ქვეყანას „გასაღების“ შენახვის თავი თუ არ აქვს, რაღა გვინდა ნატოსა და ევროკავშირში?!

სახ

მოსმენის კანონთან დაკავშირებული დაპირისპირება სახელისუფლებო წრეებსა და არასამთავრობოებს შორის კურიოზულ ხასიათს იღებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალების“ დროს ჩაწერილი ფირების გასაღები მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს მიბარებული, არასამთავრობო სექტორის გარკვეულ სეგმენტს კი ამის გაგონებაც არ სურს და აცხადებს, რომ გასაღები ქართულმა მხარემ რომელიმე უცხოურ კომპანიას უნდა ჩააბაროს.

ცხადია, ნებისმიერ კომპანიაზე ვერ იქნება ლაპარაკი. გასაღების შემნახველი პროფილს უნდა აკმაყოფილებდეს _ ფაქტობრივად, სპეცსამსახური უნდა იყოს. ე. ი. არასამთავრობოთა აზრით, ჩვენი სპეცსამსახურის საიდუმლო არქივი უცხოურმა სპეცსამსახურმა უნდა გააკონტროლოს. რბილად რომ ვთქვათ, ვერ არის მაინცდამაინც საღი აზრი. ეს იგივეა, მაგალითად, „სკოტლანდ იარდმა“ თხოვნით რომ მიმართოს „გრუს“, ჩვენს საიდუმლო არქივებს საკუთარ მთავრობას ვერ ვანდობთ და იქნებ, თქვენ შეგვინახოთო; ან ისრაელის პოლიციამ _ ვთქვათ, „ინტელიჯენს სერვისს“. ასეთი რამ ხომ წარმოუდგენელია და არასოდეს მოხდება. აბა, ქართველებს რა გვჭირს და მაინცდამაინც ჩვენთან რატომ უნდა მოხდეს? სხვათა შორის, ეტყობა, სწორედ ეს მომენტი დაინახა პრემიერ-მინისტრმაც, როცა თავისი დამოკიდებულება გასაღებთან დაკავშირებით შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „ექსპერიმენტების უფლება არ გვაქვს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც არის აპრობირებული სხვა ევროპულ ცივილიზებულ თანამედროვე სახელმწიფოებში. მე არ ვიცი, რატომ ვართ ჩვენ _ საქართველო _ უფრო მეტად დემოკრატიული, ვიდრე არის საფრანგეთი, ან პოლონეთი, ან ჩეხეთი, ან ისრაელი? დამისახელოს ვინმემ, ვინ ჭკუათმყოფელი არის ამ პროექტის ავტორი? გამოვიდეს და თქვას, აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე. მათი მთავარი მიზანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალიზება და ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს“.

მოკლედ, ღარიბაშვილი არასამთავრობოების „ნაციონალურ“ მისწრაფებებზე მიუთითებს. პასუხმაც არ დაახანა და იმათ, ვისაც პრემიერი გულისხმობდა, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ღარიბაშვილს მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაში დასდეს ბრალი.

კახა კოჟორიძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე: „პრემიერ-მინისტრმა შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა ჩვენ მიმართ და ამას უკვე კვარტალში ერთხელ სჩადის. სამწუხარო ყველაზე მეტად ის არის, რომ მის მიმართვაში არ არის საუბარი საერთოდ ადამიანის უფლებებზე და ეს ძალიან ცუდია. პრემიერი ითხოვს დავუსახელოთ ქვეყანა, სადაც ჩვენ მიერ გასაღებებზე წარმოდგენილი მოდელი არსებობს, მე კი მას ვთხოვ, დამისახელოს რომელიმე ევროპული ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრი შეურაცხყოფას აყენებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, იხსენიებს, ფაქტობრივად, მოღალატეებად და ძირგამომთხრელებად. ყველაზე დიდ შეურაცხყოფას პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს თვითონვე აყენებს, რადგან ესაუბრება ამ ტონით იმ ხალხს, ვისი პრემიერ-მინისტრიც თავადაც არის. მისი ლექსიკა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ კონსენსუსის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი და არა _ განსხვავებების რადიკალიზმში გადაზრდას.“

კოჟორიძე ჩვეულ ამპლუაშია, ღარიბაშვილს არადემოკრატიულ მისწრაფებებში სდებს ბრალს. ჩემთვისაც და მკითხველისთვისაც, გაცილებით საინტერესო იქნებოდა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს პრემიერის შეკითხვაზე პირდაპირი პასუხი გაეცა და ის ქვეყნები, ან თუნდაც ერთი ქვეყანა დაესახელებინა, რომლის საიდუმლო სამსახურებს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები უწევენ საიდუმლო არქივის უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფას. პირადად მე ასეთი პრეცედენტი ვერ მოვიძიე. ძალიან ცუდია, რომ კოჟორიძემაც ასეთ ქვეყანა არ დაასახელა. სამაგიეროდ, „ახალგაზრდა იურისტებს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა აუბა მხარი, რომლის განცხადებით თვითონ ის ტონი, რა ტონითაც საუბრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი არასამთავრობოებზე, გაუგებარია: „მაშინ, როდესაც არსებობს განსხვავებული პოზიციები მოსმენების სისტემაზე, შესაძლებელია აზრთა გაცვლა. ამ შემთხვევაში გამაღიზიანებელი ტონი მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოში განსხვავებულმა აზრმა ქვეყნის ხელმძღვანელი პირის გაღიზიანება არ უნდა გამოიწვიოს“, _ ასეთია გიგაურის პოზიცია.

მოკლედ, გასაღებისთვის დაპირისპირებულები საკუთარი პოზიციის დათმობას არ აპირებენ. პრინციპში, ეს ყველაფერი შეიძლებოდა დემოკრატიულობის გამოვლინებად მიგვეჩნია და მისასალმებელიც კი ყოფილიყო, ისევ და ისევ, ის ერთი გარემოება რომ არა _ არანაირ უცხოურ კომპანიას არ შეიძლება ჩავაბაროთ გასაღები. ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. უცხოური სპეცსამსახურები ისედაც ბევრს მოქმედებენ, რომ ამ გასაღების ასლი დაამზადონ. ესენი კი პირდაპირ ორიგინალის გადაცემას აპირებენ. ფაქტობრივად, რაც საქართველოს გარდა არსად ხდება, იმის გაკეთებას აპირებენ. თუმცა,

საბოლოო პასუხი ამ დავაში მაინც პარლამენტს ეკუთვნის _ მან უნდა მიიღოს კანონი, ვინ უნდა შეინახოს ეს უკვე ავადსახსენებელი გასაღები. იმედია, უმრავლესობა, ანუ „ოცნება“, მოახერხებს, რომ გასაღები ქართულ მხარეს დარჩეს, მაგრამ ძალიან საინტერესო და მრავალმნიშვნელოვანია პარლამენტის თავმჯდომარის _ დავით უსუფაშვილის განცხადება: „მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამ პროცესში ვერ ვხედავ სახელმწიფოს დანგრევისა და სახელმწიფოს აშენების მსურველებს. მე ვხედავ მხოლოდ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტების ავტორების მცდელობით მოხერხდება კომპრომისული და შეჯერებული ვერსიის მიღება პარლამენტის მიერ“. ასეთი განცხადება გააკეთა უსუფაშვილმა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ დარწმუნებულია, კონსტრუქციული ნაბიჯებით მოიძებნება გამოსავალი, რომლის მიხედვითაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები და სამართალდამცველ ორგანოებსაც ექნებათ კრიმინალთან ბრძოლის ეფექტური საშუალებები. პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც აცხადებს, რომ საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა მიიღო, თუმცა მისი მხრიდან ეს მაინც დიპლომატიური სვლაა და უსუფაშვილმა არც მწვადი დაწვა და არც შამფური. არადა, პარლამენტის თავმჯდომარისთვის უსაფრთხოების საკითხებს მთავარი მნიშვნელობა აქვს და გამორიცხულია, უსუფაშვილმა არ იცოდეს, რომ გასაღების უცხოელებისთვის გადაცემა კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოს პრესტიჟზე ეს ნაბიჯი ძალიან უარყოფითად იმოქმედებს და სასაცილოდაც აგვიგდებენ. ნატოში შესვლის მსურველ ქვეყანას იმის თავი თუ არ გვაქვს, რომ ერთი საიდუმლო ოთახი შევინახოთ, კარგად გვქონია საქმე. რაღა გვინდა ნატოსა თუ ევროკავშირში? დავიხუროთ ქუდი და ვიყოთ ჩვენთვის ჩუმად.

თუმცა ისიც საგულისხმო და გასათვალისწინებელია, რომ დაპირისპირების არსი მარტო გასაღების ვინმესთვის მიბარებაში არ იმალება. გასაღების საქმეს ორგანულად არის მიბმული ფარული მოსმენების ამბავიც, ანუ როცა მოსმენებსა და გასაღების თაობაზე დაობენ, ფაქტობრივად, დაობენ ძალაუფლებაზე. აქ ბევრი მომენტია გასათვალისწინებელი. თავისთავად მოსმენა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დანაშაულის პრევენციის, გახსნის საქმეში და ა. შ. ამიტომ ამ ბერკეტის წართმევა შსს-ს დაასუსტებს. მეორენაირად კრიმინალურ სიტუაციას უმართავს გახდის. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მიიჩნევს, რომ ამ საქმეს, ანუ მიყურადებას, უნდა ახორციელებდნენ პროფესიონალი ადამიანები და კატეგორიულად უნდა იყოს გამორიცხული ნებისმიერი ფორმით სასამართლოს გარეშე ჩარევა. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი პროფესიონალები სწორედ შსს-ს დაქვემდებარებაში თუ იქნებიან. ზემოთ პროფილი ვახსენე და სწორედ შსს-ს პროფილია. სხვა თემაა, კერძო ან პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ჩანაწერების გამოყენება, ან მიყურადება, ანუ ნდობის საკითხი ჭიკაიძის უწყების მიმართ. ეს კი უკვე ცალკე თემაა და არასამთავრობოებს უფლება აქვთ, კონტროლის უმკაცრესი ზომები მოითხოვონ, რათა უწყებაში შენახული ფირები არავის ხელში არ იქცეს ანგარიშსწორების ფორმად და იარაღად. ცხადია, ამ შემთხვევაში მედიაც არასამთავრობოთა გვერდით აღმოჩნდება.

აქ პრობლემა არა გასაღებია, არამედ ის, რომ სწორად, მარტივად და არსებითად გაიწეროს ვინ, როდის, როგორ, რა საშუალებებით აკეთებს, აღრიცხავს და ინახავს ჩანაწერებს. ამ რეგლამენტის დარღვევა უნდა ითვლებოდეს მნიშვნელოვან კანონდარღვევად და ისჯებოდეს მკაცრად. ფაქტობრივად, იდეალური იქნება, თუკი შეიქმნება ასეთი სამკუთხედი: შსს ახორციელებს, სასამართლო გასცემს ნებართვას, პარლამენტი და საზოგადოება ახორციელებს კონტროლს. ეს სამკუთხედი არის გონივრულიც და სახელმწიფოებრივიც. სხვა დანარჩენი ბელეტრისტიკა და დემოკრატიულობანას თამაშია, ბოლოს მაინც შსს-სადმი ნდობის საკითხამდე მივდივართ. შსს იმიტომ არსებობს, რომ ადამიანის უფლებები დაიცვას და თუ ამას ცუდად აკეთებს, ეს პოლიტიკაა და არა ტექნიკური ხარვეზი. შესაბამისად, თუ პოლიტიკა ისურვებს, მნიშვნელობა არ აქვს, ვის ხელშია გასაღები.

მოკლედ, შიდა პოლიტიკაში გვაქვს პრობლემები და ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ, თორემ არასამთავრობოებიც გაგებაში არ არიან ამ საქმის. ასე თუ გაგრძელდა, იქამდე მივალთ, რომ ქირურგებს არასამთავრობოები უკარნახებენ, ოპერაცია როგორ ჩატარდეს. კარგი სანახავი კი იქნებოდა!!!

სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რატომ არ სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გასაღებს შს სამინისტრო ინახავდეს? ამ კითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთადერთ პასუხს სცემენ, _ ნდობის უქონლობა შსს-ს მიმართ. პრინციპში, არალოგიკური არგუმენტი შეიძლება სულაც არ არის. დღეს ვის ენდობი? მაგრამ ეს არც იმის საფუძველია, რომ შენი საიდუმლოებანი სხვა ქვეყანას ჩააბარო. თუმცა გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ მთავარი პრობლემა ნდობის საკითხში იმალება. თუ ვინმეს არ ენდობი, მას ან სანდო პირით შეცვლი, ანდა გააკონტროლებ. ეს არც ისე დაუძლეველი პრობლემაა. ამიტომ ჭეშმარიტი მიზეზები შეიძლება სხვაგან იყოს საძიებელი. მაგალითად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გასაღების უცხოელებისთვის გადაცემის მსურველებს ბაზარზე კონკურენტის გამოჩენა აშინებთ. შეიძლება გაგიკვირდეთ, თუ რა ბაზარსა და კონკურენციაზეა საუბარი.

ცნობილი ფაქტია და არავისთვის არ არის დამალული, რომ ფარული ჩანაწერების, ანუ კომპრომატების უდიდესი ნაწილი 2011-12 წლებში „ნაციონალებმა“ ქვეყნიდან გაიტანეს. ვინც ინფორმაციას ფლობს, ის ფლობს ძალაუფლებასაც _ ეს აქსიომა საქართველოს შემთხვევაში თავის ჭეშმარიტებას ადასტურებს. მიიჩნევენ, რომ რაც დღეს ქვეყანაში ხდება _ „ნაციონალური“ კადრების თანამდებობებზე დარჩენას და მათ მიერ ფაქტობრივად განხორციელებულ საბოტაჟს ვგულისხმობ, სწორედ ამ ფირების დამსახურებაა. ახლა ვნახოთ, რა მოცემულობაა მეორე მხარეს: ამ ფირებზე გადაღებულ კადრებში მთავარი როლის შემსრულებლები არ არიან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მტრები. მიშა სააკაშვილი ტოტალურად უთვალთვალებდა ყველას და თავის გარემოცვაზეც გვარიანი კომპრომატები დაუგროვდა. ეს მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდებოდა. ლოგიკური ქმედებაა ტირანისთვის _ თუ გინდა იბატონო, ყველა შენზე დამოკიდებული უნდა გახადო… მაგრამ ეს წესი მხოლოდ მანამდე მოქმედებს, ვიდრე ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებ, ამის შემდეგ კი შეიძლება შენვე შემოგიბრუნდეს ყველაფერი. ამიტომ ვახსენე წეღან კონკურენცია. დღეს უკვე ბევრს ეშინია, რომ თუკი გასაღები შსს-ს ექნება, რომელიც, მათი აზრით, პოლიტიზებულია, უკვე ახალი ხელისუფლება შეეცდება კომპრომატების გამოყენებას; ხოლო თუკი გასაღები უცხოელების ხელში აღმოჩნდება, შსს ისე თავისუფლად ვეღარ მოახერხებს ფარულ ჩანაწერებში ქექვას. ეს არის დაპირისპირების ანი და ჰოე. დემოკრატიულობაზე საუბარი, როგორც წეღან უკვე ვთქვი, უბრალოდ, დეკორაციაა და მეტი არაფერი.

 

                                                                                                              დავით დევიძე