მალზახ კორძაია: „კოდორში წინააღმდეგობა რომ არ გავუწიეთ, დააფასეს და მადლიერნიც დარჩნენ აფხაზები!“

კო

„ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნებულ პოლიციის პოლკოვნიკ ირაკლი ფირცხალავას ინტერვიუს, წერილის ავტორის მისამართით, ემზარ კვიციანის დისშვილის, ბაჩო არღვლიანის ზარი და მუქარა მოჰყვა. ტელეფონის ნომერი, საიდანაც ჩემს მობილურზე ზარი განხორციელდა, სოხუმშია რეგისტრირებული. ზარის ავტორი, რომელიც ბაჩო არღვლიანად გამეცნო, ჩემთან საუბრისას ადასტურებს, რომ ნამდვილად „კანონიერი ქურდია“ და კოდორის ხეობაში ცხოვრობს. ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას ემზარ კვიციანის ნათესავების მხრიდან უსწრაფესი რეაქცია მოჰყვა, მათი განცხადებით, ზარის ავტორი ირაკლი (ბაჩო) არღვლიანი არ ყოფილა, მისი სახელით, ჯერჯერობით, დაუდგენელმა პირმა ისარგებლა და მსგავსი მუქარის ზარი ამ ნომრიდან კიდევ რამდენიმე პიროვნებასთან განხორციელდა. სხვა დეტალების გარკვევამდე „ქრონიკა+“ განაგრძობს კოდორის მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს კოდორის მკვიდრთან, ბატალიონ `მონადირის~ წევრთან, მალხაზ კორძაიასთან.

 

_ ბ-ნო მალხაზ, მომიყევით, რა ხდებოდა კოდორის ხეობაში „ვარდების რევოლუციამდე“? პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ ბატალიონი „მონადირე“, სინამდვილეში, კრიმინალების თავშესაფარი იყო და მისი ბირთვი მძიმე დანაშაულში, ძირითადად, პოლიციელების მკვლელობისთვის ძებნილი პირებით იყო დაკომპლექტებული.

_ ვინ, თუ არა სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ ასე ხელაღებით ბრალის დადება ადამიანებისთვის, როცა ხელში არ გიჭირავს არც ერთი ფაქტი, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაა. ისინი იმისთვის დაიქირავა საზოგადოებამ, რომ კონკრეტული პირები გამოევლინათ და მიეცათ პასუხისგებაში. ვინმემ დაუშალა ამის გაკეთება?

_ კონკრეტულ ფაქტებზე გადავიდეთ, საუბარია იმაზე, რომ კოდორის ხეობაში არსებული პოლიციის ქვეგანყოფილება დახურეს და იქიდან პოლიციელები გამოყარეს მას შემდეგ, რაც მოკლეს ერთ-ერთი პოლიციელი.

_ სამწუხაროდ, იმ დროს კოდორის ხეობაში არ გახლდით, უკრაინაში ვიყავი, მაგრამ ზედმიწევნით კარგად ვიცი, რაც მოხდა. ეს იყო პირადი შურისძიება. მეორეს გეტყვით, რაც ჩემი თვალით დავინახე: ევაკუაციის დროს პოლიცია როგორ ეხმარებოდა კოდორის ხეობის მცხოვრებლებს.

_ ევაკუაციამდე მივალთ. თუ შეიძლება, ამ ფაქტზე მითხარით, რა მოხდა კონკრეტულად?

_ რომ დაიღუპა პოლიციელი, ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ ვინ გააკეთა ეს, მგონი, ამისთვის მათ ჰქონდათ საკმარისი დრო და ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. მე არ მსმენია, რომ ამ კონკრეტული ფაქტის გამო ვინმე დასჯილიყოს. ფაქტი რომ იყო სამწუხარო და ტრაგიკული, ამას არ უარვყოფ. რამდენი ასეთი ფაქტი მომხდარა ტრაგიკული მთელ საქართველოში? მივაწეროთ რაღაც მთელ ბირთვს, თუ ეს არის კონკრეტული ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედება?

_ საზღვრის დაცვის პოლიციაში ხელფასებსაც კი ვერ იღებდნენ იმიტომ, რომ მანქანებს, რომლებსაც სახელფასო თანხა გადმოჰქონდათ, აყაჩაღებდნენ. არც ეს ფაქტი შეესაბამება სინამდვილეს?

_ მოდით, ასე შევთანხმდეთ: თუ იყო ასეთი ფაქტები, დღეს ცოცხლები არიან ისინი, ვინც სასაზღვრო პოლიციაში მსახურობდა. საფუძვლიანად გამოიძიონ, ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა? იქნებ, ეს დავალება აქედან მოდიოდა _ თბილისიდან, უღელტეხილის ამ მხრიდან? ხომ არის ეს გასარკვევი? ჩვენ საფუძვლიანი ეჭვები გვიჩნდება, რომ ამ ორგანიზებული დანაშაულის დიდი ნაწილი მართული იყო თბილისიდან. მერე ამ ფონს აყოლილი იქაურებიც, ცხადია, აშავებდნენ, მე ამას არ უარვყოფ, რა თქმა უნდა.

_ ბ-ნო მალხაზ, იყვნენ თუ არა ხეობაში მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირები?

_ მეორეს გეტყვით: ხეობაში მოსულ სტუმარზე ჩვენ არანაირ გამოძიებას არ ვაწარმოებდით, ვინ იყო!!! მას ერთი სტატუსი ჰქონდა _ სტუმარი. როცა ხეობაში ადამიანი შემოდის, რა აქვს იმას წარსულში ჩადენილი და რას აპირებს მომავალში, მიუღებელია, მსგავსი დაკითხვები მოვუწყოთ. ასეთია მთის კანონი. იყო სამართალდამცველი ორგანოები და მათ დაეკითხათ, მათ დაეცვათ ის გზა, სადაც ხეობაში შედიოდნენ. ეს გზები არც ისე ბევრია.

_ 2006 წელს მივუბრუნდეთ: სპეცოპერაციის დაწყების დღეს კოდორის ხეობაში იყავით?

_ მე ქუთაისიდან მოვდიოდი და წინ მიძღოდა ეს სპეცშეიარაღება და დიდი ლაშქარი, იმას რა ჩამოთვლის!.. ოთხი დღე მოვდიოდით, ძალიან რთული გზები იყო, სხვა დროს დღე-ღამეში უკან დაბრუნებას ვასწრებდით, მაგრამ როცა ამ კოლონაში ჩავდექით, ქალები და ბავშვები გვესხდა, სატვირთო მანქანით ვიყავით, ოთხი დღე მივდიოდით. მერე იქ, რატომღაც, ნება დაგვრთეს და წინ გაგვატარეს.

_ იყო თუ არა ჩასაფრება და მოხდა თუ არა შეტაკება?

_ არა, წარმოიდგინეთ, ხალხმა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში რუსი, ჩეჩენი კონფედერატი არ შემოვუშვით ხეობაში… ამათ შემოვუშვებდით, რომ მოგვენდომებინა?

_ დავაზუსტოთ: „არ შემოვუშვით“, რას ნიშნავს? მცდელობები იყო, თუ, უბრალოდ, ეს მოლაპარაკებების გზით ხდებოდა?

_ მრავალჯერ იყო შემოჭრის მცდელობა, რა მოლაპარაკება? მტერს მტრულად ვხვდებოდით. მოლაპარაკება იყო მხოლოდ ერთხელ, როცა ბაგრამიანის ბატალიონი მოდიოდა. სეფერიანი იყო ეგეთი გვარი, ახლაც მახსოვს, რომელმაც შემოგვითვალა წერილობით, ქართველი ტყვე ჰყავდათ აყვანილი, თოკი შეაბეს და ისე გამოუშვეს, რომ ჩვენთვის ეს წერილი მოეტანა. მეორე ქართველი, რომელიც მასთან ერთად იყო, უკან დააბრუნეს. წერილი ჩვენს პოზიციებთან ახლოს დატოვა.

_ და რა ეწერა იმ წერილში?

_ წერილში ეწერა, რომ ჩვენ სვანებს არ ვერჩით. იმათი მცდელობა იყო, რომ კუთხური დაპირისპირება გამოეწვიათ, გვპირდებოდნენ, რომ მოგვცემდნენ მწვანე გზას, მანქანებით დაგვეხმარებოდნენ, ხეობა უნდა დაგვეტოვებინა და ყველანაირი ხელშეწყობით გადაგვაცილებდნენ ენგურზე. სასაცილოდაც არ გვეყო, მანამდე ისეთი ბრძოლები იყო ჩატარებული. ერთი ბრძოლის ეპიზოდს მოგიყვებით, როცა ბაგრამიანის ბატალიონმა, ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტა.

_ ირაკლი ფირცხალავა ადასტურებს, რომ კვიციანი მაშინ სამთავრობო ძალებთან ერთად იბრძოდა.

_ ნამდვილად ადასტურებს? კარგად გვქონია საქმე. იმის დასტურიღა გვაკლდა. მე მეორეს გეტყვით: როცა ბაგრამიანის ბატალიონის შემოტევა ვახსენე, ჩვენ 9 კაცი გამოგვაკლდა. სხვათა შორის, ეს ბაგრამიანის ბატალიონი არ იყო მარტო _ 70 კაცი ჩეჩენი, ბაგრამიანის სრული შემადგენლობა, რუსების ქვედანაყოფები იყვნენ, მოხალისეებს ეძახდნენ, რეგულარული ნაწილებიც შედიოდა, აფხაზების ნაწილი ძალიან მცირე იყო. როცა შეტაკება დასრულდა, აფხაზებთან ურთიერთობა მქონდა, აეწყო ურთიერთობები, ძმადნაფიცი მყავს აფხაზი, ადამიანური მომენტია. მაშინ თქვეს, რომ 416 კაცი დაიღუპა და სულ სომეხიო, ჩეჩნებმა 27 კაცი დაკარგეს. ეს ციფრები თავად მათგან ვიცი.

_ ამის გარდა თუ იყო კოდორზე დარტყმის მცდელობები?

_ ზაფხულობით ჩრდილო კავკასიიდან მარუხიდან შემოჭრის მცდელობები იყო, ჩვენ შიდა და გარე პერიმეტრს ვიცავდით. აგერ, ხოჯანის, ტყვარჩელის მხრიდან ვიყავით გაშლილ პერიმეტრზე. ჩრდილო კავკასიელების მხრიდან იყო მცდელობები და ყველა პატარა გადასასვლელს ვიცავდით. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი რესურსიდან გამომდინარე დავუმატეთ წინა ხაზი. იყო შემთხვევები, რომ გრადებით გვიშენდნენ ტყვარჩელიდან და ამ დროს ჩრდილოკავკასიელებიც გვიტევდნენ. ერთ  ადგილობრივს, რომელმაც იარაღის ხმარება იცის, შეუძლია ოცი კაცი გააჩეროს. ასე ვიბრძოდით!!!

_ დავუბრუნდეთ 2006 წელს. თქვენ ამბობთ, რომ ჩასაფრება არ ყოფილა, მაგრამ არსებობს კადრები, რომელიც ნანა ლეჟავამ გადაიღო, სადაც ჩანს, რომ ორმხრივი სროლაა, გარდა ამისა დაჭრილია ოთხი თანამშრომელი… რა გამოდის, ისინი ვინ დაჭრა?

_ ნანა ლეჟავამ სასამართლოზე ყველაფერი ხომ უარყო? პატარა ანალიზი გავაკეთოთ: იმ ხელისუფლებამ, რომელმაც მოახდინა სპეცოპერაციების კასკადი ჯერ ზემო სვანეთში და მერე კოდორში, ეს ყველაზე მცირე რამაა იმ პროვოკაციებიდან, რომელიც მათ ჩაიდინეს. მე არ მინდა, არავინ შეურაცხვყო, მაგრამ დღეს ამ მდგომარეობის გამო ყველაფრის ეჭვი მიჩნდება, რომ შემზადებულები იყვნენ, უნდა დაჭრილიყვნენ და შემდგომ ამისთვის ჯილდოები და ფული მიეღოთ.

_ მიიღეს? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

_ სააკაშვილმა საწოლებშივე დააჯილდოვა საავადმყოფოში. არ მინდა ვირწმუნო, მაგრამ მაქვს ეჭვი.

_ რა ეჭვი, რომ თავისიანებს ესროლეს?

_ დიახ, ამის ეჭვი მაქვს. დაბომბვა მოხდა ჩვენივე ვერტმფრენებით, ერთი ჩამოვარდა…

_ ბ-ნო მალხაზ, ამის შემდეგ შემოვიდა სამთავრობო ძალები კოდორის ხეობაში, თქვენ ამ დროს უკვე იქ იყავით? რა ხდებოდა სპეცოპერაციის მიმდინარეობისას?

_ კოლონას რომ გამოვყევი, მე აჟარაში ჩემს სოფელში შევასწარი. რასაც მოვკარი ყური, ტელევიზია აცხადებდა, _ აიღეს საკენი, აიღეს ომარიშარა, აიღეს გენწვისი. ასე იყო მომზადებული ყველაფერი საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. აიღეს და სად წაიღეს? რა იყო იქ ასაღები? ვინ ებრძოდა მაგათ? ემზარ კვიციანმა როცა თავისი აზრი გამოთქვა, რომ ამათ ხეობის ჩაბარება უნდათო, მე პირადად არ მჯეროდა, ახლა მჯერა და რომ მქონდეს საშუალება, პირადად მოვუხდიდი მას ბოდიშს. იქ იყო მუქარის ელემენტებიც, გაბრაზებული იყო ადამიანი, ვაჟკაცი კაცი. წინააღმდეგობის გაწევის სურვილი რომ ყოფილიყო, რას ჰქვია ასეთი პატარა ჩასაფრება? კაცი, რომელსაც სამხედრო განათლება ჰქონდა, ისე შეეძლო ორგანიზება, ისე ჩამოაყალიბებდა ხეობის დაცვას, ჩვენ ისე ვისწავლეთ ზედმიწევნით თავის დაცვა, როგორმე ამას ამჯერადაც მოვახერხებდით.

_ ძებნილები დაიჭირეს თუ არა?

_ როგორ გეკადრებათ, აიყვანეს უბრალო ჩვენი მოსახლეობა, რომელსაც ტრეფიკინგი დააბრალეს. დღესაც ციხეში არიან ისინი. 26 წელი მისცეს ომიკო გურჩიანს არაფრისთვის. იცით, რა ხდებოდა იმ დროს? _ ბევრი შიმშილმა ჩამოიყვანა კოდორში, ოჯახებში ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, იღებდნენ ნატურალურ ანაზღაურებას, რომ ოჯახები გამოეკვებათ აქ. ასეთები ძალიან ბევრი იყო. ესაა ტრეფიკინგი? მე მახსოვს, ოჩამჩირის რაიონიდან შემოვიდა დედა-შვილი, დედა მოსავლელი იყო, ის ოჯახი მას უვლიდა. კარს მომდგარ ადამიანს უარს ხომ ვერ ეტყვი, როცა უჭირს? ბოლოს ეს ყველაფერი გააფორმეს ტრეფიკინგად. ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს ასე, ზოგი მერე შეიწყალეს, ზოგიც მკვდარი გამოვიტანეთ ციხიდან. ერთი მათგანი ცხრა დღის მერე დაუბრუნეს ქვრივ დედას მკვდარი, რომელმაც ყველაზე სახიფათო ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა _ ზაზა გერლიანი. საშინლად აწამეს სიკვდილის წინ.

_ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის ინფორმაცია, რომ კოდორის ხეობიდან აფხაზებთან ერთად აწარმოებდით ხე-ტყის ბიზნესს, აქედან ჰუმანიტარული ტვირთი გაგქონდათ და იქიდან კონტრაბანდული სიგარეტი შემოგქონდათ?

_ რომ გაიტანო ხე-ტყე, ელემენტარულად ამისთვის გზა გჭირდება. აქეთ რომ წამოგეღო, ცხრა საათი უნდოდა ხაიშამდე და გზაც ისეთი იყო, ხე-ტყით დატვირთული მანქანები ვერ ივლიდა, სოხუმისკენ რომ წაგეღო, ერთადერთი ხიდი იყო ჩვენი პოზიციების ბოლოში, რომელიც სოხუმთან გვაკავშირებდა და ისიც ავაფეთქეთ. მხოლოდ საცალფეხო ბილიკი იყო დარჩენილი. როგორ წარმოგიდგენიათ, საცალფეხო ბილიკებზე მორებს მხრებზე გაიდებდნენ და ისე გადაიტანდნენ სოხუმისკენ? საქონელს ვაბარებდით, ამას არ უარვყოფ, ერთადერთი ჩვენი შემოსავალი იყო მესაქონლეობა. ეცადა შევარდნაძის ხელისუფლება, როგორმე ხელი შეეწყო ჩვენთვის საქონლის ნამატის დაბინავებაში, მაშინდელმა თავდაცვის სამინისტრომ შემოგვთავაზა 80 თეთრად საქონლის ხორცის ჩაბარება. გადმოვრეკეთ კიდეც ნამატი ჭუბერში, გზაში საქონელმა მოიკლო, მერე ჭუბერში გვაცდევინეს რამდენიმე დღე და ბოლოს ჩალის ფასად ჩაიბარეს, 80 თეთრიც არ გამოვიდა. უკან დაბრუნებას ისევ ჩაბარება ვარჩიეთ. ამ დროს მოდის ვიღაც აფხაზი, შემოგვითვალა საერთო ნაცნობების პირით, _ სოხუმში ბევრი ქართველი დარჩა, თუ გყავთ საქონელი, ჩავიბარებთ საუკეთესო ფასებადო, ნამდვილად საუკეთესო ფასები იყო. ჩავრეკავდით საცალფეხო ხიდამდე საქონელს, მოჰქონდათ სასწორი, გვიხდიდნენ ფულს და მირეკავდნენ. არც ჩვენ გავყოლივართ იმ საქონელს იქით და არც ისინი გამოყოლიან იმ ფულს აქეთ, ადგილზევე ხდებოდა ანგარიშსწორება. აი, ეს კონტრაბანდული სიგარეტი, თქვენ რომ ბრძანეთ, ჩვენთან ხალხი ეწეოდა „პრიმას“ და „ასტრას“, მოჰქონდათ ყუთებით, რასაც შევუკვეთავდით და ფულს ადგილზე ვიხდიდით. სოხუმის „პრიმა“ და „ასტრა“ ნამდვილად ცნობილი იყო, ამას თუ კონტრაბანდა ერქვა და… ზუგდიდზე კონტრაბანდის ეშელონები გადმოჰქონდათ ენგურზე…

_ მთავარი შეკითხვა, რომელიც ჩემთვის ამ საქმეში არსებობს, _ როგორ დატოვა კვიციანმა კოდორის ხეობა?

_ მე მომსწრე არ ვყოფილვარ ამისა, მერე მოვიკითხე. კოდორის ხეობას რუსეთთან აკავშირებს უამრავი მცირე და დიდი უღელტეხილი _ მარუხი და ქლუხორი, მათ შორის, სადაც სამანქანო გზებიც კი იყო გაკეთებული თავის დროზე. იქიდან გადადიხარ და ხვდები რუსეთში, არავითარი სოხუმის გავლა არ სჭირდება ამას. რუსებმა შამილი _ მათი ასეთი მოწინააღმდეგე და მტერი კავკასიაში _ ჩაიგდეს ტყვედ, ომის შემდეგ გადაასახლეს, მაგრამ მისი ოჯახი შეიფარეს, განათლება მისცეს და რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩააყენეს. რა დიდი საქმე იქნებოდა ერთი კაცი, ემზარ კვიციანი? თავად ბატონ ფირცხალავას ჰკითხეთ, მისი ძმა რა ჩინის კაცია და სად მსახურობს რუსეთში?

_ სად მსახურობს?

_ მოსკოვის პოლიციაში, ჩინით გენერალია.

როცა ადამიანი ლაპარაკობს, თუ როგორ მიიღეს რუსეთთან, კითხვა მაქვს, _ თვითონ როგორ დარჩა პოლიციაში თანამდებობაზე, მაშინ როცა დამლაგებლებიც კი შეცვალეს და როგორ წაიწია წინ?

_ როგორ წაიწია?

_ მაგას ვერ გეტყვით, ინფორმაცია არ მაქვს, მხოლოდ ვარაუდები.

_ ირაკლი ფირცხალავა აგვისტოს ომის დროს არც მაშინდელი ხელისუფლების შეცდომებზე საუბარს გაურბის. მან კოდორის ხეობაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირიც დაასახელა _ იოსებ ქარჩაიძე, რომელმაც საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა.

_ რა იოლია, როცა ვინმეს რამეს დააბრალებ. სოსო ქარჩაიძე ნამდვილად იყო კოდორის ხეობაზე პასუხისმგებელი პირი. ვანო მერაბიშვილმა მას განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, კოდორის ხეობა ერთ-ერთ პირველს და უბრძოლველად დაეტოვებინა. როგორ დაიწყო კოდორის ხეობის ოპერაცია? წამოვიდა სამთავრობო ძალები ტექნიკით და შეიარაღებით. კარგი, ავიაციამ გადაუფრინა, მაგრამ მიწაზე რაც დადის, ყველაფერმა გაუარა რუსების პოსტს, ხოკოს უღელტეხილს ვეძახით ჩვენ, ჯვარის შემდგომ, არმისული ხაიშთან. ამ უღელტეხილზე გადავდიოდოთ, როცა კოდორში შევდიოდით, არც ერთი ქალი, ბავშვი, ჩანთა, რაიმე სხვა ნივთი გაუჩხრეკავად არ გაუტარებიათ, რასაც ხშირად უკმაყოფილებაც მოსდევდა ხოლმე ადგილობრივ მოსახლეობაში, ავტომატებიც ხშირად შეუყენებიათ რუს „მშვიდობისმყოფელებს“. როგორ გადაატარეს ამოდენა ტექნიკა? ეძინათ პოსტზე, თუ იმ დღეს გაიწვიეს ყველანი? არ იყო ეს წინასწარი მოლაპარაკება? ეს არის ის, რაც ზედაპირზე დევს, ეს იყო გამიზნული და წინასწარ მოლაპარაკებული, მაგრამ ვინც ამას აგვარებდა რუსებთან, ნუთუ ერთხელ არ ჩაიხედა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკების ტექსტში და არ დააფიქსირა იქ ასეთი ჩანაწერი, რომ თავდაცვის სამინისტროს უწყების ქვედანაყოფებს არ ჰქონდათ კოდორის ხეობაში ყოფნის უფლება?.. ჩვენ, „მონადირეს“, გვიტანდნენ იმიტომ, რომ ადგილობრივები ვიყავით; ჩვენი თავდაცვის სურვილი ლეგიტიმური და კანონიერი რომ იყო, ამას აღიარებდა ყველა და რა უწყების ფორმა გვეცვა, ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ რუსები და აფხაზები. თავის დროზე რამდენი დესანტი გადმოსხეს? 18 მარტო ვერტმფრენი იყო. იმ წუთას ეს ტერიტორია ჩასვეს სანგრებში, სამი დღე და ღამე ირგვლივ ვიდექით გზაზე და არ შემოვუშვით, მერე ვუთხარით, რომ აეროდრომი უნდა დაეცალათ და შევიწროვდნენ.

_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ სამთავრობო ძალები, რომლებიც კოდორის ხეობაში შემოვიდნენ, რუსულ „სამშვიდობოებთან“ წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები?

_ დიახ, ამის თქმა მინდა, სხვაგვარად ვერ გამოვიდოდნენ, სხვა გზა არ არსებობს. გადმოვიდნენ და მერე იყვნენ დიდხანს, ბოლოს როცა მიხვდნენ, რომ ეს დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო, შინაგანი ჯარის მხარსაკრავები შემოიტანეს. უნდოდათ, რომ ყველა ჯარისკაცი შინაგანი ჯარის ჯარისკაცად გაესაღებინათ. ქარჩაიძეს რაც შეეხება, არ არის ის პიროვნება, რომელიც თავისთვის წყვეტს, სად გაიქცეს და სად დარჩეს, ეს იყო ზემდგომის გადაწყვეტილება. ასე მცირე ღალატებისგან შედგებოდა დიდი ღალატი. როცა სააკაშვილი არ იყო ხელისუფლებაში, შევარდნაძის ხელისუფლება იყო სუსტი, მაგრამ ხელს არ გვიშლიდა კოდორის ხეობის დაცვაში, ხანდახან ხელს გვიწყობდა კიდეც. ის საპრეზიდენტო პროგრამა, რომელიც მაშინ განხორციელდა და სურსათით ხეობის მომარაგებას ითვალისწინებდა, ძალიან დიდი შეღავათი იყო იქაურებისთვის.

_ იქ იყვნენ ოჯახები, რომლებიც კვიციანების ოჯახთან დაპირისპირების გამო ჰუმანიტარულ დახმარებას არ იღებდნენ.

_ ცხადია, ფირცხალავა შეცდომაში შეიყვანეს უნამუსო ადამიანებმა და ხეობაში ასეთებიც არსებობდნენ. ყველა ოჯახმა მიიღო ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის, ისეთებმაც კი, ვისაც კოდორის დაცვაში მონაწილეობა არ მიუღია, ან იმ მომენტისთვის ხეობაში არ ცხოვრობდნენ.

_ 2008 წლის აგვისტოს ომის მერე რა ხდება კოდორის ხეობაში?

_ როცა ყველანი გადმოვედით, მოსახლეობის ნაწილი დარჩა, ტყეებს შეაფარა თავი და მერე სახლებში დაბრუნდა. აფხაზებმა შემოთვალეს, ვისაც სოხუმში არ უომია კოდორის ხეობის მიღმა, იმათ არ ვერჩითო. ის, რომ კოდორში წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, ეს თავისებურად დააფასეს და მადლიერიც დარჩნენ ამის გამო. ამას ცალსახად აღიარებდნენ და ჩემთან პირად საუბარში არაერთგზის უთქვამთ კიდეც. მე დამაპატიმრეს იმიტომ, რომ სოხუმში ვიბრძოდი, კოდორის ხეობაში დავბრუნდი მას შემდეგ, რაც ცოლ-შვილი დავაბინავე, აქ ვერ ვხედავდი საარსებო საშუალებას. მე დავბრუნდი იქ და ოთხი თვე ვცხოვრობდი კოდორში. მერე, ეტყობა, ჩაიხედეს დოკუმენტებში, გაიკითხ-გამოიკითხეს და მომნახეს. როცა საახალწლოდ დაბრუნებას ვაპირებდი, დამაპატიმრეს, ცალსახად მითხრეს, _ გაპატიმრებთ არა იმის გამო, რომ კოდორში იბრძოდი, არამედ იმიტომ, რომ იბრძოდი სოხუმშიო. მე ბატალიონის მეთაური ვიყავი.

_ რამდენი ხანი გაატარეთ სოხუმში პატიმრობაში?

_ 600 დღე და ღამე „ადინოჩკაში“.

_ როგორ გამოგიშვეს?

_ ევროკავშირის მისია იყო სქართველოში. მას პიტერ სემნები, ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი, ხელმძღვანელობდა. მასთან მისვლა ჩემმა ძმებმა და ახლობლებმა მოახერხეს. აფხაზებშიც იყო რაღაც ნაწილი, რომელიც ცდილობდა ჩემ დახმარებას, ბევრი აფხაზი მყავს სიკვდილს გადარჩენილი და მათ ეს იცოდნენ.

_ რატომ არ დააპატიმრეს იგივე ბაჩო არღვლიანი, რომელიც დღესაც მშვიდად ცხოვრობს კოდორის ხეობაში?

_ არ უომია იმ ადამიანს აფხაზეთის ომში კოდორს მიღმა და რატომ უნდა დაეპატიმრებინათ?

_ რამდენი ოჯახი ცხოვრობს ახლა კოდორში?

_ სრული ოჯახი რამდენიმე ცხოვრობს, არასრული ოჯახები, ასე, 80-მდე. ზაფხულობით მეტი. აფხაზები ამბობენ, _ დაბრუნდებით და აღდგება სკოლა და საავადმყოფოო… ჩვენ, კიდევ, ვეუბნებით, _ დავბრუნდებით, მაგრამ სკოლა, საავადმყოფო და სხვაც უნდა დაგვხვდეს. ამაზე ვერ ვთანხმდებით.

_ მე როგორც მეუბნებიან, კოდორში რუსები არიან ყველაფრის განმკარგავები და აფხაზებს იქ ბევრი არაფერი ეკითხებათ.

_ ეს, რა თქმა უნდა. აფხაზები ფორმალურ ფუნქციას ასრულებენ თავიანთ ქვეყანაში, ეს ფაქტია, რუსი მართავს და რუსის მიერაა ყველაფერი ორგანიზებული, მაგრამ ის რუსები თავად ზედმიწევნით სწორად ასრულებენ იმას, რასაც ავალებენ. მათ აქვთ თავიანთი ბაზები, რამდენადაც ვიცი, ააშენეს. იმ ფარგლებს ცდილობენ, რომ არ გასცდნენ, ვიღაცაზე  ძალმომრეობას ერიდებიან. აფხაზებს რაც შეეხება, ისინი აკონტროლებენ, ძირითადად, ჩვენს იქით-აქეთ სიარულს. ისინი იძლევიან საშვებს, რუსული პასპორტები საჭირო არ არის, ქართული პირადობის მოწმობებითაც ხდება შესვლა. 2011 წლის სექტემბრის მერე, რაც პატიმრობიდან გამომიშვეს, კოდორის ხეობაში აღარ ვყოფილვარ.

_ ბ-ნო მალხაზ, თქვენი ძმა გამგებელი იყო კოდორის ხეობაში?

_ იყო გამგებელი 18 წელი სააკაშვილის მობრძანებამდე. ომი იქ გაატარა, ხეობისთვის თავდადებული კაცი დღეს სიკვდილს ებრძვის, საკუთარი თავი არაფრად მიაჩნია, კოდორის ხეობაში უნდა, რომ დაიმარხოს.

_ და ბოლო შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, სააპელაციო სასამართლო ემზარ კვიციანის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს შეცვლის?

_ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ამ ხელისუფლებას არანაირად არ აწყობს მისდამი ხალხის ასეთი ნეგატიური განწყობა, ყველანი ვიყავით „ოცნების“ გვერდით, მიზანსაც მივაღწიეთ, მაგრამ ხალხს უნდოდა სამართალი. ემზარ კვიციანის _ ერთი კაცის ამბოხი ლიტერატურული სიუჟეტია, ამბოხი ისტორიულად ყოველთვის იყო კოლექტიური მოვლენა, თან შეიარაღებული, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჰოდა, ემზარ კვიციანი, ერთი კაცია დასჯილი ამბოხისათვის. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებაში ვინც არიან ჩაბუდებულები წარსულის „აჩრდილები“, „მონადირის“ წევრები, იმ ხეობის შვილებს, რომელთაც რამე წამოსცდებათ მათთვის არასახარბიელო, მოჰკიდებენ ხელს და იგივე მეამბოხის იარლიყით მიუსვამენ ემზარ კვიციანს  გვერდით. აი, ეს ხდება, მეტი არაფერი აქ და ეს სჭირდება დღევანდელ ხელისუფლებას? ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ველოდები, რომ განაჩენი შეიცვლება, თუ სასამართლო თავის უზანაესიანად კუბლაშვილის არ არის. თუ ისევ სააკაშვილია ხელისუფლებაში, მაშინ კვიციანის განთავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში გამოვალთ.

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ირაკლი ფირცხალავას დაუკავშირდა:

_ ბატონო ირაკლი, მალხაზ კორძაიას განცხადებით, სპეცოპერაციისას დაჭრილი ოთხი პოლიციელი სამთავრობო ძალების პროვოკაცია იყო…

_ ეს არის აბსოლუტური სისულელე! ამ ჯგუფის წევრები დაკავებულები იყვნენ, ვინც მერე ჩვენებებიც კი მისცეს, როგორ მოხდა ჩასაფრება. ამასაც რომ თავი გავანებოთ, ემზარ კვიციანის განცხადება არსებობს რუსულ ენაზე, მეორე თუ მესამე დღეს გაავრცელა აფხაზურმა ტელევიზიამ, შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ,  სადაც თავადაც აღიარებს, რომ მინისტრების კორტეჟს ცეცხლი გაუხსნა და ის იღებს პასუხისმგებლობას.

_ მალხაზ კორძაიას განცხადებით, თქვენ სხვების რუსებთან ურთიერთობა არ უნდა გიკვირდეთ, რადგან თქვენი ძმა მოსკოვის პოლიციაში მუშაობს და ჩინით გენერალია…

_ ჩემი ძმა? მოსკოვში მუშაობს? არა, რა! ხომ გეუბნებით, ეგ კაცი 2008 წელს, მანამდე, ვიდრე ჩვენ კოდორში შევიდოდით, თუ არ მეშლება, მუშაობდა გზების მშენებლობაზე კოდორში. იმავე წელს დააკავეს აფხაზებმა, ის დარჩა კოდორში და ორი წელიწადი იჯდა აფხაზურ ციხეში. ნუ, შესაბამისად, რა დავალებითაც გამოუშვებდნენ იქიდან, ადვილი წარმოსადგენია, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონია შეხება სპეცსამსახურებთან. მე მთელი შეგნებული ახალგაზრდობა უშიშროების სამინისტროში გავატარე და ყველაფერი კარგად ვიცი. ეს კაცი სპეციალურად არის შემოგზავნილი საქართველოში, ეჭვი მაქვს, რომ მოხდა მისი „დავერბოვკება“ აფხაზეთის ციხეში, რის გამოც ასეთ სისულელეებს ავრცელებს. ერთი ძმა მყავს და ისიც თბილისში ცხოვრობს. ისე, კატეგორიულად ვერ გეტყვით, მამაჩემსაც ვკითხავ, მაინც… (იცინის)

_ და სად მუშაობს თქვენი ძმა? მოსკოვში არასოდეს ყოფილა და უმუშავია?

_ არა, რა თქმა უნდა, რა სისულელეა, ჩვეულებრივი მოქალაქეა, თავის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს და თქვენ წარმოიდგინეთ, არსად არ მუშაობს!