულავამ ამ საწარმოს საკრებულოს გვერდის ავლით 800 ათასი ლარი გამოუყო. მისივე განცხადებით, „სინათლის ქალაქის“ სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმებული იყვნენ: იტალიაში ყოფილი ელჩი კოტე გაბაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსი დავით ჯანიაშვილი, პარლამენტარი კობა ხაბაზი და დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი. საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, გიორგი მუსხელიშვილი კი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ „სინათლის ქალაქი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მონოპოლისტ კომპანიად აქცია და პარტიული აქტივის დასაფინანსებლად გამოიყენა. გიორგი მუსხელიშვილი ამჟამადაც თბილისის საკრებულოს დეპუტატია, მაგრამ, ჯერჯერობით, მისი საჯარო განცხადებები არავის მოუსმენია, არც მონოპოლისტ „სინათლის ქალაქზე“, რომლის გაუქმებაც თბილისის ახალ მერს, დავით ნარმანიას, არც კი უცდია და არც ნარმანიას მიერ დანიშნულ ამ საწარმოს სკანდალურ დირექტორზე, ვასილ ხორავაზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითურ სქემებში მონაწილეობდა. ამერიკაში მცხოვრები ქართველები ხორავას ათიათასობით აშშ დოლარის მითვისებაში სდებდნენ ბრალს. ინფორმაცია ამის თაობაზე ცოტა ხნის წინათ ინტერნეტტელევიზია „freshnews“-მა გაავრცელა.