საქართველოს მთავრობის უბინაო ბუღალტერი თამარი

1

ალბათ გახსოვთ ელდარ შენგელაიას შედევრი „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და ის დამაჯერებელი ბუღალტერი, რომელსაც გენიალური სესილია თაყაიშვილი ასახიერებს. სხვათა შორის, იმ ბუღალტერს თამარი ჰქვია… და ჩვენს განათლებისა და მეცნიერების მინისტრსაც _ თამარი… მეტყვით, _ ეგ რაღა შუაშიაო? შუაშია, ბატონებო, ჩვენი განათლების მინისტრის „სივის“ შუაში. მას შემდეგ, რაც თამარ სანიკიძემ დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და შემდეგ მაგისტრის ხარისხი მოიპოვა „ჯიპაში“ სახელმწიფო მმართველობაში, 2003-2007 წლების გასწვრივ მითითებული აქვს „სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაცია. გლაზგოს უნივერსიტეტის პროგრამა“; 2011 წელს კი ფინანსური მოდელირების კურსი გაიარა მართვის ამერიკულ ასოციაციაში. ეს რაც შეეხება მიღებულ განათლებას, მუშაობით კი, როგორც სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ „სივში“ ვკითხულობთ, 2008 წლიდან დღემდე მუშაობს სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციაში _ ლექციებს კითხულობს კორპორაციულ და ბიზნეს სამართალში; 2010-2012 წლებში იყო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ფინანსური დირექტორი, მანამდე იქვე, „ჯიპაში“ აგრარული განვითარების პროგრამის (GRDP) ფინანსური მენეჯერი; წინა _ 2005-2009 წლებში ურბანული ინსტიტუტის წარმომადგენლობაში მუშაობდა ჯერ პროგრამის კოორდინატორად, შემდეგ შესყიდვების მენეჯერად, შემდეგ ფინანსურ დირექტორად; 2003-2005 წლებში თელასში მუშაობდა ეკონომისტად, მანამდე, _ 2000-2003 წლებში მუშაობდა Black & Veatch (UK) LTD _ თბილისის გამრიცხველიანების პროექტში ჯერ სამშენებლო სამუშაოების შემფასებლად, შემდეგ ფინანსური დირექტორის მოადგილედ; უფრო ადრე კი ცოტა ხანს ტრანსპორტის სამინისტროში, საზღვაო დეპარტამენტში წამყვან სპეციალისტად.

მოკლედ, მის კარიერას თუ გადავხედავთ, უმეტესად ფინანსური დირექტორობა, ან მისი მოადგილეობა ფიგურირებს, რასაც გვერდს უმშვენებს ეკონომისტობა, სამუშაოების შემფასებლობა და მისთანანი. რა აკავშირებდა მას განათლების სისტემასთან, გარდა იმისა, რომ ლექციებს უკითხავს ბუღალტრებს და „ჯიპას“ დამთავრების შემდეგ იყო „ჯიპას“ ფინანსური დირექტორი? მიუხედავად ამისა, მას მერე, რაც მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა, სწორედ თამარ სანიკიძე წარმოგვიდგინა თავის შემცვლელად…

ეს მსგავსებაა მასსა და გენიალურ სესილია თაყაიშვილის გენიალურ ბუღალტერს შორის, თორემ მას არც გენიალურობისა სცხია რამე და არც თავის ტკივილები კლავს, „შპილკის“ გაკეთება, კიდე, „პრიჩოსკიდან“ გამომდინარე, არ სჭირდება. რაღაც, ამ ბოლო დროს, არც თავის ბრუალი დასწყებია და არც არავისთვის შეუჩივლია, _ ა, კიდე შემაქანაო… თუმცა საკადრო რყევა-შექანებებს არც ისე იშვიათად გრძნობს და თავსაც იმშვიდებს ხოლმე, _ შეუცვლელი არავინააო. არადა, მის ამ თავმდაბალ განცხადებაში რა ქედმაღლობაა? შეუცვლელად გრძნობს თავს და მაინც გვეუბნება, შეუცვლელი არავინააო. არადა, შეუცვლელი კი არა, სწორედაც რომ შესაცვლელია…

ფილმში სესილიას ბუღალტერს ეკითხებიან: „პრემიები იქნება, ქალბატონო თამარ?“

სესილიას გმირი პასუხობს: „პრემიები კი არა, ხელფასები ვერ დაგვირიგებია“.

ამას ამბობს ელდარის თამარი, აი, ბიძინას თამარი უფრო ოპტიმისტურად პასუხობს პედაგოგებს. 2015 წლის სექტემბრიდან საბაზო ხელფასი 17%-ით მოიმატებსო; სერტიფიცირებულებს, ვინც მეორე კარიერულ საფეხურზე მოიაზრება, 31-34%-ით გაეზრდებათ ხელფასი, მესამე და მეოთხე საფეხურზე მყოფებს 760 და 860 ლარი ექნებათო, 2016-2017 წლებში კი მასწავლებლების ხელფასების ზრდა პროფესიაში შესვლისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით მოხდებაო; 2016 წლის აპრილიდან საბაზო ხელფასი, დღევანდელთან შედარებით, 34%-ით გაიზრდება, მეორე საფეხურზე მყოფებს, დღევანდელთან მიმართებით, 47%-ით გაეზრდებათ, მესამე და მეოთხე საფეხურზე მყოფთ 875 და 1085 ლარი გაუხდებათო; ხელფასები მესამედ 2017 წლიდან გაგეზრდებათო; მეორე საფეხურზე მყოფებს დღევანდელ ხელფასთან მიმართებაში 88%-ით გაზრდილი გექნებათო; მესამე საფეხურზე მყოფებს 1050, მეოთხეზე 1250 ექნებათო. მოკლედ, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800-1000 ლარი იქნებაო 2017 წლიდან…

ამ შემთხვევას ერთი ქართლური ანდაზა უხდება, _ აცე, ვირო, გაზაფხულზე იონჯა ამოვაო…

ძალიან იმედიანი ქალბატონია თამარი და სხვასაც აიმედებს _ იმედი აქვს, რომ 2017 წელს ისევ „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში… იმედიანადაა და აიმედებს 305-ლარიან პედაგოგებს. აუჯანყდა კიდეც პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი. ამ ცენტრის დირექტორის, დავით ფერაძის განცხადებით, სანიკიძის ხელფასი 35-36 პედაგოგის ხელფასს უტოლდება. მისი ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობრივი სარგო 3540 ლარია, რასაც ემატება დანამატი _ 2710 ლარის ოდენობით და პრემია 6250 ლარი, ანუ ჯამში 12 500 ლარი. ეს ინფორმაცია სანიკიძის უწყებამ გააპროტესტა, _ კი, სარგო 3540 ლარია, დანამატი 2710, მაგრამ 6250 ლარს პრემიად ყოველთვე კი არ იღებს, რაც დაინიშნა, ჯამურად აიღოო. კარგი, პრემია ჯამურად აიღო, მაგრამ ხელფასსა და დანამატს ხომ ყოველთვე იღებს? და ეგ რომ ჯამში 20-ჯერ მეტია პედაგოგის ხელფასზე? ან ის არაფერია, რომ მისი სამინისტროს რიგით მოხელეებს რომ დღეს იმაზე მეტი აქვთ ჯამაგირი, რაც მეოთხე კარიერულ საფეხურზე მყოფ მასწავლებლებს ექნებათ პოსტბიძინურ 2017 წელს?

ბოლოს „ნაციონალებმა“ სხვა მინისტრებთან ერთად მასაც აუფრიალეს დანამატები და პრემიები. უშუალოდ სანიკიძეს დანამატისა და პრემიის სახით 27 930 ლარი აქვს აღებული. და რა პასუხი გასცა ამ ყველაფერს თავად სანიკიძემ? ხელფასი და დანამატი ყველა მინისტრს ერთნაირად ეძლევა, სტანდარტიაო: „თუ მეტყვიან, დასახელებული 27 930 ლარი რისგან შედგება, უფრო კონკრეტულად გავცემდი პასუხს. ასე ვერ გეტყვით, არ დამიანგარიშებია. ისე კი, პრემიის სახით, დაახლოებით, 6000 ლარი მაქვს მიღებული და სხვა რაოდენობის პრემია არ ამიღია“, _ არ დაუანგარიშებია _ რადიო 105. მაგას არ დაუანგარიშებია, ირმამ დაიანგარიშა, ნადირაშვილმა _ 21 680 ლარი დანამატად აიღო, 6250 ლარი _ პრემიად.

არ დაგავიწყდეთ, რომ ქალბატონი სანიკიძე მარტო განათლების მინისტრი კი არა, მეცნიერების მინისტრიცაა, რომელსაც 305-ლარიანი პედაგოგების გარდა, კვლევითი ინსტიტუტების 150-ლარიანი მეცნიერებიც აბარია…

ჩვენი მინისტრი კი იღებს გვარიან ხელფას-დანამატებს (ზემოდან პრემიებს), მაგრამ თუ მის დეკლარაციას ვერწმუნებით, მაინცდამაინც ყაირათიანობით არ გამოირჩევა. როგორც ჩანს, ბიძინას თამარს მართლა არ უყვარს ანგარიში ელდარის ბუღალტერ თამარისგან განსხვავებით, თორემ თუ გახსოვთ, ბუღალტერი თამარი გიორგობიანის გმირს ეუბნება კიდეც, _ შენზე 7 მანეთია დარჩენილი, ლუბას მიაკითხე, ლუბასო. ლუბასთან ჩვენ რა გვინდა და ჩვენს დეკლარაციას მივაკითხოთ _ ჯერ 2012 წლის დეკემბერში შევსებულს, რომელიც მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო თამარ სანიკიძემ. ხსენებული დეკლარაციის მიხედვით, სანიკიძეს თბილისში ბინა არ აქვს, მხოლოდ ბათუმში, გორგილაძის 88 ნომერში აქვს 92 კვადრატული მეტრი ფართი, მის მეუღლეს კი ათასი კვადრატული მეტრი მიწა კოტორაანთკარში. იგივე მონაცემებია 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაშიც. ამოცანა გვეკითხება, _ სად ცხოვრობს თბილისში ქალბატონი მინისტრი? თავის ან ქმრის ნათესავებთან? მაგ შემთხვევაში ვალდებული იყო, მათი მონაცემებიც შეეტანა დეკლარაციაში, რადგან გრაფას გარკვევით აწერია: „თქვენი ოჯახის წევრების (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი (გერი), თქვენთან მუდმივად მცხოვრები პირი) მონაცემები“. ამ გრაფაში ქალბატონ მინისტრს მხოლოდ ქმარ-შვილი ჰყავს შეყვანილი…

თბილისში ბინა არ აქვთ, მაგრამ მანქანები ჰყავთ ბლომად. მას 2007 წლის „BMW X5“ ჰყავს (გაფორმებული სხვაზე), მის მეუღლეს კი 2005 წლის „Nissan Patrol“ -ი, 1996 წლის „Mitsubishi Lancer“ -ი და 1993-წლიანი „Toyota Landcruiser“ -ი. ეს 2012 წელს, აი, 2014 წლისთვის ამ ესკორტს კიდევ ერთი მანქანა შეემატა _„ Rolls Royce“. ანუ დღეს ქალბატონი მინისტრის ოჯახს 5 მანქანა ჰყავს, მაგრამ დეკლარაციაში არ ჩანს ავტოფარეხი, არ ჩანს არც ბინა, არც ის, რომ ბინის ქირას იხდის, მაგრამ ჩანს ავეჯი… 2012 წლის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შეიძინა ავეჯი 1800 ლარად, 2014 წლის დეკლარაციაში კი ვკითხულობთ, რომ 2590 ლარის ავეჯი შეიძინა.

ამოცანა გვეკითხება, _ სად დგამს ამ ავეჯს ქალბატონი მინისტრი? ან რატომ ვერ ყიდულობს ბინას, როცა მის ოჯახს არცთუ ურიგო შემოსავალი აქვს? თავად თამარ სანიკიძეს 2012 წელს შევსებულ დეკლარაციაში წინა წლის შემოსავლად 48 060 ლარი („ჯიპას“ დირექტორობიდან) და 4837 ლარი (ურბანიზაციის ინსტიტუტში ფინანსური კონსულტანტობიდან) აქვს დაფიქსირებული, მის მეუღლეს კი 16 ათასი ლარი „საქორგგაზის“ დირექტორობიდან და 21 ათასი ლარი „საქგაზპროექტის“ დირექტორობიდან. 2012 წლისავე დეკლარაციის მიხედვით თამარ სანიკიძეს ქეშად 10 ათასი ლარი აქვს მითითებული და 4771 დოლარი „თიბისი ბანკში“ სადებეტო ანგარიშზე. მომდევნო წელს აშკარად იმატა შემოსავალმა ოჯახში. თამარ სანიკიძემ, 2013 წელს, როგორც მინისტრის მოადგილემ, 19175 ლარი შეიტანა ოჯახში, როგორც მინისტრმა _ 44466 ლარი. მისმა მეუღლემ, „საქორგგაზიდან“, როგორც დირექტორის მოადგილემ, 54 251 ლარი, „საქგაზპროექტიდან“ _ 36 ათასი ლარი და 7553 ლარი _ როგორც „საქორგგაზის“ გენერალურმა დირექტორმა…

და მაინც _ ბინას ვერ ვხედავთ!..

როგორც ჩანს, მაინც ითვალისწინებს იმას, რომ მინისტრობა პოლიტიკური თანამდებობაა, მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა და არა უბრალოდ მენეჯერი, ან, მით უფრო, ბუღალტერი და ამიტომ, ჟამიდან ჟამზე, ცდილობს ხოლმე პოლიტიკოსობას, თუმცა ეს მცდელობა მხოლოდ აქტუალურ თემებზე აცაბაცა განცხადებების კეთებით შემოიფარგლება და ხშირ შემთხვევაში ეს განცხადებები კიდევ სხვა სამსახურში ჰყავს ჩაყენებული _ პრემიერს ერთგულებას უმტკიცებს და ჩვენ იმას, რომ იგი მარგველაშვილის თამრო აღარაა და პრემიერის გუნდშია.

მაგალითად, როცა პრემიერი დაახეთქებს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე. წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვისო და როცა საზოგადოება აიჯაგრება, თამარ სანიკიძე პრემიერს გადაეფარება, _ არასწორ ინტერპრეტაციას ნუ აკეთებთო, მაგ შინაარსით არ გაუკეთებია პრემიერს კომენტარიო, ეს არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ერიაო. პრემიერს გადაეფარა, არც გამოუვიდა _ ვერც პირი მოსწმინდა და ამასობაში თვითონ უარესიც დაახეთქა. პრემიერის განცხადებაში საგანგაშო ის იყო, რომ სეპარატიმზი თვითგამორკვევად მოგვასაღა, თამარ სანიკიძის კომენტარში კი ის, რომ თურმე აფხაზი არ ყოფილა დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ერი. ქალბატონო თამარ, აფხაზები დააკნინეთო, ვინ გთხოვათ? საქმე მარტივადაა _ მიწაა ქართული და მისი მიტაცების უფლება არც დამოკიდებულ და არათვითმყოფად ერს აქვს და არც თვითმყოფადსა და დამოუკიდებელს. მაგრამ რა ქნას? _ ცდილობს, თავი დაიმკვიდროს პოლიტიკურ ოლიმპოზე და გვევლინება თამარ განმმარტებლად. ასე მაგალითად, ალასანიაზე გამოვიდა და თქვა: „თუ პრემიერი ამბობს, ალასანიასთან აქვს შეკითხვები, ესე იგი, აქვს შეკითხვები, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დადგეს მისი დაკითხვის მომენტი“…

ეს მანამ იყო, სანამ პრემიერი ამბიციურად, უჭკუოდ და ავანტიურისტად შერაცხავდა ალასანიას, აი, რომ შერაცხა, მერე სანიკიძეც გამოენთო და კვერი დაუკრა. ვფიქრობო, თავის გაიგივება პროდასავლურ ორიენტაციასთან, ქვეყნის არჩევანთან, ან თუნდაც ჯართან ზედმეტად ამბიციურიაო. მარგველაშვილთან განსწავლული ქალბატონი ღარიბაშვილის მებაირახტრედ იქცა. არათუ სხვებს შემოსწყრება ხოლმე ღარიბაშვილის გამო, ავანსად საკუთარ პერსონასაც წასწვდა, _ შეუცვლელი არავინაა და თუ ჩემი შეცვლა საჭირო გახდება, გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებსო. აბა, ჩვენს ყბაში ხომ არ ჩააგდებდა ბიძინას ჯამაგირიას და ხომ არ გვეტყოდა, _ როგორც ის ბრძენი კაცი ინებებსო?

მისი აპეკუნი გიორგი მარგველაშვილი თავს კი გვაწონებდა, _ პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რაც იყო უმნიშვნელოვანესი, ჩვენ მოვახდინეთ განათლებისა და მეცნიერების სისტემის დეპოლიტიზაციაო. მარგველაშვილი ერთს ამბობს და რეალობა მეორეა. სერგო რატიანის განცხადებით, ივანიშვილის მთავრობამ პროფესიონალი კადრების „ოცნების“ პარტაქტივით ჩანაცვლება თვითმმართველობების, პოლიციისა და სხვადასხვა უწყებების შემდეგ უკვე სკოლებში დაიწყო. განათლების სამინისტრომ ყველა ბერკეტი გამოიყენა დირექტორების არჩევითობის პრინციპის შესაზღუდად. ზედ არჩევნების წინ სამეურვეო საბჭოებში პროცედურების დარღვევით ჩასვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. თბილისის 215 სკოლიდან 57 სკოლაში მინისტრმა სანიკიძემ საერთოდ არ წარადგინა დირექტორობის კანდიდატები. მიზეზი? როგორც სერგო რატიანი განმარტავს, სანიკიძემ „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ოფისებთან და შესაბამისი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან სასურველი ფავორიტის ვინაობა ვერ გაარკვია. დანარჩენ 158 სკოლიდან 95 სკოლაში მხოლოდ თითო კანდიდატი წარადგინეს, იქ, კი სადაც რამდენიმე კანდიდატი იყო წარდგენილი, სამეურვეო საბჭოს წევრებს „მიხედეს“. სერგო რატიანის განცხადებით, სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრ მშობლებზე მერიამ, გამგეობებმა, სხვადასხვა საჯარო სამსახურის გენერალურმა ინსპეციებმა (სადაც ეს მშობლები არიან დასაქმებულნი) პირდაპირი შანტაჟი და მუქარა განახორციელეს. ამის გარდა „ოცნებისთვის“ მიუღებელი დირექტორობის კანდიდატების გაცხრილვაზე მანამდეც უზრუნიათ _ ზოგი სერტიფიცირებისას გაცხრილეს, ზოგი იმ გასაუბრებებზე დააპანღურეს, რომელიც არჩევნებს უძღოდა წინ. ეს ყველაფერი ჟურნალია იმასთან, რაც სანიკიძემ მოიმოქმედა. გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც, თუკი სამეურვეო საბჭოები დაიწუნებენ დირექტორობის კანდიდატს, მინისტრს უფლება აქვს, თავად დანიშნოს სკოლის დირექტორი 6 წლით. აი, ამ ბრძანების შემდეგ ან არჩევნებს რა აზრი აქვს, ან მარგველაშვილის „ბლატაობას“ სკოლების დეპოლიტიზაციის ამბავსა და გაგებაში?

ან მაშინ, როცა კანონში ცვლილებების შეტანა მოინდომა, რომელიც ითვალისწინებს როგორც პედაგოგისთვის პედაგოგობის უფლების ჩამორთმევას, ისე დირექტორისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევას? ანუ ყველა ბერკეტი სამინისტროს ხელში იქნება და მინისტრი იოლად მოიშორებს სისტემიდან არასასურველ კადრებს. როცა ეს კანონპროექტი პარლამენტში გაუკრიტიკეს, სულ არაკომპეტენტურები ეძახა ყველას ჩვენმა კომპეტენტურმა მუშაკმა განათლების სისტემისამ, უკაცრავად _ ბუღალტერიისამ…

და კიდევ: სამინისტროს ხელში იქნება, ვინ რა ხელფასს აიღებს, ისიც _ მასწავლებლებს საკლასო ოთახებში დააკვირდებიან სპეციალისტები და სწორედ სპეციალისტების შეფასებაზე იქნება დამოკიდებული პედაგოგთა ხელფასები… ვისაც უნდა წაახალისებენ, ვისაც უნდა დაიბრიყვებენ. პოლიტიკურ კონიუქტურასაც რომ არ ჰქონდეს ადგილი, როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი? ეს სპეციალისტები მივლენ ერთხელ, ჰა _ ორჯერ, იმ ერთხელ და მეორედ ყველა პედაგოგი თავს გაიგიჟებს საჩვენებლად და ეს ნიშნავს კი იმას, რომ ის პედაგოგი სულ ისე მონდომებითა და თავგანწირვით ატარებს გაკვეთილს?

განათლების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, მინისტრ სანიკიძეს ღიად უწოდა მავნებელი და ამომწურავად ჩამოთვალა ის ყველაფერი, რისი გაფუჭებაც მოახერხა მან ამ 2 წელიწადში: რომ საჯარო სკოლების დიდ ნაწილში ანტისანიტარია სუფევს და მწყობრიდანაა გამოსული გათბობის სისტემები, რადგან არ მოხდა რეაბილიტაცია დროულად; ჩააგდო მილენიუმის პროექტით დაგეგმილი სკოლების 50 მილიონ დოლარიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები; გაუქმდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, არადა, შენობაც აშენებული იყო, ბიუჯეტიც განსაზღვრული, აშშ-ს მთავრობა 40 მილიონ დოლარს დებდა, რითაც ნიჭიერი ქართველები ისწავლიდნენ და მიიღებდნენ ყველგან აღიარებულ ამერიკულ დიპლომს; დედა ეტირა პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ _ 1500 ევროპელი და ამერიკელი მასწავლებლის მაგიერ დღეს ადგილზე 50-ც აღარაა.

გაჩერდა მასწავლებელთა სახლების მშენებლობა, სადაც მასწავლებლებს უფასოდ უნდა გაევლოთ კურსები და მომზადებულიყვნენ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის;

2014 წელს უნდა დასრულებულიყო ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია, მაგრამ გაჩერდა; გაუქმდა როგორც სკოლებისთვის ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის 1000 ლაბორატორიის შეძენის პროგრამა, ისე სკოლების სასადილოების რეაბილიტაციისა და უნაღდო ანგარიშსწორების პროგრამა. ლაბორატორია კი არა, შაშკინის განცხადებით, ახალ მთავრობას 2012 წლიდან დღემდე არ შეუძენია არც ერთი ახალი მერხი და დაფა სკოლებისთვის, არც ჩვეულებრივი დაფა და არც „ჭკვიანი დაფა“ (Smart Board); გაჩერდა ელექტრონული ჟურნალების პროგრამაც და არც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის დანერგვაზე იკლავს თავს სამინისტრო და არც უფასო Wi-Fi წერტილების შექმნაზე მოსწავლეებისთვის. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმისა, რისთვისაც შაშკინი სანიკიძეს ადანაშაულებს. მთავარი კი მაინც ისაა, რომ სკოლებში დაბრუნდა კორუფცია, ნიშნების წერა საჩუქრებისა და ფულის სანაცვლოდ, ფულის გროვება… და ის, რომ როგორც ექსმინისტრი ამბობს, სამინისტროს და სისტემას მართავენ მინისტრის „დაქალოჩკები“…

 

                                                                                                      რეზო შატაკიშვილი