„ხელისუფლებამ საგადასახადო ამნისტია უნდა გამოაცხადოს!“

პრე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების წინადადებით მიმართა. ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებამ ობიექტურად უნდა შეაფასოს არსებული ვითარება და 2012 წლის 31 დეკემბრამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულებებისთვის საგადასახადო ამნისტია გამოაცხადოს.

რას გულისხმობს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივა და რა შედეგებს მოიტანს მისი განხორციელება?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი:

_ არჩილ, თქვენ უკვე მიმართეთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, რათა წარმოდგენილი წინადადების ფარგლებში დაწყებულიყო მსჯელობა. მოჰყვა თუ არა გამოხმაურებები ორგანიზაციის ინიციატივას?

_ არც საქართველოს მთავრობიდან და არც პარლამენტიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჯერ კიდევ არსებობს საჯარო წერილზე ადმინისტრაციული გამოხმაურების ვადები და იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ჩვენი ინიციატივის მიმართ საქმიანი დამოკიდებულება ექნება. სამაგიეროდ, არაერთი გამოხმაურება მივიღეთ მეწარმე სუბიექტებისგან, რომლებსაც აინტერესებდათ აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობები. ჩვენ მოვითხოვთ, ობიექტურად შეფასდეს ქვეყანაში ერთჯერადი საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების საჭიროება და განმეორებით იქნას მიღებული კანონი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ“, რომელიც მეწარმე სუბიექტებს 2005-2012 წლებში დაფარული გადასახადებისაგან განთავისუფლების, ასევე არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების საშუალებას მისცემდა. მიგვაჩნია, რომ შესაძლო ერთჯერადი საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება სახელმწიფომ სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში უნდა მოიაზროს, ვინაიდან 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში ადგილი ჰქონდა თავისუფალი ბიზნესსაქმიანობის მიმართ ღია თუ ფარულ ჩარევას. ორგანიზაციის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამეწარმეო-ეკონომიკური დანაშაულისთვის, 2005 წელს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 646 პირის მიმართ, 2006 წელს _ 684, 2007 წელს _ 191, 2008 წელს _ 64, 2009 წელს _ 87, 2010 წელს _ 294, 2011 წელს _ 327, 2012 წელს _ 99, 2013 წელს _ 70, ხოლო 2014 წლის 6 თვის მონაცემებით _ 27 პირის მიმართ. საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, სამეწარმეო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულებებზე ბრალი წარედგინა 2010 წელს 279 პირს, 2011 წელს _ 342, 2012 წელს _ 164, 2013 წელს _ 182, ხოლო 2014 წლის 6 თვის მონაცემებით _ 81 პირს.

_ თქვენ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა რამდენად მაღალია და ქვეყანაში საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება რამდენად შეცვლის მდგომარეობას?

_ ორგანიზაციის შეფასებით, 2005-2014 წლებში სისხლის სამართლის კოდექსის 190-207-ე მუხლებით გათვალისწინებული ეკონომიკური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკა დაბალია, ვინაიდან 2004 წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა ერთჯერადი ამნისტიის აქტმაც აჩვენა, რომ დეკლარირებულ იქნა 11,664,302 ლარის ღირებულების ქონება, მაშინ როდესაც ამ კანონის მიღებისას სახელმწიფო იმედოვნებდა, რომ 2 მილიარდი ლარის ღირებულების ქონების დეკლარირება მოხდებოდა. შესაბამისად, 2005-2014 წლების სტატისტიკამ აჩვენა, რომ ეკონომიკური დანაშაულის ფაქტები კვლავ სახეზეა, თუმცა აღნიშნული დანაშაულის გახსნის სპეციფიკისა და სირთულის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ დღემდე ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებებს ისევ აქვს ფარული მოქმედების სფერო და დანაშაულის არაოფიციალური სტატისტიკა გაცილებით მაღალია. ჩვენ ვამბობთ, რომ თუკი სახელმწიფო განიხილავს ამნისტიის გამოცხადების საკითხს, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს 2004 წლის 24 დეკემბერს გამოცხადებული ამნისტიის მოლოდინებსა და შედეგების თანაფარდობას და სწორ ანალიზს, საგადასახადო ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა მეწარმეზე, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე არ უღიარებია საგადასახადო დავალიანება. სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს და სასჯელისგან განთავისუფლდნენ ის პირები, რომლებმაც სამეწარმეო დანაშაული ჩაიდინეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ წინასწარ დაანონსებული ამნისტია ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება, რადგან ასეთ დროს ხდება პოტენციური კანონდამრღვევის წახალისება დანაშაულის ჩასადენად იმ მოტივით, რომ ამნისტიის შედეგად ის განთავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ამნისტიის გამოცხადებას მაშინ ექნება აზრი, თუკი ეს დასრულებულ პერიოდს შეეხება.

_ როგორც აღნიშნეთ, სახელმწიფომ 2004 წელს უკვე გამოაცხადა საგადასახადო ამნისტია, თუმცა შედეგები შესაბამისი მოლოდინების არ აღმოჩნდა, რას გულისხმობდა აღნიშნული კანონი?

_ სახელმწიფომ საგადასახადო ამნისტია 2004 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა და მიიღო ერთჯერადი კანონი: „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“. საგადასახადო ამნისტია გავრცელდა ყველა მეწარმეზე, რომელთაც კანონის ამოქმედებამდე არ ჰქონდათ აღიარებული საგადასახადო დავალიანება. სისხლის სამართლის საქმეები შეწყდა და სასჯელისგან განთავისუფლდნენ ის პირები, რომლებმაც სამეწარმეო დანაშაული 2004 წლის 1-ლ იანვრამდე ჩაიდინეს. ამ კანონით დამალული ქონებისა და ფინანსების დეკლარირება უნდა მომხდარიყო 2005 წლის ბოლომდე. ფინანსები ლეგალიზებულად ჩაითვლებოდა, თუ დეკლარანტი მის 1%-ს გადაიხდიდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამნისტია არ გავრცელდა უმაღლესი თანამდებობის პირებზე, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა დეკლარაციის შევსებას ავალდებულებდა; ასევე იმ პირებზე, რომლებმაც ნარკობიზნესის, იარაღით ვაჭრობის, ტრეფიკინგისა და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი გზით დააგროვეს ქონება და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებზე, რომლის საწესდებო კაპიტალი 1 მლნ ლარს არ აღემატებოდა და რომელშიც სახელმწიფო ფლობდა აქციათა 50%-ს ან მეტს. ასეთი ჩამონათვალის ვრცელია. 2004 წლის საგადასახადო ამნისტიამ სახელმწიფოს მოლოდინები იმიტომ ვერ გაამართლა, რომ მეწარმე სუბიექტებმა არ გამოხატეს ღია ნდობა იმ ხელისუფლების მიმართ, რადგან დეკლარირებული ქონება, მომავალში, შესაძლებელია, რეკეტის საფუძველი გამხდარიყო. ახლა, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, საზოგადოდ აღიარებულია სამართლიანობის აღდგენა, მიგვაჩნია, რომ იმ პოლიტიკური წნეხისგან განთავისუფლებულ ადამიანებს ხელისუფლებამ შანსი უნდა მისცეს, რათა დეკლარირებული გადასახადებით სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდნენ. ვფიქრობთ, რომ ასეთი მეწარმე სუბიექტები გაცილებით ბევრი იქნება, რომლებიც ითანამშრომლებენ სახელმწიფოსთან. მიგვაჩნია, რომ ჩვენს წინადადებაზე საინტერესო იქნება ეკონომიკის ექსპერტების მოსაზრებაც. სამწუხაროდ, არც ამ მიმართულებით მოგვისმენია საფუძვლიანი შეფასებები. ჩვენ ვაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას, ხელისუფლების რა გამოხმაურებას მიიღებს წარდგენილი წინადადება. „ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლება სათანადოდ შეაფასებს არსებულ მდგომარეობას.

 

                                                                                                                 თამარ ბატიაშვილი