„ნაციონალური“ „გრინსერვისი“ თბილისს ისევ გაამწვანებს!

1

სატენდერო კომისიამ თბილისის გამწვანება ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სკანდალურად ცნობილ კომპანია „გრინსერვისს“ ანდო. მართალია, ამჯერად კომპანიის სათაურში +-ია დამატებული, მაგრამ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2010 წლის 24 ივნისს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში დაფუძნებულ კომპანიას ისევ სამი დამფუძნებელი ჰყავს და ამ სამიდან ორი, არც მეტი არც ნაკლები, დაპატიმრებულია. შპს „გრინსერვის+“-ის 33%-იანი წილის მფლობელია ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი, ლაშა ფურცხვანიძე, მეორე 33%-ს კი განკარგავს ამავე რაიონის გამგებლის მოადგილე და ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი, კობა ხარშილაძე, 34%-ს _ ტარიელ კიკნაძე, კომპანიის დირექტორის ფუნქციები ლაშა ფურცხვანიძეს აქვს შეთავსებული. არსებობის მანძილზე „გრინსერვისს“ 19 ტენდერი აქვს მოგებული საერთო ღირებულებით 4 784 760 ლარი. ამჯერად „გრინსერვისმა“ 2014 წლის 11 ნოემბერს თბილისის მერიის ტენდერი მოიგო (#140023041), რომლის ღირებულება 473 765 ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით კომპანიას კრწანისში სკვერის გამწვანება ევალება. რა სკვერია ასეთი კრწანისში, რომლის გამწვანებაც, არც მეტი არც ნაკლები, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარს აღწევს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ აქვე, ალბათ, არ იქნებოდა ურიგო, მკითხველისთვის და თბილისის ახალი მერისთვის ის სკანდალური საქმე გაგვეხსენებინა, რომლის გამოც 2013 წლის აპრილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი, ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე კობა ხარშილაძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ძველი თბილისის გამგეობის სატენდერო კომისიის წევრები _ ფურცხვანიძე და ხარშილაძე _ ტენდერს აცხადებდნენ სწორედ მათი დავალებითა და მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით. შპს „გრინსერვისი“ ინტერესთა კონფლიქტის ვითარებაში მონაწილეობდა და იმარჯვებდა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომელიც უშუალოდ იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე ცხადდებოდა, რაც წინასწარ შეძენილი ჰქონდა კომპანიას. ფურცხვანიძისა და ხარშილაძის ბრალი 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

„გრინსერვისი“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2012 წლის გაზაფხულზე მოექცა. ბარათაშვილის ქუჩაზე დასარგავი ხე-მცენარეების შესყიდვის მიზნით თბილისის მერიამ ტენდერი 8 თებერვალს გამოაცხადა. მერია „Cupressus Pyramidals“ სახეობის 120 კვიპაროსის ნერგის ყიდვას აპირებდა. სავარაუდო ღირებულებად 225 000 ლარი დასახელდა. ვინაიდან ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ, შპს „გრინსერვისმა“ მიიღო და მას კონკურენტი არ ჰყავდა, კომპანიის პირველადი შეთავაზებული თანხა აღარ შეცვლილა. თბილისის მერიასა და კომპანია „გრინსერვისს“ შორის ხელშეკრულება 13 მარტს გაფორმდა, მაშინ როცა ერთი თვით ადრე, 30 იანვარს, მერიამ ერთ-ერთი მომწოდებლისგან 5000 ცალი ნერგი შეისყიდა და თითოეულის ღირებულება 30 ლარს არ აღემატებოდა. ბარათაშვილის ქუჩისათვის თითო კვიპაროსში დაახლოებით 990 ლარია გადახდილი.

სწორედ ამ ბეგრაუნდის კომპანიამ მოიგო თბილისის მერიის ახალი ტენდერი, ის ამჯერადაც უკონკურენტო იყო. როგორ გაამწვანებს „გრინსერვისი“ კრწანისში მდებარე სკვერს და თანაც ზამთარში, ამ პროცესს „ქრონიკა+“ აუცილებლად მიადევნებს თვალს.