75-წლიანი სასჯელი – „ნაციონალების“ ესტაფეტა „ქართულ ოცნებას?!“

32

სამოქალაქო საქმე, რომელსაც ამჟამად უკვე იხილავს ბათუმის სასამართლო, როგორც ადვოკატები აცხადებენ, გარკვეულწილად, სისხლის სამართლის ნიუანსებსაც შეიცავს. სასამართლო დავა ამჟამად მიმდინარეობს შპს „ბათუმი პეტროლიუმსა“ და შპს „ჯი კომპანის“ შორის, თუმცა ამ უკანასკნელი ფირმის მფლობელის მიმართ სამართლებრივი, მორალური თუ ფიზიკური ტერორი გაცილებით ადრე დაიწყო.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ჯი კომპანის“ წარმომადგენელი, ადვოკატი როინ მიგრიაული:

_ „ბათუმი პეტროლიუმი“, რომელმაც ეს კომპანია ყაზახებისგან იყიდა, ნავთობპროდუქტების გადამუშავებით არის დაკავებული. მათ კუთვნილ უზარმაზარ რეზერვუარებში წლების განმავლობაში დალექილი იყო ნავთობპროდუქტების ნარჩენები, ამიტომ გადაწყვიტეს მისი გაწმენდა და დარჩენილი „შლაკის“ ამოღება, რომელიც, თავის მხრივ, ასფალტის წარმოებაში გამოიყენება. ამის გამო მათ დაიქირავეს „ჯი კომპანი“, რომელსაც უნდა შეესრულებინა ეს საქმე და გაესუფთავებინა „პეტროლიუმის“ რეზერვუარები ნავთობ-ნარჩენებისაგან. „ჯი კომპანის“ თანამშრომლები რეზერვუარების დახურულ სივრცეში სპეციალური განათებებით ჩადიოდნენ და ისე აკეთებდნენ თავის საქმეს, რაც საკმაოდ შრომატევადი იყო. „პეტროლიუმს“ „ჯი კომპანისთვის“ რეზერვუარებიდან ამოღებული ნარჩენები უნდა მიეყიდა კიდევაც, ამიტომ მათ შორის დაიდო ორი ხელშეკრულება _ რეზერვუარების გასუფთავებასა და ნარჩენების მიყიდვაზე. „ჯი კომპანი“ ფიქრობდა, რომ ნავთობის ნარჩენებს თავის მოგებას დაამატებდა და ასფალტის რომელიმე კომპანიაზე გაყიდდა. გარდა იმისა, რომ ნავთობპროდუქტები აქციზური საქონელია, „პეტროლიუმის“ რეზერვუარები განლაგებული იყო საბაჟო კონტროლის ზონაში, ამიტომ ამ ტერიტორიიდან ნებისმიერი საქონლის გადაადგილება უნდა მომხდარიყო საგადასახადოს ნებართვით და მათი თანამშრომლის თანდასწრებით. „ჯი კომპანისთვის“ „ბათუმი პეტროლიუმს“ უნდა ეცნობებინა, რომ საქმიანობის ადგილი წარმოადგენდა საბაჟო კონტროლის ზონას და საქონლის გატანაც კანონით დადგენილი წესით უნდა მოეხდინათ, თუმცა „ჯი კომპანიმ“ ამის შესახებ არაფერი იცოდა. შეიძლება ითქვას, „ბათუმი პეტროლიუმმა“ „ჯი კომპანის“ დაარღვევინა კანონმდებლობა, თუმცა, პირველ რიგში, ის თავად დაარღვია, რადგან ვალდებული იყო, საბაჟო დეკლარირება მოეხდინა _ განებაჟებინა საქონელი და მერე გამოეწერა დღგ-ს ანგარიშფაქტურა. „პერტოლიუმმა“ განბაჟების გარეშე გამოუწერა „ჯი კომპანის“ დღგ-ს ანგარიშფაქტურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტვირთი განბაჟებული იყო, მაგრამ რეალურად ასე არ ყოფილა.

_ „ბათუმი პეტროლიუმმა“ „ჯი კომპანი“ რატომ მოატყუა?

_ როცა შიდა მიმოქცევაში იწერება ანგარიშფაქტურა, იქ იგულისხმება კიდევაც, რომ საქონელი განბაჟებულია. სხვანაირად ამ დოკუმენტის გამოწერის უფლება არავის აქვს, მაგრამ „ბათუმი პეტროლიუმმა“ მაინც გააკეთა განუბაჟებელ დოკუმენტზე ანგარიშფაქტურა და „ჯი კომპანის“ დირექტორი და პარტნიორი, ილია დალაქიშვილი, ამის გამო საგადასახადომ დააპატიმრა. ეს ფაქტი მას ჩაუთვალეს დანაშაულად და 30 წელი მიუსაჯეს. გარდა ამისა, მას მილიონი ლარის ღირებულების შესყიდული საქონელიც ჩამოართვეს, გადასახადები დააკისრეს და ა. შ. „ბათუმი პეტროლიუმისთვის“ კი, რომელმაც დაარღვია კანონი და განუბაჟებელ ტვირთზე გამოწერა ანგარიშფაქტურა, არანაირი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. „ბათუმი პეტროლიუმის“ პასუხისმგებლობის საკითხი აშკარად იკვეთება საქმეში, რადგან მათ „ჯი კომპანის“ მიჰყიდეს უფლებრივად ნაკლიანი ნივთი, თანაც არ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოქმედება ხდებოდა საბაჟო კონტროლის ზონაში, რამაც კომპანიას მიაყენა უზარმაზარი ზიანი _ სახელმწიფომ „ჯი კომპანის“ ჩამოართვა, რაც „პეტროლიუმმა“ მიჰყიდა, გადასახადები დააკისრა და ხელმძღვანელიც დაუპატიმრა. ჯამში, ზიანმა 6 მილიონს ლარს გადააჭარბა. ეს მოხდა სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, ამიტომაც იმ დროს მხოლოდ ერთი მხარისთვის ყველაფრის გადაბრალება გასაკვირი არც ყოფილა. ცხადია, ყოველივე ამის გამო „ჯი კომპანი“ ედავება „ბათუმი პეტროლიუმს“, რადგან არ ვიცი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად(!!!), მან დაარღვია კანონი და დაღუპა მეორე კომპანია და მისი მფლობელი.

ილია დალაქიშვილი, სამი წლის შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს ციხიდან, გასულ კვირას კი ბათუმში ამ საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი ჩატარდა და 26 დეკემბრისთვის გადაიდო.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ზურაბ თოდუა, ილია დალაქიშვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი:

_ 2003 წლიდან ვიცავ ილია დალაქიშვილის ინტერესებს. იგი გახლავთ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „აღორძინების“ სიით. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა „ნაციონალურმა“ პოლიტიკურმა ძალამ მას დევნა დაუწყო. დალაქიშვილი იმ დროს უკვე გახლდათ ნავთობ-იმპორტში საკმაოდ მსხვილი ბიზნესმენი _ დაახლოებით 30-მდე ნავთობშემომტანი კომპანია ჰქონდა. „ნაცხელისუფლებამ“ მიიჩნია, რომ მისთვის ეს პიროვნება იყო უკონტროლო და ჩამოშორება გადაწყვიტა. ამ მიზნით პირადად მისი და მისი კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. მიუხედავად იმისა, რომ დალაქიშვილი იმალებოდა, მისი დაპატიმრება ეშმაკური მეთოდებით მაინც მოახერხეს: ჯერ დააკავეს მამამისი, 60 წლის კაცი, მერე კი ბატონი ილიას პარტნიორის, ალექსანდრე სუხიტაშვილის მამა _ 72 წლის პიროვნება. ფაქტობრივად, ორივე მათგანი მძევლად აიყვანეს. ეს მოხდა 2006 წლის მაისში. დაპატიმრებულებს სთხოვდნენ, მათი შვილები ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ჰპირდებოდნენ, რომ მათ მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის დევნას შეწყვეტდნენ. დალაქიშვილი იმ პირობით ჩამოვიდა ქვეყანაში, რომ მამამისს გამოუშვებდნენ ციხიდან, მაგრამ არც მამა გამოუშვეს და თავადაც დააპატიმრეს. მამამისს 4 წლით, მას კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. იმ პერიოდში დალაქიშვილის კომპანიას ერქვა „ალილო და კომპანია“. არც ერთი დამფუძნებლის მამა ამ კომპანიასთან არანაირ შეხებაში არ ყოფილა, მაგრამ გამოძიებამ თავის მოწმეებს მაინც ათქმევინა, რომ მამებმა იცოდნენ, მათი შვილები უკანონო სამეწარმეო საქმიანობებს რომ ეწეოდნენ და ისინიც ამაში ეხმარებოდნენო. 4 მოწმის დასტური საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პროკურატურას განაჩენი დაეყენებინა. ილია დალაქიშვილის მამას, ბატონ თამაზ დალაქიშვილსაც მე ვიცავდი. მოსამართლემ ორი მუხლიდან ერთზე გამოიტანა მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი, მეორე მუხლით კი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამამაც და შვილმაც სრულად მოიხადეს ეს სასჯელები. ამ პერიოდში ბატონ ილიას წაართვეს ყველა ის ქონება, რომლის წართმევაც კი შეიძლებოდა.

_ კონკრეტულად რა სახის ქონება წაართვეს?

_ კომპანია „ლოჭინში“ იგი აქციების 33 პროცენტს ფლობდა, ალექსანდრე სუხიტაშვილსაც ჰქონდა იგივე ოდენობის წილი. ეს კომპანია გარდაბნის რაიონში, სოფელ მარტყოფში, 100 ჰა მიწის ნაკვეთს ამუშავებდა, სადაც ხორბალი მოჰყავდათ, დაკავების შემდეგ კი ეს საქმიანობა, ბუნებრივია, ვეღარ განახორციელეს. ამ კომპანიაში მათ ჰყავდათ მესამე პარტნიორიც, გელა სახლთხუციშვილი. საქმე ის არის, რომ „ნაციონალურ“ ხელისუფლებას ამ მიწის ხელში ჩაგდების სურვილიც გაუჩნდა, ამიტომ გააყალბეს დოკუმენტები და დაწერეს, რომ პარტნიორთა კრებას ესწრებოდნენ ალექსანდრე სუხიტაშვილი და ილია დალაქიშვილიო. სწორედ ამ კრების გადაწყვეტილებით გაიყიდა ეს მიწა, მაგრამ, რეალურად, ალექსანდრე სუხიტაშვილი ამ დროს იმყოფებოდა ძებნაში, ილია დალაქიშვილი კი _ პატიმრობაში და კრებას ვერანაირად ვერ დაესწრებოდნენ. ეს არის გაყალბებული დოკუმენტი. გენერალური პროკურორი იმ დროს ზურაბ ადეიშვილი გახლდათ, რომელსაც ამ ყალბი დოკუმენტის შესახებ მაშინვე ვაცნობე, თუმცა საქმე ადგილიდან მაინც არ დაძრულა, რადგან ამ მიწის ხელში ჩაგდების ინტერესი იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ჰქონდათ.

2007 წლის ოქტომბერში მიწა სახელმწიფომ გაყიდა 26 ათას ლარად და იცით, ვინ შეისყიდა? _ ისევ კომპანია „ლოჭინმა“, რომლის მოწილეებიც დალაქიშვილი და სუხიტაშვილი იყვნენ. მერე კი გადაიყიდა 8 მილიონ 753 ათას დოლარად. ამით ისიც აღმოჩნდა, რომ ამ მიწის რეალური, საბაზრო ღირებულება ყოფილა არა 26 ათასი ლარი, არამედ 9 მილიონი ამერიკული დოლარი, მაგრამ სახელმწიფომ, რატომღაც, ის მაინც 26 ათას ლარად გაყიდა. ვითხოვდი ამაზე რეაგირებას და ვაცხადებდი: სახელმწიფომ უზარმაზარი ზარალი ნახა და რატომ მოხდა ასე, გამოიძიეთ-მეთქი! მაგრამ იმჟამინდელ ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, მასაც მივწერე ანალოგიური წერილი, _ წამგებიანი გარიგება დაიდო, გამოიძიეთ, ვინ იდგა მის უკან-მეთქი?! მაშინაც ვაცხადებდი და ახლაც იგივეს ვამბობ, რომ ამ გარიგების უკან იდგა იმჟამინდელი ხელისუფლების მინიმუმ 5 წარმომადგენელი და გელა სახლთხუციშვილს არავინ არაფერს ეკითხებოდა. პრეზიდენტიც კი უნდა ყოფილიყო ამ მაქინაციაში ჩართული, რადგან გამორიცხულია, ასეთი გარიგება დამოუკიდებლად მოეხდინა გარდაბნის რაიონის სოფელში მცხოვრებ სახლთხუციშვილს. 9-მილიონიანი გარიგებები ასე მარტივად არ იდება. მიწა გაიყიდა ებრაელზე და ეს ფული მაღალჩინოსნებმა ჩაიდეს ჯიბეებში. დალაქიშვილსა და სუხიტაშვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სერიოზული თანხით დაზარალდა სახელმწიფო და ამის გამო მაინც უნდა გამოეძიებინათ ეს საქმე, მაგრამ რადგან ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესები იდო, რამის გასარკვევად ხელი არავის არ გაუნძრევია.

_ ამჟამინდელი ხელისუფლების უმოქმედობას როგორ ხსნით, ისინი მაინც რატომ არ არკვევენ, რა მოხდა სინამდვილეში?

_ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დააკავა სახლთხუციშვილი, მაგრამ ჯერჯერობით სასამართლო პროცესი არ დაწყებულა, თუმცა მიწა გადაყიდულია და ის უკვე აქვს ე. წ. კეთილსინდისიერ მყიდველს. დალაქიშვილის საჩივარი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ წარმოებაში მიიღო, 2010 წლის 5 მაისს კი იგი განთავისუფლდა პატიმრობიდან, მაგრამ მოსთხოვეს, რომ ევროსასამართლოდან საჩივარი უნდა გამოეტანა. სამაგიეროდ მას ბიზნესუსაფრთხოებას ჰპირდებოდნენ და ა. შ. თუ ამას გააკეთებდა, საქმიანობაში ხელს არავინ შეუშლიდა. 2010 წლის 13 სექტემბერს დალაქიშვილმა დამაწერინა ევროსასამართლოდან საჩივრის გამოტანის განაცხადი და უარი ვთქვით მის განხილვაზე. ზუსტად ერთი წლის თავზე კი, 2011 წლის 13 სექტემბერს, ილია დალაქიშვილი დააკავეს უკვე როგორც „ჯი კომპანის“ ხელმძღვანელი. ერთ ღამეში აიყვანეს 28 ადამიანი _ ამ კომპანიის მოადგილე, ბუღალტერი, მძღოლები, დარაჯები და მზარეულიც კი. ბატონ ილიას რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი, მათ შორის იყო საბაჟო კონტროლის წესების დარღვევა, ფულის ლეგალიზაცია-გათეთრება, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბება და ა. შ. გამოუტანეს 75-წლიანი(?!!) სასჯელი, თუმცა რადგან 30 წელს ზემოთ მისჯა არ შეიძლება, უმაღლესი _ 30 წელი დაუტოვეს. ჩამოართვეს კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, პროდუქცია, მანქანები და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. დალაქიშვილის მეორე ეგზეკუცია ექსპროკურორ ზურაბ ადეიშვილის დაკვეთით განხორციელდა და ამის მოწმეებიც გვყავს. ყოფილმა პროკურორებმა და გამომძიებლებმაც კი განაცხადეს, რომ მათ პირდაპირ დაავალეს დალაქიშვილის დაპატიმრება. ერთ-ერთმა გამომძიებელმა თქვა, დამიბარა ადეიშვილმა და მითხრა, ჯერ დაიჭირე ეს კაცი და სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ მერე აღძარიო. დიახ, ასეთ ჩვენებას იძლევა გამომძიებელი. როცა მან საქმის შეკერვაზე ადეიშვილს უარი განუცხადა, სამსახურიდან გააგდეს.

_ დაპატიმრებული 28 ადამიანის ბედი როგორღა წარიმართა?

_ „ნაციონალური“ ხელისუფლება მათ ილია დალაქიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდა. უნდა ეთქვათ, რომ ბატონი ილია უკანონო საქმიანობას ეწეოდა, საბაჟო კონტროლის წესებს არღვევდა და ა. შ. მათ ვერ გაუძლეს გლდანის საწამებლებს, აღიარეს, რაც გამოძიებას უნდოდა და საპროცესოებით გამოუშვეს. თუმცა ეს აღიარებები გახლავთ უნიკალური რამ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში. მაქვს 9 მოწმის ჩვენება, რომლითაც გლდანის საპყრობილეში ყოფნის პერიოდში, 2012 წლის 15 თებერვალს, პროკურორმა შეუტანა საკუთარ კაბინეტში დაწერილი ჩვენებები, ადვოკატებიც დაასწრეს და ამ ადამიანებს დააწერინეს, რომ ეს ჩვენებები მათი კარნახით დაიწერა, სწორი იყო და ხელი მოაწერინეს. გლდანის საპყრობილეში ჩვენების ელექტრონული ვერსიის გაკეთება, პრინტერით ამობეჭდვა, შეუძლებელი იყო, მაგრამ ასეთ ჩვენებებზე ხელმოწერის შემდეგ ეს ადამიანები ციხიდან გამოუშვეს, საპროცესო შეთანხმებებში კი 10-10 ათასები გადაახდევინეს. ეს მოხდა მათი დაპატიმრებიდან მე-8 თვეს და წამების შედეგად უკვე სიკვდილის პირას იყვნენ მისულები. მათ სისხლისა და წამების ფასად აღიარებინეს, რომ ილია დალაქიშვილი ანადგურებდა ქვეყნის ეკონომიკას და ყველაფერს ანგრევდა. მხოლოდ ამის მერე დაანებეს თავი და გამოუშვეს გარეთ. საინტერესოა ისიც, დღევანდელ ხელისუფლებაში რა ბედი ეწია ამ 9 ადამიანს?! საქმე ის არის, რომ მათ მიმართ წინა ხელისუფლებამ ვერ მოასწრო განაჩენის დაყენება, პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მერე კი მოვიდა ახალი ხელისუფლება, მაგრამ პროკურატურა ამ პიროვნებების მიმართ კვლავ გამამტყუნებელი განაჩენების დაყენებას ითხოვდა. ამ საქმეში მეც გამოვდიოდი ადვოკატად, თუმცა ჯერ ილია დალაქიშვილის საქმეს ჩამომაცილეს და მერე ამ 9 ადამიანის საქმეს. უკვე ამ ხელისუფლების პირობებში ადეიშვილის დროინდელმა მოსამართლემ, ორკოდაშვილმა, რომელმაც 30 წელი მიუსაჯა დალაქიშვილს, მე დარბაზიდან გამომიშვა, რადგან კვლავ ვაცხადებდი, რომ ჩვენებები დაწერილი არის პროკურორის კაბინეტში და ამ 9 ადამიანს თავისუფლების სანაცვლოდ მოაწერინეს მასზე ხელი. სხვა ადვოკატები დაუნიშნეს ამ ხალხს, მაგრამ, ბოლო ინფორმაციით, პროკურატურამ, ახლახან, ამ პირების საქმეები უკან წაიღო და აპირებს მუხლის გადაკვალიფიცირებას, რათა გააკეთოს განრიდება. მთლად გამამართლებელ განაჩენს არ აყენებენ და უნდათ, რომ მაინც მოხდეს დალაქიშვილის წინააღმდეგ ფაქტის კონსტატირება, თითქოს მან მართლაც ჩაიდინა დანაშაული, _ საბაჟო კონტროლის დარღვევით შემოიტანა საქართველოში კონტრაბანდული საქონელი და ა. შ.

_ ამჟამად ვიღას სჭირდება დალაქიშვილის დასჯა და მისი ციხეში გამომწყვდევა?

_ ილია დალაქიშვილის ქონების ჩამორთმევის საკითხს შეიძლება პრეცედენტიც კი არ ჰქონდეს. როცა წინა ხელისუფლება მეპატრონეებს ქონებას ართმევდა, მას მყისიერად გადასცემდა ხოლმე მესამე პირებს, ანუ კეთილსინდისიერ მყიდველებს, რომლებიც იყვნენ მათი ნათესავები, სიდედრები, საყვარლები, მეგობრები, პარტიის აქტივისტები და ა. შ. დალაქიშვილისგან 6 მილიონზე მეტი ქონება ჰქონდა სახელმწიფოს უკანონოდ წართმეული და ზოგი მათგანის აუქციონზე გატანა და ამ გზით მესამე პირებზე გადაფორმება ვერ მოასწრეს, რადგან ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა და „ნაციონალები“ დამარცხდნენ. ახალი ხელისუფლებისგან ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ თუ ისინი სამართლიანობის საფუძვლით მოვიდნენ ხელისუფლებაში, აგერ არის ქონება, რომელიც ჯერ არ არის მესამე პირის, ანუ კეთილსინდისიერი შემძენის ხელში გადასული და მის რეალურ პატრონს უკან დაუბრუნონ. თანაც ეს ადამიანი მათ აღიარეს პოლიტპატიმრად და უკანონოდ დაპატიმრებულ-დაზარალებულად და ამ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა ძალიან იოლია, თუმცა სახელმწიფო არც ამჯერად უბრუნებს დალაქიშვილს კუთვნილ ქონებას. ახლა უკვე ეს ხელისუფლება ექაჩება ზემოთ ხსენებულ 9 მოწმეს. როგორც ვიცი, მათ შორის ასეთი მოლაპარაკებები წარმოებს: არ დაგიჭერთ, დაგიბრუნებთ საპროცესოში გადახდილი თანხიდან 8 ათას ლარს, მხოლოდ 2 ათასს დავიტოვებთ, მაგრამ თქვით, რომ დალაქიშვილი ქვეყანას მაინც ანგრევდაო. ახლა უკვე ეს ხელისუფლებაა დაინტერესებული იმ ქონებით, რომელიც დალაქიშვილს „ნაციონალებმა“ წაართვეს და მისი დაბრუნება პატრონისთვის არ უნდა. ახალ ხელისუფლებასაც გაეხსნა მადა…

_ ამ საქმეში ამჟამინდელი ხელისუფლებიდან კონკრეტულად ვისი ინტერესები იკვეთება?

_ იაფად შეძენის ბევრი მსურველი შეიძლება გამოსჩენოდა ამ ქონებას. სხვაგვარად ვერ ვხსნი, რატომ არ უნდა დაუბრუნო ადამიანს კუთვნილება, თუ თავად სახელმწიფო აღიარებს, რომ ამ კაცს უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით ჩამოართვეს ყველაფერი და დააპატიმრეს კიდევაც?! ჩვენ ვითხოვთ ჩამორთმეული უძრავ-მოძრავი ქონებისა და მიწის დაბრუნებას, ანუ იმას, რაც ამჟამად კვლავ სახელმწიფოს აქვს და არ გაუყიდია, თორემ რაც გაყიდა, მის დაბრუნებაზე აღარც ვლაპარაკობთ. მას მხოლოდ კომპანიისა და ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა დაუბრუნეს, დანარჩენზე კი უარი მიიღო. დალაქიშვილის კომპანიას ლილოში აქვს სამი მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია შენობა-ნაგებობები, დანადგარები, ტექნიკა. ასევე ვითხოვთ „ბათუმ პეტროლიუმის“ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გადამუშავებული 1700 კუბმეტრი ნავთობპროდუქტის გადმოცემას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია.

_ „ბათუმი პეტროლიუმთან“ დაკავშირებულ საქმესაც ვინმეს ინტერესებს ხომ არ უკავშირებთ?

_ „ბათუმი პეტროლიუმის“ ხელმძღვანელობის ქმედებაში იკვეთება დანაშაულებრივი ნიშნები. წინა ხელისუფლების პირობებში მათი პასუხისმგებლობის საკითხი რომ არ უნდა დამდგარიყო, გასაგებია, მაგრამ ძალიან მიკვირს დღევანდელი ხელმძღვანელობის დუმილი. ასეთ ინფორმაციას ვაწვდით და ესენიც არაფერს აკეთებენ, არ ღებულობენ „პეტროლიუმის“ მიმართ დასჯად ზომებს! იმჟამინდელი და ამჟამინდელი კანონმდებლობით, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული ტვირთის მეპატრონე თუ რამე გადაადგილებას და გასხვისებას დააპირებს, ვალდებულია შეატყობინოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს, რაც არ მომხდარა. თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ თავად არის კონტრაბანდისტი. რატომღაც, დალაქიშვილს დაუდგინეს, _ შენ უნდა შეგეტყობინებია სახელმწიფოსთვის და არ შეატყობინეო, რაც არის არასწორი. ჩვენ ვკითხულობთ, _ პირველ რიგში ეს კონტრაბანდული ქმედება ჩაიდინა შპს „ბათუმი პეტროლიუმმა“ და რატომ მასზე არ გავრცელდა ეს მუხლი?! „ნაციონალების“ დროს რომ ეს არ მოხდა გასაგებია, მაგრამ ეს კითხვა დღესაც აქტუალურია, რაც უკვე გაუგებარს ხდის საკითხს. რატომ არ იწყებენ სისხლის სამართლებრივ დევნას „ბათუმი პეტროლიუმის“ მიმართ, რომელმაც საგადასახადო კოდექსის ორი მუხლი დაარღვია? _ ეს კითხვა სასამართლოზეც დავსვი. ცოტა ადრე მომწერეს, რომ ხარვეზების დამდგენმა კომისიამ უნდა გამოიძიოსო, მაგრამ კომისია არ შექმნეს, ახლა კი არანაირი პასუხი არ გაუციათ. ამჟამად დავა ჩვენსა და „ბათუმი პეტროლიუმს“ შორის სამოქალაქო სასამართლოში მიდის, თუმცა თუ დადგინდა, რომ „ბათუმი პეტროლიუმმა“ „ჯი კომპანის“ განუბაჟებელი საქონელი მიჰყიდა, თავისი ქმედებით მიაყენა ზარალი, სხვა რომ არაფერი, ზარალი მაინც ხომ უნდა აუნაზღაუროს? მაგრამ ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გაიაროს ბეწვის ხიდზე, რადგან დღეს „ბათუმი პეტროლიუმი“ და სახელმწიფო ერთ ფორმატში მოიაზრება. თუ „პეტროლიუმი აანაზღაურებს“ ზარალს, სახელმწიფომაც იგივე უნდა მოიმოქმედოს, რისი გაკეთებაც არ უნდათ. თუ სასამართლო დაადგენს, რომ „ჯი კომპანის“ არ უნდა აუნაზღაუროს „პეტროლიუმმა“ ზარალი, გამოდის, რომ „პეტროლიუმის“ უკანონობებზე თვალი უნდა დახუჭოს და რეაგირება არ მოახდინოს. ასეთ შემთხვევაში გამოიკვეთება ის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებშიც საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან. პროცესი 26 დეკემბერს გაიმართება და მაშინ გაირკვევა, სინამდვილეში ამ ქვეყანაში რა როგორ არის.

 

„ქრონიკა+“ შპს „ბათუმი პეტროლიუმის“ ადვოკატს, დავით ჯაიანს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ მათი პასუხი შესაგებელ სარჩელში იყო წარმოდგენილი და უფლება მოგვცა, ის გამოგვექვეყნებინა.

„ბათუმი პეტროლიუმის“ შესაგებელს შემოკლებული ფორმით გთავაზობთ:

„მოსარჩელეთა („ჯი კომპანის“, _ ნ. ვ.) წარმომადგენლებისთვის კარგად იყო ცნობილი ის გარემოება, რომ ბათუმის ბარცხანის სარეზერვუარო პარკში ინახებოდა განუბაჟებელი ნავთობ-ნარეცხი და ნავთობშლამი. აღნიშნული გარემოების თაობაზე პირდაპირ არის მითითებული კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის განაჩენში, რომელიც წერილობითი მტკიცებულების სახით თან ერთვის სარჩელს. სწორედ შპს „ჯი კომპანის“ ბუღალტერს, პლატონ ფანცულაიას და მასთან ერთად ჯემალ ნიკოლაიშვილს ბრალი ედებოდათ, რომ მათთვის კარგად იყო ცნობილი საბაჟო კონტროლის ზონაში, „ბათუმი პეტროლიუმის“ კუთვნილი განუბაჟებელი ნავთობპროდუქტების არსებობის თაობაზე, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად გამოჰქონდათ საბაჟო კონტროლის ტერიტორიიდან. მიღებულ ქონებას აძლევდნენ კანონიერ სახეს და ამ ფორმით ახდენდნენ მის რეალიზაციას. ბრალდებულმა პირებმა აღიარეს მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასამართლო სხდომაზე, რის შემდეგაც სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის და ეს უკანასკნელნი ცნობილნი იქნენ დამნაშავეებად. 2012 წლის 6 მარტის განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

ასევე ვერ გავიზიარებთ მოსარჩელის მსჯელობას იმ ნაწილში, რომ თითქოს შეძენილი პროდუქტი იყო უფლებრივად ნაკლის მქონე. მოსარჩელე არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს უფლებრივი ნაკლის ცნებას და არასწორად განმარტავს მას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლი განმარტავს უფლებრივი ნაკლის ცნებას და ამბობს, რომ ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლების გამო. მოცემულ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ წაუყენა პრეტენზია მოსარჩელეს დანაშაულის ჩადენის გამო, არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მესამე პირის პრეტენზია ნივთზე ვალდებულებით-სამართლებრივი და სანივთო-სამართლებრივი უფლებიდან გამომდინარე. არ ვეთანხმებით მოსარჩელის მითითებას მისთვის მიყენებული ზიანის მოცულობის ნაწილშიც, ვინაიდან საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს, რომ მოსარჩელემ განიცადა 6 835 748 30 ლარის ზიანი. ვერც იმას გავითვალისწინებთ, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ ბათუმში შესანახად დატოვებულ იქნა 1794 800 ლიტრი ნავთობის ნარეცხი, რომლის გადაცემაც არ განახორციელა მოპასუხემ შპს „ჯი კომპანისთვის“. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით“.