რაიმონდ პაულსი ლატვიის ხელისუფლებისათვის აღარ დაუკრავს

sss

ლატვიელი კომპოზიტორი, ლეგენდარული რაიმონდ პაულსი, ქვეყნის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ კულტულურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. საკუთარი უარი კომპოზიტორმა ლატვიის ხელისუფლების მიერ გატარებული ,,უაზრო“ პოლიტიკური კურსის მიმართ, პროტესტის ნიშნად ახსნა. აღნიშნული განცხადება პაულსმა რადიოსადგურ Baltkom-თან ინტერვიუს დროს გააკეთა. კომპოზიტორის თქმით, მან უარი ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ კონცერტზე გამოსვლაზე განაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი იქნა მიძღვნილი. ,,მე არც ოფიციალური სტუმრების საპატივცემულოდ მოწყობილ საღამოებზე დავუკრავ. ხელისუფლება ხშირად მთხოვდა დამეკრა საქართველოში, უზბეკეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის რამოდენიმე ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მე იმ ქვეყნების მოქალაქეებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ისინი უფრო კარგად მე მიცნობენ და არა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ ძალიან დიდ ბოდიშსს ვუხდი, უბრალოდ ლატვიის ხელისუფლებას იმიჯს არ შევუქმნი. ჩემთვის გაუგებარია თუ რა პოლიტიკას ატარებს ახლანდელი მთავრობა. ქვეყანა მოქალაქეებისაგან დაიცალა. სადღაც გამოუვალ ჩიხში ვდგავართ და ისინი სირაქლემის პოზაში ყოფნას გვირჩევენ. ნეტა თუ ვინმეს სჯერა , რომ ლატვია ჰყვავის. ნაკლებად მაღელვებს თუ როგორ ახსნის სახელისუფლებო წრეები ჩემს გადაწყვეტილებას, მე ხელოვანი ადამიანი ვარ და ჩემი საქციელით, როგორც შემიძლია ისე ვაპროტესტებ ჩემი ქვეყნის ჭაობში ჩაძირვას“ -განაცხადა ლეგენდალურმა მუსიკოსმა. რაიმონდ პაულსი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, პოლიტიკური ფიგურა, უამრავი სიმღერისა და მუსიკის ავტორი გახლავთ. მან დიდი როლი ითამაშა ალა პუგაჩევას, ლაიმა ვაიკულეს, ვალერი ლეონტიევის და კიდევ უამრავი მომღერლის ესტრადის ვარსკვლავებად ქცევაში. აღსანიშნავია, რომ 1989-93 წლებში, პაულსი ლატვიის კულტურის მინისტრი გახლდათ . ლეგენდალური კომპოზიტორი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ტიტულის მფლობელია.