ღარიბაშვილი, როგორც გოგა ხაჩიძის რეინკარნაცია

ww

ზუსტად 11 წლის წინ კაცი სახლიდან გავიდა „რეიტუზებში“ _ ჩუსტებით და ხელში ნაგვის ვედროთი. გასვლით კი გავიდა, მაგრამ ამ თავის ნაგვიანად ხალხის ტალღამ გაიტაცა _ კაცი პარლამენტს ზემოთ ცხოვრობდა, ხალხი კი პარლამენტისკენ მიდიოდა. ტალღამ გაიტაცა და ისიც შევიდა პარლამენტში სხვებთან ერთად, ყველა სხვისგან განსხვავებით _ ნაგვით და მაშინ, როცა ქვეყნის პროგრესული ძალები ქართულ პოლიტიკურ ოლიმპოს ასუფთავებდნენ და გარკვეულ ძალებს ისტორიის სანაგვეზე ყრიდნენ უცელოფნოდ, ისიც იქ იდგა თავის ნაგვის ვედროთი. მას შემდეგ, აგერ, 11 წელი გავიდა…

რა გზა არ გამოვიარეთ ნაგავთან მიმართებით. გნებავთ, ბუკვალურად ნაგავთან, გნებავთ, პოლიტიკურ თუ მენტალურად ნაგვის ყრასთან დაკავშირებით. ბუკვალურად ნაგვიდან დავიწყოთ. მოხდა ის, რაც არასოდეს მომხდარა _ თბილისი ნელ-ნელა იქცა სუფთა ქალაქად. ჯერ სადარბაზოები განთავისუფლდა ვირთხებისა და საბჭოური გადმონაშთისგან _ ბუნკერები რომ კორპუსებშივე იყო. სადარბაზო ბუნკერები გაუქმდა და ნაგვის გადასაყრელად ეზოში „მოგვიწია“ ჩასვლა. ნაგვის ეზომდე ჩატანა ბევრს არ ეჭაშნიკა, წელიც აითრიეს, აიმრიზნენ, იმდენად აიმრიზნენ, რომ შემდეგში ქრისტიან-დემოკრატებმა წინასაარჩევნო დაპირებაც კი გამოაცხვეს _ ჩვენ აგვირჩიეთ და ბუნკერებს თავის ადგილზე, სადარბაზოში დაგიბრუნებთო. მაშინ სწორი არჩევანი გაკეთდა და ბუნკერები ეზოებსა და ქუჩებში დარჩა, მაგრამ არც იმ სწორმა არჩევანმა გვიხსნა მორიგი ნაგავი გადაწყვეტილებისგან _ ნაგვის გადასახადი დენს არ მიაბეს? ამ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილებისგან, თქვენ წარმოიდგინეთ და, „ოცნებამ“ არ გვიხსნა? ეს კი ქნეს სწორად, მაგრამ რა გინდა, გამოხდა ხანი და ქალაქში ნაგავმა იმატა. არა, ეს სულაც არაა მიბმული იმ სწორ გადაწყვეტილებაზე, უბრალოდ, ნაგავს გატანა სჭირდება, ქუჩას დასუფთავება, თორემ ქართველი რომ ნაგვის უპრაგონოდ, უადგილოდ ყრაში მარდია, ეს არც „ნაციონალების“ დამსახურებაა, არც „ოცნების“ და არც, თქვენ წარმოიდგინეთ და, შევარდნაძის მთავრობის. სწორედ შევარდნაძის მმართველობის ბოლო წელს გამოჩნდა ქალაქში ურნები კოტე ყუბანეიშვილის ლექსებით. არც იმ ლექსებმა უშველა საქმეს, ვერ მოიშალეს ქუჩაში ნაგვის ყრა… გამოიცვალეს მთავრობები, მაგრამ ზნე დაიტოვეს იგივე.

სწორედ ამ ზნესთან ბრძოლა დაუწყია ირაკლი ღარიბაშვილს. აგერ, შაბათის „ქრონიკაში“ გვამცნეს, მთავრობა ცდილობს გვასწავლოს, რომ ნაგვის ურნაში ჩაყრა მარტივია. პრემიერ ღარიბაშვილის ინიციტივით ახალი კამპანია იწყება _ დამზადებულა და მალე ტელევიზიებით დატრიალდება სოციალური რგოლები, სადაც ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ. სლოგანია „ნაგვის გადაყრა მარტივია“, „ნაგვის ჩაყრა ადვილია“. ნაგვის ჩაყრა ნამდვილად ადვილია და იმ კითხვაზე პასუხის გაცემაც, რომელიც გადაცემაში დაისვა: „როცა ნაგვით სავსეა ქუჩა, ეს ინფრასტრუქტურული პრობლემაა თუ კულტურის?“

ერთისაც და მეორისაც. კულტურის იმიტომ, რომ მოსახლეობის უმეტესობას ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ნაგვის სადაც მოხვდება იქ ყრა, და ინფრასტრუქტურის იმიტომ, რომ ზუსტად ამ მოსახლეობის ხელში, წინა წლებში, ქალაქი სუფთა იყო. რაც იყო იყო, მოვეშვათ ამას, ნამდვილად კარგი ინიციატივაა, როცა მთავრობა ამისთვის იცლის. მივყვეთ ინფორმაციას. გვამცნეს ისიც, რომ პარლამენტში მეორე მოსმენისთვის ახალ ინიციატივას ამზადებენ, რომელიც ნაგვის დაყრაზე საჯარიმო სანქციებს დააწესებს. ასე მაგალითად, თუ ვინმე 2 კილოგრამამდე ნარჩენს გადააგდებს, სანქცია იწყება 80 ლარიდან და თუ 2 კილოზე მეტს გადააგდებს, სანქციები გაიზრდება. „იმედის“ განცხადებით, ვიდრე გარემოს დანაგვიანება დასჯადი გახდება, ქალაქის სისუფთავის ხარისხი მოქალაქეების თვითშეგნებასა და მეეზოვეების პროფესიონალიზმზე გადის. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ აქამდე გარემოს დანაგვიანება დასჯადი არ ყოფილა. მივენდე გუგლს და ვნახე უშუალოდ ინიციატორის _ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც. იგიც, პრაქტიკულად, იგივეს ამბობდა. ღარიბაშვილის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს ახალ კანონმდებლობაზე, რომ თურმე საქართველოში წლების განმავლობაში არ ყოფილა კომპლექსური მიდგომა ნაგვის გატანასთან, ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით:

„მოქალაქეები, სამწუხაროდ, და, ჩვენდა საუბედუროდ, ანაგვიანებენ და ყრიან ნაგავს ისეთ ადგილებში, სადაც არ შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს საოცარი ქვეყანა, ლამაზი ქვეყანა, მაგრამ, ამავე დროს, ის ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, ასე უსირცხვილოდ ყრიან ნაგავს და პირდაპირ მანქანებიდან ხდება ამის გაკეთება. ამიტომ მე უკვე გავიარე ის პაკეტი, რომელიც მოამზადა გარემოს დაცვის სამინისტრომ, საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ნაგვის დაყრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სასჯელები და ჯარიმები. მაქსიმალურად გაამკაცრეთ ჯარიმები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ასე უპასუხისმგებლოდ და არასახელმწიფოებრივად მოიქცევა, მაქსიმალურად დააჯარიმეთ“, _ თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 5 სექტემბერს.

მოკლედ, „იმედმა“ გვითხრა, _ ახლა ხდება დასჯადიო, პრემიერმა, _ სანქციებს ვამკაცრებთო.

ანუ იყო სანქციები და ის მკაცრდება. დიახ, სანქციებიც იყო, კანონმდებლობაც და კომპლექსური მიდგომაც. თუ ეს მიდგომა არ იყო, ნაგავი თავისით ორთქლდებოდა? ნაგვის დაყრის გამო ჯარიმებზე ამ რამდენიმე წლის წინათაც იყო ლაპარაკი. თუ გეეჭვებათ, გადახედეთ არქივს. 2010 წლის 1-ლი დეკემბრის „მოამბე“ ნახეთ. სიუჟეტიდან გაიგებთ, რომ იმ დღიდან კანონით ქალაქის დანაგვიანებაც ისჯება, _ ნებისმიერი პირი, რომელიც ქალაქში ნაგავს გადაყრის, 50 ლარით დაჯარიმდება, ამდენივეთი დაჯარიმდება ნაგვის ყრა მანქანიდან. კონტროლი გარემოს დაცვის ინსპექციას უნდა განეხორციელებინა. „გარემოს დაცვის ინსპექციის პატრულირება მოხდება, სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფები იმოძრავებენ ოპერატორებთან ერთად, რომლებიც ვიდეოზე დააფიქსირებენ ამ დარღვევას და შემდეგში უკვე ეს ფაქტი თავისი კადრებით სახლში მიუვათ დამრღვევებს“, _ აცხადებდა მაშინდელი გარემოს დაცვის მინისტრი, გოგა ხაჩიძე. გარემოს დანაგვიანების გამო ჯარიმების გამკაცრების შესახებ წერდა მაშინდელი ბეჭდური მედიაც და მეტიც, იგივე „ამბები.ჯიზე“  ინტერნეტკონფერენციაც იყო გამართული, სამინისტროს პრესსამსახური მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა. ეს ჯერ კიდევ კანონის ძალაში შესვლამდე იყო და სხვათა შორის, მაშინ მანქანიდან ნაგვის გადმოყრისთვის 200-ლარიანი ჯარიმების შემოღებას აპირებდნენ. თუმცა, სამინისტროს ვერსიით, ეს ჯარიმა 40-ლარიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ წინააღმდეგობაში მოვიდნენ არსებულ კანონმდებლობასთან, კერძოდ, 2006 წლიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამოქმედდა 146-ე მუხლი, რომელიც ეხება დასუფთავების წესებსა და ამ წესების დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ ჯარიმებს. სწორედ იმ მუხლით იყო განსაზღვრული 200-ლარიანი ჯარიმა გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირებისთვის და გამოდიოდა, რომ თუ ფეხით მოსიარულე გადააგდებდა ნაგავს, 200 ლარი უნდა ეხადა და თუ მანქანიდან გადმოაგდებდა _ 40, ამიტომაც მანქანიდან გადმოყრასაც 200-ლარიან ჯარიმას უწესებდნენ. შემდეგ ჯარიმა 50 ლარის ოდენობით განისაზღვრა ყველასთვის.

მოკლედ, 2006 წლიდან ჯარიმა 200 ლარი იყო, 2010 წლიდან 50 ლარი გახდა და დაემატა მანქანიდან ნარჩენების გადმოყრა. ასევე მაშინ გადაწყდა ისიც, რომ კონტროლი უნდა გამკაცრებულიყო. ეს რამდენად მოხერხდა, ცალკე თემაა. ამავე ლოგიკით, არც დღესაა მარტივი კონტროლი. დიახ, ნაგვის გადაყრა მარტივია, მაგრამ მარტივი არაა დანაგვიანების კონტროლი. თუმცა თუ მაშინ მხოლოდ გარემოს დაცვის ინსპექციას ევალებოდა კონტროლი, დღეს სამ უწყებას ავალებენ _ ადგილობრივ თვითმმართველობებს, შსს-სა და გარემოს დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას _ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს. მოკლედ, ოქმს ის გამოწერს, ვინც შეესწრება ნაგვის დაყრის თუ გადმოგდების ფაქტს. მანქანიდან ნაგვის გადმოგდება 100 ლარით დაჯარიმდება, 2 კილომდე ნაგვის დაყრა _ 80 ლარით, 2 კილოზე მეტის _ მეტით. როგორც ირკვევა, ახალი კანონმდებლობა კი არ მუშავდება, როგორც პრემიერმა ბრძანა, ცვლილებები შედის მოქმედ კანონმდებლობაში. მოკლედ, არც კანონმდებლობაა ახალი და არც მანქანიდან ნაგვის ყრაზე აქცენტი _ ეს აქცენტი, ჯერ კიდევ, ხაჩიძისდროინდელია. თქვენ წარმოიდგინეთ და ხაჩიძისდროინდელი აღმოჩნდა ის ინიციატივაც, რომელიც „იმედმა“ რიხიანად გვამცნო, როგორც ღარიბაშვილის ინიციატივა. დიახ, ბატონებო, „მაივიდეოზე“ დღესაც დევს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 2010 წელს ატვირთული ვიდეორგოლი, სადაც ბოთლს ურნაში წიხლით  ოსტატურად აგდებს ველოსიპედით მიმავალი თვით გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, ოსტატურად აგდებს ნაგავს ვერიკო ტურაშვილი, იმდენად ოსტატურად, რომ რატი დურგლიშვილს ყბა უვარდება, ოსტატურად აგდებს ნარჩენს გივი ბერიკაშვილიც, ოსტატურად ყრიან შეზლონგებზე მონებივრე ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე, ფეხით ვერ აგდებს და შემდეგ ხელით აგდებს ვიტო კოლელიშვილი. დაბოლოს, წარწერა „ნაგვის ჩაყრას ვირტუოზობა არ სჭირდება“. მართალი გითხრათ, ეს რგოლი აღარც მახსოვდა და ახალიც კი მეგონა, ეგ არის, დამაბნია ხაჩიძის მონაწილეობამ, ვერ გავიგე, ეს კოჰაბიტაციის ახალი ტალღა იყო, ხაჩიძის „ოცნებაში“ გადაბარგების მაცნე თუ რა? მერეღა დავაკვირდი ხაჩიძის კეპს, სადაც ეწერა 2010 და ვიდეოს ატვირთვის თარიღს _ 21 დეკემბერი, 2010 წელი… ეს ვიდეორგოლი ხაჩიძემ „იმედის“ სიუჟეტიდან მეორე დღეს ხელახლა ატვირთა „იუთუბზე“ _ ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, „დაასტუკა“ პლაგიატში. პლაგიატია, აბა, რა არის, როცა მაშინაც ცნობილი პირები ღებულობდნენ მონაწილეობას და ახლაც ისევ ცნობილი პირებით აპირებენ ამ კამპანიას: მაშინ იყო „ნაგვის ჩაყრას ვირტუოზობა არ სჭირდება“, ახლა არის: „ნაგვის გადაყრა მარტივია“, „ნაგვის ჩაყრა ადვილია“… გველაპარაკებიან იმაზე, რომ თურმე ახლა ხდება დასჯადი, არადა, აქამდეც დასჯადი იყო, გველაპარაკებიან ახალ კანონმდებლობაზე, ახალ კამპანიაზე და არც კანონმდებლობაა ახალი და არც _ კამპანია…

ამ ყველაფრის მერე, ჩეტკოევის გია ჯაჯანიძის ბებიობის არ იყოს, ვეღარ გავიგე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გოგა ხაჩიძის რეინკარნაციაა?

და კიდევ, მაგ კანონის აღსრულება თქვი, თორემ ფურცელზე აქამდეც მოქმედებდა. დიახ, აღსრულებაა ძნელი, ისევე როგორც დაპირების შესრულება, თორემ დაპირებით ცაში ჰამაკს გაგიჭიმავ, მაგრამ რა გინდა, სწორედ ამ პრინციპით არ გაუჭიმა „ოცნებამ“ ცაში ჰამაკები? გაუჭიმა და თვითონ დადიან გაჭიმულები… ამომრჩეველი?

 

 

                                                                                                                     რეზო შატაკიშვილი