ჩარხმშენებელი ციკნიჭამია „ჭამე, ნოდარი“

eeeee

ნოდარ ხადური! _ ეს თავად ჰგონია, რომ ივანიშვილის მთავრობის მინისტრია, თორემ რეალურად იგი უკვე ქართულ ფოლკლორს ეკუთვნის. ვერ გეტყვით, რამდენად პოზიტიურადაა ის ფოლკლორში წარმოდგენილი, მაგრამ სწორედ ფოლკლორის პერსონაჟად რომ იქცა კაი ხანია, ეს უკვე ფაქტია _ შაურმას გადარჩენილ ვირზე ჯიუტი. მასში ახალი ძალით ახმიანდა როგორც ბოლო დროს მფრინავი ფრაზა „ჭამე, ნოდარი“, ისე ქართულ მულტფილმში ნამღერი „მეშინია, ბატონო, არ გაგისკდეს მუცელი“…

ეს ყველაფერი კი სკანდალურმა სადილ-ვახშმებმა და, თავისთავად ცხადია, მისმავე გაბარიტებმა განაპირობა. ჯერ 4-ათასლარიანი სუფრა გასკანდალდა, შემდეგ ყვარელში 2013 წლის 4 ივნისს 80 კაცზე 7246 ლარად გაშლილი პურმარილი, სადაც იყო სმა-ჭამა დიდად შესარგი, 50 პორცია ღორის მწვადი, 23 ტაბაკა წიწილა, 300-ლარიანი ციკანი თონეში, ბლომად ტოლმა ვაზის ფოთოლში, გებჟალია, კალმახი ბროწეულის სოუსში, ჭაჭა, ოთხნაირი ღვინო და შვიდნაირი ჩაი-ყავა და რა აღარ… ივანიშვილმა სთხოვა კიდეც ჟურნალისტებს, _ ნუ გადააყოლებთ ხადურს ერთ ვახშამსო… და ეს მას მერე ხდებოდა, რაც სააკაშვილი თავად გადააყოლეს უკრაინის პრეზიდენტის გამასპინძლებას. სააკაშვილს თვითონ ხადურიც გადასწვდა, თავიც გაუტოლა, _ არც „მასაჟისტკა“ ჩამომიყვანია სახელმწიფო ხარჯით, არც მაიმუნის ტვინის დელიკატესები მიმირთმევია და არც კლუბ „დივაში“ წამიყვანია ვინმეო. ეს ყველაფერი ამაზრზენია და სირცხვილია, ამ ინფორმაციებს ის ქვეყნებიც კითხულობენ, რომელთა მინისტრებიც სტუმრად ჩამოდიანო. ივანიშვილმა კი ბრძანა, ერთ ვახშამს ნუ გადააყოლებთო, მაგრამ თავად მადიანმა ხადურმა სხვა პურმარილებიც დააანონსა, 80 ქვეყნიდან საბაჟოების უფროსებს ველიო, მერე 30-ზე მეტი ქვეყნიდან აზიის განვითარების ბანკის შეხვედრაზეო და რაც მთავარია, 2015-ში 1500 სტუმარს ელის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის დროს…

დააანონსა და შეასრულა კიდეც, მორიგი 200-კაციანი ბანკეტი 13 500 ლარი დაუსვა ბიუჯეტს, ციკანს ბატკანი ჩაენაცვლა, ნუ, ცალი ბარკლით, მაგრამ ფასს არ იკითხავთ? „ბატკნის ბარკალი ქონდარში დამარინადებული _ 1452 ლარი“… „თევზის ასორტი _ 1716 ლარი“… და ესეც რომ გასკანდალდა, სამინისტროს საიტზე დაგვიდეს მენიუ წინასწარ… ჩვენში დარჩეს და არც ციკანს დააყვედრიდა ვინმე, არც ბატკანს, საქმე რომ კეთდებოდეს და ის დაპირებები სრულდებოდეს, რასაც „ოცნება“ ხალხს ჰპირდებოდა და რასაც სწორედ ბატონი ხადური წერდა „ოცნების“ ეკონომიკურ პროგრამაში. ქართველს არც ერთი კარგი მეფისთვის არ დაუთვლია ლუკმები, მაგრამ უთვლიდა უნიათოებს, ასე შევიდა ისტორიაში ბოლო უნიათო მეფე გიორგი XII _ როგორც ზაქიჭამია…

ფართო საზოგადოებამ დღეს უკვე ფოლკლორის პერსონაჟის, ხადურის არსებობა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მერე გაიგო, მხოლოდ ვიწრო წრემ თუ იცოდა მასზე, როგორც პროფესორ ხადურზე, რომელმაც ბურჯანაძისგან იბრუნა პირი და ივანიშვილთან გადაინაცვლა. ცოტასღა ახსოვდა, რომ ეს სწორედ ის ხადური იყო, რომელიც, თავის დროზე, ფინანსთა მინისტრის _ ნოღაიდელის მოადგილე იყო და 2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა, არც მეტი არც ნაკლები, გააპანღურა. ეს ქმედითი ზმნა მე არ შემირჩევია, ბატონებო, თავად სააკაშვილმა ბრძანა: „დღეს გავაპანღურეთ მისი მოადგილე ხადური“. გაპანღურების მიზეზი?  ფინანსთა სამინისტროს დავალიანების მქონე ბიზნესმენებისგან მაქსიმალური თანხების ამოსაღებად სარჩელები ჰქონდა შეტანილი სასამართლოში, სააკაშვილი ამ სარჩელების უკან გამოხმობას ითხოვდა, როგორც თავად აცხადებდა, 12-ჯერ ულაპარაკია ამ საკითხზე ნოღაიდელთან. მერე კი ხადური გააპანღურა და როგორც თქვა, სწორედ ხადური ბლოკავდა, თურმე, ამ საკითხს. მაშინ სულ 3 თვე იმუშავა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ხადურმა; ნოღაიდელის მოადგილეობამდე მცირე ხანს გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო პარლამენტში; 1999-2000 წლებში ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი, მანამდე, 1997-98 წლებში, ფინასთა სამინისტროში მუშაობდა ხან მრჩევლად, ხან აპარატის უფროსად, ხან შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსად; 1996-97 წლებში, უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე,  ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე იყო; უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე კი ჩარხმშენებელი ყოფილა _ ჯარში წასვლამდეც იქ მუშაობდა და ჯარიდან ჩამოსვლის მერეც. როგორც დეკლარაციებიდან ირკვევა, ჩარხმშენებელში მშობლები მუშაობდნენ და საკუთარი ვაჟიც იქ მიიყვანეს. ახლა ძნელი გასარკვევია, მართლა ჩარხავდა რამეს ხადური, თუ როგორც მაშინ ხდებოდა, უბრალოდ, გაფორმებული იყო?.. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ასპირანტი იყო ეკონომიკის ინსტიტუტში, 1999 წლიდან უნივერსიტეტში ლექტორობას მიჰყო ხელი; 2002 წელს დისერტაციაც დაიცვა და მას მერე, რაც სააკაშვილმა მთავრობიდან „გააპანღურა“, უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ დაიწყო მუშაობა, პარალელურად გაეროს განვითარების ფონდში მოეწყო ეროვნულ კონსულტანტად; 2006 წელს სრული პროფესორი და მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი გახდა; პარალელურად ლექციებს „ჯიპაშიც“ კითხულობდა და როგორც მედია წერდა, ხუბუას წყალობით, კანონდარღვევითაც იღებდა ხელფასს „ა“ კატეგორიის ხელშეკრულების საფუძველზე. დარღვევით იმიტომ, რომ თუ ამ კატეგორიის ხელშეკრულებით იღებ ხელფასს, სხვაგან არ უნდა მუშაობდე, ხადური კი „ჯიპაშიც“ მუშაობდა, ასევე იქცეოდა თვითონ რექტორი ხუბუაც, თან ამ კატეგორიით იღებდა ხელფასს და თან სახელმწიფოსა და სამართლის ინტიტუტშიც მუშაობდა. ეს რომ გადაეფარათ, მემორანდუმები გააფორმეს თავიანთ სამსახურებთან და წესიც გააშანშალეს, რომ „ა“ კატეგორიის პროფესორებს შეუზღუდავად შეეძლოთ იმ დაწესებულებებში მუშაობა, რომელთანაც მემორანდუმი იყო გაფორმებული. მოკლედ, ხადური პრივილეგირებულთა კასტას ეკუთვნოდა და მეტიც, როცა ხუბუას პრობლემები შეექმნა, მფარველობდა კიდეც, ამბობდა, თურმე, მთავარია, გია ახლა გადარჩეს, შემდეგ ჩვენ მოვალთ და ხელს ვეღარავინ ახლებსო. მაშინ თვითონ ბურჯანაძის გუნდში იყო და სწორედ იგი ფიგურირებდა ბურჯანაძე-ხუბუას ფარულ მოლაპარაკებებშიო. ხუბუა გაუშვეს. თვითონ ხადურმა ბურჯანაძისგან ივანიშვილთან გადაინაცვლა, შემდეგ კონკურსი ვერ გაიარა და ეს პირდაპირ დაუკავშირა კიდეც მის პოლიტიკურ აქტივობას და განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით ჩამოაშორეს პროფესორობას, ისიც თქვა, ჩემს ძალებს მთლიანად პოლიტიკას მოვახმარო, მაგრამ ეს დაპირებაც ისე შეასრულა, როგორც ყველა სხვა. ის ისევ დაბრუნდა უნივერსიტეტში და ისევ იღებს ხელფასს უნივერსიტეტიდან და ეს სხვა თუ არაფერი, მისი დეკლარაციიდანაც ჩანს. რაკი დეკლარაციები ვახსენეთ, ხადური პირველად დეკლარაციას 1999 წელს ავსებს, როგორც ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი. იმ პერიოდისთვის ოჯახის წევრებად მხოლოდ დედ-მამას უთითებს. მამის საკუთრებაშია 12 ათასად შეფასებული მიწის ნაკვეთი გორის რაიონის სოფელ ქვეშში და 15 ათასად შეფასებული სახლი ასევე ქვეშში. ასევე მამის საკუთრებაშია 10-ათასიანი ბინა თბილისში. 29 წლის ნოდარის საკუთრებაში მხოლოდ 23-ათასიანი მანქანა და 5-ათასიანი ავტოფარეხია. ამის გარდა ნოდარს აქვს ახმეტის სატყეო კომბინატის 111 აქცია, რომელიც ვაუჩერებით შეუძენია, მშობლებს კი „ჩარხმშენებლის“ 34-34 აქცია, რომელიც როგორც კოლექტივის წევრებს მიუღიათ. ნოდარს 155, 71 საბჭოთა მანეთი ჰქონია „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ ანაბრად, მამამისს _ 500,56. და რაც მთავარია, ნოდარს ქეშად ჰქონდა 18 ათასი ამერიკული დოლარი. მანქანაზე კი აქვს მითითებული 23-ათასიანიაო, მაგრამ იმავე დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ეს მანქანა _ BMW 318, 13 ათასად შეუძენია. მაინც საინტერესოა, რანაირად გახდა 13 ათასად ნაყიდი მანქანა 23-ათასიანი? მხოლოდ იმიტომ, რომ საჭეს ნოდარი მიუჯდა და თავის „გარაჟში“ დააყენა? იმ ერთი წლის მანძილზე მისთვის ფინანსთა სამინისტროს 5096 ლარის ხარჯები დაუფარავს სასტუმროებისა და ტრანსპორტისთვის (აშშ, რუსეთი, ავსტრია); საერთაშორისო სავალუტო ფონდს 18 ათასი ავსტრიული შილინგის დღიური და სატრანსპორტო ხარჯები დაუფარავს; ეკონომიკის სამინისტროს 2 ათასი ლარის სატრანსპორტო ხარჯები ავსტრიაში მივლინებისთვის; აშშ-ს მთავრობას 31 150 დოლარის სატრანსპორტო, დღიური და სასტუმრო ხარჯები; ჯამაგირად კი 2462 ლარი აუღია, როგორც ფინანსათა მინისტრის აპარატის უფროსს, 937 ლარი შიდა ქართლის სამხარეო საფინანსო ადმინისტრაციაში, 205 ლარი, რიოგორც ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსს.

2000 წლის აპრილში ჩაბარებული დეკლარაციის მიხედვით, მცირედი ცვლილებებია ხადურის ქონებრივ მდგომარეობაში. მიწის ნაკვეთის ღირებულება 2 ათასით შემცირებულა, თბილისში ბინის ფასი 2 ათასით აწეულა, ათასით აწეულა „გარაჟის“ ფასიც, მანქანის დაწეულა 3 ათასით. 18 ათასი დოლარიდან 6 ათასი გაუფლანგავს და 12 ათასიღა დარჩენია ქეშად. მის დეკლარაციაში უკვე ჩნდება ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, „ეკონომიკის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის მასწავლებელი 0,25 შტატი“, მაგრამ ფინანსურ დეკლარაციაში თუ ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ შემოსავალში 2257 ლარი უწერია, მასწავლებლის გასწვრივ _ ხიშტია. ანუ მუქთად ასწავლიდა თუ ჯოკერს თამაშობდა?

ხარჯები კი გვარიანი დაუფარავს მისთვის ეკონომიკის სამინისტროს: მარტო სატრანსპორტო ხარჯი 3336 ლარის, დღიური ხარჯი 2543 ლარის, სასტუმროსი _ 1315 ლარი.

სავალუტო ფონდს 23 ათასი ავსტრიული შილინგის ხარჯი დაუფარავს, ეგვიპტის მთავრობასაც დაუფარავს ხადურისთვის სასტუმროს ხარჯი, მაგრამ რად გინდა? _ თანხა ხადურისთვის უცნობია _ ასე უწერია დეკლარაციაში. იმავე წელს აგვისტოშიც ჩააბარა დეკლარაცია, ცვლილება არანაირია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 60 ლარი აუღია უნივერსიტეტში და სამინისტროში _ 3134 ლარი. ხარჯები კი 8 ათასი ლარის დაუფარავს სამინისტროს. ეგვიპტის მთავრობას კიდევ დაუხარჯავს ხადურზე ფული და თანხა ისევ უცნობი დარჩენილა ხადურისთვის. ხადური დეკლარაციას 2004 წლის 6 აპრილს ავსებს, უკვე როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე. მის დეკლარაციაში მამის საკუთრებაში ჩნდება ახალი ბინა, 8 ათას ლარად შეფასებული. ხადურის მანქანა `ბერდება~ და უკვე 15 ათასი ლარიღა ღირს. ხადურს ქეშად აქვს (ბანკებს არ ენდობა) 10 ათასი დოლარი, 8 ათასი ევრო, 10 ათასი ლარი… შემოსავალში უწერია, რომ საანგარიშო წელს მიღებული აქვს 1165 ლარი _ როგორც პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსს; 13 526 ლარი _ როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს; 822 ლარი _ როგორც თსუ-ს ლექტორსა და 71 ლარი კოოპერაციის სახელმწიფო ინსტიტუტიდან.

ამის შემდეგ ის ისევ არ არის ვალდებული, შეავსოს დეკლარაცია. მიზეზი? მიხეილმა დააპანღურა. მიხეილმა დააპანღურა, მაგრამ ის ისევ მოვიდა ხელისუფლებაში და კვლავ დაიწყო დეკლარაციების შევსება. 2012 წლის 9 ნოემბერს, მინისტრად დანიშვნიდან ზუსტად 2 კვირაში, ის აბარებს დეკლარაციას. ადრე თუ მის დეკლარაციაში მხოლოდ დედ-მამა იყო მითითებული ოჯახის წევრებად, ახლა ემატება ცოლი, 2 შვილი, და. პირველი შვილი, მარიამ ხადური, 15 ოქტომბერს დაბადებულა და ცხადია, 2004 წლის 6 აპრილს შევსებულ დეკლარაციაში ვერ მოხვდებოდა, მაგრამ, წესით, იმ დეკლარაციაში მისი მეუღლე კი უნდა მოხვედრილიყო, თუკი ბავშვი ოქტომბერში გაჩნდა, აპრილში ნინო ცირეკიძე უკვე მისი მეუღლე უნდა ყოფილიყო. დეკლარაციაში ქონების დამალვა გამიგია, მაგრამ ცოლის?

როგორც ჩანს, განვლილმა 8 წელიწადმა ბევრი რამ შეცვალა ხადურებთან. მამის საკუთრებაში მხოლოდ მიწის ნაკვეთიღა რჩება; არათუ მის სახელზე, საერთოდ აღარავის სახელზეა სახლი ქვეშში, 2 ბინა თბილისში; ფიგურირებს მხოლოდ ერთი, 110-კვადრატულმეტრიანი ბინა გლდანის მეორე მიკრორაიონში _ თავად მინისტრის სახელზე; ხადურს აღარც „გარაჟი“ აქვს დეკლარაციით, მაგრამ მანქანა ჰყავს Nissan Tiida, 2008 წლის; ხადურს ქეშად აქვს 20 ათასი დოლარი. შემოსავლები აქვს შთამბეჭდავი _ 42 ათასი ლარი აიღო, როგორც თსუ-ს პროფესორმა და 10 ათასი, როგორც ეკონომიკის პრობლემების კვლევითი ცენტრის მკვლევარმა. როგორც პროფესორს რომ 42 ათასი აქვს აღებული, ეს სწორედ იმ მთავრობის დამსახურება გახლავთ, რომელიც თავად შეცვალა. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ შევსებულ დეკლარაციაში არსებითი არაფერი შეცვლილა, გარდა საანგარიშო წელს მიღებული შემოსავლებისა. თუ წინა ხელისუფლების დროს პროფესორობით 42 ათას ლარს შოულობდა წლიურად, ახლა 26 591 ლარი აიღო. როგორც ეკონომიკის მინისტრმა 25 584 ლარი, როგორც საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში _ 21 250 ლარი. განა, რამდენი დღე იყო პარლამენტარი, სანამ მინისტრად დანიშნავდნენ, მაგრამ 390 ლარის აღება მაინც მოუსწრია.

დაბოლოს, სულ ახლახან ჩაბარებული დეკლარაციის მიხედვით კიდევ უფრო შთამბეჭდავი სურათი იხატება: განვლილ წელიწადში, მიშას დროს 42 ათასიან პროფესორს, 23 740 ლარიღა აქვს აღებული „პრაფესორობაში“, სამაგიეროოოდ… როგორც მინისტრმა ჩაიჯიბა 90 165 ლარი… ლამის 4-ჯერ მეტი წინა წელთან შედარებით.

„სუქი, სუქი, დათვი მჭლე და შენ მსუქანი, ხადურო“. მარტო აქედან იხატება მისი, როგორც მინისტრის პორტრეტიც და პრიორიტეტებიც.

თუ მის ძვირადღირებულ სუფრებს გავიხსენებთ, წესით, არც ის ხარჯი უნდა გაგვიკვირდეს, რაც ოპოზიციამ გაუსკანდალა _ ტუალეტის ქაღალდებში გახარჯული 30 ათასი ლარი… ოპოზიციას არც მობილური ტელეფონების შესაძენად გამოყოფილი 300 ათასი ლარი გამორჩენია… მედიას კი მისი სხვა გატაცება _ თანამშრომლების სათვალთვალოდ რომ სპეცაპარატურა შეიძინა და კამერები მთელ სამინისტროში დაამონტაჟა და… მთავარი მონიტორი კი, რომლიდანაც ყველა კაბინეტი კონტროლდება, თავის კაბინეტში დაიდგა…

ყველა ეს სკანდალი მაინც მონაგონია მის იმ სკანდალურ განცხადებასთან შედარებით, რომლითაც ყველას დაამახსოვრა თავი _ რაღაც მისტიკური კავშირი რომ დაამყარა კარტოფილსა და პენსიას შორის: „აღარ გაძვირდება კარტოფილი იმიტომ, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობდით, იყო დეკემბერი თუ იანვარი. იანვარში როცა გაზრდი პენსიას, კარტოფილი არ არის. როცა ამას აკეთებ სექტემბერში, კარტოფილი არის, ვაშლიც არის და კიდევ ბევრი სხვა რამ, პომიდორია და ა. შ., ანუ ამ დროს მიწოდებაა გაზრდილი ბაზარზე. საქონელია ბაზარზე“, _ ბრძანა მაშინ და იხუვლა ერმა. ერთმანეთზე მიბმულმა პენსიამ და კარტოფილმა `ნაციონალების~ მიერ დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი გადაფარა. ფეისბუკში გვერდიც გაჩნდა: „პენსია შეამცირეთ, კარტოფილი გაიაფდება“; ვიღაცამ სიგუას მოწაფედაც გამოაცხადა, _ ისიც გვპირდებოდა ნიგოზისა და მსხლის მაღალი მოსავლიანობისას კარგ რაღაცებსო. ხადურის მიერ კარტოფილსა და პენსიებს შორის გაბმული ეს „მისტიკური“ კავშირი კვალიფიციურად გაწყვიტა ცხონებულმა კახა ბენდუქიძემ. გასაგებად განმარტა, რომ კარტოფლი არც ახლა იყო რამე კავშირში პენსიებთან და არც მაშინ, როცა ეროვნული ბანკი აბრალებდა ინფლაციას… და არც პენსიების ზრდასა და ინფლაციას შორის არის არანაირი კავშირი, რადგან ინფლაციისთვის მნიშვნელოვანია ფულის მასა, პენსიების ზრდისას კი ეკონომიკიდან ამოღებული ფული უკან ეკონომიკაში ბრუნდება და არც არანაირ ინფლაციას იწვევს; რომ მხოლოდ კონკრეტულ პროდუქტზე შეიძლება შეიცვალოს ფასი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი ჩაკეტილია და ის კონკრეტული პროდუქტი ვერ შემოდის, კარტოფილი კი ინახება და ზამთარშიც იყიდება და მერეც. „თუ ჩვენ გვექნება მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, თუ სახელმწიფო ბიუჯეტს არ ექნება დეფიციტი, მაშინ ინფლაცია არ იქნება, გინდა კარტოფილში, გინდა ვაშლში, გინდა მსხალში, გინდა ატამში და გინდა პენსიების გაზრდის შედეგად და გინდა შარვლების ყიდვის შედეგად“, _ ამბობდა კახა ბენდუქიძე და კარტოფილის მისტიკურობაზეც ხალისობდა: „მისტიკური რაღაცაა ეს კარტოფილი… პერუში ხომ რაღაც მისტიკურ ძალას ანიჭებენ მაგას… უამრავი ჯანყი იყო დაკავშირებული კარტოფილთან. აგერ, რუსეთის იმპერია კინაღამ დაიშალა კარტოფილის გამო ეკატერინეს დროს…“

შარშან ზამთარში რომ ლარის გაუფასურება დაიწყო, ხადურმა ყველაფერი იმპორტის გააქტიურებას მიაწერა და იმას გვიმტკიცებდა, რომ არაფერი საპანიკო არ იყო, ახლა კი, როცა დოლარი 1,83 ლარამდე ავარდა და ეკონომისტებმა და პოლიტიკოსთა ნაწილმა ლარის გაუფასურება ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვას დააბრალეს, ხადურმა კარტოფილი ააგდო და თავი შეუშვირა, _ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზეგავლენა ლარის გაცვლით კურსზე ნულის ტოლია, ბიუჯეტის შესრულებაში პრობლემები არ არასებობს და პასუხი ეროვნულ ბანკს მოსთხოვეთო. ეგ კი გაიძახის, ეროვნულ ბანკს მოსთხოვეთო, მაგრამ ეროვნულ ბანკს რომ ჭარბი ფული არ გაუშვია მიმოქცევაში?

მაგრამ მოსთხოვო ხადურს ლოგიკა, ან პასუხი რამეზე, რაზეც ვალდებულია, ეს იგივეა, შეაყარო კედელს ან კარტოფილი, ან კიდევ გარგარი, რომლის გაყიდვითაცაა დაკავებული მისი სამინისტრო. მას შეუძლია, წამწამიც არ დაახამხამოს და ისე გიმტკიცოს: „თქვენ საუბრობთ (მთავრობის წევრები) ხელფასების ზრდაზე… ეს ასე არ არის, ეს არის შრომის ანაზღაურების ზრდა“…

მას შეუძლია ამტკიცოს ისიც, რომ 150-ლარიანი პენსია ბიუჯეტში „ოცნებამ“ ჩადო. და ეს მაშინ, როცა ცხვირწინ უფრიალებენ სქრინშოტებს, რომ ეს წინა მთავრობამ ქნა… მას შეუძლია გიმტკიცოს ისიც, რომ „ოცნება“ არავის დაჰპირებია პენსიების 220-230 ლარამდე ზრდას, რომ მათ მყისიერად შეასრულეს, რასაც ხალხს დაჰპირდნენ, რომ პენსიას გაუტოლებდნენ საარსებო მინიმუმს. „გუშინ გადავამოწმეთ და საარსებო მინიმუმი გასულ თვეში იყო ნაკლები, ვიდრე დღეს პენსიაა“. არადა, ხელისუფლებაში მოსული თვითონ საუბრობდა, რომ „ნაციონალები“ ხელოვნურად ამცირებდნენ საარსებო მინიმუმს, ამბობდა იმასაც, რომ ახლა საარსებო მინიმუმი 160 ლარამდეა და ეს რომ რეალური ციფრი არ არის, ლაპარაკი არ უნდა. რეალური ციფრის დადგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულიაო. 160 ლარი რეალური არ იყო და რა დაადგინა, რომ 150 ლარი მეტი აღმოჩნდა მასზე?

და ან იმას რა ჰქვია, როცა ახლა 10-ლარიანი მატება დააანონსა პენსიებისა და ისიც სექტემბრისთვის გადადო? აკი, სექტემბერში პენსიების მატება არ შეიძლება კარტოფილის „გულიზა“?

ხადურია ის მინისტრი, რომელიც თავიდან არც მილიარდიან გარღვევას ადასტურებდა და არც იმას, რომ მისი დაანონსებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა 2%-მდეც ვერ აქაჩა. თავიდან ერთსაც უარყოფდა, მეორესაც, ბოლოს ორივე აღიარა და ყველაფერი კოჰაბიტაციას გადააბრალა, მიშა გვიშლიდა ხელსაო. იგი არც ვალების აღებას ადასტურებდა, მაგრამ მერე ამის აღიარებაც მოუწია. ახლაც არ აღიარებს, რომ მის მიერ წარდგენილი 9,4-მილიარდიანი ბიუჯეტი ამხელა საგარეო ვალების აღების ხარჯზეა. მეტი რა გინდა? ესაა მინისტრი, რომელიც ახლა უტიფრად გვიმტკიცებს, რომ საქართველოში დაწყებულია ეკონომიკის აღმავლობის შეუქცევადი პროცესი!

აი, 2 წლის წინათ კი, როცა ის ჯერ კიდევ მინისტრობის კანდიდატი იყო, გვიმტკიცებდა, რომ „საქართველო 2 წელიწადში ვერ გახდება შვეიცარიის დონის ქვეყანა კავკასიაში, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის გუშინდელი და დღევანდელი სიდუხჭირე დავიწყებული კოშმარი იქნება“.

იგი ხალხს ბევრი რამის გაიაფებასაც ჰპირდებოდა იმის ხარჯზე, რომ მონოპოლიები აღარ იქნებოდა, ან გაიაფებული რამე სადაა, ან სიდუხჭირე სად გაქრა? ნუ, ცხადია, მისთვის გაქრა _ ხან ციკანს მიირთმევს მთლიანად და ხან ბატკნის ბარკალს სჯერდება…

მე კი სიდუხჭირის „მძლეველი“ ხადურის პატივსაცემად გთავაზობთ სამი ხადური კერძის რეცეპტს:

შეძლებულთათვის: ციკანი თავფეხიანად+ქონდარი;

საშუალო ფენისთვის: ბატკნის ბარკალი+ქონდარი;

დუხჭირთათვის: კარტოფილი+ქონდარი…

ალტერნატივა: სეზონზე და უზმოზე მიირთვით ბიძინას ბაღებში მოწეული და ხადურის გაყიდული გარგარი.

 

                                                                                                              რეზო შატაკიშვილი