რა კითხვარები რიგდება სკოლებში?!

21

 

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლებში დაიწყო მასწავლებლებისთვის სპეციალური კითხვარების დარიგება, რომელშიც მათ პედაგოგთა ოთხ კატეგორიად დაყოფის შესახებ პოზიცია უნდა დააფიქსირონ. მასწავლებელთა ნაწილში განათლების სამინისტროს ინიციატივამ გარკვეული ეჭვები და უნდობლობა გააჩინა. მასწავლებლები ვარაუდობენ, რომ სანიკიძის უწყება ეშმაკური ხრიკით ცდილობს, პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფის მიმართ უარყოფითად განწყობილ პარლამენტს მასწავლებელთა კითხვარები აუფრიალოს და დააჯეროს, რომ პედაგოგები სამინისტროს ინიციატივით აღფრთოვანებულები არიან.

„ჩვენ მოგვივიდა ცარიელი ფარატინა ფურცელი, სადაც გვთხოვენ დავაფიქსიროთ, რა ხარვეზებებს ვხედავთ მასწავლებლის სტანდარტთან დაკავშირებით და რა რეკომენდაციები გვაქვს, მაგრამ არ არის განმარტებული, რას ითვალისწინებს მასწავლებელთა პირველი, მეორე და ა. შ. კატეგორია. დაახლოებით ვიცი, რაც მოხდება. პედაგოგების უმრავლესობა, რომელიც ვერ გაიგებს, რას ითხოვენ მისგან, ან ფიქრითაც არ შეიწუხებს თავს, დაწერს, რომ დოკუმენტს ხარვეზი არ აქვს და ყველაფერი მოსაწონია. დარწმუნებული ვარ, სამინისტროს ეს კითხვარები იმისთვის სჭირდება, რომ პარლამენტს დაუდოს და უთხრას, რომ პედაგოგებს მოსწონთ და თქვენ რატომ გვიწევთ წინააღმდეგობასო?“ _ განაცხადა „ქრონიკა+“-თან საუბრისას ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

შეგახსენებთ: „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც მასწავლებლის ოთხი პროფესიული კატეგორია უნდა განისაზღვროს, პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ივანე კიღურაძემ, დაიწუნა. საუბარია კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით მასწავლებელთა მენტორ, მკვლევარ, წარჩინებნულ და პრაქტიკოს პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფაზე.

„სანამ გარკვევით არ განუმარტავთ, რა გზის გავლა მოგვიწევს კატეგორიიდან კატეგორიაში გადასასვლელად, რამდენი კრედიტი უნდა დავაგროვოთ, რა სახის აქტივობებით შევძლებთ პროფესიული კვალიფიკაციის დადასტურებას, ვინ შეგვაფასებს და მოგვანიჭებს კატეგორიებს, მასწავლებელთა კატეგორიებად დაყოფაზე ჩვენი პოზიციის გარკვევა სამინისტროს მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელია!“ _ აცხადებენ პედაგოგები.

მასწავლებელთა კატეგორიებად დაყოფის წინააღმდეგია საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლია ნიკოლაიშვილი:

_ სკოლებში კითხვარების ჩამორიგება მასწავლებლებისთვის დაგებული მახეა. ყველას გვახსოვს, როგორ დატოვა პროტესტის ნიშნად პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა მისმა თავმჯდომარემ. ამ კატეგორიებთან დაკავშირებით ვანო კიღურაძის შეფასებებიც გვახსოვს და ამაზე უკეთესს ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ, როგორც მოქმედი და პრაქტიკოსი მასწავლებელი, ჩემს ვარაუდს გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მოჰყვება ამას სკოლაში: საკანონმდებლო ცვლილებით პედაგოგებს შორის დაპირისპირების, ჩაწყობისა და ნეპოტიზმის დაკანონება მოხდება, რასაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუჭერ მხარს.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „განათლების ლიგის“ პრეზიდენტი და განათლების ექსპერტი, მანანა ნიკოლაიშვილი:

_ ჩემთვის გაუგებარია მასწავლებელთა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ განუმარტეს, რომელი კატეგორია რას ითვალისწინებს. წელიწადნახევარია, რაც მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მიიღეს, ჩაიხედონ და ნახონ. მთავარია, რომ გულწრფელები იყვნენ და არ იფარისევლონ. რაც შეეხება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელის აზრს, ვანო კიღურაძე მარტო მასწავლებელთა კატეგორიებად დაყოფას კი არა, მთლიანად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას იწუნებს, ისევე, როგორც მე. ამ სქემის მიღება პარლამენტის პრეროგატივა ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილია და პარლამენტმა მთავრობას არ უნდა მისცეს საშუალება, რომ სქემა იმ სახით დაამტკიცონ, რა სახითაც მოწოდებულია მთავრობისა და საერთაშორისო მრჩევლების მიერ. მასწავლებელთა შეფასება ყოვლად შეუძლებელია იმ მოდელით, რაც დღეისთვისაა მოწოდებული. გაიძახიან, რომ შეფასება სკოლის ბაზაზე მოხდება, მაგრამ ასეთ შეფასებას სჭირდება მაღალკვალიფიციური დირექტორები და არა ისეთები, რომლებიც ახლა ინიშნებიან. სკოლების ბაზა არასაკმარისია და ამ შეფასებაში სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებიც უნდა ჩაერთონ, რაც არ არსებობს. არ არსებობს არც განათლების ინსპექტორი, რომელიც ყველა ქვეყანაშია. მასწავლებლის შეფასებასთან დაკავშირებული შენიშვნების გარდა, ყველაზე მთავარი შენიშვნა ისაა, რომ უნდა გაუქმებულიყო მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რაც არ მოხდა. გამოცდა დარჩა და დარჩა მიმინოშვილის ცენტრის ხელში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 42 000 არასერტიფიცირებულ მასწავლებელს სახლში გაუშვებენ. რომელი განათლების ხარისხზე ლაპარაკობენ, როცა, ამ სქემის თანახმად, სკოლის მეორე და მესამე საფეხურზე ბაკალავრიატდამთავრებულ სპეციალისტს უშვებენ? უმაღლესი განათლების სრული კურსი თუ არა აქვს დამთავრებული, შეუძლებელია, რომ პედაგოგმა მეორე და მესამე საფეხურზე ასწავლოს. ელემენტარულად, ცოდნა არ ეყოფა ამისთვის. ამიტომ ვამბობ, რომ ეს სქემა არსებული სახით ვერ იმუშავებს და კვალიფიციურ სპეციალისტს ვერც უმაღლესში მოამზადებს და ვერც უმაღლესის გარეთ.

მასწავლებლებისთვის დაგზავნილი კითხვარების ადრესატის ძიებაში, განათლების სამინისტროდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გადაგვამისამართეს.

მანანა რატიანი _ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი:

_ მასწავლებლის სტანდარტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველია პროფესიული სტანდარტი და მეორე _ საგნობრივი ნაწილი. პროფესიული სტანდარტი მარტის ბოლოს დამტკიცდა, ხოლო რაც შეეხება საგნობრივ სტანდარტს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი იწყებს მის გადახედვას, შესაბამისად გვაინტერესებს მასწავლებლების მოსაზრება, რა უფრო მისაღებად მიაჩნიათ, რისი ამოღება უნდათ, რისი დამატება, რა არგუმენტები აქვთ და ა. შ. სკოლებში ეს კითხვარები გადავაგზავნეთ და პასუხებს 27 ნოემბრამდე ველოდებით. ამავდროულად, გვაქვს მეორე კვლევაც, რომელშიც მასწავლებლებმა უნდა გამოხატონ საგნობრივ სტანდარტთან თავიანთი დამოკიდებულებები. სტანდარტი კი მრავალფუნქციურია და არა მარტო მასწავლებლებისთვის იქმნება, არამედ უნივერსიტეტებისთვისაც, რომ მასწავლებლები სტანდარტის მიხედვით მოამზადონ, მაგრამ როცა სტანდარტის დანერგვას ვიწყებთ, პირველ რიგში, მასწავლებლების მოსაზრება გვაინტერესებს. ეს არის მასწავლებლის დოკუმენტი და შესაბამისად, გვაინტერესებს მასწავლებლის განწყობა. მასწავლებლის საგნობრივი სტანდარტი დონეებად არ არის ჩაშლილი, რადგან არ შეიძლება შენ სხვადასხვა კატეგორიაზე მყოფ მასწავლებელს მოსთხოვო სხვადასხვა დონის ცოდნა. ჩვენ თუ მოსწავლეების ინტერესებიდან გამოვდივართ და მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლაზე  ვსაუბრობთ, ყველა მოსწავლეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, მასწავლებელმა, რომელიც სკოლაში მოსწავლესთან შედის, საგანი ისე უნდა იცოდეს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება შეძლოს. სტანდარტი წელიწადზე მეტია, რაც არსებობს, ამიტომ მასწავლებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, იქ რა წერია, ამდენად მასწავლებელთა უკმაყოფილება სრულიად გაუგებარია.

 

                                                                                                              ნელი თორდია