„ვინ მიაჭედებს სამების საკათედრო ტაძრის კარიბჭეზე კომპრომატების მთელ ნუსხას?!“

4444

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს „ქრონიკა+“-თან საუბარი საეკლესიო ცხოვრებაში წლების განმავლობაში დამკვიდრებულმა მანკიერებებმა, მარაზმამდე დასულმა ბრმა რიტუალიზმმა და ზნეობრივმა უკეთურებამ გადააწყვეტინა. იგი მიიჩნევს, რომ მოვალეა, როგორც რიგითმა მორწმუნემ, ეკლესიის წევრმა, მედავითნემ, სტიქაროსანმა ღვთისმოშიშებითა და კრძალვით, ღიად გამოხატოს სატკივარი, რაც მისივე თქმით, არ ნიშნავს მართლმადიდებლური საეკლესიო სწავლა-მოძღვრებისა და სულიწმიდისეული განწესებისადმი შეუთავსებლობას. არც ამბოხების სურვილი და რევოლუციური დამოკიდებულება აქვს.

გიორგი თიგინაშვილი:

_ სატკივარის გამხელა არ ნიშნავს ეკლესიის მტრობას, საპატრიარქოს დისკრედიტაციას, სასულიერო იერარქების შეურაცხყოფას, მათ დამცირებასა და განქიქებას. ჩემი წყენისა და აღშფოთების ადრესატი არის, ზოგადად, არასულიერი ატმოსფერო, სასულიერო იერარქიისა და მრევლის არცთუ ისე მცირე ნაწილი, რომელთა შორისაც და რომელთა მხრიდანაც, რიტორიკასა თუ ქმედებაში, თავს მოხვევის ფანატიკურ-ფუნდამენტალისტური და ფსევდოლიბერალური პრინციპით, ყოველდღიურად იდევნება ქრისტეს ფენომენი. როგორც ვაჟა-ფშაველა იტყოდა: „დღევანდელი ჩვენი ეკლესია ფორმაში გამოიხატება, ხოლო მღვდლის სამსახური მარტო წესების ასრულებაში“.

_ ანუ ჩვენი ეკლესია დღეს ფორმალურია?

_ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აკისრია სახელმწიფოებრივ-კულტურული განვითარების საქმეში. მან დიდწილად განსაზღვრა ერის თვითმყოფადობა, იდენტობა და მისი ზნე-ხასიათი. ამასთან თვალნათლივ ვხედავთ ბოლო 35 წლის განმავლობაში ეკლესიის (იერარქიის) ღვაწლს, ამაგსა და დამსახურებას. ათეისტური მსოფლმხედველობის დაძლევა და ერის ღვთის გზაზე მოქცევა, რაღა თქმა უნდა, უდიდესი ძალისხმევისა და შრომის შედეგი იყო, რომელიც უამრავ ქარტეხილს, წნეხსა და დაბრკოლებას მოიცავდა. მიუხედავად სირთულეებისა, გამრავლდა ეკლესია-მონასტრები, არნახულად იმატა მრევლის რაოდენობამ, გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები, გაიზარდა სამღვდელო დასი, გამოიცა უამრავი საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ყოველივე ეს მეტად სამადლობელია და დასაფასებელი. ამის უგულებელყოფა უსამართლობა და უმადურობა იქნებოდა, მაგრამ აქვე მორიდებით დავძენდი, რომ ეს იყო პირველი ეტაპი აღორძინებისა, რომელმაც საკუთარი რესურსი უკვე ამოწურა. ახლა ხარისხის გაუმჯობესებისა და მისიონერული ტემპის აჩქარების დროა, რისთვისაც, როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, თითქმის არავინ იღვწის. თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ჯანსაღი რელიგიური აზროვნების   დეფიციტია. ამის მიზეზი კი უმთავრესად არის ინტელექტის, ერუდიციისა და განათლების სიმწირე. გაუნათლებლობა მავანისათვის ნოყიერი ნიადაგია საკუთარი თავის განდიდებისა და „ხალხური“ ღვთისმეტყველებისთვის.

_ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი საკუთარი თავისგან კერპს ქმნის?

_ სადღეისოდ, სასულიერო დასში, საერთო ფონის გათვალისწინებით, კატასტროფული რეალობა გვაქვს კვალიფიციური საღვთისმეტყველო აზროვნების კუთხით, რაც ქმნის სრულ სტაგნაციასა და დახუთულობას სულიერ სფეროში. როგორც წმ. იოანე ოქროპირი იტყოდა: „მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვარის ზედამხედველებად, რომლისთვისაც ძე ღვთისამ თავისი სისხლი დაღვარა“.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი იზოლაციონიზმი და ეკლესიის მესვეურთა გარკვეული ნაწილის ინდიფერენტული თუ სტატიკური პოზა განპირობებულია უწიგნურობით, არაკომპეტენტურობითა და იმგვარი „მსოფლმხედველობით“, სადაც „სულიერება“ ცოდნის ჯალათად გვევლინება, სადაც მერკანტილურ-ეგოისტური ინტერესები ბევრად უფრო მოწინავეა, ვიდრე მორალური ვალდებულებები, რომლის აღსრულების პასუხისმგებლობაც იდეაში თითოეულ სასულიერო პირს აკისრია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებლობა არის არა რაღაც მშრალი მორალი, არა უბრალოდ ზნეობა, არამედ მარადისობაში პიროვნული მყოფობა და თვით სიცოცხლე ცოცხალ და პიროვნულ ღმერთში დედამიწიდანვე, სადაც თავისუფლება ყველაზე უფრო დახვეწილ, სრულყოფილ და სასარგებლო ჯილდოდ გვევლინება.

_ ამ მდგომარეობაზე კონტროლს, პრობლემების მყისიერად გამოსწორებას საპატრიარქო არ უნდა ცდილობდეს?

_ სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციის (თანამშრომელთა უმრავლესობა და არა ყველა) სამოღვაწეო პროფილმა, ნაცვლად გულმხურვალე მისიონერული საქმიანობისა, სოციალურად _ სადუკევლური, ხოლო პნევმატურად კი ობსკურანტული ორგანიზაციის ხასიათი შეიძინა, რომელიც გამოირჩევა მკაცრი შეუვალობითა და ინკვიზიციური პრინციპულობით, სადაც არ სჭირდებათ ცოცხალი ღმერთი, რადგან მათთვის პირადი კომპლექსები უპირატესია. ამგვარი კატეგორიის „მოღვაწენი“ აბსოლუტურად ვერ აცნობიერებენ, რომ რელიგიის არსი ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის იდეას ემყარება, სადაც ადამიანი ღვთის შემდეგ უმაღლესი პიროვნული არსებაა, რომლის მსახურება და განსწავლაც, წესით, მათ უმთავრეს მოვალეობებში უნდა შედიოდეს: „ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მთ.20,28); სხვაგან: „ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მთ.28,20).

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ნაცვლად გახსნილობისა, საპატრიარქოს თვისობრივმა პოლიტიკამ სავსებით არაჯანსაღი სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც სამგვარი გამოვლინების მახასიათებელი დასჩემდა, ესენია: ყრუ დუმილის, მკაცრი ჩაკეტილობისა და მოიერიშე დომინირების სიმპტომები. სამივე მიმართულება ეკლესიის სისტემის მნიშვნელოვან გარანტად მიიჩნევა და ვინც მას დაარღვევს, უმკაცრესად ისჯება. მძიმე კონიუნქტურული სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ კვლავაც გულამოსკვნით გოდებს წმ. ეფრემ ასური, რომელიც თითქოს დღევანდელობაზე ჩიოდა: „ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უზრუნველობამ“.

_ შეიძლება საქართველოს საეკლესიო სივრცეში გაჩენილი უმძიმესი პრობლემები პუნქტებად დავყოთ?

_ დიახ. პირველ რიგში, შევეხები ღვთისმეტყველების პროფანაციას. საეკლესიო ამბიონებიდან დოგმატური ღვთისმეტყველების ნაცვლად, ფსევდოპატრიოტული, ცრუმესიანისტური, ქსენოფობიური და შოვინისტური იდეოლოგიის ომახიანი ქადაგება გაისმის, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცნობიერებას. მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმის ასეთი წახალისება წარმოადგენს იდეოლოგიურ და კვაზირელიგიურ კლერიკალიზმს. მისთვის დამახასიათებელია პატრიოტული პოპულიზმი და მტრის ხატის შექმნა. ჭეშმარიტი რწმენა კი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს იდეოლოგიად. დაუშვებელია რელიგიის იდეოლოგიზირება, რომელიც ტოტალიტარულად ზემოქმედებს ადამიანთა ფსიქიკაზე. აბსოლუტური განსხვავებაა რელიგიასა და იდეოლოგიას შორის, რადგან რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზე პირადულია და იგი ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, იდეოლოგიის ნებისმიერი სახე კი ყოველივე პირადულს, როგორც უსარგებლოს, მკაცრად უარყოფს. რელიგია რწმენისაკენ მოწოდებაა და ყოველთვის ინდივიდისკენაა მიმართული, იდეოლოგია კი ხალხის მასების, კოლექტივებისა და კლასებისადმი. რელიგიის არსი და მიზანია, რომ ღვთის შემეცნებით ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავი და გახდეს მსგავსება უფლისა. იდეოლოგიის მიზანი და პათოსი იმაში მდგომარეობს, რომ მთლიანად დაიქვემდებაროს ადამიანი და უშუალოდ იდეოლოგიის მსახური გახადოს. რელიგია მუდამ მოგვიწოდებს, რომ ყოველ კონკრეტულ ადამიანში ვხედავდეთ მოყვასს, იდეოლოგია კი ყოველთვის უპიროვნო, შორეული, განყენებული და აბსტრაქტული „ადამიანისკენაა“ მიმართული.

პრობლემების პუნქტობრივ ჩამონათვალში აღსანიშნავია, რომ მუდმივად ვრცელდება ანტიქრისტიანულ-ნაცისტური სწავლება „ზეციური საქართველოს“ არსებობის შესახებ, რაც არის სრული ესკაპიზმი და თეოლოგიური ნონსენსი, რომლის კულტივირებასაც თავად სასულიერო პირები ახდენენ. შემდეგი პუნქტებია: ცრუ სწავლება ცოდვის მემკვიდრეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თურმე, მამაპაპისეული დანაშაულების გამო მომავალი თაობები ისჯებიან; ორიგენიზმის (რწმენა ჯოჯოხეთის მოსპობისა და საყოველთაო ცხონების შესახებ) აპოლოგია; ეკუმენიზმი, რომელიც გულისხმობს არა უბრალოდ საღვთისმეტყველო დიალოგს, არამედ ქრისტიანულ კონფესიებთან თანალოცვასა და ლიტურგიკულ აღრევას; რუსოფილური იდეების (სტალინის, რომანოვების, ერთმორწმუნეობის) საკრალიზაცია, მათი პროპაგანდა და დასავლური სამყაროს დემონიზაცია; ანიმისტური წარმართობის ქადაგება, რომელსაც ხალხური ტრადიციებიდან გამომდინარე ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ; ეროვნულ მოღვაწეთა კანონიზაციის სტიქიური მოდურობა, როცა მხოლოდ ზერელე კვლევა-ძიების მიხედვით ხდება ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად შერაცხვა (ზოგჯერ შერაცხვიდან მეორე დღეს დეკანონიზაციაც); კათოლიკოს-პატრიარქის პაპისტური უცდომელობისა და შეუვალობის პრიმატი, რაც გულისხმობს მისდამი დამახინჯებულ დამოკიდებულებას (რომელიც, ძირითადად, ილია II-ის გარშემომყოფთაგან არის ინსპირირებული). ყოველივე ეს ფეტიშიზმისა და კერპთაყვანისმცემლობის ხასიათს ატარებს; „წმინდა და დიდი სჯულის კანონის“ სრული უგულებელყოფა, რომლის ნაცვლადაც მოქმედებს მხოლოდ ერთი, დაუწერელი და საზოგადო კანონი _ აბსოლუტური და უპირობო მორჩილება კათოლიკოს-პატრიარქისა („ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა“. იგავ. 28,9).

_ ხშირად მსმენია, რომ საპატრიარქოში იგივე ხდება, რაც ერში, ნეპოტიზმი, პროტექციები მძვინვარებს.

_ ეს არის კანონიკური დარღვევა და ამ მხრივაც პრობლემათა გრძელი ნუსხა გვაქვს. საღვთისმეტყველო განათლების არქმონე პირთა ხელდასხმა და, ზოგადად, თითქმის არანაირი კრიტერიუმებისა თუ სტანდარტების არარსებობა ქიროტონიისათვის, არამედ წარდგენილი პირის ნეპოტიზმით, პროტექციებითა და ნაცნობობით კურთხევა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად არსებობს „სამღვდელო კანდიდატთა კურთხევის კომისია“, რეალურად, იგი, თითქმის სრულიად უფუნქციოა.

კანონიკური დარღვევაა იმ ტიპის მღვდელმთავართა ეპისკოპატში არსებობა, რომელნიც ბერად აღკვეცის შემდეგაც პირადი მონაგარითა და შვილიერებით თავმომწონეობენ და კვლავინდებურად აგრძელებენ ოჯახურ ცხოვრებას. პრობლემაა მეორე (ზოგჯერ მესამე) ქორწინებაში მყოფი თეთრი სამღვდელოება, რომელნიც ყოველგვარი გაფრთხილებისა და დასჯის გარეშე მსახურობენ. პრობლემაა მცირეწლოვანთა სასულიერო ხარისხებში აყვანა, რომელთაც, როგორც გამოცდილებამ ცხადყო, უმეტესად ეძნელებათ ნაკისრი ვალდებულებების გაძღოლა. პრობლემაა ეკლესიისა და ეპარქიათა მართვაში ავტოკრატიზმი, რომელიც უგულებელყოფს კრებითობის პრინციპს.

არ არსებობს საეკლესიო სასამართლო (დიკასტერია), რომელიც წარმოადგენს საეკლესიო ცხოვრების არბიტრსა და პირუთვნელ მეთვალყურეს. იგი უნდა განიხილავდეს ყოველგვარ დავას მონასტრებსა და ეკლესიებს შორის; ეკლესიათა და მონასტერთა ქონების ხელყოფის საკითხებს; სასულიერო პირების ყოველგვარ უღირს საქციელს როგორც ყოფაში, ისე მღვდელთმსახურებაში; სასულიერო პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს; შვილად აყვანისა და განქორწინების საკითხებს; უკანონო ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ყოფით დავებს ოჯახის წევრთა შორის და ა. შ. პრობლემაა ქართველ წმინდანთა ლიტურგიკული განგების არქონა, რაც დიდი ხანია არ დგას დღის წესრიგში; მარხვაში (გარდა დიდმარხვისა და ერთდღიანი სადღესასწაულო მარხვებისა) ერისკაცთათვის თევზის არდაშვება და ამ (მარხვის) პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან ცოლქმრული თანაცხოვრების აკრძალვა მრევლისთვის;

კანონიკური დარღვევაა სამონასტრო ტრადიციებისა და ტიპიკონების სრული გაუთვალისწინებლობა; წმ. სინოდის განჩინებათა არშესრულება (მაგალითად, წმინდა სინოდის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებიდან: „წმინდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. ამასთან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები“).

დარღვევაა სიზმართ-მეზღაპრეობა და ამის მიხედვით ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. სიმონია (საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვა), რომლის შესახებ კვლავაც დარდობს წმ. მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი: „არ ვაქებ ჩვენში არსებულ არეულობასა და უწესრიგობას. ჩვენს დროში იქმნება იმის საშიშროება, რომ ყველაზე წმინდა ხარისხი ყველას დასაცინი გახდეს, რადგან წინამძღვრობა უკვე ქველი საქმეებით კი არ მოიპოვება, არამედ ხერხითა და ხრიკით“; მიუღებელია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს ანტიკანონიკური ქმედებების არგაპროტესტება და იგნორირება; მართლმადიდებლურ ეკლესიებთან კომუნიკაციის ნაკლებობა. სამაგიეროდ კი ჩრდილოეთის „დიდი“ ეკლესიისადმი უსიტყვო ნდობა-მორჩილება; მიუღებელია ისტორიული ეკლესია-მონასტრების „რესტავრაცია-განახლებები“, რაც იწვევს მათ დამახინჯება-დაზიანებებს, მაშინ როდესაც საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების რესტავრაციისა და საეკლესიო ხელოვნების საბჭო ამ საკითხების მონიტორინგისთვის უნდა ფუნქციონირებდეს.

_ ზნეობრივი დაცემის პრობლემა რამდენად დგას ეკლესიაში?

_ პრობლემათა ჩამონათვალს გეტყვით და თვითონ გააკეთეთ დასკვნა. ზნეობრივი დაცემის ნიშნებია: 1. ჰომოსექსუალური ლობის არსებობა, რომლის წევრებიც საკმაოდ გავლენიან წოდებებსა თუ თანამდებობებს ფლობენ; 2. ნარკომომხმარებელი სასულიერო პირების დაუსჯელობა; 3. მრუშობაში მხილებული სასულიერო პირების დაუსჯელობა ან დროებითი დასჯა და მცირე ხნის შემდეგ კვლავ იმავე პატივში აღდგენა („იმყოფებიან შენთან, რომლებიც მისდევენ ნიკოლაელთა მოძღვრებას, რომელიც მე მძულს“ (გამოც.2,15); 4. სამღვდელოების ნაწილის მიერ ზღვარდაუდებელი ფუფუნებითა და ანგარებით ცხოვრება (ძვირადღირებული ავტომობილებით სიარული, სახმართმოყვარეობა, სნობიზმი, ფრანტობა და ა. შ.) იმ ფონზე, როცა მოსახლეობის 60% სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება („მაშინ, როდესაც ძმები ეკლესიაში შიმშილობენ, მოხვეჭის ვნებით გატაცებული ეპისკოპოსები ავაზაკურად ეუფლებიან საერთო შემოსავალს“, _ წმ. კვიპრიანე კართაგენელი).

საინტერესოა მიხეილ ჯავახიშვილის ეპოქალური შეფასება იმ დროის დაცემული მდგომარეობის მიმართ, რომელიც რაღაცით თითქოს ჩამოჰგავს ახლანდელ სურათს: „ერთი ჰკითხეთ ამ სულიერ მამებს, ვისა ჰბაძავენ ისინი? ქრისტესაო, გეტყვიან, მაგრამ როდის ცხოვრობდა ქრისტე ხალიჩებით მორთულ სამსართულიან სახლებში, როდის ჰყავდა იესოს ათი ხელზე მოსამსახურე, როდის დადიოდა ქრისტე მშვენიერი კარეტებით? ზოგი არქიელია, ბანკებში ათასობით უწყვია, მაგრამ, აბა, ერთი, მიდი იმასთან და შველა სთხოვე? ის მაშინვე საიქიოს გაგისტუმრებთ და მომავალ ცხოვრებით განუგეშებთ. ქალაქ კიევში ერთი მონასტერია, რომელსაც ასი მილიონი შეიძლება აქვს, მაგრამ ამ ეკლესიას დღემდის დამშეულ გლეხებისთვის კაპეიკიც არ მიუცია. საიდან მიიღო ეკლესიამ ამდენი ფული? ხალხიდან და მლოცავებიდან, მაგრამ იკითხეთ, რატომ არ ეხმარებიან გაჭირვების დროს იმ ხალხს, რომელმაც იმოდენა შეძლება მისცა მღვდლებსა და ბერებს?“

5. ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან ფიქსირდება აღსარების საიდუმლოს გაცემის მრავალი ფაქტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ამა თუ იმ პიროვნების წინააღმდეგ მიმართული შანტაჟი და მუქარა. 6. სასულიერო პირთა პოლიტიკანობა, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, როგორც, ეკლესიის ბუნებას, ისე კერძო სინოდალურ დადგენილებებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ; 7. გარეულ ცხოველთა ეკლესია-მონასტრების ეზოებში დამწყვდევა; 8. საეკლესიო სახსრებისა და საპატრიარქოს ბიუჯეტის გაუმჭვირვალე ხარჯვა. არადა, აუცილებელია, რომ ეკლესიის მმართველობითი სისტემა გახდეს ყველასათვის თვალსაჩინო და ღია. მისი საქმიანობა არ უნდა იყოს ოფშორულ ზონასა და შავ ხვრელში კოლაფსირებული („მთელი დიდება თქვენ გებოძათ და აღსრულდა დაწერილი: ჭამდით და სვამდით, გასუქდით და დამრგვალდით, და დაივიწყეთ ღმერთი“. II რჯულ. 32,15).

წმ. ილია მართალიც (ჭავჭავაძე), მისსავე ეპოქაში არსებულ სასულიერო პირთა მომხვეჭელობის შესახებ, დაღონებულად წუხდა: „დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენი უწინდელი სამღვდელოების ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე; დღეს ყოველი საკუთარი სტომაქისთვის იღვწის და საკუთარი სარგებელის დევნაშია გართული. მხოლოდ ორიოდ პირი მოსჩანს ჩვენს სამღვდელოებაში ისეთი, რომელსაც ქვეყნისადმი ძველთა მამათმთავართა გულმტკივნეულობა აქვს შემორჩენილი და რომელთა არსებობაც გვათქმევინებს: ჯერ კიდევ მსახურნი მართალთა ღმერთის-მსახურებისა არ წარსწყმედილან ჩვენშიო“.

მიმაჩნია, რომ ეკლესიის ბიუჯეტი არა მარტო ტაძრების რესტავრაციასა და აშენებას უნდა მოხმარდეს, არამედ, უმთავრესად, ცოცხალი ტაძრების, ანუ ქრისტეს მსახური ადამიანების განსწავლასა და აღზრდას. იდეაშიც ხომ ასეა, ეკლესიის ძლიერება ამაში იგულისხმება და არა რელიგიურ შენობა-ნაგებობათა სიმრავლეში!.. სამწუხაროდ, თამამად შეიძლება ვაღიაროთ, რომ საეკლესიო ცხოვრება საქართველოში ერთობ ღრმა კრიზისს განიცდის. მრევლი სისხლისგან იცლება, ხოლო ჭრილობათა განმამრთელებელი კი ვაი, რომ ჯერაც არ ჩანს.

შიდა სივრცეში ორი, გამოკვეთილად პლატფორმირებული მიმართულება გვაქვს, ესენია: კონსერვატიული და ლიბერალური. ორივე საკუთარი რეგალიების გაფართოებისა და შენარჩუნებისათვის იბრძვის. ეპისკოპატში ერთსულოვნებისა და მოციქულობრივი ძმობის განწყობები თითქმის არ მოგვეპოვება. პირიქით, ძალზე ხშირია კონფლიქტური ბუტიაობა და ცილობა ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ. სამწუხაროდ, სწორედ ამიტომაც არ არსებობს ბალანსირებული ძალა, რომელიც პრობლემათა დაძლევის ჯანსაღ მეთოდიკაზე იმუშავებს. ხოლო თუკი მრევლთაგან ვინმე გამაჯანსაღებელ ინიციატივას გამოიჩენს, მაშინვე მის სტიგმატიზირებასა და სეგრეგაციას მიმართავენ, რათა განდევნონ და მტრად შერაცხონ სიტუაციის დარეგულირებით დაინტერესებული პირი.

_ რამდენად შესაძლებელია, რომ პატრიარქმა არ იცოდეს, რა ხდება მის ირგვლივ?

_ უამრავ ეჭვს ბადებს უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქის შავბნელი გარემოცვა, რომელიც ბურუსით მოცულ, გაურკვეველ საქმიანობას ეწევა თავად ილია II-ის გარშემო და ხელს უწყობს საჭეთმპყრობელის ვაკუუმში ყოფნას. ამ ყოველივეს ერთვის ისიც, რომ ღირსეული თუ პატიოსანი სამღვდელოება ჩრდილშია და იჩაგრება მავანის იქედნური მოქმედებების გამო. აქედან გამომდინარე მოაზროვნე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მცირერიცხოვანია, სრულიად დემორალიზებული და დაქსაქსულია.

ალბათ, როგორც მარტინ ლუთერმა 1517 წელს ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსობისათვის, საჯარო ყურადღების მოსაპყრობად, ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი „95 თეზისი“, ჩვენც ასევე უნდა მივაჭედოთ სამების საკათედრო ტაძრის კარიბჭეზე კომპრომატების მთელი ნუსხა, რათა ყურად იღონ მრევლის თვალით დანახული სატკივარი, რამეთუ ჯერ კიდევ რაიმე სახის დამაიმედებელი ძვრა, სამწუხაროდ, არ ჩანს, ხოლო წმ. ბასილი დიდი კი ისევაც დაგვტირის მამობრივი მოთქმით: „ეკლესია თითქმის ისეთსავე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემი სხეული: არანაირი იმედი არ ჩანს, ვითარება თანდათან უარესისკენ იცვლება“.

_ ხშირად მითქმა-მოთქმის საგანია თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია.

_ ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში არსებული სავალალო მდგომარეობა, სადაც სამხედრო დონის ფსევდოდისციპლინითა და ანტიადამიანური წესრიგით სტუდენტური სპექტრი დიდ ზეწოლას, ზომბირებასა და წნეხს განიცდის. სულიერება და სიყვარული მთლიანად უკანა პლანზეა გადაწეული. სასწავლებელთა შინაგანაწესი თუ ქცევის კოდექსი მთლიანად გაჯერებულია მონური სულისკვეთებით. ამასთან, პედკოლექტივისა და პროფესორ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი ფინანსური სარგებლის გამო კონფორმისტულადაა განწყობილი და ზოგიერთი (პავლე ჩუდეცკის მემკვიდრე) ფსიქო-პათოლოგიურად განწყობილი სასულიერო პირის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ გაყინულ და სტატიკურ მდგომარეობაშია სასწავლო სისტემისა და საგანმანათლებლო პროცესის მოდერნიზაცია-განვითარება. რაც შეეხება უშუალოდ სასწავლებლის მოქმედ რექტორს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი მრავალგზის შემჩნეულია სახალხო პირადი განდიდებისა და ამასთანვე სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების დამცირებისა და შეურაცხყოფის უამრავ ფაქტში, მათ შორის, არაერთხელ ხელით შეხებაშიც კი. მისი აგრესიისგან თავდასაცავად სტუდენტებმა არაერთგზის, არგუმენტირებული საჩივრით მიმართეს საპატრიარქოს, თუმცა ნაცვლად ადეკვატური რეაგირებისა, მომჩივანთა საწუხარის გაზიარებისა და მოსწავლეთა უფლებების დაცვისა, იქით გაიკიცხნენ და დაისაჯნენ კიდეც სხვადასხვა ფორმით, რამაც ძალიან დიდი იმედგაცრუება და ნიჰილიზმი გამოიწვია ჩვენში.

პირადად მე 2004-2008 წწ.-ებში სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგაც სწავლა განვაგრძე (პირდაპირ უგამოცდოდ, მაღალი ქულების გამო) სასულიერო აკადემიაში, სადაც 1-ლი კურსი ვიარე მხოლოდ 2008-2009 წწ.-ებში იმის გამო, რომ ვერ ვეგუებოდი უსამართლობას, განუკითხაობასა და უწესობას, თავი გავარიდე აღნიშნულ სასწავლებელს, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელთანაც ტკბილი მოგონებებიც მაკავშირებს. ხოლო მას შემდეგ კი, რაც რექტორად ჩუდეცკის თვისობრივი კლონი დანიშნეს, სასწავლებელში აღარც მივსულვარ. მერწმუნეთ, ყოველივეს გულახდილად, დიდი ტკივილითა და განცდით ვამბობ. ასევე ფიქრობს უამრავი ჩემი კოლეგა და მეგობარი, რომელიც, უბრალოდ, უხერხულობისა და შექმნილი კონიუნქტურის გამო ხმას ვერ იღებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, სემინარია-აკადემიაში „მოღვაწე“ პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს, საზეიმო ვითარებაში, სრულიად ხელოვნურად, დაჩქარებული წესით, საღვთისმეტყველო ხარისხები მიანიჭეს, რომელთაც აქამდე, ჯერ კიდევ არანაირი საღვთისმეტყველო შრომა არ აქვთ დაწერილი. იმათ გასაგონად კი, ვინც არსებულ რეჟიმს კონფორმისტული დამოკიდებულებით ეგუება, სოლომონ ბრძენის სიტყვებს ხმამაღლა ვიტყოდი: „როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თავქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?“ (იგავ. 1,22).

მორწმუნე საზოგადოების რაღაც ნაწილი კი, გარშემო დასადგურებული სულიერი ღრუბლის შემხედვარე, ყოველდღიურ ფიქრებში, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველივით სევდიანად იმეორებს ერთსა და იმავე ტრაგიკულ სიტყვებს: „კითხულობ, როგორ არის ჩვენი საქმეები? უკიდურესად მძიმედ. ეკლესიები მწყემსების გარეშე არიან: კეთილი იღუპება, ბოროტება კი ყველგან იჩენს თავს. ჩვენ ღამით გვიწევს ცურვა, მეგზური ვარსკვლავები კი არსად ჩანს. ქრისტეს სძინავს“.

მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ, ოპტიმიზმის საფუძველი მაინც არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიული სარბიელის სიგრძეზე ეკლესიას უამრავი მსგავსი და კიდევ უარესი განსაცდელი დაუძლევია. გამოვთქვამ იმედს, რომ ღვთისმოსავი სასულიერო პირების მეცადინეობითა და მოაზროვნე მრევლის ხელშეწყობით, თანდათან პროგრესისაკენ წავალთ, რაც უფლის წყალობასთან ერთად, თითოეული ჩვენგანის გულმოდგინებასა და გარჯაზეა დამოკიდებული, ისეთ შემართებაზე, სადაც შვილობრივი სიყვარული და ცოდნა უმთავრეს სამოქმედო ლაიტმოტივს წარმოადგენენ.

თუკი ოდესმე მაინც განწმენდის პროცესი სტიქიურ ხასიათს შეიძენს, მით უფრო უკეთესი ეკლესიის ავტორიტეტისთვის, რამეთუ დამალული სნეულება სხეულის კვდომას იწვევს და სწორედ ამიტომაც საეკლესიო კანონთა უზენაესობა და ზნეობრივი მართლწესრიგი უფრო მეტად მოიზიდავს მრევლს და სულიერ ცხოვრებასაც ბევრად უფრო საინტერესოს და ჰარმონიულს გახდის.

                                                                                                                  ელენე იმერლიშვილი