ვალერი გელაშვილმა და ყოფილმა გამგებელმა ერთადერთი სპორტსკოლა საქელეხო დარბაზად გადააკეთეს

nato

რაც ხაშურის რაიონში არსებულ განუკითხაობაზე „ქრონიკა+“-მა ერთი წლის მანძილზე დაწერა, პრემიერ-მინისტრის მხრიდან ნამდვილად „სენსიტიურად ადეკვატური“ საქციელი იქნებოდა _ მაჟორიტარი დეპუტატიდან მოყოლებული, ყველა აქაური ჩინოვნიკისთვის პასუხი მოეთხოვა… მაგრამ რად გინდა? _ რაც უფრო დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თაოსნობით ჩვენი ხელისუფლება ან მიშა სააკაშვილის გზას ადგას და გაზეთებს საერთოდ არ კითხულობს, ანდა კითხულობს, ოღონდ ფეხებზე კიდია გაზეთებში დაბეჭდილი შენიშვნები. ამ ორი ვერსიიდან რომელია სწორი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს არც ხაშურლებისთვის და არც _ დანარჩენი საქართველოსთვის. არადა, პრობლემა, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, თვითკმაყოფილებაში გადავარდნილი ხელისუფლების მხრიდან ჩარევასა და გამოხმაურებას თუ არ საჭიროებს, მაშინ მართლა ცუდად არის საქმე…

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ზაზა მეხრიშვილი _ არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაციის“ ხაშურის ფილიალის თავმჯდომარე:

_ მკითხველს, ალბათ, კარგად ემახსოვრება თქვენი სტატია ხაშურის სპორტსკოლაზე, თუ როგორ იყიდეს და მიითვისეს „ნაციონალებმა“ იგი. მაშინ ვფიქრობდით, რომ მყიდველი შენობას კარგად გაარემონტებდა, პროფილს არ დაუკარგავდა და ხაშურელი ბავშვებისთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას შეიძენდა მაღალ დონეზე მოწყობილი და ყველანაირი საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სპორტსკოლა. თუმცა, როგორც ირკვევა, როცა შენობას ყიდულობდნენ, ბავშვებსა და მათ მომავალზე საერთოდ არავინ ფიქრობდა. გაგიკვირდებათ და ამ სპორტსკოლაში დამკრძალავი ბიურო გახსნეს, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და ახლა საბანკეტო დარბაზის გაკეთებასაც აპირებენ. თურმე, თავიდანვე  იმიტომ გაიყიდა, რომ ასეთი ჩანაფიქრი იყო და დაკრძალვის მომსახურება უნდა გაკეთებულიყო მაღალ დონეზე. ამის გამო ხაშურლები შოკში არიან და ადგილობრივი ხელმძღვანელობის დახმარებით რომ ვერ მოახერხეს სპორტსკოლის ბავშვებისთვის დაბრუნება, დედაქალაქისგან, ანუ ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ შველას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის ზომებს მიმართონ სხვადასხვა ფორმით.

_ ბატონო ზაზა, კონკრეტულად ვისაუბროთ: ცნობილია სპორტსკოლის მყიდველი?

_ როგორ არ არის ცნობილი?! ეს სპორტსკოლა, უფრო სწორად, ყოფილი სპორტსკოლა დღეს ეკუთვნის როინ მახარობლიძეს. ეს ადამიანი არის ხაშურელი „ნაციონალების“ თავმჯდომარე, ამავდროულად, საკრებულოს წევრი. იგი ხაშურის რაიონის ყოფილი გამგებელი გახლავთ, თუმცა არ იფიქროთ, რომ „ნაციონალების“ ბიზნესთან გვაქვს საქმე. მარტო „ნაციონალებს“ ამის გაკეთების უფლებას დღეს ვინღა მისცემდა? ამიტომ სპორტსკოლა მიაქირავა ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვალერი გელაშვილთან დაახლოებულ პირებს. ხაშურში ყველა გეტყვით, რომ ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება დიდი ხანია, ვალერი გელაშვილსა და მის ხალხს უნდა. მათ შორის რამდენიმე სასულიერო პირიცაა. მე არავის განსჯას არ ვაპირებ, მაგრამ სპორტსკოლის დამკრძალავ ბიუროდ და საქელეხოდ გადაკეთება მართლაც არანორმალური და ვანდალური იდეაა. ვალერი გელაშვილს რა გაუჭირდა ისეთი, ამ მიზნით ცალკე შენობა აეშენებინა და სკოლა ბავშვებს დარჩენოდა?! თუმცა როგორც ბევრი სხვა რამ, ესეც მუქთად ჩაიგდეს ხელში, „მუქთი იყოს, კუბო იყოსო“, ხომ გაგიგიათ და კი გაავსეს იქაურობა კუბოებით. ამ სპორტსკოლის ეზოში ერთადერთი პარკია მთელ ხაშურში, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან, იქვეა სტადიონიც, შენობაში იყო ცეკვის წრეები, აღარაფერს ვამბობ სპორტულ სექციებზე, გვერდით პირველი საშუალო სკოლაა და ამ ცენტრალურ ადგილას კუბოები და მაცივრები გამოჭიმეს კატაფალკებთან ერთად. ეს ხომ განუკითხაობაა და დანაშაული მთელი ხაშურის მოსახლეობის წინაშე?!

_ არ ეცადეთ, გაგეპროტესტებინათ?

_ ვისთან უნდა გავაპროტესტო? მაგ დამკრძალავი ბიუროს გამხსნელები აკონტროლებენ სიტუაციას ხაშურში. მაინც მივედი გამგეობაში. საპროექტოში მოვთხოვე ეჩვენებინათ ნებართვა, სპორტსკოლის წინა კედელი რომ დაანგრიეს და დამკრძალავ ბიუროში შესასვლელი და ვიტრინები რომ გააკეთეს. არავითარი საბუთი არ იყო. _ უკანონოდ რომ გაკეთდა, რატომ რეაგირებას არ ახდენთ-მეთქი? ვერაფერი მიპასუხეს და გამიშვეს ზედამხედველობის სამსახურში, სადაც უფროსმა, მურმან ნოზაძემ, დამიდასტურა და მიპასუხა, რომ ეს მართლაც იყო პირველი კატეგორიის უნებართვო მშენებლობა, თუმცა ვერ დააჯარიმებდა: ეს თბილისი არაა, ხაშურია და ვერ დავაჯარიმებ ასეთ უკანონობაზეო.

ხაშურში, თურმე, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და არ ვიცოდი.

ისე, სიმართლე რომ გითხრათ, სხვანაირ პასუხს არც ველოდი. გამგეობაც მაგ როინ მახარობლიძის მხარესაა _ მახარობლიძე და ვალერი გელაშვილი შეკრულები არიან. ახლა კიდევ გამგებელ გია გურასპაშვილსაც შეეკრა ეს მახარობლიძე. საკრებულოში როგორც აწყობს გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს, საქმეც ისე წყდება. ყველა ჩუმადაა და ხმას არავინ იღებს, როგორი უკანობაც არ უნდა მოხდეს. ამ სიჩუმის შედეგია, რომ როინ მახარობლიძეს ყველა ცოდვას პატიობენ. პროექტიც კი არ დასჭირდა, ისე გააკეთებინეს დამკრძალავი ბიუროს ფართი და ახლა საბანკეტოსაც აკეთებინებენ. ფეხებზე კიდიათ ბავშვები და მთელი ხაშურის მოსახლეობა. სამწუხარო ის არის, რომ მამაოებიც ჩაერთნენ ფულის შოვნაში ამ გარეწრებთან ერთად. ერთი აქირავებს, მეორე ქირაობს, ხალხი და ბავშვები კი არავის აინტერესებს. ნუთუ, ბავშვების ფსიქოლოგიაზე არ იმოქმედებს ეს ყველაფერი?! ძაღლი პატრონს ვერ ცნობს ხაშურში. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას სკოლებსა და მოსახლეობაში, იქნებ, როგორმე წინ აღვუდგეთ და უკან დავახევინოთ ამ უსამართლობას. თბილისისგანაც მოველით შველას, რადგან აქ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ყველას მივმართე პირადად მე ადგილობრივ ხელისუფლებაში, მაგრამ რად გინდა?! _ შეაყარე კედელს ცერცვი!

_ დეპუტატ ვალერი გელაშვილს თუ მიმართეთ?

_ ნუ მაცინებთ, ბატონო დავით. უკვე ხომ გითხარით, ყველანი შეკრულები არიან-მეთქი. ვალერი გელაშვილი მაგრად არის ამ ბიზნესით დაინტერესებული. მარტო დამკრძალავი ბიურო და დარბაზი არ აკმაყოფილებს. ახლა სადაც თვითონ ცხოვრობს, იქ არსებული ნაკვეთების შესყიდვა დაიწყო. სასაფლაოს გაკეთება უნდა ამ ტერიტორიაზე. ხალხი გადარეულია! არ ვიცი, რა იქნება, იმიტომ რომ ბევრმა არ გაყიდა ნაკვეთი, მაგრამ კარგ ფასს აძლევს და ვინც თანხმდება, გელაშვილი ყიდულობს და ყიდულობს. მოსახლეობა ერთ ამბავშია _ ვის უნდა სასაფლაო სახლის გვერდით? ეს პირადად მისმა უბნელებმა მითხრეს.

_ კი მაგრამ, ხაშურში ხმის ამომღები საერთოდ არავინ არის?

_ ხმას ვინ ამოიღებს? საკრებულოს სხდომებზე იმ დონეზე ჰყავთ „დაჩმორებული“ ოპოზიცური პარტიები, „ნაცები“ და ასე შემდეგ, რომ საერთოდ არავინ არაფერს ამბობს. საკრებულოს ბოლო სხდომაზე კონკურსი უნდა ჩატარდეს, სამსახურებში უნდა მიიღონ ხალხი. ერთხმად აირჩიეს კონკურსის თავმჯდომარედ მოქმედი გამგებელი გია გურასპაშვილი. ვისაც უნდა, გაუშვებენ და შემდეგ მაგის გადასაწყვეტი იქნება, ვის მიიღებს და ვის _ არა. რა ძალებით აკომპლექტებს ამ ეტაპზე ახალ სამსახურს, არავინ იცის.

ხალხი ლაპარაკობს, რომ დასუფთავების სამსახურში, მაგალითად, ბევრი მკვდარი სული მიიღეს, _ სულ გამგებლის საძმაკაცო და სამეგობროაო. სამსახურში არც კი დადიან, ისე იღებენ ხელფასებს.

ნაწილობრივ დეპუტატიც კი შეავიწროვეს. ბიზნესის წარმოებაში არ ეუბნებიან უარს, თორემ ვალერი გელაშვილის ხალხი გაუშვეს და ახლა მეორე ფლანგიდან გამგებელს მოჰყავს თავისი საახლობლო და სამეგობრო მუქთახორა ხალხი, რომლებიც რა ნიშნით დაინიშნენ, გაუგებარია. ასე იფლანგება ბიუჯეტის ფულები.

ვალერის კლანი შეცვალა გამგებლის კლანმა და ახლა მაგათმა დაიწყეს რაიონის ჭამა, ვეღარ გაძღნენ. ხალხი გადარეულია და მდგომარეობის გამოსწორების იმედიც ნაკლებად აქვს.

ვალერი გელაშვილმა ახლა სკოლის დირექტორების საკუთარი კანდიდატურების წარდგენა დაიწყო, სკოლის საბჭოები დააშინა, რომ მის ხალხს დაუჭირონ მხარი. როგორც ამბობენ, განათლების მინისტრის მოადგილე გელაშვილის ახლობელი ყოფილა და მისი დახმარებით აკეთებს ყველაფერს. სკოლის საბჭოსთან საქმეს კი ყოფილი სუსელი, მამუკა ხაჩიძე უგვარებს. ამ ხაჩიძეს ბევრი კომპრომატი აქვს ხალხზე, იყენებს სუსიდან წამოღებულ ინფორმაციებს. ახლა ამერიკის ვიზა გაუკეთა გელაშვილმა და ეს ინტერვიუ რომ დაიბეჭდება, შეიძლება აღარც კი იყოს საქართველოში. არადა, თავის დროზე იმიტომ გამოუშვეს სუსიდან, რომ ორი კაცი მოკლა ავარიაში, მაგრამ მიჩქმალეს ეგ საქმე. მიცვალებულების პატრონები გააჩუმეს. გელაშვილი დაეხმარა ფულით აქაც და საქმეც მანვე გააკეთა, რომ არ დაეჭირათ. ეგ და მამამისი მეგობრები არიან.

_ ამ ცოტა ხნის წინათ დამირეკეს და მითხრეს, რომ ხაშურში მოსახლეობას ეუბნებიან, ტყეში შეშა არ არის, ამიტომ ტალონები არ დარიგდებაო. შემდეგ კი ამ ტალონებს გადამყიდველებზე ყიდიან, რომლებიც, თავის მხრივ, მოსახლეობას შეშას გაორმაგებულ ფასად სთავაზობენ.

_ ასეთი რამ მეც მსმენია, თუმცა, ჯერჯერობით, რამის მტკიცება გამიჭირდება. ვეცდები, სამომავლოდ გავარკვიო, რა ხდება…

„ქრონიკა+“-მა სპორტსკოლის დამკრძალავ ბიუროდ გადაკეთებასთან დაკავშირებით ხაშურის გამგებელს, გია გურასპაშვილს კომენტარი სთხოვა:

_ ხაშურის სპორტსკოლაზე საუბარი ჩემს კომპეტენციასა და ფუნქციაში არ შედის, ვინაიდან ეს შენობა წლების წინათ გაიყიდა და კერძო საკუთრებად მიიჩნევა. შესაბამისად, მეპატრონეს რასაც სურს, იმას გააკეთებს _ უნდა დამკრძალავ ბიუროს გახსნის, უნდა ბოსტნეულს გაყიდის და უნდა _ ფარდებს.

ეს კი მართლაც ასეა, ვერაფერს იტყვი. საკუთრების უფლება წმიდათაწმიდა უფლებაა და როგორც კაცს უნდა, ისე მოექცევა საკუთარ ქონებას. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ყოფილი გამგებლისა და მგზნებარე „ნაციონალის“ ხელში აღმოჩნდა ეს ქონება? თუ აღმოჩნდა, რატომ პროფილის შენარჩუნება არ მოითხოვეს? ანდა ხაშურელ ახალგაზრდობას რაღა რჩება, სპორტსკოლა საქელეხოდ რომ გადაუკეთეს? წესით და რიგით ამ კითხვებით უკვე პროკურატურა უნდა ინტერესდებოდეს.

 

                                                                                                            დავით დევიძე