ზუგდიდში ხანძრებს 760.000-ლარიანი მანქანა ჩააქრობს!

nato2

ზუგდიდის ბიუჯეტი 2015 წელს არ გაზრდილა, დაახლოებით იგივე დარჩა, რაც წინა წლებში იყო _ 15 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი. არადა, გასაკეთებელი იმდენია, რომ სათვალავი აგერევა კაცს. ჯერ მარტო შეჩერებული პროექტები რომ ჩამოთვალო, კარგა ხანს მოუნდები, ადგილობრივი „მეოცნებე“ ხელისუფლება კი „ნაციონალების“ დროს აშენებული ობიექტების ვარგისიანობას უკირკიტებს და ახალს ვერაფერს აშენებს. ის კი არადა, ბიუჯეტის განხილვის დროს ზუგდიდის მერმა განაცხადა, გზებს, ალბათ, 2016 ან 2017 წლამდე ვერ დავაგებთო…

კაცმა რომ თქვას, ზუგდიდის 2015 წლის ბიუჯეტი დიდად არც იქნებოდა საინტერესო, რომ არა რამდენიმე დეტალი. მოგეხსენებათ, ეშმაკი დეტალებშია. ჩავიხედოთ ძირითად პრიორიტეტებში და დავაკვირდეთ, სად რის გაკეთებას გეგმავს ზუგდიდის ხელისუფლება და რამდენად რეალურია ბიუჯეტის შესრულება გარღვევის გარეშე?

ბიუჯეტის მიხედვით, წინა ხელისუფლების დროს შემუშავებული ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარების გენერალური გეგმით გათვალისწინებული ობიექტებიდან თითქმის არც ერთი არ დაფინანსდება. არ არის გასაკვირი _ ახალი ტენდერებია საჭირო, ახალი ადამიანები არიან დაინტერესებულები, მიიღონ ბიუჯეტის ფული. გზებს ვერ დააგებენ, მაგრამ ხიდები ხომ არის და ხიდების რეაბილიტაციისთვის 40 ათასი ლარი გამოყვეს, რაც შარშანდელთან შედარებით სამჯერ მეტია.

ბიუჯეტის მიხედვით, ზუგდიდში მოქმედი სასულიერო სემინარია 12 ათასი ლარით დაფინანსდება, ხოლო ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მშენებლობისთვის 100.000 ლარია გათვალისწინებული. და ეს მაშინ, როცა ახალგაზრდული პროგრამების დასაფინანსებლად სულ 50.000 ლარია გათვალისწინებული.

კაცმა რომ თქვას, ბიუჯეტის შედგენისას, ყველაზე მეტად, რასაკვირველია, იმ ხალხის ინტერესი გაითვალისწინეს, ვინც „ქართულ ოცნებას“ უკმევს გუნდრუკს. ამ კმევა-კმევაში კურიოზული დაფინანსება და ამბავიც გაეპარათ. არც მეტი, არც ნაკლები, საუბარია სახანძრო მანქანაზე. საქმის არსი ერთ წინადადებაშიც ჩაეტევა: სოციალური და ჯანდაცვის პროექტებისთვის ბიუჯეტში 850.000 ლარი, ერთი სახანძრო მანქანისთვის კი 760.000 ლარია გათვალისწინებული.

ახლა ისე კი ნუ გაიგებთ, თითქოს ხაძარსაწინააღმდეგო ზომების საწინააღმდეგო გვქონდეს რამე, მაგრამ, ბატონებო, თქვენ ცოტა ალმური ხომ არ მოგედოთ?

შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის _ 40 ათასი ლარი, უფასო სასადილოებისთვის _ 100 ათასი, მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის _ 25 ათასი, თეატრისთვის _ 300 ათასი და სახანძრო მანქანისთვის _ 760.000? და მერე თქვენ ედავებოდით „ნაციონალებს“, ბიუჯეტის თანხას მიზნობრივად არ ხარჯავენო?

ახლა ვნახოთ, როგორ „აპრავებენ“ ამ ღირებულების სახანძრო მანქანის შეძენისთვის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას: ჯერ ერთიო, ხანძრები მოხშირდა და მათ წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის გვჭირდებაო. თანაც, კერძო სამეწარმეო ობიექტებზეო, განა სახლებში ან კორპუსებშიო?.. მაგალითისთვის გაზგასამართი სადგურები დასახელდა.

არ ვიცი, გასულ წელს მომხდარი ერთადერთი აფეთქება და ხანძარი გაზგასამართ სადგურზე რატომ გასაღდა ტენდენციად, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, თქვე მამაცხონებულებო, მაგ ამბავს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა უფრო სჭირდება, ვიდრე ამდენად ღირებული ავტომანქანა _ მკაცრად მოსთხოვეთ ობიექტებს, დაიცვან ეს წესები, არ დაიცავენ? დააჯარიმეთ _ ბიუჯეტშიც შევა თანხა და ისინიც ჭკუას ისწავლიან.

ობიექტურად რომ ვთქვათ, ამ სახანძრო მანქანის ისტორია წინა ხელისუფლების დროიდან იღებს სათავეს. ოღონდ თავად მანქანის ყიდვა ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის შესრულების პარალელურად იგეგმებოდა, ანუ როცა ქალაქი გაფართოვდებოდა, ინვესტიციებიც წამოვიდოდა და ეს ბიუჯეტის ზრდით აისახებოდა რეგიონზე, მერე უნდა ეყიდათ. მანამდე კი გაარკვიეს, კონკრეტულად რომელ მანქანას, რა მოდელს შეიძენდნენ და დაიწყეს სათადარიგო ნაწილების შეძენა ამ მანქანისთვის.

და ჰოი, საოცრებავ! მერე მოსულმა ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ „ნაციონალების“ დროს ამ კუთხით რაღაცას თაღლითობდნენ და ზუგდიდის სახანძრო რაზმის უფროსი დაკითხვებზე ატარა _ ამ ნაწილებს რომ ყიდულობდით, კანონი ხომ არ დაგირღვევიათო? თანაც, ამბობდნენ, ამხელა ღირებულების მანქანა, აბა, რა საჭიროაო? ხელისუფლებაში მოვიდნენ და უცებ საჭირო გახდა… უცნაურია.

მით უფრო უცნაურია მეორე მიზეზი, რითაც, ვთქვათ, სახანძრო სამსახურის უფროსი თამაზ უბილავა თავს იმართლებს: ეს მანქანა მუზეუმში გაჩენილ ხანძრებს აქრობს ისე, რომ ექსპონატები არ ზიანდებაო… მერე დაამატა, ასეთი მანქანა ევროპის ბევრ ქვეყანასაც კი არ აქვსო…

ხეზე დააკაკუნეთ, ბატონო თამაზ! ერთადერთი მუზეუმი გვაქვს ქალაქში _ დადიანების მუზეუმი, რომლის ეზო თქვენთვის მოსაწონი ხელისუფლების დროს ნაგავსაყრელად იქცა, გავერანდა და იმედია, არავინ გადაწვავს… რა ვიცი, მაინც გამიჩნდა ეს ეჭვი…

 

                                                                                                 დოროთე გითოლენდია