რატომ გაყიდა ეროვნულმა ბანკმა ორმოცი მილიონის ობლიგაცია?!

ქარ

საბიუჯეტო წელიც მთავრდება და თავს ვერაფრით მოვიწონებთ. ახალ წელს სხვადასხვა სახის ეკონომიკური, თუ ფინანსური პრობლემით ვხვდებით. საზოგადოების შეშფოთების მთავარი საგანი ლარის კურსის ვარდნაა, რაც ფასებზე გარდაუვლად აისახება და ისედაც მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. ეს რომ დროებითი პრობლემა იყოს, იმდენად არ იდარდებდა კაცი, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეკონომიკის ექსპერტები მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებასაც ვარაუდობენ. მათი შეფასებით მთელი მომდევნო 2015 წელი ისეთივე იქნება, როგორიც მიმდინარე იყო _ არაფრით გამორჩეული, უფერული და დაღმავალი.

„ქრონიკა+“ იმ მიზეზებში ჩაღრმავებას შეეცადა, რამაც ეს უფერულობა გამოიწვია. ამ მიზნით გთავაზობთ ინტერვიუს დემურ გიორხელიძესთან:

_ ცხადია, წელი ჯერ არ დასრულებულა და თუკი შექმნილ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, დეკემბერსა და იანვრის ბოლოს ის გადავადებული ხარჯები, რომელიც ბიუჯეტით იყო გაწერილი და გარკვეულად სამინისტროების დაუდევრობისა, თუ არაპროფესიონალიზმის გამო თავის დროზე ვერ აითვისეს, ახლა ერთდროულად მოხდება მათი ათვისება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და სწორედ ამან იმოქმედა ლარის კურსის ვარდნაზეც.

_ ლარის კურსის გარდა, სხვა პერიმეტრებში, კიდევ რით გამოიხატება ბიუჯეტის გარკვეული მუხლების აუთვისებლობა?

_ ეს გახლავთ ტენდერების ჩაუტარებლობა ინფრასტრუქტურულ, თუ სხვა პროექტებზე, რომლებზეც ხარჯები ასევე ბიუჯეტიდან იყო გათვალისწინებული, მაგრამ თავის დროზე ვერ იქნა ათვისებული. ამის თაობაზე ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწერა, მაგრამ ზომების მიღება არავინ მიიჩნია საჭიროდ. ასე რომ, სამაგიეროდ, ახლა მოხდება ავრალური წესით ამ ხარჯების გაწევა, რაც, ცხადია, ისევ ლარის კურსს დააწვება და უკვე აწვება კიდეც. თანაც ლარის კურსს აწვება არა მარტო გადიდებული საბიუჯეტო ხარჯები, არამედ გადავადებული მოთხოვნა იმპორტიორებისა, რომლებიც ამ მერყევი სიტუაციის გამო ცდილობენ, დოლარი შეიძინონ და როგორმე დაასაქონლონ მომგებიანი კონტრაქტებით. აგრეთვე ამ პანიკის გამო, თუკი ვინმეს დანაზოგები ჰქონდა ქვეყანაში, მოსახლეობას ვგულისხმობ, გადამცვლელ პუნქტებს დაეტაკა და ლარის დოლარზე გადახურდავება დაიწყო. ამან გაზარდა მოთხოვნილება დოლარზე, ააგდო ფასი და ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის შედეგად ეროვნულ ბანკს თვითონ დასჭირდა ლარები, იმიტომ რომ მისი სამი-ოთხი მთავარი სისტემაწარმომქმნელი ბანკი, ალბათ, თავისი კლიენტებისთვის ამ მოთხოვნას აყენებდა და თითქმის ორმოცი მილიონის ობლიგაცია გაყიდა ბანკმა, რომ ლარები შეევსო, რაც თავისთავად არასწორია. სწორი პოლიტიკა ამას არ უნდა ითვალისწინებდეს. მოკლედ, ჩვენ ვდგებით ბიუჯეტის პრობლემაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე _ ეს არის ლარის კურსის პრობლემა. თუ ეროვნული ბანკი თანმიმდევრობით დაიწყებს ლარის კურსის დასუსტებას, რაც ასეც უნდა მოხდეს კიდეც და მთელ 2015 წელს ამ მიზნით გამოიყენებს, მაშინ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ოპტიმალური ნიშნული ლარი-დოლარის შეფარდებისა, ეს იქნება 2-2,15 ლარი ერთ დოლართან მიმართებით.

_ რამდენიმე წლის წინათ ეს კურსი უკვე ხომ იყო?

_ დიახ, ეს იყო, მაგრამ შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს შეცდომა დაუშვეს: როდესაც ინვესტიციები შემოედინებოდა, მათ დაიწყეს არა ლარის მასის გაზრდა, არამედ მისი შემცირება და კურსის გაძლიერება, რამაც გამოიწვია ფულის საშინელი დეფიციტი საქართველოში. ამიტომაც ეკონომიკას არც მაშინ ჰყოფნიდა და დღესაც არ ჰყოფნის ფული. ფაქტობრივად ქართულ ეკონომიკას ოთხჯერ ნაკლები ფული ემსახურება, ვიდრე რეალურად მას სჭირდება. ასეთ ვითარებაში ძალიან საინტერესო იყო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი და მასთან დაკავშირებული განხილვა.

_ კონკრეტულად, რამ გამოიწვია ეს ინტერესი?

_ ფაქტობრივად, 2015 წლისთვის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურა არ იცვლება, იგივე რჩება. ძალიან ფრთხილი ნაბიჯები მთავრობისა, რომ ათი ლარით გაზარდოს პენსიები, იძულების შედეგია. სინამდვილეში არ არსებობს არანაირი სახსრები იმისთვის, რომ სერიოზული სოციალური პოლიტიკა იწარმოოს გარკვეული მიმართულებით და ამით მდგომარეობა ცოტა უფრო გაუმჯობესდეს. მთავრობას ამის რესურსები არ გააჩნია.

კონიუნქტურული იყო აგრეთვე თავდაცვის სამინისტროსთვის ხარჯების გაზრდაც, თითქოსდა თავდაცვის სამინისტრო იმ ხარჯებს რაციონალურად ეწევა. ვფიქრობ, ასე არ არის, იქ ისედაც უბედურებებია და თუკი პროკურატურა ბოლომდე მიჰყვება, სინამდვილე გაირკვევა. ასეთივე არარაციონალური ხარჯებია თითქმის ყველა სხვა სამინისტროშიც, განსაკუთრებით სალაპარაკოა სამივლინებო, თუ სხვა სახის პერსონალური ხარჯები.

_ ალბათ სახელფასო დანამატად სახელგადარქმეული პრემიებიც ამ ხარჯებში გადის.

_ რაც შეეხება იმ ხელფასებზე დანამატებს, რომელიც საკმაოდ დიდია, ეს გაუმართლებელია და რატომ ვერ ხვდება მთავრობა, რომ ამით იგი ნდობის უკანასკნელ ტოტებსაც კი ჭრის, ეს ჩემთვის გაუგებარია. როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა, მთავრობას თავის შეკავება მართებს. თითქოს მოსწრებაზე არიან, თითქოს ცდილობენ, რაღაცას დაასწრონ.

გარკვეული ზრდა არის განათლების დაფინანსებაში, მაგრამ ესეც სიმბოლურია. არსებითის შეცვლას განათლების სისტემაში მთავრობა ვერ ახერხებს. ვერც პედაგოგების ხელფასის ოპტიმიზაციას ახერხებს, რომ მასწავლებელი ცოტა მაინც უზრუნველყონ. ეს, უბრალოდ, აუცილებელია! _ მშიერი და უხელფასო მასწავლებელი და განათლების ხარისხის გაუმჯობესება წარმოუდგენელია. ვერანაირი სერიოზული ძვრა ვერ მოხდა სოციალურ პოლიტიკაშიც. პატარ-პატარა ვალდებულებების დამატება ამ მწირ ბიუჯეტზე, როდესაც ეკონომიკა არ გაძლევს ამის საშუალებას, ძალიან სახიფათოა.

_ ასეთ დროს რა სახის ხიფათია მოსალოდნელი?

_ ადრე თუ გვიან, გაზრდილი სოციალური ვალდებულებები გამოიწვევს ბიუჯეტის პრობლემებს. სჯობდა, მთავრობას აეხსნა ხალხისთვის, რომ ერთი-ორი წელი მიხედავს, ეკონომიკა მკვდარი წერტილიდან დაძრას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს განავითარებს, რომ შეეცდება გაჩნდეს ის შემოსავალი, რომლის გადანაწილებაც შემდგომში იქნება შესაძლებელი და ამის მერე გაზრდის პენსიებს. დღეს მთავრობა სოციალურ პოლიტიკას არქმევს ბიუჯეტს, სადაც არაფერი დარჩა გადასანაწილებელი. გადანაწილების რესურსი არ არსებობს. მთლიანი შიდა პროდუქტის ექვსპროცენტიანი ზრდაც რომ იყოს წელს, ინფლაცია იქნება არანაკლებ ოთხი პროცენტისა. ფაქტობრივად, ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების მაჩვენებელს სწორედ ამ ინფლაციის ხარჯზე და არა იმის გამო, რომ რაღაც განსაკუთრებული ძვრები მოხდა ეკონომიკაში.

კი ბატონო, ვიცით, რომ რაღაც გაიყიდა რუსეთში, მაგრამ ეს არ ცვლის ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესი, ანუ ფუძე ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების შექმნისა, კვლავ უმძიმეს მდგომარეობაშია. ამიტომ 2015 წლის ბიუჯეტი ისეთივეა, როგორიც წელს იყო, ოღონდ ზედმეტი აქცენტირებაა გაკეთებული სოციალურ ვალდებულებებზე. ამ დროს ეს სოციალური ვალდებულებების შესრულების საკითხი, თუკი 2015 წელს ეკონომიკაში უკეთესი და სერიოზული ცვლილებები არ იქნა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პრობლემის მიზეზი გახდეს.

მოკლედ, სულ პრობლემები და პრობლემები… ჩვენ ვხედავთ, რომ ორი წლის თავზე ეკონომიკა სულს ღაფავს. ასე რომ, ჩემი შეფასებით, ვერც 2015 წელი იქნება უკეთესი. შედარებისთვის ერთი ეპიზოდი შემიძლია გავიხსენო ჩემი ბავშვობიდან: ცხენისწყლის პირას გავიზარდე. ზაფხულობით სულ იქ ვიყავი. ადრე გაზაფხულზე იწყება ცხენისწყლის წყალდიდობები და ადამიანები იმ აბობოქრებულ მდინარეში მთელი ზამთრის სამყოფ შეშას იჭერენ… ხოლო იმ მდინარეში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი ჰქვია, ადამიანები ვერაფერს იჭერენ, იმიტომ რომ ამ ადიდებულ მდინარეს ხალხისთვის არაფერიც არ მოაქვს და მხოლოდ ჩინოვნიკებისთვის მოაქვს კეთილდღეობა. ამიტომ ეს წყალდიდობა, რომელიც ამ წლის ბოლოს ბიუჯეტის ხარჯების ზრდით, ანუ უკვე ჩამორჩენილი ხარჯების დაფარვით იქნება გამოწვეული, ჩვენი ხალხისთვის არაფერ კარგს არ მოიტანს.

_ ანუ ისევ ჩინოვნიკები იპოვიან სარგებელს?

_ დიახ, იმიტომ რომ  გადავადებულია შესყიდვები და ახლა იმპორტიორების გაზრდილი მოთხოვნაც აწვება ეკონომიკას. სახელმწიფოს გაუწეველ ხარჯებში ბევრი შესყიდვაა, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული. წლის ბოლო მოდის და საქართველოში მყოფ მცირე ინვესტორებს საკუთარ ქვეყანაში ანგარიშების დაბალანსება სჭირდებათ. ამიტომ დროებით მათაც გააქვთ თავისი ფული და ეს ყველაფერი ერთად დააწვა საქართველოს და აღმოჩნდა, რომ ჩვენი სუსტი ლარი რყევას იწყებს.

ახლა მთავარია, რომ ჩვენ როგორმე არასაბიუჯეტო პოლიტიკაზე გავაკეთოთ აქცენტირება (რაც არის, ის არის და 2015 წლისთვის აღარაფერი შეიცვლება), აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ როგორმე მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს.

_ ასეთი სურვილი თუ არსებობს მთავრობაში, თუნდაც ჩანასახის დონეზე?

_ არანაირი ჩანასახი არ არის და, შესაბამისად, ამიტომაცაა საშინლად ცუდი შედეგები. ბოლო ორი წლის განმავლობაში უმსხვილესი კომპანიების ბრუნვა გაიზარდა ოთხნახევარი მილიარდით და მიაღწია ცხრა მილიარდ ლარს, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა ორი წლის წინათ იყო ერთი მილიარდი და ორი წლის შემდეგაც კვლავ ერთი მილიარდია _ როგორც სულს ღაფავდა ეს სფერო, ისევ ისე ღაფავს. არ არსებობს გზა, ვერანაირი ჯადოსნური ჯოხი ვერ მოიძებნება მთავრობის ხელში, რომ მან შეცვალოს სიტუაცია, თუკი იგი არ შეცვლის პოლიტიკას. მთავრობა კი, თავის მხრივ, ვერ ცვლის პოლიტიკას, ვერ ცვლის მიდგომებს და შემიძლია ისევ გითხრათ: არაფერი 2015 წლისთვის სასიკეთოდ არ შეიცვლება.

_ რის გამო ვერ ცვლის, კომპეტენციის გამო ხომ არა?

_ შეხედულებათა არასწორი სისტემის გამო ვერ ცვლის. კომპეტენციაც შეხედულებებიდან მომდინარეობს. როცა შეხედულებები არასწორია, ეს ნიშნავს, რომ შენ არ გინდა, კარგად ჩახედო იმ მოცემულობას, რომელიც გაქვს.

_ ზემოთ თქვენ თქვით, რომ რაღაცას ელიან, თქვენი აზრით, რას ელიან?

_ ელიან, თითქოს, მხარდაჭერილი უმსხვილესი კომპანიები რაღაც ჯადოსნურს ჩაიდენენ და სიტუაციას სასიკეთოდ შემოაბრუნებენ. როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხმოც პროცენტს შენი უმსხვილესი კომპანიები აწარმოებენ, რისი მსგავსი პროპორციაც მსოფლიოში არ არსებობს, შენ უნდა იცოდე, რომ უკვე მცდარ გზაზე დგახარ. შენ გაქვს განადგურებული მასობრივი წარმოება მცირე და საშუალო ბიზნესის სახით, საკუთარი წარმოება იგნორირებული გაქვს და ამ დროს გყავს მომძლავრებული მტაცებლური სამრეწველო და ფინანსური ჯგუფები, რომლებიც იმპორტზე და ბიუჯეტზე ერთდროულად არიან ჩამოკიდებული. ეს არის ფუჭი გზა და ამ მოცემულობაში რამის შეცვლა შეუძლებელია.

_ ჩვენ ვსაუბრობდით სოციალური თანხების მოძიებაზე. მთავრობას მიაჩნია, რომ ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარეტის აქციზის ფასის გაზრდა ამის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა დიდი ექსპერტობა არ სჭირდება აქ გარკვეული საფრთხეების დანახვას, თუნდაც სხვა პროდუქტებზე ფასების ავტომატურად ზრდის სახით.

_ გეთანხმებით, რომ ეს ნაბიჯი გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება. ეკონომიკური კუთხე რომ დროებით გვერდზე გადავდოთ, მე არ მიმაჩნია, რომ ასეთ ქვეყანაში, სადაც ტოტალური უმუშევრობაა, სტრესებია, სადაც ადამიანები ათწლეულების მანძილზე განიცდიან უმუშევრობას და უსახსრობას, იქ სიგარეტის მოწევის შემცირება და ალკოჰოლის მოხმარების შემცირების საკითხის მოშველიება გონივრული ნაბიჯი იყოს. ადამიანები ამით, გარკვეულწილად, ახრჩობენ იმ ბოღმას, რაც მათ ამ ყველაფრის გამო აქვთ. ამიტომ გაძვირდება სიგარეტი, გაჩნდება კონტრაბანდა და მოთხოვნა იაფ, უარესი ხარისხის სიგარეტსა და სასმელზე. ასე რომ, როცა ეს გაძვირება იფუთება როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმა, ასე არ არის. სიგარეტის მწეველთა რაოდენობის შემცირება უკვე წელშიგამართული საზოგადოების არსებობის ნიშანია, იმიტომ რომ კარგმა ცხოვრებამ იცის ამ ცხოვრების გაფრთხილების სურვილის გაჩენაც. როცა ჭაობში ხარ, სოციალურ ჭაობს ვგულისხმობ, იქ სიგარეტის მოხმარების შემცირება არ მოხდება.

_ რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, ეს ნაბიჯი სხვა პროდუქტების გაძვირებას არ გამოიწვევს?

_ რა თქმა უნდა, გამოიწვევს. კონტრაბანდასაც გააჩენს. ამით რამე სერიოზული შემოსავლის მიღება, უბრალოდ, შეუძლებელია. ჯერ ერთი, ის ფული, რომელიც შეიძლება აქ, ბიუჯეტში დამატებით მიიღო, დაგეხარჯება იმ ავადმყოფობებში, რომელიც ამ უბედურებას მოაქვს. სოციალურ გაჭირვებას ვგულისხმობ. ამიტომ არის ჩვენთან პროფილაქტიკური მედიცინა და დაავადებების პრევენცია უსუსტეს მდგომარეობაში და ადამიანი მხოლოდ მაშინ მიდის საავადმყოფოში, როცა უკიდურესი სიტუაცია შეექმნება. რადგან ამ თემას შევეხეთ, ისიც სათქმელია, რომ რაკი მედიცინის კომერციალიზაცია მოხდა, ეს სისტემა სწორად რომ იყოს აგებული, მთლიან შიდა პროდუქტში ეს დარგი სერიოზულ როლს შეასრულებდა და მაშინ მთავრობის სწორი პოლიტიკაც და სადაზღვევო სისტემის შემოღება, სავალდებულო სოციალური გადახდები და ა. შ. დააბალანსებდა ამ კომერციული მომსახურებით გამოწვეული ფასების ზრდას სამედიცინო მომსახურებაზე. ჩვენ კი ცალმხრივად გავაკეთეთ, ანუ ეს იყო წინა ხელისუფლების ვირეშმაკული რეფორმა, როცა მედიცინას ამ პრინციპით მიუდგნენ: არის მოთხოვნა? ძალიანაც კარგი, გავზარდოთ ფასები და თავში ქვა უხლიათ, საიდანაც უნდათ, იქიდან მოიტანონ ფული და იმკურნალონ. რა შედეგი მოიტანა ამან, ვიცით. იმ დაზღვევებმა, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა, ადამიანებს, ასე თუ ისე, ცხადია, შეუმსუბუქა მდგომარეობა. ეს მართლა დიდი საქმეა, როდესაც ათასობით ადამიანს გაუჩნდა შანსი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს და ტკივილებით დატანჯული არ მოკვდეს… მაგრამ მთლიანობაში სისტემა არ არის აგებული და ბევრი ხარვეზია, რადგან _ იგი დაავადებების პროფილაქტიკას არ ითვალისწინებს. ამიტომ ამ სისტემაზე გადასაყვანი და ასაგებია მედიცინის მთელი ინდუსტრია საოჯახო ექიმების ჩათვლით. სამედიცინო თემაზე ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ ჩვენს ძირითად, ანუ ბიუჯეტის თემას რომ დავუბრუნდეთ, იგი იხარჯება არასწორ სოციალურ პოლიტიკაზე, რომელიც არის ჰაერში გაფრქვეული, გნებავთ, წყალში გადაყრილი თანხა, რაც იმ ღარიბი ადამიანების მდგომარეობას არ ასწორებს და მხოლოდ ქმნის ილუზიას, რომ მთავრობა რაღაცას აკეთებს. ვფიქრობ, თავმოყვარე მთავრობა არ დაუშვებდა იმას, რომ პენსიონერებისთვის ათი ლარი მოემატებინა. ჯობდა, პატიოსნად ეთქვა, რომ 2015 წელს კიდევ ვერ მოგიმატებ პენსიას, მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მომდევნო წლისთვის მეტი თანხის აკუმულირება შეგვეძლოსო. ეს უკვე სერიოზული ნაბიჯი იქნებოდა, რაც არ მოხდა _ თითქოსდა ვალი მოიხადა მთავრობამ ათი ლარის დამატებით და დაავიწყდა ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მაღალჩინოსნების მომსახურებაზე შეუდარებლად დიდი პროცენტის თანხები იხარჯება, ვიდრე ასიათასობით პენსიონერზე.

 

                                                                                                                    დავით დევიძე