შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით თურქეთის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა

1

შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით თურქეთის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გონიოში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს დროებითი მფლობელები,  თურქეთის  რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული აჯარ ო, 1984 წელს დაბადებული ბოზქიურთ ი, 1971 წელს დაბადებული არდა ჰ, 1977 წელს დაბადებული ერდემ ფ. და საქართველოს ერთი მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული მურად ნ. ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ფულის გამოძალვის მიზნით, ღამის საათებში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ყირგიზეთის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს – სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს. ბრალდებულებმა მძღოლები სასტუმროს სარდაფსა და ოთახში ჩაკეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთ-ერთ მათგანს კი ყირგიზეთიდან საბანკო ანგარიშზე 500 დოლარი ჩაარიცხინეს და დამატებით გარკვეულ თანხას ითხოვდნენ. გამთენიისას,  ერთ-ერთმა მძღოლმა 112-თან დაკავშირება შეძლო. შემთხვევის ადგილზე მისულმა გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს ოთხივე მძღოლი. სამართდალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთივე წევრი დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან მუქარით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის  143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“,  „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით).